1770 – 1789 წლებში ამერიკის ინგლისური კოლონიები და ევროპის ათასწლოვანი მონარქიები მთელი რიგი ამბოხებების ასპარეზად იქცა; ისინი წინ უსწრებდნენ „ფრანგულ რევოლუციას“. 1770 წლის 5 მარტს ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ უსამართლო გადასახადების გასაპროტესტებლად გამოსული ბოსტონელების დახოცვა გახდა ამერიკის დამოუკიდებლობის ომის დასაწყისი. 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიის კონგრესზე შეიკრიბნენ ცამეტი კოლონიის წარმომადგენლები და გამოაცხადეს „ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა“. 1778 წელს ლუი XVI-ს საფრანგეთი გადამწყვეტ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევდა მათ. ომი დამთავრდა 1781 წლის ოქტომბერში, როდესაც ინგლისის ჯარები დაამარცხეს გენერალ უოშინგტონის „ამბოხებულებმა“ და საფრანგეთის ჯარებმა როშამბოს სარდლობით. 1783 წ. ვერსალის ხელშეკრულებით ინგლისმა ცნო თავისი 13 კოლონიის დამოუკიდებლობა. ყველა შტატში „პატრიოტებმა“ შექმნეს კონსტიტუცია, რომელსაც წინ ჰქონდა წამძღვარებული „ადამიანის უფლებების დეკლარაცია“, რაც უზრუნველყოფდა „სიცოცხლეს, თავისუფლებას, ბედნიერების ძიებას“. მოქალაქეები გამოცხადდნენ კანონის წინაშე თავისუფლებად და თანასწორებად. ძალაუფლება ასამბლეებისა და ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ხელში იყო და აღარ – მეფისა ან იმპერატორისა, ევროპის მსგავსად.
ევროპაში
ბებერ ევროპაში განათლებული ხალხი აღფრთოვანებული იყო ამერიკის ამბებით, რომელსაც გაზეთებიდან და ამერიკიდან დაბრუნებული მოხალისეების, ხშირად არისტოკრატების მონათხრობიდან იცნობდნენ. „პატრიოტი“ იქცა მოდურ სიტყვად, ხოლო შეერთებული შტატები – სამაგალითო ქვეყანად. პირველი რევოლუციური გამოსვლები მოხდა შვეიცარიაში, სადაც ქვეყანას მართავდა არისტოკრატიის კორპუსი, „პატრიარქატი“. „წარმომადგენლებმა“ (ბურჟუებმა) და „ადგილობრივებმა“ (XVI-XVII სს.-ში საფრანგეთიდან ემიგრირებული პროტესტანტების შთამომავლებმა), რომელთაც არავითარი პოლიტიკური უფლება არ გააჩნდათ, 1782 წლის აპრილში მოახერხეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მაგრამ პიემონტელებისა და ფრანგების ჯარების დახმარებით პატრიარქატი სწრაფად აღდგა. მრავალმა დემოკრატმა თავი შეაფარა ლუი XVI-ის საფრანგეთს! იმავე წელს არეულობა დაიწყო ირლანდიაში, ინგლისის სამფლობელოში, სადაც 80 000 ირლანდიელმა „მოხალისემ“ ბოიკოტი გამოუცხადა ინგლისურ საქონელს. ერთი წლის შემდეგ, ინგლისელი პროტესტანტების მიერ შევიწროებულმა კათოლიკეებმა შექმნეს იატაკქვეშა ორგანიზაცია: „გაერთიანებული ირლანდიელები“, რომელმაც ხმის უფლება მოითხოვა. არც თავად ინგლისი იყო მშვიდად. „ასოციაციები“ მოითხოვდნენ საყოველთაო ხმის მიცემის სისტემას, ხმის მიცემის კონფიდენციალურობას. იმავდროულად სახალხო „გორდონ რაიოტსის“[1] გამოსვლებმა რვა დღის განმავლობაში ლონდონი ცეცხლის ალში გახვია და სისხლის მდინარეები დააყენა. 1783 წლიდან რევოლუციამ ხელახლა იფეთქა გაერთიანებულ პროვინციებში, სადაც ბურჟუაზიამ და ჰოლანდიელმა არისტოკრატიამ ჩამოაყალიბა „პატრიოტული პარტია“, რომლის მიზანიც იყო სუვერენის, გენერალ-გუბერნატორის (Stathouder) ვილჰელმ V-ის უფლებების შეკვეცა. „პატრიოტები“ შავ კოკარდებს ცხვირწინ უფრიალებდნენ შტატჰაუდერის მომხრეებს. 1785 წელს სამი დღის განმავლობაში სახალხო აჯანყება ემუქრებოდა ვილჰელმ V-ს.
„პატრიოტების“ მარცხი
1787 წლის სექტემბერში „პატრიოტთა მილიცია“ საბოლოოდ დაამარცხა სიძის დასახმარებლად მოსული პრუსიის მეფის, ფრიდრიხ-ვილჰელმ II-ის არმიამ. მარცხმა ვერ შეაშინა მეზობელი ბელგიის – ავსტრიის გვირვინის ქვეშევრდომის -პატრიოტები. ტრადიციების პატივისმცემელმა ბელგიელებმა ავსტრიის იმპერატორ იოზეფ II-ის მიერ ჩატარებულ ლიბერალურ რეფორმებში საფრთხე დაინახეს. ქვეყანა აჯანყებებმა შეარყია. აჯანყებულებს სათავეში ედგნენ ვან დერ ნოოტი (რომელიც ძველი რეჟიმის ტრადიციული ღირებულებების მომხრე იყო) და ვონკი, „პატრიოტების“ მეთაური. მათ ბრაბანსონული შავ-წითელი კოკარდა აირჩიეს. აჯანყება მოედო ლიეჟის მხარეს და ბრაბანსონს, მაგრამ 1790 წლიდან ავსტრიის ჯარებმა ქვეყანაზე კონტროლი აღადგინეს. პატრიოტებმა თავი რევოლუციურ საფრანგეთს შეაფარეს, სადაც როგორც გმირებს, ისე ხვდებოდნენ.
„მოქალაქენო, შეიარაღდით!“
რევოლუციის წინ საფრანგეთი საღვთო კანონის მონარქია იყო. მართავდა მეფე, აბსოლუტური მონარქი, მინისტრებისა და სათათბიროს დახმარებით, რომელსაც თავად ნიშნავდა.
1787 წელს ლუი XVI იყო 33 წლის, დაქორწინებული მარი-ანტუანეტზე, ავსტრიის იმპერატრიცა მარია-ტერეზას ასულზე. სამეფო ხაზინა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ერთ-ერთი უდიდესი ხარჯი (2 მლდ ლივრი) გაღებულია ინგლისის წინააღმდეგ აჯანყებულ ამერიკელთა დასახმარებლად. დანახარჯის დასაფარად სამეფო მუდმივად იღებდა სესხებს ბანკირებისგან და გადასახადებს, რომელთაც მხოლოდ მესამე წოდება იხდიდა. ამ პერმანენტული დეფიციტის დასაფარად ფინანსთა მინისტრებმა წამოაყენეს წინადადება ფისკალური თანასწორობის დაწესების შესახებ, მაშასადამე, თავადაზნაურთა და სასულიერო წოდებას უნდა დაწესებოდა გადასახადები. თავისი წინამორბედების მსგავსად მინისტრი ლომენი დე ბრიენიც წინააღმდეგობას წააწყდა პარიზის პარლამენტის მხრიდან, რომლის მტკიცებითაც მხოლოდ სამი წოდების − სასულიერო, თავადაზნაურთა და მესამე წოდების − გენერალურ შტატებს შეეძლოთ ახალი გადასახადების დაწესება. თავიანთი თანამდებობის ყიდვით გაკეთილშობილებულ ამ პარლამენტარებს სურდათ სამეფო ხელისუფლების გაკონტროლება. ლუი XVI-მ ისინი პროვინციაში გადაასახლა. პროტესტის ნიშნად მათ რენში, პარიზში, ბორდოში, გრენობლში სახალხო აჯანყებები გამოიწვიეს. მეფე დანებდა და მოიწვია გენერალური შტატები 1789 წლის 1-ელ მაისს. ამ პოლიტიკურ მღელვარებას დაერთო საშინელი ეკონომიკური კრიზისი. 1787 წლის წყალდიდობების შემდეგ მოსავალი გაანადგურა 1788 წლის სეტყვიანმა ქარიშხლებმა. პურის ფასმა კატასტროფულად აიწია, გლეხობა კი შემოსავლის გარეშე დარჩა. ტექსტილის მწარმოებლებმა, რომელთაც უკვე უწევდათ ინგლისურ საქონელთან კონკურენცია, მუშები დაითხოვეს. რომლებიც იძულებული გახდნენ სოფელ-სოფელ ემათხოვრათ. 1789 წლის გაზაფხულზე იმედის ნაპერწკალი გაჩნდა ხალხში. სამეფოს ყველა ქალაქსა და სოფელში სამივე წოდება შეიკრიბა 1 139 დეპუტატის ასარჩევად და 60 000 თხოვნის რვეულის შესადგენად. გლეხები −მოსახლეობის უმრავლესობა − ითხოვდნენ სენიორის უფლებების, თავიანთი მოსავლისა და პირუტყვის მეათედის, მარილზე გადასახადის გაუქმებას.
1789 წლის 5 მაისს ვერსალში გაიხსნა გენერალური შტატების სხდომა. მესამე ხელისუფლებას იმდენივე დეპუტატი ჰყავდა, რამდენიც არისტოკრატიასა და სასულიერო წოდებას ერთად. თუმცა თუკი ხმის მიცემა წოდების მიხედვით განხორციელდებოდა და არა სულადობის, მესამე წოდება უმცირესობაში აღმოჩნდებოდა. ამის თავიდან ასაცილებლად 17 ივნისს მესამე წოდების დეპუტატებმა თავი ეროვნულ ასამბლეად გამოაცხადეს. მათ 20 ივნისს პომის სათამაშო დარბაზში ფიცი დადეს, არ დაშლილიყვნენ კონსტიტუციის შედგენამდე. შვიდი დღის შემდეგ ლუი XVI-მ უბრძანა სასულიერო პირებსა და თავადაზნაურობას, შეერთებოდნენ ნაციონალურ ასამბლეას, რომელმაც მიიღო სახელწოდება „დამფუძნებელი“.
ძველი რეჟიმის დასასრული
პარიზი უკიდურეს გასაჭირში იყო, ხალხი ააღელვა დედაქალაქში პატრულირებისთვის შემოყვანილი 20 000 ჯარისკაცის დანახვამ. 12 ივლისს მეფემ დაითხოვა მეტისმეტად რეფორმატორი მინისტრი ნეკერი. არისტოკრატთა შეთქმულების შიშით „პატრიოტებმა“ გაძარცვეს იარაღის საწყობი, ხოლო 14 ივლისს ბასტილია და ჯარის საწყობი. ამ ამბოხის შემდეგ პატრიოტმა ბურჟუებმა ყოველ ქალაქში შექმნეს პირველი ეროვნული გვარდია.
ყვებოდნენ, რომ პროვინციაში არისტოკრატები აფინანსებდნენ ყაჩაღთა ბანდებს სამკალების გასაძარცვად. 20 ივლისიდან 6 აგვისტომდე გლეხებმა იარაღს დასტაცეს ხელი.დაიწყო „დიდი შიში“.
სოფლელები ციხე-კოშკების წინააღმდეგ აღდგნენ, წვავდნენ სასენიორო ღალა-ბეგარის საბუთებს. ვერსალში არისტოკრატი დეპუტატების ძალისხმევით 4 აგვისტოს ღამეს გამოიცა დეკრეტი, რომელიც აუქმებდა პროვილეგიებს. ძველი რეჟიმი დაემხო. გლეხები განთავისუფლდნენ მიწასთან დაკავშირებული გადასახადებისაგან. გამარჯვება იზეიმა კერძო ბურჟუაზიულმა საკუთრებამ. ამ დღიდან მოყოლებული, კეთილშობილთა დიდი გვარების წარმომადგენლები ემიგრაციაში მიდიოდნენ და ცდილობდნენ უცხოელი მონარქების ჩარევას საფრანგეთის საქმეებში. 1789 წლის შემოდგომაზე მეფეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამტკიცებული პრივილეგიების მოსპობა და „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“.
5 და 6 ოქტომბერს პატრიოტული პრესის მიერ ატეხილი განგაშის გამო 5000-მდე ქალი გაემართა ვერსალისკენ, რომ „კურტიზანთა[2] მავნე გავლენისგან“ გამოეხსნათ მეფე. სამეფო ოჯახი და ფუძემდებლური ასამბლეა უნდა დაბრუნებულიყვნენ რევოლუციის ცენტრად ქცეულ პარიზში. 1789-1791 წლებში საფრანგეთი კონსტიტუციური მონარქია გახდა. შეძლებულ მოქალაქეთაგან არჩეულმა ასამბლეამ შეზღუდა მეფის ძალაუფლება, ვეტო დაედო და 2-დან 6 წლამდე გადაიდო კანონის მიღება.
ხაზინის შესავსებად ფუძემდებლურმა ასამბლეამ მოახდინა სასულიერო წოდების ქონების – „ეროვნული სიმდიდრის“ – კონფისკაცია და გასაყიდად გაიტანა. ამით უნდა უზრუნველეყოთ ახალი ქაღალდის ფულის – ასიგნატის – ღირებულება. 1790 წლის 14 ივლისს ლუი XVI-ის თანდასწრებით მარსის მინდორზე მოეწყო გრანდიოზული ცერემონია: „ფრანგთა ერთობა“ – სჯეროდათ, რომ რევოლუცია დასრულდა, თუმცა ეს მხოლოდ ილუზია იყო. სასულიერო პირთა მიერ ხმის მიცემამ სამოქალაქო კონსტიტუციისათვის, რომელიც კიურეებისა და ეპისკოპოსების ხელდასხმას სახელმწიფოს უქვემდებარებდა, ვერაფერი მოაგვარა. 1791 წელს პაპმა ის გაკიცხა. სასულიერო წოდება დაიყო დაუმორჩილებელ და კონსტიტუციონალისტ მღვდლებად. კიდევ უფრო დამძიმდა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები, რევოლუციონერებიც გაიხლიჩნენ. მაშინ გამოჩნდა კლუბები, სადაც ბურჟუები და სან-კიულოტები (კონვენტში მონაწილე რევოლუციონერები) იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ. რობესპიერი და ბრისო დადიოდნენ იაკობინელთა კლუბში პარიზში, რომელიც დაკავშირებული იყო 3 000 ფილიალთან პროვინციაში. ხოლო პოპულარულ კორდელიერების[3] კლუბში ტაშს უკრავდნენ დანტონსა და მარატს. 1701 წლის 20 ივნისს მეფის ჩაშლილმა გაქცევამ პატრიოტები უფრო დააპირისპირა. 17 ივლისს მარსის მინდორზე ლაფაიეტის ბრძანებით ესროლეს დემოკრატ კორდელიერებს, რომელთაც ხელი მოაწერეს პეტიციას მეფობის გასაუქმებლად. ოქტომბერში არჩეულ იქნა ახალი ასამბლეა: „საკანონმდებლო“.
ომი და ტერორი
მინისტრებსა და ჟირონდის დეპუტატებს მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ომი გააერთიანებდა საფრანგეთს. თავის მხრივ, მარი-ანტუანეტს და ლუი XVI-ს სურდათ ამ ომში დამარცხება, რომ დაბრუნებოდნენ აბსოლუტურ მონარქიას. 1792 წლის 20 აპრილს ასამბლეამ ომი გამოუცხადა ავსტრიის იმპერატორს, მარი-ანტუანეტის ძმიშვილს. 11 ივლისს გამოცხადდა, რომ სამშობლო საფრთხეშია. აგვისტოს დასაწყისში სან-კიულოტებისგან შემდგარმა პარიზის 48 სექციამ მოითხოვა მეფის გადადგომა, რადგან ეჭვი ჰქონდათ მის კავშირზე მტრის არმიასთან. 10 აგვისტოს ტიუილრის სასახლე დანტონისა და რობესპიერის მიერ ორგანიზებულმა ამბოხმა მოიცვა. ეროვნულმა საკანონმდებლო ასამბლეამ დეკრეტი გამოსცა მეფის დაპატიმრებისა და საყოველთაო ხმის მიცემით არჩეული ახალი ასამბლეის − „კონვენტის“− მოწვევის შესახებ. საზღვრების სიახლოვეს მარცხს მარცხი მოსდევდა. პარიზში სან-კიულოტებმა 1 300 კონტრრევოლუციაში ეჭვმიტანილი პატიმარი გაჟლიტეს. 21 სექტემბერს კონვენტმა რესპუბლიკა გამოაცხადა. მაგრამ კონფლიქტი ჩამოვარდა ეკონომიკური თავისუფლების მომხრე ჟირონდისტებსა და საკვებზე გადასახადის დაწესების მომხრე მონტანიეებს შორის. 1793 წლის დასაწყისში მეფის დასჯამ საფრანგეთი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრია ომში. ევროპის მონარქებმა საფრთხე იგრძნეს რესპუბლიკელების არმიის გამარჯვებების გამო. ევროპის დიდი სახელმწიფოების კოალიციას სათავეში ინგლისი ჩაუდგა. მიუხედავად 300 000 ადამიანის მონაწილეობისა, ფრანგულმა არმიამ მრავალი მარცხი განიცადა. მარტში ვანდეის გლეხები აღდგნენ სამხედრო სამსახურში გაწვევის წინააღმდეგ. ისინი 10 თვის განმავლობაში აწარმოებდნენ პარტიზანულ ომს „ცისფრების“ ანუ რესპუბლიკელების წინააღმდეგ. რევოლუციის დღეებში 31 მაისიდან 2 ივნისამდე მონტანიე დეპუტატებმა დააპატიმრეს ჟირონდისტები, რომლებმაც ვერ შეძლეს კონტრრევოლუციური საფრთხეების შეჩერება. მალე 60 დეპარტამენტმა თავი ჟირონდისტების მომხრედ და კონვენტის წინააღმდეგ აჯანყებულად გამოაცხადა. საფრთხის თავიდან ასაცილებლად სახალხო ხსნის კომიტეტმა, რომელიც 1793 წლის აპრილში შეიქმნა, დაამყარა ნამდვილი დიქტატურა. გამოიცა დეკრეტი სახელმწიფო ტერორის დაწესების შესახებ. უსაფრთხოების გენერალურმა კომიტეტმა და თითოეული კომუნის რევოლუციურმა კომიტეტმა დაიწყეს ეჭვმიტანილების სიების შედგენა და მათი დაპატიმრება. სექტემბერში ჟაკ რუს „ცოფიანების“ ზეწოლით სან-კიულოტების რევოლუციურმა არმიამ ხელში აიღო დიდი ქალაქების მომარაგების ზედამხედველობა. რევოლუციურმა ტრიბუნალმა ფურკიე-ტენვილის თავმჯდომარეობით დიდი პროცესი მოაწყო დედოფლისა და ჟირონდისტების წინააღმდეგ… სახალხო ხსნის კომიტეტის განკარგულებები სრული სიმკაცრით სრულდებოდა: ლიონში ფუშემ სიკვდილით დაასჯევინა 2 000 ჟირონდისტი და როიალისტი! ეკონომიკურ ტერორთან ერთად გახშირდა ქონების კონფისკაცია და ფასებისა და ხელფასების რეგლამენტაცია, მაგრამ ამ ღონისძიებებმა გამოიწვია ცხოვრების გაძვირება. 1794 წლის გაზაფხულზე აჯანყების შიშით რობესპიერმა დააჭერინა უკიდურესი მემარცხენე „ებერტისტები“, რამაც ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. რამდენიმე დღის შემდეგ მან სიკვდილით დაასჯევინა დანტონი და კამიი დემულენი, რომლებიც ტერორის დასრულებას მოითხოვდნენ. საზღვრებზე რესპუბლიკურმა არმიამ მრავალი გამარჯვება მოიპოვა: ჰონდსჰოოტში, უატინიში, ფლერუსში. თუმცა 1794 წლის 10 ივნისს სახალხო ხსნის კომიტეტმა ხმა მისცა II წლის 22 პრერიალის[4] უმსგავს კანონს, რომელიც აუქმებდა პროცესებზე დაცვის ადვოკატს. გილიოტინაზე „თავები ისე ცვიოდა, როგორც საანგარიშო ქვები“ : 1 376 მსხვერპლი იყო თვე-ნახევარში ანუ იმდენივე, რამდენიც 1793 წლის მარტიდან 1794 წლის აპრილამდე. II წლის 9 თერმიდორს[5] ყველა ჯურის კონვენტისტებმა რობესპიერი და მისი მეგობრები დამნაშავედ ცნეს. მეორე დღეს 23 რობესპიერისტი დასაჯეს გილიოტინაზე. ტერორმა 40 000 ადამიანი იმსხვერპლა 2 წლის განმავლობაში; დახურეს მეტისმეტად რობესპიერისტული იაკობინელთა კლუბი.
სან-კიულოტი
სან-კიულოტებიც იქნენ დასჯილი ახალგაზრდა და მდიდარი ბურჟუების − მუსკადენების[6] მიერ. დასავლეთში განახლდა შუანების პარტიზანული ომი (გერილა). 1795 წლის ოქტომბერში კონვენტი დაიშალა და ადგილი დაუთმო დირექტორიას. III წლის ახალმა კონსტიტუციამ კანონშემოქმედი ორივე ასამბლეის არჩევის უფლება მისცა 20 000 მესაკუთრეს. აღმასრულებელი ხელისუფლება გადაეცა ხუთ დირექტორს. ყოველი არჩევნების შემდეგ ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, ხან როიალისტების მხრიდან, ხან კი – იაკობინელებისა.
„რევოლუცია დამთავრდა!“
V წლის 13 ვანდემიერს[7] გენერალმა ბონაპარტმა ჩაახშო როიალისტების ამბოხი. სიტუაცია კატასტროფული იყო. ასიგნამ [ასინიამ] დაკარგა ღირებულების 95%! ფასების ამ თავბრუდამხვევმა ზრდამ 1795 წლის ზამთრის პერიოდიდან საშინელი გაჭირვება გამოიწვია. ყაჩაღობა მძვინვარებდა, ომი გრძელდებოდა, რადგან ბელგიისა და რაინის მარცხენა ნაპირის ანექსიამ შეუძლებელი გახადა ზავი ინგლისსა და ავსტრიასთან. ხაზინის დეფიციტმა რესპუბლიკა დამოკიდებული გახადა ბანკირებსა და ამბიციურ გენერლებზე.
იტალიაში ბონაპარტმა დაამარცხა ავსტრიელები.
1797 წლის 18 ოქტომბრის კამპო-ფორმიოს ზავით საფრანგეთის მფლობელობაში გადავიდა ბელგია, მილანი, ვენეცია და იონიის კუნძულები. ანექსირებულ იქნა მულუზი, ნიცა, ჟენევა, სავოია, პიემონტი. გაჩნდა „მოძმე რესპუბლიკები“ ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და იტალიაში. 1798 წელს ინგლისი სათავეში ჩაუდგა ახალ კოალიციას დირექტორიის წინააღმდეგ. 1799 წლის დასაწყისში რესპუბლიკურმა არმიამ მრავალი მარცხი განიცადა. ბონაპარტმა კი ადმირალ ნელსონის მიერ მისი ფლოტის განადგურების შემდეგ ეგვიპტის დაპყრობა აიკვიატა.
საფრანგეთში საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა მშვიდობასა და წესრიგს ითხოვდა. ამასობაში დაბრუნდა ბონაპარტი. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სიეიესის, დიუკოს, მინისტრების – ტალეირანისა და ფუშეს, თავისი ძმის ლუსიენის – ხუთასი დეპუტატის საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარის, მხარდაჭერით მან სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო: VIII წლის 19 ბრუმერს[8] დაითხოვა ხუთასის ასამბლეა. ბონაპარტი, სიეიესი და დიუკო დანიშნულ იქნენ კონსულებად და ხელში აიღეს მთელი ძალაუფლება. მაშინ ბონაპარტმა გამოაცხადა: „ მოქალაქენო, რევოლუცია დამთავრდა!“
სხვაგან, ევროპასა და ამერიკაში
ფრანგულ რევოლუციას საზღვარგარეთ ეხმიანებოდნენ გარკვეული სოციალური ჯგუფი ან რომელიმე რეგიონი. ოფიციალური ხელისუფლება არასოდეს ყოფილა რეალური საფრთხის ქვეშ, რადგან რევოლუციონერები იზოლირებულები იყვნენ (ჟენევის გარდა).
ინგლისი
1792: ლონდონში შეიქმნა „რევოლუციური კლუბები“, რომლებიც საყოველთაო არჩევნებს ითხოვდნენ.
1795: სახალხო აჯანყებები ლონდონსა და ბირმინჰემში პურის სიძვირის გამო.
1797: ლა მანშისა და ჩრდილოეთის ზღვის ფლოტები აჯანყდა და თავი გამოაცხადა „მცურავ რესპუბლიკად“.
ირლანდია
1793: ვულფი თოუნის წინამძღოლობით კათოლიკე „ერთიანი ირლანდიელები“ ითხოვენ პროტესტანტებთან სრულ თანასწორობას.
1798: გლეხობის გამოსვლები ინგლისელების წინააღმდეგ. რეპრესიებმა 30 000-მდე ადამიანი შეიწირა.
შვეიცარია
1790: ვალეს გლეხობა ითხოვდა ფეოდალური წყობის გაუქმებას; ხუთი მათგანი სიკვდილით დაისაჯა.
1792: ჟენევაში ძალაუფლება ხელში აიღეს დემოკრატებმა. შეიქმნა რევოლუციური ტრიბუნალი: სიკვდილით დაისაჯა 11 არისტოკრატი.
გერმანია
შეიქმნა ბავარიის „განათლებულთა საზოგადოება“. ფილოსოფოსები კანტი და ფიხტე გულშემატკივრობდნენ საფრანგეთის რევოლუციას. მოხდა ინტელექტუალთა დევნა.
ავსტრია
1790: გლეხებისა და ბურჟუაზიის პეტიცია შედგა „ოთხი წოდების“ შესაკრებად.
1704: აღმოჩნდა ფრიდრიხ II-ის საწინააღმდეგო ფარული კლუბების შეთქმულება. ორი მონაწილე სიკვდილით დაისაჯა.
უნგრეთი
1794: „იაკობინელთა“ და „რეფორმატორთა“ ფარული კლუბები, რომლებშიც შედიოდნენ მცირე არისტოკრატები და ბურჟუაზია, ითხოვდნენ სასულიერო წოდებისა და მაღალი არისტოკრატიისათვის პრივილეგიების გაუქმებას. მათი რჩეულები დააპატიმრეს, 18 მათგანი კი სიკვდილით დასაჯეს.
შვედეთი
1792 წლის 16 მარტს: არისტოკრატებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მეფე გუსტავ III, რომელმაც უფლებრივად გაათანაბრა გლეხები და გაათავისუფლა ისინი ფეოდალური ბეგარისაგან.
პოლონეთი
1791 წლის 3 მაისს: მეფე სტანისლას პონიატკოვსკიმ „პატრიოტების“ მხარდაჭერით შეადგინა კონსტიტუცია, რომელმაც მონარქია გახადა მემკვიდრეობითი. მან დიეტა ნამდვილ პარლამენტად გადააქცია.
1794: კოსციუშკო და იაკობინელები გამოვიდნენ გლეხების ემანსიპაციის წინადადებით. ისინი წარუმატებლად აჯანყდნენ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
ესპანეთი
1789 წლიდან დაიხურა საზღვრები. ესპანელი ხალხი მტრულად იყო განწყობილი რევოლუციის მიმართ.
იტალია
ჩრდილოეთსა და ნეაპოლში არისტოკრატია და ბურჟუაზია რევოლუციურ კლუბებში გაერთიანდნენ.
პიემონტის გლეხობა მანიფესტაციებზე გაჰყვიროდა: „გაუმარჯოს პარიზს! გაუმარჯოს საფრანგეთს!“. 1796 წელს აღმოჩენილ იქნა სტუდენტთა შეთქმულება და ორი მათგანი სიკვდილით დაისაჯა. 1794 წელს ნეაპოლში იაკობინელთა კლუბები დაშალეს.
შეერთებული შტატები
1793: გამრავლდა „დემოკრატთა“ კლუბები.
1795: ვაშინგტონი გამოვიდა იაკობინელთა და ტერორის წინააღმდეგ.
1797: იაკობინელობაში ეჭვმიტანილი ფრანგები გაძევებულ იქნენ.
სამხრეთი ამერიკა
1792 წლის 21 აპრილს: ხოაკინ ხოზედა სილვა ხავიერი ჩამოახრჩეს პორტუგალიის ქვეშ მყოფი ბრაზილიის დამოუკიდებლობისათვის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის.
1794: ბოგოტაში (კოლუმბია) დააპატიმრეს ნარინო „ადამიანის უფლებების დეკლარაციის“ თარგმნის გამო.
1795: კიტოში (ეკვადორი) დაპატიმრებულ იქნა სანტა კრუზ ესპეხო, რადგან მოინდომა ესპანელების გაძევება ამერიკიდან. 1792 წელს ვენესუელელი მირანდა მსახურობდა ფრანგულ არმიაში. ვენესუელაში შეთქმულების ჩაშლას მოჰყვა ორმოცდაათი ადამიანის სიკვდილით დასჯა. ზოგიერთმა შეფიცულმა გაქცევა მოახერხა; სიმონ ბოლივარი მათ ევროპაში შეუერთდა.
„ღმერთი და ჩემი მეფე…“
1791 წლის შემდეგ პატრიოტები მრავალჯერ დაუპირისპირდნენ ვანდეის გლეხობას, რომელიც მათ ბრალს დებდა სასულიერო წოდების ქონების კონფისკაციაში, ეკლესიების დახურვასა და უვნებელი პროცესიების ხმლით გარეკვაში. 1793 წლის თებერვალში კონვენტმა 300 000-ანი არმია გამოიყვანა, რომ ევროპის მონარქიებს წინ აღდგომოდა. ვანდეელი ახალგაზრდები აჯანყდნენ „არა გაწვევას!“ ძახილით. 800 მრევლში ჩამოჰკრეს განგაშის ზარი. დაიწყეს სამხედრო სამსახურისაგან თავისუფალი და ხშირად სასულიერო წოდების ქონებას დაუფლებული ბურჟუების (მოქალაქეების) სახლების ძარცვა. აჯანყებულები კეთილშობილებს სთხოვდნენ, რომ მათთვის ეხელმძღვანელათ. უარის თქმა ღალატად მიიჩნეოდა. მალე ბონშანი, შარეტი, ლაროშჟაკლენი სათავეში ჩაუდგნენ გლეხების არმიას, რომელსაც ეწოდებოდა „კათოლიკური სამეფო არმია“ ან კიდევ, „თეთრები“ და 30 000-დან 70 000-მდე ადამიანისგან შედგებოდა საჭიროებისდა მიხედვით. 1793 წლის გაზაფხულიდან ზამთრამდე ვანდეელები წარმატებულ პარტიზანულ ომს ეწეოდნენ თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებში რესპუბლიკის ჯარისკაცების ანუ „ცისფრების“ წინააღმდეგ, რომლდებიც უმოწყალოდ ხოცავდნენ მოსახლეობას და აპარტახებდნენ სოფლებს. ვანდეის ზოგიერთმა მეთაურმა გულმოწყალება გამოიჩინა და ათასობით ტყვე შეიწყალა. 1793 წლის დეკემბერში ვანდეელები დამარცხდნენ, მაგრამ ნორმანდიასა და ბრეტანში შუანებმა შეუტიეს პატრიოტებსა და „კონსტიტუციონალისტ“ მღვდლებს. შუანების სახელის გასატეხად რესპუბლიკელებმა 1795 წელს შექმნეს „ცრუ შუანების კომპანიები“, რომლებმაც თავი გამოიჩინეს განსაკუთრებული სისასტიკით. 1794 წლის იანვარ-მაისში 12 „ჯოჯოხეთის პოლკად“ დაყოფილი გენერალ ტიუროს 90 000 მეომარმა ვანდეა სისხლსა და ცეცხლში ჩაახრჩო. ისინი ხოცავდნენ განურჩევლად ყველას, როიალისტს თუ პატრიოტს. ლეჟეში ორსულებიც კი ამოხოცეს.
1796-1799 წწ. კონტრრევოლუციური მოძრაობა თითქმის მთელ ევროპაში იყო გაჩაღებული. შვეიცარიაში რამდენიმე კანტონის აჯანყება მთელი წელიწადი გაგრძელდა. გლეხთა აჯანყება მოხდაბელგიასა და ლუქსემბურგში. იტალიაში 1799 წლის მარტიდან აგვისტომდე აჯანყებული იყო კალაბრია. „წმინდა რწმენის ჯარებს“ კარდინალი რუფო ხელმძღვანელობდა. მათ მოახერხეს ფრანგების გაძევება ნეაპოლიდან. ეს იყო ერთადერთი კონტრრევოლუციური მოძრაობა, რომელიც გამარჯვებით დასრულდა.
შუანების „გერილია“ ანუ პარტიზანული ომი რევოლუციის დასრულებიდან კიდევ ოცდაათ წელიწადს გრძელდებოდა. მათ მკერდზე ეკეთათ წმინდა გული და კრიალოსანი, მგზნებარე რწმენის ნიშნად. ქუდზე ემაგრათ თეთრი კოკარდი, სამეფო დროშის ფერი. 1793 წლიდან ვანდეის არმიამ, რომელსაც ფული შემოაკლდა, დაბეჭდა ასიგნატები ლუი XVII-ის გამოსახულებით. ზავის ხელმოწერისთანავე ეს ფული გადაცვლადი უნდა გამხდარიყო.
შუანები საიდუმლო კომუნიკაციისთვის იყენებდნენ პირობით ნიშნებს. მაგალითად: 1. წისქვილი ჯვრის ფორმით ნიშნავდა „შეკრებას“; 2. წისქვილი „ძაღლის მარჯვენა ფეხი“ : „წინ!“ 3. წისქვილი „უბანში“, ტილოგადაფარებული ფრთებით: „სიმშვიდეა“; 4. წისქვილი „ძაღლის მარცხენა ფეხი“ : „უკან დაიხიეთ! მხოლოდ ორი წისქვილი მტრის შეცდომაში შესაყვან ინფორმაციას მიანიშნებდა.
ქალები რევოლუციის ორომტრიალში
რევოლუციურ მოძრაობაში ქალები თავიდანვე აქტიურად ჩაებნენ. 1789 წლის გაზაფხულზე ბევრი ქალი კენჭს იყრიდა ასამბლეებში, რომელთაც დეპუტატების ასარჩევად ხმა უნდა მიეცათ, თუმცა ქალებს ხმის უფლება არ ჰქონდათ. ზოგიერთი მათგანი წერდა საჩივრთხოვნის წიგნებს, სადაც აპროტესტებდნენ მხოლოდ „მუშაობის, მორჩილების და დუმილის“ შესაძლებლობას.
1790 წელს ქალები გაერთიანდნენ ბატალიონებად და ხმლით ხელში მსვლელობა მოაწყეს სამშობლოს საკურთხეველთან ფიცის დასადებად. ერთი წლის შემდეგ ოლემპ გუჟმა თავის „ქალისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში“ ჩაწერა: „ქალს აქვს უფლება ავიდეს ეშაფოტზე, ასევე უნდა ჰქონდეს მას უფლება, ავიდეს ტრიბუნაზე“. ზოგიერთმა რადიკალმა მანდილოსანმა („რევოლუციონერი რესპუბლიკელი ქალების საზოგადოება“) მოითხოვა სრული პოლიტიკური და უფლებრივი თანასწორობა. რამდენიმე ხნის შემდეგ „ქალთა კლუბებმა“ თავს იდვეს ავადმყოფებისა და გაჭირვებულების მოვლა-დახმარება. 1792 წლიდან მოქალაქე ტერუანია დე მერიკურმა მოითხოვა „ამაზონთა პოლკის“ შექმნა. საკანონმდებლო ასამბლეამ ის უარით გაისტუმრა, მაგრამ ოცდაათიოდე ქალი მაინც შევიდა რევოლუციურ არმიაში. კონტრრევოლუციის მომხრე ქალები კი მალავდნენ ახალწვეულებს, უვლიდნენ დაჭრილებს, ამზადებდნენ თოფის მასრებს და ჯაშუშობდნენ რესპუბლიკელებს. ხშირად ისინი, კაცურად გადაცმულები, მეფის მომხრეთა ჯარშიც იბრძოდნენ. ომის უმწვავეს მომენტებში ყველა წოდების ქალი იყო ჩაბმული. ვინ დაჭრილთა გადასახვევებს ამზადებდა, ვინ ჯარისკაცებისთვის ტანსაცმელ-ფეხსაცმელს აგროვებდა ან კემსავდა. ასეთი ამაგი ქალებს მცირედ დაუფასდათ: რევოლუციის დასასრულს ისინი ჩართეს სამემკვიდრეო სიებში, მისცეს გაყრისა და განათლების უფლება. მხოლოდ და მხოლოდ.
ტერორი
1793 წლის 4-5 სექტემბერს სან-კიულოტებმა ეკონომიკური კრიზისისა და კონტრრევოლუციის დასაძლევად ეფექტური ღონისძიებების გატარება მოითხოვეს. ამის პასუხად კონვენტმა გამოსცა დეკრეტი ტერორის შესახებ და შეზღუდვა დააწესა ხელფასებსა და ფასებზე. კანონი ეჭვმიტანილების შესახებ უფლებას იძლეოდა როგორც იმიგრანტებისა და მოღალატეების, ასევე ზომიერი თუ გულგრილი ადამიანების დაპატიმრებას. ამგვარად დაპატიმრებულ იქნა 800 000-მდე ადამიანი. მთელი ძალაუფლება თავმოყრილი იქნა სახალხო ხსნის კომიტეტისა (რომელსაც მართავდნენ რობესპიერი და სენ-ჟუსტი) და საზოგადო უსაფრთხოების კომიტეტის (რომელიც აკონტროლებდა პოლიტიკურ პოლიციას) ხელში. ზედამხედველობის კომიტეტები მთელ საფრანგეთში ასმენდნენ, ჩხრეკდნენ, აპატიმრებდნენ. 1794 წელს 1200 ციხეში 240 000 ტუსაღი იყო. რევოლუციური ტრიბუნალის მოქმედების დასაჩქარებლად მოსამართლეთა რაოდენობა 5-დან 16-მდე გაიზარდა. უკიდურესმა მემარცხენე ჟურნალისტმა ებერმა მოითხოვა სიკვდილით დასჯის გაზრდა, განსაკუთრებით დამტაცებლებისა და „ეგოისტებისა“, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ფასების ხელოვნურად გაზრდაში. ამ ზომებს სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. ქალაქებში პურის შოვნა ჭირდა, ხორცის ფასი კი მიუწვდომელი იყო. დილის სამი საათიდან დგებოდა რიგები მაღაზიების წინ. სასაზღვრო ან აჯანყებულ დეპარტამენტებში კანონი ძალიან მკაცრად ტარდებოდა. მივლინებით გაგზავნილები, როგორც მაგალითად, კარიე − ნანტში ან ფუშე − ლიონში, უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ. ლიონში 2 000 მსხვერპლი აიყვანეს გილიოტინაზე ან დახვრიტეს ფსევდო სასამართლო პროცესის შედეგად. ნანტში 6 000 პატიმარი ნავებზე მიჯაჭვული, დაახრჩვეს ლუარაში… 1794 წლის 10 ივნისის დეკრეტით ეს იყო „დიდი ტერორი“.
მხოლოდ პარიზში მხოლოდ ექვსი კვირის განმავლობაში გილიოტინით[9] დაისაჯა 1376 ადამიანი. ტერორის დიქტატურა რობესპიერის დამხობასთან ერთად დასრულდა, 1794 წლის 27 ივლისს (II წლის 9 თერმიდორს).
რევოლუციური ზეიმები
რევოლუციის პერიოდში ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა ცერემონიების შექმნის პირობა ხდებოდა. ზეიმები მოსახლეობას საშუალებას აძლევდა გამოეხატა თავისი სიმპათია ახალი იდეებისადმი. 1792 წლამდე ყველა ზეიმი მესით სრულებოდა. ხშირად წირვის დასრულებისას მერი საკურთხეველთან მიდიოდა და ფიცს დებდა თავისუფლებასა და თანასწორობაზე.
ზეიმების შექმნის აპოგეა ტერორის პერიოდს ემთხვევა. რობესპიერის მომხრეთა აზრით, სამოქალაქო ზეიმებს უნდა ჩაენაცვლებინათ აკრძალული ქრისტიანული დღესასწაულები. ყველაზე გრანდიოზული იყო უმაღლესი არსების ზეიმი. რომელზეც ასი ათასობით პარიზელი იყრიდა თავს.
კონვენტმა დაშლამდე შვიდი ეროვნული ზეიმი დააწესა, რომელშიც აღრეული იყო მორალი და პატრიოტიზმი: ახალგაზრდობის ზეიმი 30 მარტს, სიბერის ზეიმი − 27 აგვისტოს, „რესპუბლიკის შექმნის“ ზეიმი − 22 სექტემბერს და სხვა. უკანასკნელი აღინიშნებოდა დაპყრობილ ტერიტორიებზეც: მილანში, რომში, ეგვიპტეში. 27 ივლისს, თავისუფლების ზეიმზე, რომელიც ტერორის ბოლო ხანს დამკვიდრდა, მეცნიერები, მასწავლებლები და მოსწავლეები მიდიოდნენ მარსის მინდორზე, რომელიც მორთული იყო ბონაპარტის არმიის მიერ იტალიიდან წამოღებული სურათებითა და ქანდაკებებით.
ოჯახი და განათლება
კონვენტის მმართველობის პერიოდში იაკობინელებმა ჩაიფიქრეს სკოლის „გარევოლუციურება“. განათლების მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო რესპუბლიკური პრინციპებით გამსჭვალული კარგი მოქალაქეების ჩამოყალიბება. დაბალხელფასიანი დაწყებითი სკოლის მასწავლებლები განთავსდნენ ოდესღაც მღვდლის დაქვემდებარებაში მყოფ სოფლის სკოლებში. მაგრამ საგნის მასწავლებლები და საკლასო ოთახები არასაკმარისი იყო. ამას გარდა, ოჯახები შვილებს არ გზავნიდნენ სკოლაში, რადგან „ფრანგთა ერთობის“ გამო მოსწავლეებს აიძულებდნენ ფრანგულის გამოყენებას, თუმცა შინ ისინი მხოლოდ ადგილობრივ ენაზე საუბრობდნენ. ზოგ მასწავლებელს ზედმეტი მოსდიოდა და ბავშვებს კითხვას ასწავლიდა „კაცისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციით“. აქტიური სწავლების მეთოდი იყო რესპუბლიკელი მასწავლებლის მიერ მოსწავლეების ქუჩაში გასეირნება ხელით მომუშავეთა ხელობების საკუთარი თვალით სანახავად.
კონვენტი შეეცადა ბოლო მოეღო ბავშვების მიტოვებისათვის და საამისოდ დააწესეს მატერიალური დახმარება გოგონა-დედებისათვის. ნაპოვნ ბავშვებს ამიერიდან უწოდებდნენ ობლებს და მათ იფარებდნენ საერო საავამყოფოებში, მათი აღზრდა მუნიციპალიტეტების მოვალეობა იყო. თუ მიტოვებული ჩვილი გადარჩებოდა (10-დან 9 იღუპებოდა), მას საავადმყოფოდან სოფელში გზავნიდნენ ძიძასთან. ხშირად ეს მგზავრობა ჩვილისთვის ფატალურად სრულდებოდა. მძიმე იყო ჰიგიენური პირობებიც, ტილები და რწყილები მხოლოდ ღარიბების ხვედრი როდი იყო.
ქორწინება რევოლუციამდე რელიგიური საიდუმლო იყო, რევოლუციის შემდეგ კი იგი სამოქალაქო ხელშეკრულებად იქცა. ცერემონია მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის ოფიცრების თანდასწრებით, მღვდლის დალოცვით ან ამის გარეშე, 1793-1794 წწ. (რევოლუციის II წელს) ქორწინება განსაკუთრებით გახშირდა. ზოგადად ქორწინდებოდნენ პარასკევს ან კვირას, ხშირად ნეფე-პატარძალი ფიცს დებდა თავისუფლებასა და თანასწორობაზე; ეგონათ, რომ რევოლუცია ცხოვრებას გააუმჯობესებდა, თანაც ცდილობდნენ თავი დაეხსნათ სამხედრო მიზნებისთვის ქონების დათმობისაგან, რაც მხოლოდ მარტოხელებს ევალებოდათ. მომრავლდა ანგარებიანი ქორწინებები. „საერთო სახლებიდან“ გამოსულ ახალდაქორწინებულებს ასეთი გამამხნევებელი წარწერებით ხვდებოდნენ: „მოქალაქე ქალებო, მიეცით სამშობლოს შვილები, ბედნიერება გარანტირებულია!“ ამ კავშირებიდან მილიონზე მეტი ჩვილი დაიბადა. რაც შეეხება განქორწინებას − რომელიც ამოქმედდა 1792 წლის შემოდგომიდან − იგი მხოლოდ ქალაქის მოსახლეობაში ხორციელდებოდა, რადგან სოფლის მოსახლეობა მტკიცედ მისდევდა ეკლესიის სწავლებას.
დექრისტიანიზაცია
მღვდლებს დაევალათ სასულიეროთა სამოქალაქო კონსტიტუციაზე ერთგულების ფიცის დადება. მხოლოდ „დამფიცებლებს“ ან „კონსტიტუციონალებს“ ჰქონდათ მესის ჩატარების უფლება. ხოლო „დაუმორჩილებლები“ საეჭვოდ მიიჩნეოდნენ. საზღვრებთან მიმდინარე ომმა უფრო დააჩქარა ანტირელიგიური ზომების გატარება. 1792 წელს აიკრძალა საეკლესიო შესამოსლის ტარება, დაუფიცებელი მღვდლები გადაასახლეს; ზარბაზნებისა და თოფების დეფიციტის შესავსებად ადნობდნენ საეკლესიო ზარებს; ამან სახალხო უკმაყოფილება გამოიწვია.
კათოლიკური სარწმუნოების განადგურების მიზნით 1793 წლის ოქტომბერში კონვენტისტებმა შემოიღეს ახალი კალენდარი, სადაც კვირადღეები შეცვლილი იყო „დეკადის“[10]-ებით. ყველა თვე 30დღიანი იყო და სახელი ჰქონდა შეცვლილი. წმინდანთა სახელები გადაიქცა მცენარეთა ან ფესვების სახელწოდებებად. ახალი ერა იწყებოდა 1792 წლის 22 სექტემბერს. 1793 წლის 22 სექტემბერი შესაბამისად იყო II წლის 1-ლი ვანდემიერი. „ცრურწმენების მოსაკლავად“ ზოგიერთი აპირებდა იესოს სასწაულების აღდგენა-გამეორებას, რითაც მათი სიყალბე უნდა დაედგინათ. 1793 წელს პარიზის გარეუბნებში სან-კიულოტებმა დაიწყეს ეკლესიების დახურვა. სახალხოდ წვავდნენ საღვთო მნიშვნელობის მქონე სურათებს, აწყობდნენ მასკარადებს: საეკლესიო შესამოსლით შემოსილი მოქალაქეები ვითომ მესას ატარებდნენ. მღვდლები ტოვებდნენ თავიანთ სამსახურს ან იმალებოდნენ. სან-კიულოტების რევოლუციური არმია სოფლიდან სოფელში გადადიოდა და აძრობდა გზაჯვარედინებზე აღმართულ ჯვრებს, ამსხვრევდა ვიტრაჟებს და აზიანებდა ბარელიეფებს.
რელიგიური მსახურება უნდა ჩანაცვლებულიყო ქალღმერთ გონიერებისა და რევოლუციის წამებულების მარატისა და ლე პელეტიეს კულტით. 1793 წ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს დაერქვა „გონიერების ტაძარი“ და ოპერიდან მოწვეული მოცეკვავე იქ თავისუფლებას განასახიერებდა. წირვა აიკრძალა პარიზის ყველა ტაძარში. სან-კიულოტი ჯარისკაცები არბევდნენ მეფეთა აკლდამებს. ერთ-ერთი მათგანი დაეძგერა ანრი IV-ის შესანიშნავად შემონახულ ცხედარს, ხმლით ულვაში წააჭრა და დაიყვირა: „ტირანს ულვაშები დავაჭერიო!“ ეწყობოდა სხვადასხვა ცერემონია: პარადები, თავისუფლების ხის დარგვა, სიტყვით გამოსვლები, ძმური ბანკეტები და ცეკვები. ამ ახალმა კულტებმა სწრაფად დაღალა პატრიოტები.
კიდევ რა შეცვალა რევოლუციამ
მონარქიის დაცემის შემდეგ სან-კიულოტები − მცირეშემოსავლიანი წვრილი ხელოსნები − ბევრ რამეს მოელოდნენ რევოლუციისგან. ისინი ითხოვდნენ ქონებრივ თანასწორობას და სურდათ საზოგადოების ღრმა ცვლილება განათლებისა და პროპაგანდის გზით. აკრძალეს როიალისტური გაზეთები და ახალი გაზეთებისა და ალმანახების გავრცელებით აპირებდნენ ახალი ადამიანის შექმნას. ამ ალმანახებში, რომლებიც სოფლად დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, ტრადიციული რუბრიკების გვერდით მოთავსებული იყო მოქალაქის უფლება-მოვალეობების განმარტებები.[11]
ძალიან მოდაში იყო პატრიოტული სიმღერები. რევოლუციის მხოლოდ II წელს შეიქმნა 1300 სიმღერა თავისუფლებასა და თანასწორობაზე, აზოტის მარილების დამზადებასა და რესპუბლიკურ განქორწინებაზე. რესპუბლიკის თეატრში იმავე წელს დაიდგა „მეფეთა განკითხვის დღე“: დაუსახლებელ ვულკანურ კუნძულზე მონარქის მიერ გადასახლებული მოხუცებული ერთ დღეს დაინახავს, როგორ გადმოჰყავთ ევროპელ სან-კიულოტებს კუნძულზე 15 შებორკილი მეფე და რომის პაპი; „გამათანასწორებელმა ვულკანმა“ უნდა შთანთქას „გვირგვინოსანი ტირანები“; ესპანეთის მეფე წამოიძახებს: „თუ გადავურჩი, სან-კიულოტი გავხდები!“ პაპი კი იტყვის: „მე ცოლს შევირთავ!“ − ეს წარმოდგენა 100 000-ზე მეტმა მაყურებელმა ნახა. სან-კიულოტები სახელებს უცვლიდნენ კომუნებს, რომელიც წმინდანის ან მეფე-დედოფლის სახელს შეიცავდა. „მესიე“(ბატონო), „მადამ“-ის (ქალბატონო) ნაცვლად ხმარობდნენ „სიტუაიენ“-ს (მოქალაქე). „არისტოკრატიის სინონიმი“ − „თქვენობით“ საუბარი შეცვალა „შენობით“-მა. იაკობინელებმა პროვინციაში აკრძალეს ადგილობრივი ენის ან დიალექტის გამოყენება − ის კონტრრევოლუციის ასოცოაციას იწვევდა − ფრანგულის, „თავისუფლების ენის“ სასარგებლოდ. 1793 წლის აგვისტოში ძველი რეჟიმის რთული საზომი სისტემა შეიცვალა მეტრითა და გრამით.
რომანული სტილის ავეჯზე გაჩნდა ეროვნული სამი ფერი. შპალერზე, კედლის საათებზე, ქაშანურ-ფაიფურზე გამოხატული იყო ფრიგიული ქუდი[12] ან რევოლუციის წამებულთა გამოსახულებები. თამაშებიც კი „გაარევოლუციურეს“. ჭადრაკში აღარ ამბობდნენ „შამათი“, არამედ − „მათი ტირანს“. ბანქოს მეფეები, დედოფლები, ვალეტები გარდაიქმნენ ფოლოსოფოსებად, სათნოებებად, სან-კიულოტებად.
საფრანგეთიდან ევროპაში მოხდა რევოლუციის ექსპორტი, რომლის დევიზი იყო: „ომი ციხე-კოშკებს, მშვიდობა ქოხებს!“ რევოლუციურმა ასამბლეებმა ის გამოიყენეს დაპყრობილი ქვეყნების ანექსიის მიზნით. 1795 წ. გენერალმა პიშეგრიუმ დაიპყრო ჰოლანდია და ჰააგელი იაკობინელების მოთხოვნით იქ გამოცხადდა ბატავის რესპუბლიკა, რამდენიმე თვის შემდეგ საფრანგეთმა მოახდინა „ავსტრიის ნიდერლანედების“ (ბელგია) ანექსია.
დირექტორიის ხანაში კონტროლის მიზნით ბონაპარტმა ავსტრიის მიერ დაპყრობილ მიწებს თავს მოახვია მოძმე რესპუბლიკების შექმნა, მილანში შეიქმნა ალპებსგადმოღმა რესპუბლიკა, გენუაში − ლიგურიის რესპუბლიკა და ნეაპოლში − პართენოპეული რესოუბლიკა. ფრანგულ არმიაზე დაყრდნობით შვეიცარიელმა დემოკრატებმა 1798 წ. დააარსეს ჰელვეციის რესპუბლიკა.
„მოძმე რესპუბლიკებში“ ძველი ხელისუფლება იაკობინელებმა შეცვალეს, გაუქმდა პრივილეგიები, სენიორალური უფლებები, მოხდა სასულიერო წოდების ქონების კონფისკაცია. ადგილობრივ მოსახლეობას მძიმედ დააწვა ფრანგული არმიის შენახვა, ქალაქების იძულებითი კონტრიბუცია, რაც ხშირად იწვევდა აჯანყებებს. ამას გარდა, ფრანგმა გენერლებმა პირველებმა დაიწყეს იტალიიდან ხელოვნების ნიმუშების გატანა, მიქელ ანჯელოსა და ლეონარდო და ვინჩის ტილოებით დაწყებული და ეტრუსკული ვაზებითა და ძველი ხელნაწერებით დამთავრებული. თავად ბონაპარტის პირადმა ქონებამ ამ დროს შეადგინა რამდენიმე მილიონი.
XVIII ს-ის დასასრული, ასევე, იყო სამეცნიერო აღმოჩენების ეპოქაც. ადამიანთა საზოგადოება შევიდა ინდუსტრიული რევოლუციების ხანაში. 1777 წ. გენერალმა და ქიმიკოსმა ლავუაზიემ საფუძველი დაუდო თანამედროვე ქიმიას ჰაერში ჟანგბადისა და აზოტის აღმოჩენით. ნიკოლა ლებლანმა ზღვის მარილი სოდად გარდაქმნა და ამით ბიძგი მისცა მინის, საპნის, ქლორის წარმოებისა და სამრეცხაოების განვითარებას. ამავე პერიოდში გერმანელმა კლაპორთმა აღმოაჩინა ურანი, ფრანგმა ვოკლენმა − გასანათებელი გაზი, ინგლისელმა უილკინსონმა ააგო პირველი დიდი ლითონის ხიდი და ლითონის გემის კორპუსი, ამერიკელმა რობერტ ფულტონმა პარიზში გამოფინა თავისი წყალქვეშა ნავი ნაუტილუსი, ძმებმა მონგოლფიერებმა შექმნეს საჰაერო ბურთი; გამოიცადა პირველი პარაშუტი; კლოდ შაპმა გაგზავნა პირველი ტელეგრამა. 1791 წ კანონით, გამომგონებლებს ფუძემდებლური ასამბლეა იცავდა. პირველი დიპლომი აიღო ნიკოლა კონტემ შავი და ფერადი ფანქრების გამოგონებისათვის. დაიწყო საგნების მასობრივი გამოშვება.
ფრანგული რევოლუციის მსოფლიო მნიშვნელობა
1800 წელს ევროპას აბსოლუტური მონარქიები მართავდნენ. ლათინური ამერიკა ჯერ კიდევ პორტუგალიისა (ბრაზილია) და ესპანეთის (ყველა დანარჩენი ტერიტორია) მონარქიების კოლონიური სამფლობელო იყო. თუმცა საფრანგეთის რევოლუციის იდეები იქ მალევე გავრცელდა და მთელი XIX ს-ის განმავლობაში იწვევდა გამოსვლებსა და რევოლუციებს. სხვაგან − მაჰმადიანურ სამყაროსა და ცარისტულ რუსეთში ან იმპერიულ ჩინეთში − მხოლოდ XX ს-ის დასაწყისში დაიწყო დემოკრატიული რეფორმები.
ლათინური ამერიკა იყო პირველი, რაც შეარყია „თავისუფლებისა“ და „ხალხთა დამოუკიდებლობის“ იდეებმა. მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ სან მარტინმა 1817 წელს ჩილე გაანთავისუფლა ესპანელთა უღლისაგან. ორი წლის შემდეგ „განმათავისუფლებლად“ წოდებულმა ბოლივარმა გამოაცხადა ვენესუელისა და ახალი გრენადის − მომავალი კოლუმბიის ნაწილის − დამოუკიდებლობა. 1826 წელს, იმპერატორ ავგუსტინე I-ის დამხობის შემდეგ, დაიბადა პერუსა და ბოლივიის რესპუბლიკები. ესპანეთის მეტროპოლიამ განგაში პირველად 1820 წლის 1-ელ იანვარს ატეხა, როდესაც ბატალიონის მეთაურმა რიეგომ „1500 კაცით შემოირბინა ქვეყნის სამხრეთი და ყვირილით მოითხოვდა 1812 წლის კონსტიტუციას (ნაპოლეონის მიერ თავსმოხვეული ესპანეთის ოკუპაციისას). მეფე ფერდინანდ VII-ს ისევე, როგორც ოცდაათი წლით ადრე ლუი XVI-ს, მოუწია კონსტიტუციის ერთგულებაზე დაფიცება. იმავე პერიოდში პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში აჯანყება იწყება შეძახილებით: „გაუმარჯოს კონსტიტუციას!“ მეფე იოანე VI-მ იგი დაამტკიცა 1822 წლის ოქტომბერში. 1829 წელს საფრანგეთის რევოლუციის გულანთებულმა დამცველმა ბერძენმა პატრიოტებმა თურქთა ბატონობისგან გაათავისუფლეს თავიანთი ქვეყანა.
1830-1831 წწ. რევოლუციის ცეცხლმა ხელახლა მოიცვა ევროპა. ბრიუსელში ბელგიელი ხალხი აჯანყდა ფრანგული არიის სიმღერით. ვარშაველი პოლონელები, თავიანთი ენისა და კათოლიკური რწმენის ერთგულნი, აჯანყდნენ რუსეთის წინააღმდეგ. იტალიაში ავსტრიელთა ჯარმა ჩაახშო განთავისუფლების მცდელობა. 1848 წელს რევოლუციის ახალმა ტალღამ შეარყია ევროპა. დემოკრატებს ყველა ქვეყანაში სურდათ მონარქიის გაუქმება და საყოველთაო ხმის მიცემით არჩეული მთავრობების დადგენა. უნგრეთში, იტალიასა და გერმანიაში ეს მცდელობები მარცხით დასრულდა, გაიმარჯვა მონარქიულმა რეაქციამ. მაგრამ ეს მოძრაობა შეუქცევადი იყო. XIX ს-ის დასასრულს „თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის, „ხალხთა უფლებების თავისთავად მიმზიდველმა“ იდეებმა მრავალი ქვეყანა დაიპყრო. ესპანეთის სამეფოში საგასატას ლიბერალურმა სამინისტრომ 1890 წელს დააწესა საყოველთაო ხმის მიცემა. 1893 წელს ხელისუფლებაში მყოფმა ბელგიის კათოლიკურმა პარტიამ ხალხს დაუდგინა დამფუძნებელი ასამბლეის კრება და საყოველთაო ხმის მიცემა.
თურქეთი პირველი მაჰმადიანური ქვეყანა იყო, რომელსაც 1789 წლის იდეები შეეხო. 1839-დან 1861-მდე მიმდინარეობდა რეფორმების (თანზიმათი) პერიოდი, რომელიც კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობას აწესებდა. 1923 წელს რესპუბლიკის გამოცხადებამდე მუსტაფა ქემალმა გააუქმა სასულიერო წოდებები და 1934 წელს ქალებს მიანიჭა ხმის უფლება (საფრანგეთზე 11 წლით ადრე); ეს იყო უზარმაზარი ნახტომი.
1911 წლის შემოდგომაზე ბებერი ჩინეთი აჯანყდა მანჩჟუს დინასტიის წინააღმდეგ. 1789 წლის ივლისის საფრანგეთის მსგავსად, რევოლუციონერმა სუნ იატ სენმა შეკრიბა პროვინციების დეპუტატების ეროვნული ასამბლეა.
დაბოლოს, ფრანგული რევოლუციის ყველაზე ძალადობრივი ასპექტებით შთაგონებული და ლენინის ხელმძღვანელობით ბოლშევიკების (კომუნისტების) მიერ ორგანიზებული რუსეთის 1917 წლის რევოლუცია. დემოკრატიის მათეული კონცეფციის გასატარებლად მათ დიქტატურა და ტერორი გამოიყენეს. იაკობინელები და სან-კიულოტები იქცნენ მათ „დიად წიანაპრებად“. სხვათა შორის, ბოლშევიკები საკუთარ თავს სიამოვნებით ეძახდნენ „იაკობინელებს“. მათ მარატის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს საბჭოთა კრეისერს, ხოლო 1918 წელს ძეგლი დაუდგეს რობესპიერს.
________________________
[1] ლორდ ჯორჯ გორდონის მიერ მოწყობილი ანტიპაპისტური მღელვარებები.
[2] დაახლოებულ პირთა.
[3] ძველი რეჟიმის დროს ეწოდებოდათ ფრანცისკელი ორდენის წარმომადგენლებს.
[4] რესპუბლიკის კალენდრის მეცხრე თვე, 20-21 მაისიდან 19-20 ივნისამდე და შეესაბამებოდა თიბვის პერიოდს.
[5] 1794 წლის 27 ივლისი.
[6] 9 თერმიდორის შემდეგ იაკობინელთა აქტიური მოწინააღმდეგე, ექსცენტრულად ჩაცმული ახალგაზრდა კოხტაპრუწა.
[7] 1795 წლის 5 ოქტომბერი
[8] 1799 წლის 10 ნოემბერი.
[9] იტალიაში, შოტლანდიასა და გერმანიაში გილიოტინას იყენებდნენ XVI ს.-იდან. საფრანგეთში 1792 წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც ქირურგმა ლუიმ და ექიმმა გიიოტინმა გააუმჯობესეს იგი და შესაძლებელი გახდა თავის სწრაფად წაცლა – ირიბი ცული შეკრული ბრალდებულის კისერს ეცემოდა მთელი სიმძიმით – გილიოტინამ შეცვალა დასჯის სხვა იარაღები.
[10] ყოველ მეათე დღეს ერთი დასვენების დღე.
[11] 1789-1800 წწ. სულ 1350 დასახელების გაზეთი გამოიცა, მათ შორის, მარატის L’Ami du Peuple (ხალხის მეგობარი) და ებერის Le Père Duchesne (მამა დიუშენი). გამოდიოდა როიალისტური გაზეთებიც, მათში ყველაზე დიდი ტირაჟი ჰქონდა (მეფის მეგობარი).
[12] ანტიკურობაში მონების განთავისუფლების სიმბოლო.