კარგი პიროვნებები და კარგი მოქალაქეები

დემოკრატიის გაუმჯობესების საქმეში პიროვნული განათლების მნიშვნელობის მხარდაჭერას ორი ჯგუფი გამოხატავს. პირველ  ჯგუფს  წარმოადგენენ  პოლიტიკის თეორეტიკოსები, რომლებიც ხშირად სამოქალაქო რესპუბლიკანიზმის თანამედროვე ვერსიებით გამოდიან. ესენია – გალსტონი, ბატისტონი, ბენჟამინ ბარბერი და ადრიან ოლდფილდი; მათ მომავალი მოქალაქეების მიერ პირადი ინტერესების  საერთო კეთილდღეობისთვის მსხვერპლად გაღების სურვილის  ჩანერგვისა ან გაღვივების სურვილი ამოძრავებთ. ამ თვალთახედვიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა როგორც მისი განმტკიცების, ისე ცალკეული პიროვნული წინსვლისათვის არის მნიშვნელოვანი.  ეს კი  ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობის  ხელშეწყობით  არის შესაძლებელი.

მეორე ჯგუფის წარმომადგენლები დემოკრატიულ პროცესებში აქტიურ ჩართვას პიროვნების განათლების არა ცენტრალურ, არამედ ერთ-ერთ შემადგენელ ასპექტად განიხილავენ. ამ ხედვის გათვალისწინებით, საჯარო სკოლების ძირითადი მისია ისეთი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაა, რომლებიც როგორც ინდივიდუალური ქცევის (კარგი პიროვნება), ისე დემოკრატიის განვითარებისათვის (კარგი მოქალაქე) არის მნიშვნელოვანი. მეორე ჯგუფის არაოფიციალური ლიდერი განათლების ექსპერტი   თომას ლიკონაა.  ამავე  ჯგუფში მოიაზრებიან  უილიამ ბენეტი და პატრისია უაითი.

არც ერთი ჯგუფის წარმომადგენელი არ აღწერს კონკრეტულად რა ტერმინებით შეიძლება აღვწეროთ „დემოკრატიული პიროვნების“ ცნება“.  მართალია, თავიანთ  შრომებში  სწორედ დემოკრატიულ პიროვნებას აღიარებენ. წერენ  დემოკრატიული პიროვნების თვისებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანური წინსვლისა და კეთილდღეობისათვის, რაც, თავის მხრივ, ასევე დემოკრატიულ მონაწილეობასთან არის დაკავშირებული. რა თვისებებზე საუბრობენ ეს მეცნიერები და რას გულისხმობენ ისინი ცნებაში „პიროვნება“?

ბრიტანელი ფილოსოფოსის რ.ს. პეტერსის აზრით, რთულია „იმის გადაწყვეტა, თუ ზოგადად რას ვგულისხმობთ, პიროვნების ხასიათში მისი ბუნების, ტემპერამენტისა და  პიროვნული თვისებისგან დამოუკიდებლად“. (1966, p. 40). პიროვნების აღზრდისა და განათლების მხარდამჭერთა განსაზღვრებები ამ საკითხთან დაკავშირებით შედარებით ბუნდოვანია,  შესაძლოა ამის ახსნაში შემდეგი შეხედულება დაგვეხმაროს – ხასიათს  ის  თვისებები აყალიბებს, რომლებსაც სწავლა სჭირდება, პიროვნული თვისებები და ტემპერამენტი კი ბუნებითაა თანდაყოლილი.

ორივე ჯგუფის  წარმომადგენელი თეორეტიკოსები იზიარებენ აზრს, რომ ადამიანებში ხასიათის არსებობის მნიშვნელობაა.  ეს ცნება ბერძნული kharakter – დან მომდინარეობს.  kharakter ქვაზე განსხვავებული ფორმების კვეთის  ინსტრუმენტს ნიშნავდა. შესაბამისად, ხასიათი/ხარაქტერი არის ის,  რითაც გამოირჩევა, ხასიათდება პიროვნება ან პიროვნებები.

ხასიათი/ხარაქტერი მხოლოდ ერთი თვისება ან შტრიხი არ არის. ის გარკვეული „მენტალური და ზნეობრივი თვისებების ერთობლიობაა“. (O.E.D., p. 163). ამ განსაზღვრებისთვის „ზნეობრივი თვისებების“ დამატება, შესაძლოა, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, რადგან ქარაქტერი  „კარგი“ თვისებების კონოტაციას მოიცავს. ამდენად, character-ის თვისებები ღირსების სინონიმი თუ არა, მასთან მჭიდროდ დაკავშირებული თვისებებია. შესაბამისად, კარგი პიროვნება და ლიბერალური დემოკრატიის კონტექსტის გათვალისწინებით  – კარგი მოქალაქე, ამ ღირსებების მატარებელია.

თომას ლიკონასთვის ღირსება  ის „მყარი შინაგანი ბუნებაა, რომელიც ზნეობრივად ართმევს თავს კონკრეტულ სიტუაციებს“. (p. 51);  „კარგი ქარაქტერი – კარგისკენ სწრაფვას, კარგის შეცნობას და კარგის კეთებას ნიშნავს.(Idem).  ვინ განსაზღვრავს რა არის კარგი? ჩანერგილი თვისებები, ღირსებები ან მიდრეკილებები ძირითადად  „ქცევის წესების შესასრულებლად“ გამოიყენება. ეს ის წესებია, რომლებიც საზოგადოებრივ ხელშეკრულებებს და საზოგადოებრივ წესრიგს განამტკიცებს. (Peters, p. 40). ამ შეხედულების გათვალისწინებით, „კარგს“ სწორედ საზოგადოებრივი შეთანხმება განსაზღვრავს. 

ეს საკითხი,  შესაძლოა, პრობლემატური იყოს. რა ხდება მაშინ, როდესაც კარგი პიროვნების ღირსებები კარგი მოქალაქის ღირსებებს ეჯახება? აუცილებელი არაა, ის რაც ერთ კონტექსტში  კარგად ითვლება, მეორეშიც კარგად  ჩაითვალოს; მაშინაც კი, როდესაც მას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. როგორ უნდა მოიქცეს ლოგინად ჩავარდნილი ფერმერის ერთადერთი შვილი, სახლში დარჩეს და ავადმყოფ მშობელს მოუაროს თუ, როგორც კარგი მოქალაქე, შეუერთდეს წინააღმდეგობას ოკუპანტ ჯართან ბრძოლაში.

როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც სამოქალაქო განათლების მოთხოვნები ეჭვქვეშ აყენებს იმ ფასეულობებსა და რწმენებს, რომლებიც კარგი პიროვნების ფასეულობებად აღიქმება. განათლების საოლქო საბჭო საქმეში ”მოზერი ჰოუკინსის წინააღმდეგ“  სწორედ ასეთ შემთხვევას განიხილავს.  უნდა ჰქონდეთ თუ არა უფლება მოზერებს  და სხვა კონსერვატორ ფუნდამენტალისტ ქრისტიან მშობლებს, უარი თქვან იმ სასწავლო პროგრამაზე, რომელიც მათი შვილების რწმენას ეწინააღმდეგება ან არყევს. ერთი მხრივ, უარის უფლების შემთხვევაში, ამ ბავშვების გარეშე კლასი სხვადასხვა თემებზე დისკუსიის შესაძლებლობას მოაკლდება, რაც განათლების და დემოკრატიის მახასიათებელი ნიშანია. მეორე მხრივ, ბავშვებისთვის უარის თქმის უფლების წართმევით, მათ  მათთვის მნიშვნელოვანს, რწმენის უფლებას ვართმევთ.

თარგმნა მაკა ალანიამ

წყარო: Stanford Encyclopedia of Philosophy

საქართველოს პირველი კონსტიტუცია

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი საქართველოს კონსტიტუცია.
ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ–ტელევიზია GeolibTV და საქართველოს სამოქალაქო განათლების განყოფილება იწყებს პროექტს “საქართველოს კონსტიტუციის ისტორიიდან…”
ფილმი პირველი — საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას ეძღვნება.

* * *

1918 წლის 26 მაისს, კვირას, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი – გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია სწორედ ამ თარიღს უკავშირდება – მიღებულ იქნა პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი.

დამოუკიდებლობის აქტით განისაზღვრა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, იურისდიქციის ფარგლები, პოლიტიკური წყობილების ფორმა, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და მმართველობის უმაღლესი ორგანოები:

  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;
  2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა;
  3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;
  4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა;
  6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზსს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს;
  7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე. – ვკითხულობთ საქართველოს  დამოუკიდებლობის აქტში.

1919 წელს დამფუძნებელმა კრებამ დაიწყო საქართველოს პირველი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა – შექმნა საკონსტიტუციო კომისია.

კონსტიტუციის  პროექტზე სამი წლის მუშაობის შემდეგ – დამფუძნებელი კრება ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის „თეატრალურ დარბაზში“ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციას ღებულობს..

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოჭრილი წითელი არმიის ქვედანაყოფები კი  თბილისის  მიმართულებით სვლას აგრძელებენ…

მსოფლიო კონსტიტუციების გამოცდილებაზე დაფუძნებული საქართველოს პირველი კონტიტუცია ზუსტად ასახავდა საქართველოს ისტორიულ, კულტურულ და სხვა სახის თავისებურებებს, – კონსტიტუცია ფაქტობრივად ძალაში არ შესულა – 25 თებერვალს რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძე ლენინს დეპეშით აცნობს: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“

17 მარტს დამფუძნებელი კრების დადგენილებით შეჩერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება.

სერვიუს ტულიუსის რეფორმები

200px-Servius_Tullius_by_Frans_Huysუნდა ითქვას, რომ არცერთ რომაელ მოღვაწეს არ დაუმსახურებია ისეთი ურთიერთგანსხვავებული შეფასებები, არ ყოფილა ისეთი პოპულარული და იდუმალი, როგორც რომის რიგით მე-6 მეფე – სერვიუს ტულიუსი. მისი მეფობის თარიღად მიჩნეულია ჩვ.წ.აღ.-მდე 578-534წწ. გადმოცემით ცნობილია, რომ ის მონა-ქალის ოკრიზიას ვაჟი იყო, რომელიც ქალაქ კორნიკულაში ცხოვრობდა. აქედან ხსნიდნენ მის სახელის წარმოშობასაც (Servus – ლათინურად მონას ნიშნავს) და ლათინურ წარმომავლობას. სერვიუს ტულიუსი შთამომავლების მიერ აღიქმება, როგორც სახლახო მეფე, პლებეები თვლიდნენ, რომ ის პირველი იყო, ვინც მათ გამოექომაგა. ლეგენდების მიხედვით პატრიციებმა სერვიუს ტულიუსი შეთქმულებაში მოკლეს.

ტარკვინიუსის დაღუპვის შემდეგ სერვიუს ტულიუსი  მეფედ აკურთხეს. წარმატებით ებრძოდა ეთრუსკებს. მისი მეფობის დროს ავენტინზე, სადაც პლებეები ცხოვრობდნენ, აშენდა დიანას ტაძარი, რომელიც ლათინური ქალღმერთი იყო. ამის გამო ლათინური წარმოშობის ადამიანებმა რომი ლათინური ქალაქების მთავარ ქალაქად აღიარეს. სერვიუსმა რომს ახალი კედლები შემოარტყა, რომელშიც მოექცა სიმაგრეები, ახალი გორაკები და ქალაქის ახალი რაიონები, რომლებიც შენარჩუნდა ჩვ.წ.აღ-ით I საუკუნემდე. მაგრამ მისი ცხოვრების მთავარ საქმედ რომის ჯარების  და საზოგადოებრივი მოწყობის რეფორმა ითვლება, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ცენტურიული რეფორმა.

წყაროები გვამცნობენ, რომ ეთრუსკიელებთან ხანგრძლივი ომის შემდეგ სერვიუს ტულიუსმა ჯარში დიდი გარდაქმნები გაატარა. უპირველეს ყოვლისა მან დააწესა ცენზი, რომელიც  ციცერონის თქმით „სახელმწიფოსთვის, რომლსაც ბედი დიდებას უმზადებს სასარგებლო დადგენილებაა“  (Cic. Resp. II. 31. 38). მან ჩაატარა მოსახლების აღწერა და დაყო ხუთ ცენზურ თანრიგად (კლასად), იმის მიხედვით თუ რა ქონებას ფლობდნენ და იარაღის ტარების უნარით.

პირველ თანრიგს განეკუთვნებოდნენ ისინი, ვისი ქონებაც შეფასებული იყო 100 ათას ასსად (ძველი რომაული მონეტა). მეორე კლასს მიეკუთვნებოდნენ ადამიანები, რომელთა ქონებაც შეადგენდა 75 ათას ასს-ს (ძველი რომაული მონეტა). 3 – 50 ათასს, 4-ს – 25 ათასს, ხოლო მე-5 კლასს მიეკუთვნებოდნენ მოქალაქეები რომელთა ქონება 11 ან 12,5 ათას ასსს. მოქალაქეები რომლებიც ამ თანხასაც ვერ მოაგროვებდნენ იწოდებოდნენ პროლეტარიებად და capite censi. როგორც სახელწოდებები გვიჩვენებენ პირველნი ცენზის სახით საკუთარ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ (proles), ხოლო მეორენი აღირიცხებოდნენ სულადობით (caput).

dostojnoumeretxeto-8თითოეულ ქონებრივ თანრიგს გამოჰყავდა საომრად ფეხოსანი ცენტურიების გარკვეული რიცხვი…  რა თქმა უნდა ყველაზე მეტი ცენტურიები უმაღლეს კლასს ჰყავდა. გარდა რიგითი ცენტურიებისა 1 და 2 კლასს გამოჰყავდა ხელოსანთა 2 ცენტურია, აგრეთვე 4 და 5  მესაყვირეთა ორი ცენტურია. ქვეითი ცენტურიების გარდა ყალიბდებოდა 18 ცხენოსანთა ცენტურია, რომელიც მხედართა განსაკუთრებულად პრივილეგირებული კორპუსი იყო (equites), ასე რომ სერვიუსის რეფორმის შედეგად. ძველად არსებულ 6  გაორმაგებულ ცენტურიას დაემატა 12 ახალი ცენტურა, სადაც წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამგვარად სერვიუს ტულიუსის რეფორმის შედეგად შეიქმნა 193 ცენტურია, აქედან ერთი განსაკუთრებული ცენტურია, რომელიც ყოველდღიური სამუშაოებიდან გათავისუფლებული პლებეებით იყო დაკომპლექტებული.

გარდა ამისა სერვიუსისეულ ცენტურიებში მოხდა ასაკობრივი დაყოფა: 18-დან 46 წლამდე შედიოდნენ ახალგაზრდათა ცენტურიებში, ხოლო 46 წლიდან ზევით უკვე სენიორების ცენტურიებში აერთიანებდნენ. გარდა ამისა სხვადასხვა თანრიგის წარმომადგენელს სხვადასხვა იარაღის ტარების უფლება ეძლეოდა. რაც უფრო დაბალი თანრიგის წარმომადგენელი იყო, მით უფრო მსუბუქად იყო შეიარაღებული.

dostojnoumeretxeto-9სერვიუს ტულიუსმა რომის ტერიტორია დაყო ახალი წესით. რომი უკვე აღარ იყოფოდა სამ საგვარეულო ტრიბად, რომლებშიც შედიოდა კურიები და მათი სასოფლო სამფლობელოები – პაგები, ახლა რომი იყოფოდა ტერიტორიული ტრიბების მიხედვით, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ ამა თუ იმ რეგიონის მაცხოვრებელნი.

მოქალაქეთა და და ჯარის დაყოფის ახალმა წესმა, შექმნა მოთხოვნილება შექმნილიყო სახალხო კრების ახალი ტიპი – ცენტურიების მიხედვით. ვინაიდან  მაღალი თანრიგის ცენტურიები კრებაზე წარმოდგენლი იყო უფრო დიდი რიცხვით,   ამიტომ  ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის გადაჭრისას უმაღლესი თანრიგის ცენტურიებსა და მხედრებს უპირატესობა ენიჭებოდა. ამ გზით სერვიუს ტულიუსმა „ხალხი გააცურა“; ფორმალურად მიანიჭა გარკვეული უფლებები, ხოლო რეალურად ჩამოაშორა საზოგადოებრივ საქმიანობას. (Liv. 1.43. 10; Dionys. IV. 20-21; VIII. 82; X. 17; Cic. Resp. II. 22.39-40).

რეფორმებმა, რომელსაც მიაწერენ ცერვიუს ტულიუსს, სახელმწიფოს შექმნის პროცესის დასრულებისათვის საფუძველი შექმნეს, მაგრამ არ დაუსრულებიათ. ეს პროცესები ვითარდებოდა სახელმწიფო ორგანოების ტრანსფორმაციის გზით, რომლებიც მემკვიდრულად მიღებული იყო  ნათესაური ფორმაციისაგან, აგრეთვე ახალი ფორმირებების შექმნის გზით. ამ რეფორმებში უკვე ჩანდა თავისუფალთა კონსოლიდაცია გაბატონებულ კლასში, რაც ითხოვდა პატრიციებსა და პლებეებს შორის კლასობრივი განსვავების საბოლოოდ მოსპობას. სერვიუს ტულიუსის რეფორმებმა პლებეებს მხოლოდ სახალხო კრებებში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს, მაგრამ არ მოსპეს პოლიტიკური და სოციალური სხვაობები.  მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში რომის ისტორიისათვის დამახასიათებელი იყო პლებეების ბრძოლა პატრიციებთან გათანასწორებაში.

სუფრაჟისტული მოძრაობა

xato1ქალის უფლებათა დაცვის მოძრაობა სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს. ქალისა და კაცის თანასწორობის თემა განმანათლებლობის ეპოქასა და მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთის რევოლუციას უკავშირდება, კერძოდ კი, ადამიანის ბუნებრივ უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ლიბერალურ კონცეფციას.  კონცეფცია პირველად საფრანგეთის რევოლუციის მთავარ დოკუმენტში „ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ -ში გაჩნდა (1789). ლოზუნგით „ძმობა, ერთობა, თავისუფლება“ შთაგონებული ქალები გამოთქვამდნენ სხვადასხვა კლუბების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის სურვილს. თუმცა დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი უფლებები – არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, საკუთრების ფლობის უფლება და სხვ. მათ მიმართ არ ხორციელდებოდა.

მწერალმა ოლიმპია დე გუჟმა 1791 წელს „ქალისა და ქალი მოქალაქეს უფლებათა დეკლარაცია შეადგინა“. ამ დუკუმენტს ახალი დროის ფემინიზმის წყაროდ  მიიჩნევენ. მაგრამ არც ამას მოჰყვა რეალური ნაბიჯები. ქალებს ეკრძალებოდათ სხვადასხვა კავშირების შექმნა და გამოსვლებში მონაწილეობის მიღება.

me_ri_uolstonkraft1ერთი წლის შემდეგ ინგლისელი მერი უოლსტოკრაფტი წერს ახალ ნაშრომს „ქალთა სამოქალაქო უფლებების დაცვის შესახებ“. სადაც ქალის, როგორც მოქალაქისთვის უფლებების მინიჭების აუცილებლობაზე საუბრობს. იმ დროისთვის ამ უფლებათა მოწინააღმდეგების ძირითადი თეზისები ეყრდნობოდა იმ გარემოებას, რომ ქალი ბუნებით დამოკიდებული და დაუცველი არსება იყო და ყოველთვის საჭიროებდა დამცველსა თუ მფარველს. უოლსტოკრაფტი მეთვრამეტე საუკუნეში ქალთა აღზრდის საკითხს შეეხო. ის წერდა, რომ პატარა ასაკიდან გოგონებს  დედები მორჩილებად ზრდიდნენ. არწმუნებდნენ, რომ საჭირო იყო ეთამაშათ, თავი დაუცველად და უმწეოდ მოეჩვენებინათ, რათა მამაკაცთა მფარველობა მოეპოვებინათ. დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს  კანონმდებლობა ხაზს უსვამდა, რომ ქალი იურიდიულად არ ფუნქციონირებდა მამის, ან ქმრის გარეშე. ამიტომ მამკაცები აძლევდნენ ხმას ქალების მაგივრად. მათი სახელით.  უოლტონკრაფტის ნაშრომიდან 70 წლის შემდეგ ფილოსოფოსმა ჯონ სტუარტ მილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მამაკაცთა ძალაუფლება ქალებზე არ გავდა ძალაუფლების სხვა  სახეებს. gZRpVzOT6ngეს იყო უსიტყვო მორჩილება, სადაც არ მოქმედებდა არანაირი ფიზიკური ძალდატანება. ეს იყო უბრალოდ მორალის კარნახი, რაც გულისხმობდა,  რომ ისტორიულად ქალები უნდა ექვემდებარებოდნენ მამაკაცებს და მათი ძირითადი მოვალეობა მხოლოდ ახლობლებზე ზრუნვაა. მილი აქტიური ინგლისელი ქალბატონების მხარდასაჭერად გამოვიდა და 1867 წელს პარლამენტში შეიტანა პეტიცია ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების დართვასთან დკავშირებით. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ქალთა მოძრაობის პირველი მოთხოვნა იყო ამიტომაც მოძრაობის პირველ ეტაპს ეწოდებოდა სუფრაჟიზმი suffrage (ხმის უფლება). გარდა ამისა იყო მოთხოვნები პროფესიულ განათლებასა და საკუთრების ფლობის უფლებასთან დაკავშირებითაც.

xato1848 წელს ნიუ იორკის შტატში, სენეკა ფოლზში, ჩატარდა ისტორიაში პირველი კონფერენცია, რომელიც ქალთა უფლებებს ეხებოდა. მას 200 ქალი და 40 მამაკაცი ესწრებოდა.  დიდი ბჭობის შემდეგ მიიღეს „გრძნობათა დეკლარაცია“, სადაც სუფრაჟიზმის ძირითადი თეზისები ჩაწიერა. მანიფესტის ავტორი იყო ელისაბედ სტენტონი, რომელიც ხაზს უსვამდა დეკლარაციის მჭიდრო კავშირს ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციასთან, რაც თავის მხრივ ადამიანების თანასწორობასა და თანაბარუფლებიანობას ქადაგებდა. მანიფესტი გულისხმობდა, რომ ქალს ნება უნდა დართვოდა მონაწილეობა მიეღო პოლიტიკურსა და სზოგადოებრივ ცხოვრებაში, მიეღო განათლება, ჰქონოდა განქორწინების და ასეთ შემთხვევაში ბავშვზე აპეკუნობის უფლება, საკუთრების ფლობის უფლება.

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან აშშ-სა და ევროპის  მასშტაბით იქმნებოდა სუფრაჟისტთა კავშირები იმართებოდა მანიფესტაციები, გამოსვლები, ქვეყნდებოდა პეტიციები. ქალები არსებული პოლიტიკის შეცვლასა და მნიშვნელოვან რეფორმებს ითხოვდნენ. ამ კავშირებში მონაწილოებას ძირითადად საშუალო კლასის წარმომადგენელი ქალები იღებდნენ.

img_photo_11870 იან წლებში უნივერსიტეტბმა პოირველად გაუღეს კარი ქალბატონებს. თუმცა სუფრაჟისტთა მთავარი მოთხოვნა მხოლოდ 1920 იქნა რეალიზებული. როდესაც აშშ -ს კონსტიტუციაში შეიტანეს დამატება ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების თაობაზე. ინგლისში ეს უფლება ნაწილობრივ 1918 წელს, ხოლო სრულად 1928 წელს მოიპოვეს. პირველი ქვეყანა, სადაც 1893 წელს  ქალბატონებს რეალურად მიეცათ ხმის უფლება ახალი ზელანდია იყო. საფრანგეთში ეს უფლება მხოლოდ 1946 წელს მოიპოვეს, შვეიცარიაში ეს საკითხი 70-იან წლებამდე გადაუჭრელი იყო. მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან ევროპისა და აშშ-ს ფემინისტური მოძრობის პირველი ტალღა ნელ-ნელა პასიური გახდა. მოძრაობის მთავარი მიზნები მიღწეული იყო.

სოლონის კანონები

ძველ საბერძნეთში წარჩინებულ მოქალაქეთა და დემოსს შორის არაერთი შეიარაღებული შეტაკების შემდეგ ათენში ძვ.წ 594 წელს არხონტად არჩეული იქნა სოლონი – კეთილშობილი და პატივსაცემი ადამიანი, რომელმაც ათენში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და შემოიღო კანონმდებლობა რომელიც „სოლონის კანონების“ სახელით არის ცნობილი.

რა იყო მნიშვნელოვანი სოლონის კანონმდებლობაში:
1. ათენის მოქალაქეები გათავისუფლდნენ ვალის გადახდის ვალდებულებიდან. ამ კანონით ვალის ქონით გამოწვეული მონობა მოისპო. სოლონის რეფორმას ათენელი გლეხები „სისახფია“-ს ანუ „ტვირთის ჩამოფერთხვას“ უწოდებდნენ.

2. გლეხებს საკუთრებაში დაუბრუნდათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც მანამდე ვალის გამო დაგირავებული ჰქონდათ.

3. აიკრძალა ვალის გამო ადამიანის მონად გაყიდვა, ყველა გაყიდული მონის გამოხსნის ვალდებულებას სახელმწიფო თავის თავზე იღებდა. რეფორმამ მნიშვნელოვნად შეარყია წარჩინებულთა ძალაუფლება, რადგან რეფორმამდე მიწებს ძირითადად ევპატრიდები ფლობდნენ, რეფორმის შემდეგ კი მიწის მცირე ნაკვეთები გლეხობას გადაეცა.

სოლონი მონობის გაუქმების წინაარმდეგი არასოდეს ყოფილა, მას თავად ჰყავდა მონები. რეფორმა, რომელიც მან გაატარა მონობის წინააღმდეგ მხოლოდ ათენელთა მონობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი აზრით, ვალის გამო გლეხების მონად გაყიდვა ხელს უშლიდა ათენში მეურნეობის განვითარებას. ხოლო, რაც შეეხება გლეხებისათვის დამატებითი მიწების გადაცემას, სოლონი ამას საჭიროდ არ თვლიდა.

სოლონის რეფორმა სახელმწიფო მოწყობის საკითხებსაც შეეხო:

სოლონმა ათენის მკვიდრი მოსახლეობა შემოსავლების მიხედვით დაყო ოთხ კატეგორიად: მსხვილი მონათმფლობელები, – მათი შემოსავალი 500 ერთეულს აღემატებოდა; მეორე კატეგორიას მხედრებს უწოდებდნენ – მათი შემოსავალი 300 ერთეული იყო; მესამე – ზებგიტები – მათი შემოსავალი 200 ერთეულს არ აღემატებოდა და მეოთხე კატეგორიაში გაერთიანდა ყველა მცირე შემოსავლის მქონე ათენის მოქალაქე.

მოსახლეობის არც ერთ კატეორიას არ მიეკუთვნებოდნენ მონები და შესაბამისად მათ არც რაიმე უფლება ჰქონდათ.

მოქალაქეების დაყოფამ შემოსავლების მიხედვით დიდად შეარყია დიდგვაროვანთა წარმოშობის მნიშვნელობა. მთავარი ახლა ქონება გახდა, ვისაც შემოსავალი ჰქონდა,  მოქალაქეთა დაყოფის უმაღლეს კატეგორიაში ხვდებოდა.

სოლონის კანონების მიხედვით სახელმწიფო საქმეებს ათენში ჯერ სახალხო კრება განიხილავდა, შემდეგ კი სოლონის მიერ შექმნილი ოთხასთა საბჭო და სხვადასხვა ოფიციალური პირები.

სახალხო კრებაში მონაწილეობას იღებდნენ ოთხივე სოციალური ფენის წარმომადგენლები. რაც შეეხება ოთხასთა საბჭოსა და ქვეყნის ოფიციალურ ორგანოთა თანამდებობებს ეს თანამდებობები ფეტებისთვის მიუწვდომელი იყო. არხონტებად და ხაზინადრებად მხოლოდ პირველი კატეგორიის მოქალაქეები ინიშნებოდნენ, სხვა თანამდებობებზე კი – მხედრები და ზევგიტები.

თანამდებობის პირთა არჩევის საკითხების განხილვისას სახალხო კრებას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. სხვა საკითხები, განიხილებოდა ოთხასთა საბჭოში. ქალები სახალხო კრებაში მონაწილეობას არ იღებდნენ.

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოლონის მიერ სასამართლოს შექმნას, სადაც მოსამართლეთა შერჩევა ათენის მოქალაქეებიდან ხდებოდა, რომელთა ასაკიც 30 წელი იყო. სასამართლოს წევრთა არჩევა კენჭისყრით ხდებოდა, ამასთან, სოციალურ სტატუსსა და შემოსავლებს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ათენის ჯარში პირველი მაღალი ფენის წარმომადგენლები ცხენოსანთა რაზმში მსახურობდნენ, ზევგიტები მძიმედ შეიარაღებულ ქვეით ჯარს წარმოადგენდნენ, ხოლო მსუბუქად შეიარაღებული რაზმის მეომრები ფეტები იყვნენ.

სოლონის კანონებმა დასაბამი მისცა ათენში დემოკრატიის განვითარებას. (სიტყვა დემოკრატია ბერძნულად „ხალხის მმართველობას“ ნიშნავს).

ლეგენდის მიხედვით კანონების შემოღების შემდეგ სოლონმა ათენელ მოქალაქეებს მოსთხოვა ფიცი დაედოთ, რომ 10 წლის განმავლობაში არ შეცვლიდნენ მის კანონებს, თვით სოლონი კი შორეულ მოგზაურობაში გაემგზავრა.

ათენში დაბრუნებულმა სოლონმა ნახა, რომ დემოსსა და არისტოკრატიას შორის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა.

სოლონმა მრავალი სხვა რეფორმატორის ბედი გაიზიარა. მისი რეფორმებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მდიდრები, (მათ მუქთა სამუშაო ძალა და ვალში აღებული მიწები დაკარგეს) და გლეხები – რომლებიც რეფორმის შედეგად უკმაყოფილონი დარჩნენ, ვინაიდან მათ სარგებლობაში არასაკმარისი მიწები იყო.