ჟან ლე რონ დ’ალამბერი

alamberiმეცნიერი ფილოსოფოსებს შორის, მათემატიკოსი – დაიბადა პარიზში 1717 წლის 16 ნოემბერს. ბიოლოგიური მამა იყო არტილერიის კომისარი, შევალიე დეტუში, დედა კი – მარკიზა დე ტანსენი, ცნობილი ლიტერატურული სალონის დიასახლისი, რომელმაც გაჩენისთანავე მიატოვა ჩვილი სენ-ჟან ლე რონის ეკლესიის საფეხურებზე. თავიდან იგი დაკარგული ბავშვების თავსეფარში მოათავსეს, თუმცა მამამ მალევე მიაკვლია და მეშუშე ხელოსნის ოჯახს მიაშვილა, რომელსაც მის აღსაზრდელად გარკვეულ პენსიას უხდიდა. დ’ალამბერმა ორმოცდარვა წელი დაჰყო გამზრდელ დედასთან, მის გარდაცვალებამდე. დ’ალამბერს მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა, იგი წარმატებით სწავლობდა სამართალსა და მედიცინას.

სითხეების მექანიკასა და ინტეგრალურ გამოთვლებზე პირველი ნაშრომების შექმნის  შემდეგ, 24 წლის ასაკში დ’ალამბერი მიიღეს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში, 28 წლის ასაკში კი – ბერლინის აკადემიაში. მოგვიანებით მან უარი უთხრა ფრიდრიხ II-ს ბერლინში საცხოვრებლად გადასვლაზე და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინეს ტახტის მემკვიდრის აღმზრდელად მუშაობაზე წელიწადში ასი ათასი ლივრის სანაცვლოდ.1743 წელს მან გამოაქვეყნა თავისი მნიშვნელოვანი ტრაქტატი დინამიკაზე, სადაც გააუმჯობესა ძალის განსაზღვრება და მოგვცა, რასაც მას შემდეგ დ’ალამბერის პრინციპი ეწოდება (მოძრაობის რაოდენობის შენახვა). 1747 წელს მან დაწერა სტატია ვიბრაციულ მწკრივებზე, სადაც პირველმა მოგვცა და ამოხსნა კერძო წარმოებულებიანი განტოლება, რომელიც არეგულირებს ბგერით ტალღებს. ასევე დ’ალამბერისაა რეფლექსიები ქარის ზოგადი მიზეზის შესახებ (განზოგადებული ეულერის მიერ) და ტრაქტატი მზებუნიობების პრეცესიის შესახებ, სადაც ნაწილობრივ ახსნა 3 სხეულის პრობლემა. ამას გარდა, იგი ითვლება მუსიკის თეორეტიკოსად და რამოს შემოქმედების ზედმიწევნით მცოდნედ.

დ’ალამბერმა პარიზულ მოდურ სალონში გაიცნო დიდრო. მათი მეგობარი იყო აბატი გა დე მალვი, აკადემიკოსი და კომპილატორი, რომელმაც უბიძგა მათ ენციკლოპედიის შექმნისკენ. დ’ალამბერმა და დიდრომ ჩამბერის ციკლოპედიის თარგმნის ნაცვლად გადაწყვიტეს მეცნიერების გაერთიანება ლოგიკურად ერთ ფილოსოფიურ სისტემაში. მათი ნაშრომის ქვესათაური იყო მეცნიერებათა არგუმენტირებული ლექსიკონი.

ენციკლოპედიის წინასიტყვაობაში – შესავალი სიტყვა, რომელიც 1751 წელს პირველი ტომის დასაწყისში დაიბეჭდა და რომელიც მის საუკეთესო ნაშრომად რჩება, დ’ალამბერი ამტკიცებდა პირდაპირი კავშირის არსებობას ცოდნის პროგრესსა და სოციალურ პროგრესს შორის. ეს ტექსტი არის ლუმიერების [განმანათლებლების] ჭეშმარიტი მანიფესტი. მასში გამჟღავნებული იყო მათი მიზანი: „აზროვნების საერთო წესის შეცვლა“.

1759 წელს ეკლესიის მიერ მრავალჯერ გამოთქმული ბრალდებების გამო, მეფემ ბრძანა ნაბეჭდი ეგზემპლარების განადგურება და გამოცემის შეწყვეტა. დალამბერს დიდროსთან უთანხმოების გამო უკვე დანებებული ჰქონდა თავი ენციკლოპედიისათვის. ამ დროს იგი გახდა ფრანგული აკადემიის ისტორიოგრაფი და მუდმივი მდივანი. ამ პერიოდიდან დ’ალამბერი აკადემიაზე დიდ, შეიძლება ითქვას, დესპოტურ  ზეგავლენას ახორციელბდა თავისი მეგობრის, მადმუაზელ ლეპინასის დახმარებით.

1745 წლიდან დ’ალამბერი ვოლტერის ერთგული მეგობარია; მათი მეგობრობა და მიმოწერა ოცდაცამეტ წელიწადს გაგრძელდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი დ’ალამბერმა აკადემიას საკონკურსოდ წარუდგინა ვოლტერის ქება და 500 ლივრიან საპრიზო ფონდს საკუთარი ექვსასი დაამატა. მან დატოვა სამეცნიერო ნაშრომები, მნიშვნელოვანი მიმოწერა ფრიდრიხ II-სა და ფილოსოფოსებთან; დაწერა აკადემიის ისტორია სახელწოდებით 1700-1770 წლებში გარდაცვლილი აკადემიკოსების ქება, რომელიც აკადემიის სხდომებზე იქნა წაკითხული.

ევროპის ყველა აკადემიის წევრს, ყველა ფილოსოფოსის მეგობარს, ყველა სალონის სასურველ და ხშირ სტუმარს პენსიას უხდიდა ქალბატონი ჟოფრენი, რომელმაც სიცოცხლის განმავლობაში სარგებლობის უფლებით უანდერძა რენტა 1275 ფრანკის ოდენობით მასა და ოცი წლის განმავლობაში მის თანამგზავრს – მადმუაზელ ლეპინასს.

დ’ალამბერი იყო პიჩინისტების – XVIII ს. ცნობილი მუსიკოსის, ნიკოლო პიჩინის თაყვანისმცემლების ერთ-ერთი მეთაური, მას ხანგრძლივი პოლემიკა ჰქონდა ჟ.-ჟ. რუსოსთან, თავისთან სტუმრად ჰყავდა რუსეთის მეფე პავლე პირველი, უპასუხა აბატ მიიოს საზეიმო სიტყვას, მარმონტელთან ერთად მოამზადა ლექსიკონის მეხუთე გამოცემა. მისმა ნაშრომებმა შეადგინა 18 ტომი.

დ’ალამბერი რჩება XVIII ს.-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მათემატიკოსად და ფიზიკოსად და, იმავდროულად, ლუმიერების ფილოსოფოსად. იგი იყო პოლიტიკური და რელიგიური აბსოლუტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სულისჩამდგმელი. მან დეკარტისეული ტრადიცია გააერთიანა ნიუტონისეულ კონცეფციებთან და გზა გაუხსნა მოდერნულ [თანამედროვე] სამეცნიერო რაციონალიზმს. მისი ანალიზი წარმოადგენს მეცნიერების ჭეშმარიტ ფილოსოფიას.

დ’ალამბერი გარდაიცვალა 1783 წლის 29 ოქტომბერს. ავტორიტარული ხასიათის გამო აკადემიაში მისი გარდაცვალება დიდად არ სწყენიათ. მისი თანამედროვის, ვილმენის დახასიათებით იგი იყო „ცივი მწერალი ახალი იდეების გარეშე“.

დ’ალამბერს ეკუთვნის შემდეგი გამონათქვამები:

1. თუ სისტემას განვიხილავთ, როგორც მატერიალურ წერტილებს, ერთმანეთთან დაკავშირებულს ისე, რომ მათმა მასებმა შეიძინონ შესაბამისად განსხვავებული სიჩქარეები, რომლითაც ისინი თავისუფლად ან ერთდროულად [ერთნაირად] იმოძრავებენ, მოძრაობის სისტემაში მოგებული ან წაგებული მოძრაობების რაოდენობა თანაბარი იქნება.

2. მხოლოდ თავისუფალ აზროვნებასა და მოქმედებას შეუძლია დიადის შექმნა.

3. მაგარამ ის მცირედი ჩვევა, რაც გაგვაჩნია ხელოვნების შესახებ წერისა და ნაწერების კითხვისა, აძნელებს საგნების გასაგებად ახსნას. აქედან ჩნდება ფიგურების საჭიროება. შეგვეძლო ათასი მაგალითით დაგვენახვებინა, რომ წმინდა და მარტივი სახის განმარტებითი ლექსიკონი, რაც გინდ კარგად შედგენილი, გვერდს ვერ აუვლის ფიგურების გამოყენებას, ბნელსა და ბუნდოვან აღწერებს; რამდენად გვჭირდება ეს დახმარება? საგნისთვის ან მისი გამოსახულებისათვის თვალის ერთი შევლება მასზე გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე ერთგვერდიანი სიტყვა.

ადამ სმიტი

smitiადამ სმიტი იყო შოტლანდიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი. მისი წიგნი „ერების სიმდიდრე“, რომელშიც ის დაწვრილებით აღწერს პოლიტიკური ეკონომიკის პირველ სისტემას, მიიჩნევა „კაპიტალიზმის ბიბლიად“.

ადამ სმიტი დაიბადა 1723 წელს, შოტლანდიის პატარა სოფელ კერკოლდიში. 14 წლის ასაკში სწავლა დაიწყო გლაზგოს უნივერსიტეტში, ხოლო 1740 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

1748 წლიდან, ადამ სმიტი საჯარო ლექციებს კითხულობდა ედინბურგის უნივერსიტეტში, 1752 წელს კი გახდა მორალის ფილოსოფიის კათედრის გამგე გლაზგოს უნივერსიტეტში.

1759 წელს, ადამ სმიტმა გამოაქვეყნა „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“. 1764 წელს ის ბაკლიუს ჰერცოგის მასწავლებლად მიიწვიეს. შემდეგი ორი წლის განმავლობაში, ადამ სმიტი თავის მოსწავლესთან ერთად მოგზაურობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ამ მოგზაურობისას, მან გაიცნო თავისი თანამედროვე სახელგანთქმული მოაზროვნეები: ვოლტერი, ჟან-ჟაკ რუსო, და რობერ ჟაკ ტიურგო, ფრანსუა კენე, ბენჯამინ ფრანკლინი.

ადამ სმიტმა ჰერცოგის სამსახურისთვის მიიღო სამუდამო პენსია. ის გაემგზავრა მშობლიურ სოფელ კერკოლდიში, რათა დაეწერა „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, რომელსაც შემოკლებულად უწოდებენ „ერების სიმდიდრეს“. წიგნი გამოქვეყნდა 1776 წელს და მიიჩნევა, რომ არის პოლიტიკური ეკონომიკისადმი მიძღვნილი პირველი ნაშრომი. „ერების სიმდიდრე“, კლასიკური ეკონომიკის ფუნდამენტური ნაშრომი, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან წიგნს, რაც კი ოდესმე დაწერილა.

ადამ სმიტი ამტკიცებდა, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ყველაზე მეტად პროდუქტიული და სასარგებლოა საზოგადოებისთვის. ის მხარს უჭერდა ისეთ ეკონომიკურ სისტემას, რომელიც ეფუძნება „უხილავი ხელით“ მართულ პიროვნების ეგოიზმს, რადგან მას მოაქვს უდიდესი სარგებელი ყველასთვის. სმიტის ეკონომიკური ნაშრომები არის ყველაზე მეტად სისტემური და სრულყოფილი, ამიტომ მისი იდეები კლასიკური ეკონომიკის საფუძვლად იქცა.

1787 წელს, ადამ სმიტი გლაზგოს უნივერსიტეტის რექტორად დანიშნეს, მაგრამ სამი წლის შემდეგ, 1790 წლის 17 ივლისს, ის ედინბურგში გარდაიცვალა.

ადამ სმიტი არასოდეს დაქორწინებულა.

თარგმნა: იზა გიგაურმა

წყარო: http://www.econlib.org/library/Enc/bios/Smith.html

http://www.biography.com/people/adam-smith-9486480

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი

hegeliგეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831) მიეკუთვნება „გერმანული იდეალიზმის“ ეპოქას. ის ყველა თავის ნაშრომსა და ლექციაში ცდილობდა განევითარებინა სრულყოფილი და სისტემური ონტოლოგია „ლოგიკური“ ამოსავალი წერტილიდან. ჰეგელი ყველაზე მეტად ცნობილია ისტორიის ტელეოლოგიური ხედვის გამო. მე-20 საუკუნეში, ჰეგელის აზრების „ლოგიკური“ მხარე დიდწილად დავიწყებული იყო, მაგრამ მისი პოლიტიკური და სოციალური ფილოსოფია კვლავ იწვევს ინტერესსა და მხარდაჭერას პოულობს.

ჰეგელი დაიბადა 1770 წელს შტუტგარტში, 1788-1793 წლებში სწავლობდა თეოლოგიას ტიუბინგენში, სადაც დაუმეგობრდა მომავალ დიდ პოეტს ფრიდრიხ ჰოლდერლინს და ფრიდრიხ ფონ შელინგს, რომელიც, ჰეგელის მსგავსად, გახდა გერმანული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი ფიგურა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჰეგელი მუშაობდა მასწავლებლად ოჯახებში ბერნსა და ფრანკფურტში. 1800 წლამდე, ჰეგელმა თავი მიუძღვნა რელიგიური და სოციალური თემების შესახებ იდეების განვითარებას. თუმცა, ჰოლდერლინისა და შელინგის ზეგავლენით, მისი ინტერესები შეიცვლა „კრიტიკული“ ფილოსოფიით, რომლის ინიციატორიც იმანუელ კანტი იყო და რომელიც შექმნა ფიხტემ. 1801 წელს, ჰეგელი გადავიდა იენაში და გამოაქვეყნა თავისი პირველი ფილოსოფიური ნაშრომი „განსხვავება ფიხტესა და შელინგის ფილოსოფიურ სისტემებს შორის“. 1803 წლამდე ის შელინგთან თანამშრომლობდა „ფილოსოფიის კრიტიკული ჟურნალის“ რედაქტირებაზე.

1807 წელს, ჰეგელმა გამოაქვეყნა თავისი პირველი მთავარი ნაშრომი „გონის ფენომენოლოგია“. წიგნი შელინგმა მისადმი მიმართულ კრიტიკად მიიჩნია, რის გამოც მათი მეგობრობა მოულოდნელად დასრულდა.

1808-1815 წწ. ჰეგელი იყო ფილოსოფიის მასწავლებელი და გიმნაზიის დირექტორი ნიურნბერგში. ამ პერიოდში, ის დაქორწინდა და დაწერა „ლოგიკის მეცნიერება“.

1816 წელს, ჰეგელი დაინიშნა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგედ. ჰაიდელბერგში ყოფნისას, მან გამოაქვეყნა „ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია“, რომელიც იყოფა სამ ნაწილად: „ლოგიკა“, „ბუნების ფილოსოფია“ და „გონის ფილოსოფია“.

1818 წელს, ჰეგელი გახდა ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე, რაც ითვლებოდა ყველაზე პრესტიჟულ თანამდებობად გერმანელ ფილოსოფოსთა წრეში. 1821 წელს, მან გამოაქვეყნა თავისი მთავარი ნაშრომი პოლიტიკურ ფილოსოფიაში „სამართლის ფილოსოფიის საფუძვლები“.

ჰეგელის გარდაცვალების შემდეგ, გამოქვეყნდა მისი ლექციები ისტორიის ფილოსოფიაზე, რელიგიის ფილოსოფიაზე, ესთეტიკაზე და ისტორიის ფილოსოფიაზე.

თარგმნა: იზა გიგაურმა

წყარო: http://plato.stanford.edu/entries/hegel/

არისტოტელე

არისტოტელე (ძვ.წ. 384-322) ყველა დროის უდიდეს ფილოსოფოსთა შორისაა.

მან დაახლოებით ორასამდე ფილოსოფიური ნაშრომი დატოვა, მაგრამ მათგან მხოლოდ 31 გადარჩა. მისი ნაშრომები მოიცავს მრავალ დისციპლინას, რომელთა შორისაა ლოგიკა, მეტაფიზიკა, აზროვნების ფილოსოფია, ეთიკა, პოლიტიკური თეორია, ესთეტიკა და რიტორიკა, ასევე, ბიოლოგია.

არისტოტელე დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთის, მაკედონიის რეგიონის პატარა ქალაქ სტაგირაში. აქედან წარმოსდგება მისი ზედმეტსახელი „სტაგირიტი“. დაახლოებით 17 წლის ასაკში გაგზავნეს ათენში, პლატონის აკადემიაში სასწავლებლად. პლატონის გარდაცვალების შემდეგ (ძვ.წ. 347), ის გაემგზავრა მცირე აზიაში, ამჟამინდელი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, სადაც განაგრძო აკადემიაში დაწყებული ფილოსოფიური საქმიანობა, მაგრამ, დიდი ალბათობით, აგრეთვე განავრცო თავისი კვლევები საზღვაო ბიოლოგიაში. აქ მან დაახლოებით 3 წელი დაჰყო, რის შემდეგაც კუნძულ ლესბოსზე გაემზავრა, სადაც განაგრძო ფილოსოფიური და ემპირიული კვლევები კიდევ 2 წელიწადს.

ძვ. წ. 343 წელს, მაკედონიის მეფის – ფილიპეს მოთხოვნით გაემზავრა პელაში, მაკედონიის დედაქალაქში, მეფის 13 წლის ვაჟის – ალექსანდრეს აღსაზრდელად. არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელს 3 წლის განმავლობაში ასწავლიდა.

ძვ. წ. 335 წელს, არისტოტელემ ათენში დააარსა საკუთარი სკოლა, რომელიც მიუძღვნა ღმერთს – აპოლო ლიკეოსს, აქედან წარმოსდგება მისი სახელი – ლიცეუმი. მოგვიანებით, არისტოტელეს სკოლელებს უწოდებდნენ პერიპატეტიკოსებს. ლიცეუმის წევრები ატარებდნენ კვლევებს მრავალ დარგში: ბოტანიკა, ბიოლოგია, ლოგიკა, მუსიკა, მათემატიკა, ასტრონომია, მედიცინა, კოსმოლოგია, ფიზიკა, ფილოსოფიის ისტორია, მეტაფიზიკა, ფსიქოლოგია, ეთიკა, თეოლოგია, რიტორიკა, ხელოვნება, პოლიტიკური ისტორია, სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკური თეორია. ყველა ამ სფეროში, ლიცეუმი აგროვებდა ხელნაწერებს და ამგვარად, ანტიკური ხანის პირველი დიდი ბიბლიოთეკა დააფუძნა.

ძვ. წ. 323 წელს, არისტოტელემ დატოვა ათენი, გაემგზავრა ქალკისში, კუნძულ ევბეაზე და მომდევნო წელს გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.

არისტოტელეს მნიშვნელოვანი ნაშრომებია: კატეგორიები, ფიზიკა, მეტაფიზიკა, De Anima (სულის შესახებ), მეტეოროლოგია, ნიკომაქესეული ეთიკა, პოლიტიკა, რიტორიკა, პოეტიკა.

თარგმნა: იზა გიგაურმა

მოუსმინეთ არისტოტელეს ბიოგრაფიის აუდიო ვერსიას

წყარო: http://plato.stanford.edu/entries/aristotle/