სიზიფეს მითი

sizipeქართა მბრძანებლის ეოლოსის ვაჟი სიზიფე ქალაქ კორინთოს დამაარსებელი და მმართველი იყო. ქალაქი ისთმიის ყურეში მდებარეობდა და შუა საბერძნეთისა და პელოპონესის კუნძულს აერთიანებდა. ლეგენდის თანახმად, კორინთო სიზიფეს კოლხეთის მეფის აიეტის ასულმა, მედეამ გადასცა. ჰომეროსი წერდა, რომ სიზიფე განსაკუთრებული სიბრძნით იყო დაჯილდოვებული და გონიერებასა და მიხვედრილობაში ვერავინ შეედრებოდა. ძლევამოსილმა მმართველმა ქალაქს დიდი სიმდიდრე შესძინა, მნიშვნელოვან სავაჭრო-სანაოსნო პოლისად აქცია, ოლიმპიური თამაშების წინამორბედი, ისთმიური თამაშები დაარსა და ტურიზმი ააყვავა. კორინთოს მცხოვრებლები მეფეს დიდად ემადლიერებოდნენ და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ.

სხვა წყაროების მიხედვით კორინთოს მეფე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით მეზობელი ქალაქის, ატიკის მოსახლეობას სასტიკად არბევდა და აწიოკებდა. ყაჩაღივით თავს ესხმოდა გზებზე მგზავრებს, ძარცვავდა და უზარმაზარი ქვის ლოდებით კლავდა. ევრიპიდე და სოფოკლე წერენ, რომ ბრძენ მეფეს მზაკვრობასა და ცბიერებაში ბადალი არ ჰყავდა. ღმერთების მოტყუებასაც კი ახერხებდა და ჭკუით ჯობნიდა.

ერთხელ გზად მიმავალი სიზიფე ზევსის მიერ მდინარის ღმერთის, ასოპეს ქალიშვილის მოტაცების მოწმე გახდა. გადაწყვიტა ეს ამბავი სათავისოდ გამოეყენებინა. ასოპესთან მივიდა და კორინთოსთვის წყლის მიცემის სანაცვლოდ ქალიშვილის გამტაცებლის ვინაობისა და ადგილმდებაროების განდობას დაპირდა. მადლიერმა მდინარის ღმერთმა ქალაქი წყალუხვი მდინარეებით აავსო. როდესაც ზევსმა საიდუმლოს გათქმის შესახებ შეიტყო, სასტიკად განრისხდა და კორინთოს მეფეს ჰადესიდან სიკვდილის ღმერთი თანატოსი მიუგზავნა. სიზიფე ღმერთზე გონიერი აღმოჩნდა. თანატოსი დაათრო და გაბრუებულს საკუთარი ხელით დამზადებული ბორკილების მოსინჯვა შესთავაზა. ბორკილებდადებული სიკვდილის ღმერთი გვიან მიხვდა, რომ დატყვევებული იყო. ქალაქში სიკვდილი დამარცხდა. არავინ და არაფერი კვდებოდა. ადამიანები უდარდებლად ცხოვრობდნენ და არაფერზე ზრუნავდნენ. ღმერთების დადგენილი წესრიგი დაირღვა და სიცოცხლემ აზრი დაკარგა. ამის გამო განსაკუთრებით, ომის ღმერთი, არესი აღშფოთდა. არესმა თავნება მეფის დატყვევება საკუთარ თავზე აიღო, თანატოსი ტყვეობიდან იხსნა და მისი დახმარებით სიზიფე ჰადესში გაამგზავრა.

სიზიფემ ამჯერადაც ჭკუა იხმარა,  მოასწრო და ცოლს ჩასჩურჩულა, ჩემი სხეული არ დაკრძალოთ, მალე დავბრუნდებიო. ასეც მოხდა. ჰადესში ღმერთებს თავი შეაცოდა, ჰადესის მეუღლეს, პერსეფონეს გული მოულბო: ცოლმა ჩემი სხეული მიწას არ მიაბარა, ვიტანჯები, ცოტა ხნით მიწაზე დამაბრუნეთ, ცოლს დავსჯი, სხეულს მიწას მივაბარებინებ და ჰადესში დამშვიდებული დავბრუნდებიო. პერსეფონე მოტყუვდა და საქმის მოსაგვარებლად კორინთოს გარდაცვლილ მეფეს რამდენიმე დღე მისცა.

სახლში დაბრუნებულ სიზიფეს ჰადესში გამგზავრებაზე აღარც უფიქრია. ღმერთები დაივიწყა, ოჯახს შეუერთდა და უდარდელად განაგრძო ცხოვრება. ღმერთებს მოთმინების ფიალა აევსოთ. განრისხებულმა თანატოსმა კორინთოში ჰერმესი წარგზავნა და სიზიფეს სული სამუდამოდ დააბრუნებინა ჰადესში.

მოტყუებისა და ღალატის გამო ღმერთებმა სიზიფეს სიკვდილის შემდეგ სასტიკი სასჯელი დაუწესეს. ჩრდილების სამეფოში მთაზე უზარმაზარი ლოდის ატანა დაავალეს. მთის მწვერვალს მიახლოებული ლოდი ისევ მთის ძირისკენ გორდება და სიზიფეს მძიმე ტვირთი მთის ფერდობზე ხელახლა ააქვს.

ამაო, უნაყოფო შრომას არასდროს ექნება დასასრული. ვებერთალა ლოდი სიზიფემ მთის მწვერვალზე სამუდამოდ უნდა ზიდოს.

სოლონის კანონები

ძველ საბერძნეთში წარჩინებულ მოქალაქეთა და დემოსს შორის არაერთი შეიარაღებული შეტაკების შემდეგ ათენში ძვ.წ 594 წელს არხონტად არჩეული იქნა სოლონი – კეთილშობილი და პატივსაცემი ადამიანი, რომელმაც ათენში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და შემოიღო კანონმდებლობა რომელიც „სოლონის კანონების“ სახელით არის ცნობილი.

რა იყო მნიშვნელოვანი სოლონის კანონმდებლობაში:
1. ათენის მოქალაქეები გათავისუფლდნენ ვალის გადახდის ვალდებულებიდან. ამ კანონით ვალის ქონით გამოწვეული მონობა მოისპო. სოლონის რეფორმას ათენელი გლეხები „სისახფია“-ს ანუ „ტვირთის ჩამოფერთხვას“ უწოდებდნენ.

2. გლეხებს საკუთრებაში დაუბრუნდათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც მანამდე ვალის გამო დაგირავებული ჰქონდათ.

3. აიკრძალა ვალის გამო ადამიანის მონად გაყიდვა, ყველა გაყიდული მონის გამოხსნის ვალდებულებას სახელმწიფო თავის თავზე იღებდა. რეფორმამ მნიშვნელოვნად შეარყია წარჩინებულთა ძალაუფლება, რადგან რეფორმამდე მიწებს ძირითადად ევპატრიდები ფლობდნენ, რეფორმის შემდეგ კი მიწის მცირე ნაკვეთები გლეხობას გადაეცა.

სოლონი მონობის გაუქმების წინაარმდეგი არასოდეს ყოფილა, მას თავად ჰყავდა მონები. რეფორმა, რომელიც მან გაატარა მონობის წინააღმდეგ მხოლოდ ათენელთა მონობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი აზრით, ვალის გამო გლეხების მონად გაყიდვა ხელს უშლიდა ათენში მეურნეობის განვითარებას. ხოლო, რაც შეეხება გლეხებისათვის დამატებითი მიწების გადაცემას, სოლონი ამას საჭიროდ არ თვლიდა.

სოლონის რეფორმა სახელმწიფო მოწყობის საკითხებსაც შეეხო:

სოლონმა ათენის მკვიდრი მოსახლეობა შემოსავლების მიხედვით დაყო ოთხ კატეგორიად: მსხვილი მონათმფლობელები, – მათი შემოსავალი 500 ერთეულს აღემატებოდა; მეორე კატეგორიას მხედრებს უწოდებდნენ – მათი შემოსავალი 300 ერთეული იყო; მესამე – ზებგიტები – მათი შემოსავალი 200 ერთეულს არ აღემატებოდა და მეოთხე კატეგორიაში გაერთიანდა ყველა მცირე შემოსავლის მქონე ათენის მოქალაქე.

მოსახლეობის არც ერთ კატეორიას არ მიეკუთვნებოდნენ მონები და შესაბამისად მათ არც რაიმე უფლება ჰქონდათ.

მოქალაქეების დაყოფამ შემოსავლების მიხედვით დიდად შეარყია დიდგვაროვანთა წარმოშობის მნიშვნელობა. მთავარი ახლა ქონება გახდა, ვისაც შემოსავალი ჰქონდა,  მოქალაქეთა დაყოფის უმაღლეს კატეგორიაში ხვდებოდა.

სოლონის კანონების მიხედვით სახელმწიფო საქმეებს ათენში ჯერ სახალხო კრება განიხილავდა, შემდეგ კი სოლონის მიერ შექმნილი ოთხასთა საბჭო და სხვადასხვა ოფიციალური პირები.

სახალხო კრებაში მონაწილეობას იღებდნენ ოთხივე სოციალური ფენის წარმომადგენლები. რაც შეეხება ოთხასთა საბჭოსა და ქვეყნის ოფიციალურ ორგანოთა თანამდებობებს ეს თანამდებობები ფეტებისთვის მიუწვდომელი იყო. არხონტებად და ხაზინადრებად მხოლოდ პირველი კატეგორიის მოქალაქეები ინიშნებოდნენ, სხვა თანამდებობებზე კი – მხედრები და ზევგიტები.

თანამდებობის პირთა არჩევის საკითხების განხილვისას სახალხო კრებას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. სხვა საკითხები, განიხილებოდა ოთხასთა საბჭოში. ქალები სახალხო კრებაში მონაწილეობას არ იღებდნენ.

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოლონის მიერ სასამართლოს შექმნას, სადაც მოსამართლეთა შერჩევა ათენის მოქალაქეებიდან ხდებოდა, რომელთა ასაკიც 30 წელი იყო. სასამართლოს წევრთა არჩევა კენჭისყრით ხდებოდა, ამასთან, სოციალურ სტატუსსა და შემოსავლებს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ათენის ჯარში პირველი მაღალი ფენის წარმომადგენლები ცხენოსანთა რაზმში მსახურობდნენ, ზევგიტები მძიმედ შეიარაღებულ ქვეით ჯარს წარმოადგენდნენ, ხოლო მსუბუქად შეიარაღებული რაზმის მეომრები ფეტები იყვნენ.

სოლონის კანონებმა დასაბამი მისცა ათენში დემოკრატიის განვითარებას. (სიტყვა დემოკრატია ბერძნულად „ხალხის მმართველობას“ ნიშნავს).

ლეგენდის მიხედვით კანონების შემოღების შემდეგ სოლონმა ათენელ მოქალაქეებს მოსთხოვა ფიცი დაედოთ, რომ 10 წლის განმავლობაში არ შეცვლიდნენ მის კანონებს, თვით სოლონი კი შორეულ მოგზაურობაში გაემგზავრა.

ათენში დაბრუნებულმა სოლონმა ნახა, რომ დემოსსა და არისტოკრატიას შორის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა.

სოლონმა მრავალი სხვა რეფორმატორის ბედი გაიზიარა. მისი რეფორმებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მდიდრები, (მათ მუქთა სამუშაო ძალა და ვალში აღებული მიწები დაკარგეს) და გლეხები – რომლებიც რეფორმის შედეგად უკმაყოფილონი დარჩნენ, ვინაიდან მათ სარგებლობაში არასაკმარისი მიწები იყო.

ლიკურგე – სპარტის ლეგენდარული კანონმდებელი.(ძვ. წ. IX-VIII ს.)

ლიკურგეს შესახებ ისტორიული ცნობები წინააღმდეგორბივია. მის წარმორმავლობაზე, მოღვაწეობასა და გარდაცვალებაზე სხვადასხვა აზრი არსებობს. ლიკურგეს მმართველობამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანაში უკამყოფილების ტალღა აგორდა. ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მდიდრები განუწყვეტლივ ჩაგრავდნენ ღარიბებს და საქმე ხშირად ქუჩის შეტაკებებამდე მიდიოდა. ერთ-ერთი ასეთი შეტაკების დროს მოკლეს ლიკურგეს მამა. ძმის გარდაცვალების შემდეგ ლიკურგე სამეფო ტახტზე ავიდა.

მან მეფობის პერიოდში ხალხის დიდი სიყვარული მოიპოვა, რადგან ის სამართლიანობითა და სიბრძნით გამოირჩეოდა.

ლიკურგეს გარდაცვალების ამბავიც კი განსაკუთრებული იყო. ის თვლიდა, რომ სახელმწიფო მოღვაწის სიკვდილი ღირსეული უნდა ყოფილიყო. გარდაცვალებიდან ცოტა ხნით ადრე ის გამოეთხოვა ახლობლებს. მან უარი თქვა საკვებზე და ამის ნიადაგზე გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად მისი ნეშტი დაწვეს და ფერფლი ზღვაში გადაყარეს. ვიდრე სპარტაში მოქმედებდა ლიკურგეს კანონები სპარტა რჩებოდა ძლიერ სახელმწიფოდ.

ლიკურგემ არაერთი პლიტიკური და სოციალური რეფორმა გაატარა

ლიკურგეს რეფორმები: პოლიტიკურ სფეროში:

1) სახალხო კრების (აპელა) შექმნა – კრებას იწვევდა მეფე ან გერონტომი, რათა მათი გადაწყვეტილებებისათვის კენჭი ეყარათ. კრებაზე საკითხის განხილვა იკრძალებოდა, სიტყვით გამოსვლის უფლება ჰქონდათ მხოლოდ გერონტომს და მეფეს. კრებას უფლება ჰქონდა მხოლოდ შემოტანილი საკითხისთვის ეყარა კენჭი. კრებაზე ხდებოდა გერონტომის არჩევაც. კენჭისყრა წყდებოდა ყვირილით.

2) უხუცესთა საბჭოს (გერუსია). შექმნა – გერუსია წარმოადგენდა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს. იგი შედგებოდა 30 წევრისაგან. 28 გერონტისა, (რომელთა ასაკიც 60 წელს აღემატებოდა მათ ირჩევდნენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში), და 2 მეფისაგან. ხელისუფლების ეს ორგანო ზღუდავდა მეფის ძალაუფლებას.

ლიკურგეს რეფორმები: სოციალურ სფეროში

1. მიწის რეფორმა – ამ რეფორმას არა მხოლოდ სოციალური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. სპარტის მიწები დაიყო 30 ათას ნაკვეთად, რომელიც გადავიდა პერიეკების მფლობელობაში, ხოლო ქალაქის 9 ათას ნაწილად დაყოფილი ნაკვეთები გადაეცა სპარტანელებს. მიწის ნაკვეთის ფასი განისაზღვრა მიღებული მოსავლის რაოდენობით.

 2. მოსახლეობის სოციალურ ფენებად დაყოფა – ფილები და ობები.

 3. ფულის რეფორმა – ოქროს და ვერცხლის მონეტების შეცვლა მძიმე რკინის მონეტით, რამაც ფულის დაგროვებას აზრი დაუკარგა, სპარტამ დაკარგა საგარეო ბაზარი. გაქრნენ ხელოსნები, რომლებიც ქმნიდნენ ფუფუნების საგნებს.

4. სესტია – ერთობლივი ტრაპეზის შემოღება. სპარტანელები ვალდებულნი იყვნენ ერთად ესადილათ, მთელი პროდუქტი გროვდებოდა ერთად. სახლში სადილობა აკრძალული იყო, ხოლო ტრაპეზზე იწვევდნენ ყველას, ბაზილევსებსაც კი. მაგიდასთან გროვდებოდა 15 კაცამდე, ამასთან ამ საზოგადოებაში მოსახვედრად საჭირო იყო სესტიის ყველა წევრის თანხმობა.