გობეჩია ივანე პავლეს ძე

(დ. 10 დეკემბერი 1881, ქ. ქუთაისი). ნაფიცი ვექილი, სოციალისტ-რევოლიუციონერი.

განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც გაათავა იურიდიული ფაკულტეტი.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში მუშაობა დაიწყო ქ. პეტერბურგში 1902 წელს. უმთავრესად პარტიულ მუშაობას აწარმოებდა მუშათა ორგანიზაციებში.

1904 წლიდან 1909 წლამდე განიცადა სხვა და სხვა გვარი ადმინისტრატიული შევიწროვებანი: გაჩხრეკა, ციხეში ჯდომა, გამოძიება ბრალდების წამოყენებით (126 მ. სისხ. სმ-ლებ.), ეტაპი და სხვა.

უნივერსიტეტის გათავების შემდეგ 1910 წელს ჩაიწერა ნაფიცი ვექილის თანაშემწეთ ქ. ქუთაისში და, როგორც ვექილმა-დამცველმა, მონაწილეობა მიიღო ბევრ პოლიტიკურ პროცესებში (მაგალითად: ზოტიკე ჩიქვილაძის, მელიტონ გობეჩიას და სხვა პროცესი).

იყო მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოც. რევოლუციონერთა ფრაქციის მდივნის თანაშემწე.

მონაწილეობს მესამე პარტიულ ყრილობის მუშაობაში ქ. მოსკოვში, როგორც ქუთაისის გუბერნიის პარტიულ ორგანიზაციების დელეგატი.

1917 წელს ქუთაისის ქალაქის საბჭომ აირჩია დელეგატათ პეტერბურგის დემოკრატიულ თათბირზე დასასწრებლათ.

1917 წლის თებერვლის რევოლიუციის პირველ დღეებიდანვე ასრულებდა უკანასკნელ დრომდე სხვა და სხვა თანამდებობას: იყო ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეთ, ქუთაისის მუშათა და ჯარისკსცთა საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგათ, კავკასიის ჯარის მხარის საბჭოს წევრი, ქ. ქუთაისის საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი და ქუთაისის გუბერნიის კომისრათ.

1917 წლის განმავლობაში იყო არჩეული ქუთაისის გარნიზონის მიერ დელეგატათ კავკასიის ჯარის პირველს და მეორე ყრილობაზე დასასწრებლათ.

იხ. სტალინური სიები საქართველოდან

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე

(დ. 10 აპრილი, 1889, სოფ. ბარდნალა, ლეჩხუმის მაზრა — გ. 2 იანვარი, 1954) — ლიბერალი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ნაფიცი ვექილის თანაშემწე ჟურნალისტი.

დაასრულა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1907 წელს. იმავე წელს შევიდა მოსკოვის კომერციულს ინსტიტუტში ეკონომიურს ფაკულტეტზე. 1909 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში სადაც 1914 წ. დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი.

დაკავებული თანამდებობები

  • ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის მთავარი კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია)

ლიტერატურა

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე

ავტობიოგრაფია

დ. 1885, ოზურგეთი. ქართველი. სოციალ-დემოკრატი (უმც.). ნაფიცი ვექილი.

თფილისის ადრესი: განოვის ქუჩა, სახ. №3, ბ. №1. ტელ. 6-83..

გავათავე მოსკოვში იურიდიული ფაკულტეტი. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1905 წ. შევედი ადესის უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტზე. 2 აპრილის 1908 წ. დამიჭირეს ადესაში და მიმცეს პასუხის გებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისათვის (1 ნაწ. 102 მუხ. სის. სამ.): მბრალდებოდა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ცენტრალურ ორგანოს წევრობა. ერთი წლის და ოთხი თვის წინასწარ დაპატიმრების შემდეგ გამასამართლა ადესის სამხედრო სასამართლომ, რომელმაც გამამართლა მე და ჩემთან ერთათ სხვა რვა სტუდენტები. განთავისუფლების შემდეგ ადესის უნივერსიტეტში არ მიმიღეს და შეველ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1909 წელს, რომელიც გავათავე 1913 წელს.

რევოლიუციის ხანაში ვიყავი: ქ. ქუთაისის კომისარათ, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის ხმოსნათ; ნოემბრიდან 1917 წ. ვიყავი ამიერ კავკასიის მთავრობაში შრომის კომისრის ამხანაგათ და შემდეგ საქართველოს მთავრობაში შრომის მინისტრის ამხანაგათ 24 ივნისამდე.

1918 წ.

ილიკო გიორგის ძე ფირცხალაიშვილი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

რუსია მელიტონ ივანეს ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 1878, ლანჩხუთი). ქართველი. ნაფიცი ვექილი. სოციალ-დემოკრატი.

თფილისის ადრესი: თბილისი, ანასტასიის ქუჩა №13

მივიღე კიევის უნივერსიტეტში უმაღლესი იურიდიული განათლება.

1903 წ. ხარკოვის ტეხნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისთვის გამორიცხული ვიქმენ ტეხნოლოგიური ინსტიტუტიდან და აღმეკრძალა რუსეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში შესვლა.

1904 წ. თბილისის მუშებში პროპაგანდა აგიტაციისთვის, როგორც წევრი თბილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციისა, დატუსაღებულ ვიყავი რამოდენიმე ჯერ და 1905 წელში მაშინდელმა კავკასიის მთავრობამ დაადგინა ჩემი გადასახლება ხუთი წლით უფის გუბერნიაში.

1917 წ. რევოლიუციის შემდეგ წევრი მუშათა და სალდათთა დეპუტატების საბჭოსი და მასთან არსებული პროპაგანდისტთა კოლეგიის თავმჯდომარე. ხმოსანი თბილისის ქალაქის საბჭოსი.

საქართველოს ქალაქის კავშირის თავმჯდომარის ამხანაგი.

მ. რუსია

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე

დაიბადა 3 ნოემბერს, 1873,  სოფელი, ილემი, შორაპნის მაზრა. ქართველი. ნაფიცი ვექილი.

თფილისის ადრესი – სცხოვრობს ქ. თფილისში, ოლღის ქუჩა №26.

ნაციონალ დემოკრატი

დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი პეტერბურგის უნივერსიტეტის

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლად იყო გაგზავნილი 1917 წ. მოსკოვის სახელმწიფო თათბირზე და შემდეგ რუსეთში მცხოვრებ ეროვნებათა ყრილობაზე კიევში. იყო წევრი საქართველოს ინტერპარტიული საბჭოსი. თავმჯდომარის ამხანაგია ეროვნულ დემოკრატიულ პარტიის მთავარი კომიტეტისა.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

თევზაძე ილია მოსეს ძე

(ავტობიოგრაფია)

დავიბადე 6 თებერვალ, 1881, სოფ. მუხაყრუა, ქუთაისის მაზრა, მედავითნე მოსე ლაზარეს ძე თევზაძის ოჯახში.  ჩემს მშობლებს – მოსე ლაზარეს ძეს და პარასკევა ნიკოლოზ უღელიძის ასულს, რომლებიც ეხლა ცოცხალი არ არიან – ჰყავდა რვა შვილი: ხუთი ვაჟი და სამი ქალი. მიუხედავათ მათი სიღარიბისა, მათ ყველა შვილებს მიაღებინეს შესაფერი განათლება.

1887 წელს მე მიმაბარეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სწავლა დავამთავრე 1896 წელს

1899 წელს მე მიმიღეს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მე ვმეცადინეობდი იქ არსებულ მესამე დასელების მოწაფეთა წრეებში. მივიღე სემინარიაში სამჯერ მომხთარ არეულობაში აქტიური მონაწილეობა. 1903-1904 წლებში სემინარიაში მომხთარ არეულობის გამო მე სხვა აქტიურ მონაწილეებთან ერთათ სავსებით დათხოული ვიყავი სემინარიიდან და თითქმის ერთი წელიწადი დავრჩი სასწავლებლის გარეშე. ამ დროის განმავლობაში მე დავუახლოვდი სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიას და ამ პარტიაში დავიწყე აქტიური მუშაობა. 1904 წელს მე მიმიღეს თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მე მივიღე აქტიური მონაწილეობა იქ მომხთარ არეულობაში, რის გამოც მე სხვებთან ერთათ დათხოულ ვიყავი სემინარიიდან ეგრეთ წოდებული „волчій“ ბილეთით.

1905 წელს მე დავინიშნე სოფ. დაფნარის, ქუთაისის მაზრა, სამრევლო სკოლის მასწავლებლათ, მაგრამ რადგან თბილისის სემინარიის ყოფილმა რექტორმა არქიმანდრიტმა ნიკანდრემ ჩემს შესახებ შეადგინა ქაღალდი, სადაც ის „ანარქისტს“ და „ბომბისტს“ მიწოდებდა და დაუგზავნა პროკურატურას და ჟანდარმერიას, მე იძულებული გავხთი დამეწყო არა ლეგალური ცხოვრება.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში მე ვიყავი არჩეული საგუბერნიო კომიტეტის წევრათ და ვმუშაობდი არალეგალურათ თბილისში, ქუთაისში, ჭიათურაში, ფოთში, ოზურგეთში, ბაღდათის და სამტრედიის რაიონებში და სხვ.

1905 წელს რევოლიუციის დროს მე ვიყავი არჩეული სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის, წითელი რაზმის ხელმძღვანელათ და ვმოქმედებდი ბაღდათის რაიონში წიფის მიმართულებით.

ცნობილი ალიხანოვის დამსჯელი ექსპედიციის მოქმედებისა და რეაქციის გაძლიერების შემდეგ ჩემი კავკასიაში ცხოვრება ყოვლად შეუძლებელი შეიქნა. 1906 წ. მე გავემგზავრე რუსეთისაკენ და იმავე წელს მიღებულ ვიყავი ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში ყოფის დროს მე ვმუშაობდი სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში და სტუდენტთა სხვა და სხვა ორგანიზაციაში: ვიყავი არჩეული კურსის „სტაროსტათ“, კავკასიის სათვისტომოს თავმჯდომარეთ, შემდეგ კი ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეთ და სხვ. ჟანდარმერიამ არც იქ მომასვენა: რამდენიმეჯერ გამიჩხრიკეს ბინა, წამართვეს წიგნები და ბარათები და შემდეგ დაჭერაც მომინდომეს, რის გამოც ექვსი თვე სიზრანში ვცხოვრობდი არალეგალურათ.

1907 წელს მე დავესწარი სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის ლონდონის ყრილობას, როგორც ქუთაისის გუბერნიის ორგანიზაციების მიერ არჩეული, სწორეთ იმ ყრილობას, რომელსაც მოყვა აზეფის გაცემა.

1910 წელს მე დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი ყაზანის უნივერსიტეტში, იმავე წლის 6 ენკენისთვეს მე დავინიშნე ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობის უმცროს კანდიდატათ. 1911 წლის 16 აგვისტოს გადავედი ქუთაისის სახაზინო პალატაში, სადაც ვმსახურობდი 1914 წლის 25 იანვრამდის. ამ ხნის განმავლობაში მე მივიღე „ტიტულიარნი სოვეტნიკობა“ და კიდევაც შევირთე (30 კვირიკობისთვეს 1913 წელი) ცოლი – თამარ დავით ლუკაშვილის ასული: ეხლა მყავს ორი ვაჟი და ერთი ქალი.

1914 წლის 4 თებერვალს მე ჩავერიცხე ნაფიც ვექილთა წოდებაში ნაფიცი ვექილის თანაშემწეთ და გადავესახლე სამუშევრად დ. სამტრედიაში, სადაც ვიყავი სოციალისტი რევოლიუციონერთა პარტიის სამტრედიის რაიონის კომიტეტის თავმჯდომარეთ.

1917 წლის მარტში, როდესაც მოხთა რუსეთის რევოლიუცია, მე ვიყავი არჩეული სამტრედიის რაიონის კომისარიატში, რომელმაც აჰყარა იარაღი ყველა პოლიციელებს და ჟანდარმებს და ჩაიბარა საქმეები. აგრეთვე არჩეული ვიყავი სამტრედიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგათ შემდეგ კი სამტრედიის რაიონის კომისრად. იმავე წლის მარტში მე ამირჩიეს დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის მთავარ გამგეობის წევრათ და მოლარეთ.

1917 წელს კვირიკობისთვეში მე გადმოვესახლე ქუთაისში, სადაც არჩეული ვიყავი: ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეთ, ქუთაისის სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგათ, ქუთაისის სამაზრო საადგილ-მამულო კომიტეტის თავმჯდომარეთ, ქუთაისის საგუბერნიო საადგილ-მამულო კომიტეტის წევრათ, ქალაქის თვითმართველობის საბჭოს ხმოსნათ და სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის საგუბერნიო კომიტეტის წევრათ. აგრეთვე არჩეული ვიყავი სამტრედიის ქალაქის თვითმართველობის ხმოსნათ.

1917 წელს ენკენისთვეში არჩეული ვიყავი ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის გამგეობის წევრათ, ხოლო იმავე წლის ნოემბერში კი ქალაქის თავის ამხანაგათ.

საქართველოში მომქმედ სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის პირველი ყრილობის მიერ მე არჩეული ვიყავი პარტიის ცენტრალურ კომიტეტის წევრათ, 1918 წლის 15 წიფობისთვეს კი არჩეულ და დამტკიცებულ ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრათ. 17 წიფობისთვეს 1918 წლის მე მომანიჭეს ნაფიცი ვექილის წოდება.

23/X – 1918 წელი

პარლამენტის წევრი ილია მოსეს ძე თევზაძე.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს ძე

(ავტობიოგრაფია)

დავიბადე 20 ნოემბერს, 1879, ს. უხუთი, ქუთაისის მაზრა.  ქართველი. სოციალ-დემოკრატი. პროფესია: ნაფიცი ვექილი. თფილისის ადრესი: ინჟინერის ქუჩა № 4 განათლება: სასულიერო სემინარია და ხარკოვის უნივერსიტეტი, იურიდიული განათლება  

სტუდენტობის დროს დორბატში სტუდენტების მოძრაობაში ვიღებდი მონაწილეობას; ქ. ქუთაისში ვცემდი ყოველკვირეულ გაზეთ „ფონს“ 1909 წელს; მთავრობის საწინააღმდეგო წერილის დაწერისათვის სასამართლომ გადუწყვიტა 1919 წელს სამი თვის „крђпость“. ეს სასჯელი ქუთაისში მოიხადა. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დამიჭირეს და თითო თვე ციხეში მამყოფეს, მერმეთ 1914 წელს გადასახლება გადამიწყვიტეს ქუთ. გუბერნიიდგან. როგორც არა საიმედოს პოლიტიკურად. ძველი რეჟიმის დროს ნაფიცი ვექილობის ხარისხი არ მომცეს, რევოლუციის შემდეგ მივიღე. ვმუშაობდი ქუთაისის ორგანიზაციებში. ამირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრათ. ვიყავი თავმჯდომარე ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოსი. ქუთაისის გუბერნიის კომისარი. ჩხენკელის კაბინეტში სამხედრო მინისტრი და მის შემდეგ დღემდის სამხედრო მინისტრი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი