დენი დიდრო

1483449_10202394526642104_1744206331_nდენი დიდრო – ფრანგი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, ხელოვნების კრიტიკოსი და მწერალი 1713 წლის 5 ოქტომბერს საფრანგეთში, ანგრში დაიბადა. განათლება იეზუიტურ კოლეჯში მიიღო. შემდგომ პარიზის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამართლით დაინტერესდა, მაგრამ მალე გადაწყვეტილება შეცვალა და წერა დაიწყო. ამ დროს ის ძირითადად მთარგმნელობითი საქმიანობით დაკავდა და არაერთი ინგლისურენოვანი ნაწარმოები თარგმნა ფრანგულ ენაზე.

1745 და 1747 წლებში დიდრომ გამოაქვეყნა თავისი ფილოსოფიური ესსები დმსახურებასა და ღირსებაზე, ფილოსფიური აზრები და სხვ. ნაშრომები ერთდროულად ქრისტიანულ და ათეისტურ ხასიათს ატარებდა. დიდრო მორალური პრინციპებისა და რელიგიის ორგანული კავშირების შესახებ არსებული თეზისების მწვავე კრიტიკით გამოვიდა. უარყო კავშირი რელიგიასა და ზნეობას შორის. ზნეობრივ პრინციპებს ის ადამიანის ბუნებაში ეძებს და ასკეტიზმის წინააღმდეგ გამოდის. ამ პეიროდის ნაშორმებში დიდრო დეისტურ მსოფლმხედველობას ემხრობა. შესამჩნევია ბენედიქტე სპინოზასთვის დამახასიათებელი პანთეისტური მიდგომები. დროთა განმავლობაში დიდრო მატერიალიზმისა და ათეიზმისკენ იხრება. მონტენისა და ბეილის მსგავსად, სკეპტიცისტური იდეების თანახმად, ზებუნებრივის კრიტიკას იწყებს და ამტკიცებს, რომ, ის, რაც არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ, ვერც ვერასდროს იქნება დამტკიცებული. პარიზის პარლამენტის დაგენილებით დიდროს ნაშრომები განადგურდა.

1749 წელს გამოცემული წერილები უსინათლოებზე, სადაც ჰობსის მატერიალისტური იდეები იყო გაზიარებული და ქრისტიანული მორალისა და რელიგური შეხედულებების უარყოფა და ათეისტური მსოფლმხედველობის დამკვიდრება მოხდა, დიდროს სამთვიანი პატიმრობის მიზეზი გახდა.

დიდროს უმნიშვნელოვანესი დამსახურებაა ფრანგულენოვანი მეცნიერებისა და ხელოვნების ენციკლოპედიის შექმნა. თავდაპირველად ენციკლოპედია ინგლისურენოვანი ენციკლოპედიის თარგმანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით მისი დამოუკიდებლად გამოცემა გადაწყდა.  1746 წელს, ანდრე ფრანსუა ლე ბრეტონმა და მისმა პარტნიორებმა ათტომიანი ენციკლოპედიის გამოცემის  უფლება მოიპოვეს. მთავარ შემდგენელად დენი დიდრო დასახელდა. ენციკლოპედიის მათემატიკურ ნაწილზე ჟან დალამბერი მუშაობდა. მის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ დიდი ფრგანგი განმანათლებლები: მოტესკიე, რუსო, ვოლტერი, ჰოლბახი. ათტომეულზე მუშაობა, რედაქტირება, მისი ხელახალი გამოცემა 25 წელი გაგრძელდა. დიდროს მიზანი მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ცოდნის მოგროვება და მისი თანამედროვეობისათვის გადაცემა, ადამიანის განათლების ხელშეწყობა იყო, რაც თავის მხრივ ფრანგული განმანათლებლობის მიზანსაც წარმოადგენდა. ენციკლოპედიის პირველი ტომი 1751 წელს გამოიცა. მეორე ტომის გამოცემის შემდეგ იეზუიტებმა და ანტაგონისტურად განწყობილმა მხარეებმა ენციკლოპედიის გამოცემა შეაჩერეს. დიდრო და ლე ბრეტონი მაინც განაგრძობდნენ ენციკლოპედიაზე მუშაობას. 1765 წელს გამოცემის გაგრძელებაზე ოფიციალური დასტური მიიღეს. 1775 წელს ათტომეულზე მუშაობა დასრულდა. ენციკლოპედია არამარტო საფრანგეთში, არამედ მთელს ევროპაში გაცრელდა და პოპულარული გახდა. 1789 წლისთვის მისი 25 000 ასლი იყო გავრცელებული.

კარიერის მანძილზე დენი დიდროს მსფოლმხედველობა კათოლიციზმიდან დეიზმზე ინაცვლებდა. დეიზმიდან – ათეიზმსა და ფილოსოფიურ მატერიალიზმზე. დიდროს აზრით ქრისტიანობა მორალურ ზიანს აყენებს თავის მიმდევრებს და წარმოადგენს საფრთხეს მათთვის, ვინც მას ჯერ არ იცნობს. დიდროს სწამდა, რომ კაცობრიობის მორალური გაუმჯობესება პირდაპირ აისახება ცივილიზაციის პროგრესში. იკვლევდა კავშირს ბიოლოგიასა და ადამიანის ბუნებას, კულტურასა და მორალს შორის. ეყრდნობოდა განმანათლებლობის მეცნიერულ მატერიალიზმს. თარგმნა ჯონ ლოკის რამდენიმე ნაშრომი და იზიარებდა მის მოსაზრებებს. განმანათლებლობა გასაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანს, როგორც ინდივიდს, უნიკალურ და ერთადერთ ქმნილებას. დიდრო აკრიტიკებდა ეკლესიას იმის გამო, რომ ის ყველასთვის აწესებდა თავის სტანდარტებს. მას სწამდა, რომ განათლებამ ახალგაზრდაში ცნობისმოყვარეობა და ინტერესი უნდა გააღვიძოს და არ იყოს მხოლოდ სტატიური, უმოქმედო ცოდნა.

დიდროს დრამატული ნაწარმოებები კლასიკური ფრანგული დრამის ნიმუშებია. („რამოს ძმისწული“, „მონაზონი“, „ჟაკ ფატალისტი“) მისი ბევრი ნაწარმოები აკრძალული იყო და მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ გამოიცა.

დენი დიდრო პარიზში, 1784 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი საქართველოს კონსტიტუცია.
ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ–ტელევიზია GeolibTV და საქართველოს სამოქალაქო განათლების განყოფილება იწყებს პროექტს “საქართველოს კონსტიტუციის ისტორიიდან…”
ფილმი პირველი — საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას ეძღვნება.

* * *

1918 წლის 26 მაისს, კვირას, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი – გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია სწორედ ამ თარიღს უკავშირდება – მიღებულ იქნა პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი.

დამოუკიდებლობის აქტით განისაზღვრა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, იურისდიქციის ფარგლები, პოლიტიკური წყობილების ფორმა, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და მმართველობის უმაღლესი ორგანოები:

  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;
  2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა;
  3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;
  4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა;
  6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზსს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს;
  7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე. – ვკითხულობთ საქართველოს  დამოუკიდებლობის აქტში.

1919 წელს დამფუძნებელმა კრებამ დაიწყო საქართველოს პირველი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა – შექმნა საკონსტიტუციო კომისია.

კონსტიტუციის  პროექტზე სამი წლის მუშაობის შემდეგ – დამფუძნებელი კრება ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის „თეატრალურ დარბაზში“ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციას ღებულობს..

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოჭრილი წითელი არმიის ქვედანაყოფები კი  თბილისის  მიმართულებით სვლას აგრძელებენ…

მსოფლიო კონსტიტუციების გამოცდილებაზე დაფუძნებული საქართველოს პირველი კონტიტუცია ზუსტად ასახავდა საქართველოს ისტორიულ, კულტურულ და სხვა სახის თავისებურებებს, – კონსტიტუცია ფაქტობრივად ძალაში არ შესულა – 25 თებერვალს რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძე ლენინს დეპეშით აცნობს: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“

17 მარტს დამფუძნებელი კრების დადგენილებით შეჩერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება.