რევოლუციის დღეები პეტროგრადში

(საკუთარი კორესპოდენტისგან)

tebervlis revolucia

რუსეთის დიდი რევოლუციის დასაწყისი, რომელიც გამარჯვებით დაგვირგვინდა 28 თებერვალს, შეიძლება ჩაითვალოს 14 თებერვალი. ამ დღიდან იწყება გაფიცვები რამოდენიმე ქარხანაში და უმაღლეს სასწავლებლებში. თვით პეტროგრადი და მთელი რუსეთიც ამ დღისთვის დიდ ამბებს მოელოდა, მაგრამ ამ დღემ შედარებით წყნარად ჩაიარა, მხოლოდ ძველი მთავრობის მყუდროება დარღვეულ იქნა სტუდენტების გამოსვლით და მათი დემონსტრაციით. შემდეგ მღელვარება და უკმაყოფილება თანდათან იზრდება. 23 თბერვალს კი რამდენიმე ათასი მუშა ქალი და კაცი გამოდის ქუჩაშიდ. მათ, რასაკვირველია, წინ ეღობებათ პოლიციელები. 24 თებერვალს რამოდენიმე ასი ათასი მუშა მოაწყდა ყაზანის მოედანს. გამოსვლას დემონსტრაციული ხასიათი ჰქონდა. პოლიციელები რომ ვერაფერს გახდნენ მოიწვიეს ყაზახის რაზმი, მაგრამ თვითონ ყაზახები არავითარ სასტიკ ზომებს არ ღებულობდნენ მუშების წინააღმდეგ პირიქით თავიდანვე კარგი განწყობილება ჩამოვარდა მათ შორის.

24 თებერვალს მუშებმა მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა შესძლეს „ზნამენის“ მოედანზე, ალექსანდრე მესამის ძეგლთან თავის მოყრა და მიტინგის გამართვა. გამოვიდნენ რამოდენიმე ორატორები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ გამოსვლას ეკონომიური ხასიათი არ აქვს, ისინი მოითხოვენ რუსეთის წესწყობილების ძირიან-ფესვიანად შეცვლას, და მათ ნანგრევებზედ დროებით რევოლუციონურ მთავრობას და დამფუძნებელ კრების მოწვევას. ბოლოს ეფიცებიან ერთმანეთს არ უღალატონ საერთთ საქმეს და სიცოცხლეც გასწირონ მის განსახორციელებლათ.

25 თბერვალს პეტროგრადში არ მუშაობს არც ერთი ქარხანა, არც ერთი დაწესებულება, სადაც კი მუშა ხელი არის საჭირო. ეს მუშათა არმია, არა ნაკლები სამასი ათასისა დაიძრა ქალაქის ცენტრისაკენ. ამ დღეს პირველათ დაიღვარა ადამიანის სისხლი, იგრიალეს თოფებმა და რამოდენიმე ადამიანი გამოასალმეს წუთისოფელს. მაშინ მუშებმა მოუწოდეს ერთმანეთს დაშლა და მეორე დღისათვის შეიარაღებული გამოსვლა.

26 თებერვალს დილიდანვე ზარბაზნების გრიალი ისმის, ეს მთავრობის მხრით დემონსტრაცია იყო, ამით სურდა, რომ დაეფრთხო მუშები, მაგრამ მათმა ცდამ ვერ გასჭრა. შუადღის 3 საათიდან ქალაქის სხვა და სხვა ნაწილებში უკვე შეიარაღებული შეტაკებები ხდება. ამ შეტაკებებს უფრო პარტიზანული ხასიათი აქვს. საღმოს პირველად ამ რევოლუციაში, სროლაზე უარი განაცხადა პავლოვის პოლკის მეოთხე როტამ, რომელიც იმ წამსვე დააპატიმრეს და პეტრე პავლეს სიმაგრეში გაგზავნეს.

თენდება 27 თებერვალი, ეს ისტორიული და დაუვიწყარი დღე რუსეთის დემოკრატიისა, ამ დღემ საბოლოოდ დასცა ძველი მთვრობა და გამარჯვება მოუპოვა რუსეთის რევოლუციას. დილიდანვე მთელი პეტროგრადის გარნიზონი, ჟანდარმერია და პოლიციელები ფეხზე დადგნენ. იწყება ბრძოლა, პირველად ამ ბრძოლაში რევოლუციონერებისაკენ გადადის და მხარს უჭერს მათ გვარდიის ორი პოლკი: ლიტოვისა და ვოლინის. ამ პოლკებმა და პავლოვის პოლკის მეოთხე როტამ მისცა მაგალითი დანარჩენ ჯარს. 1 სააზედ ეს რევოლუციონური არმია გაემართა თავრიდის სასახლისკენ და დაიკავა მთელი ეს რაიონი. 2 საათზედ სასათბიროში აცხადებენ დროებით მთავრობას. აქ კი მოწმე ვიყავით ისეთი სურათის, რომელიც არასოდეს არ ამოიშლება ადამიანის მახსოვრობიდან. თავრიდის სასახლეს, სადაც ჯარს ეგულება ხალხის წარმომადგენლები, ერთი ბათალიონი მწიბრათ, წითელი დროშებით და რევოლუციონური სიმღერით უახლოვდება მას. მათ მიეგებათ დეპუტატები: ჩხეიძე, კერენსკი და სკობელევი. ჩხეიძის მისალმებამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ჯარის კაცებში და მაყურებელ საზოგადოებაში. მას უმართავენ დიდ ოვაციებს. სანატრელი წუთი არის, გამარჯვებულ რევოლიუციონურ არმიას გამარჯვებას ულოცავს ნამდვილი ხალხის შვილი, მისთვის თავდადებული, მათი წარმომადგენელი.

აქედან რევოლუციონური არმია დაიძრა რუსეთის ბასტილიისაკენ, აიღეს პირველად ციხე „კრესტი“ და გაანთავისუფლეს ყველა პოლიტიკური დასჯილები. რიცხვი რევოლუციონერებისა საათობით იზრდება, მათ მხარეზედ გადმოდიან ტყვიისმფრქვეველთ და ჯავშნიანი ავტომობილთა რაზმები. 3 საათზედ რევოლუციონერები დაეტაკენ არსენალს, აიღეს ის, მოკლეს უფროსი გენერალი, რომელსაც სურდა წინააღმდეგობის გაწევა და ამ რიგათ 4 საათზედ მთლი ხალხი შეიარაღბულია. იწყება ნამდვილი ბრძოლა, სასტიკ წინააღმდეგობას უწევს რევოლიუციონერებს გადაცმული ჯარისკაცთა ტანისამოსში პოლიციელები და ჟანდარმთა კორპუსი. საღმოს 6 საათზედ ეს უკანასკნელი იმედი მთავრობისა ძველი გვარდია პრეობრაჟენის და სემიონოვის პოლკებიც შეუერთდა რევოლიუციონურ არმიასა და დაიკავეს საზამთრო სასახლე. 5 საათიდან საშინელი სურათი არის. ტყვიის მფრქვეველების და თოფების გრიალი შეუწყვეტლივ ისმის, ხედავ დაჭრილებს, მკვდრებს, მიდიხარ ქუჩაში და ყოველ წამში სიკვდილს ელი, მაგრამ ამავე დროს ყოველივე უბედურება გავიწყდება, როდესაც გესმის მძლავრი, იმედიანი ხმა თვისუფლებისათვის მებრძოლთა. 5 საათიდან ქუჩებში მუშაობს სტუდენტებისაგან და უმაღლეს სასწავლებელების მსმენელ ქალებისაგან შემდგარი სანიტარული რაზმები. ღამის 11 საათზედ მთელი პეტროგრადი ვასილევის კუნძულს გარდა რევოლიუციონურ არმიის ხელშია. ღამის 1 საათზედ შეიქმნა საშინელი ბრძოლა კუნძულზედ. აქ მოიტანეს იერიში ჯავშნიან ავტომობილებმა. კუნძულს იცავდნენ პოლიციელებს გარდა ფინლანდიის პოლკი და მეზღვაურები. გათენებისას ეს ჯარისკაცები, რომლებიც მივიწროებულ იყვნენ კაზარმებისაკენ მიატოვეს თავის კაზარმები და ურას ძახილით შეუერთდნენ რევოლიუციონერებს.

ამ რიგათ 28 თებერვალს დილით პეტროგრადის გარნიზონი მუშებისაკენ იყვნენ და გამარჯვებას დღესასწაულობდნენ. წინააღმდეგობას სწევს კიდევ ჟანდარმერია და პოლიციელები, რომლებიც გამაგრებული იყვნენ სახლების სახურავებზედ და იქიდან ტყვიის მფრქვეველით უმასპინძლდებოდნენ გამვლელ-გამომვლელს. 28 თებერვლის განმავლობაში ისინიც მოსპეს „პოზიციებიდან“.

28 თებერვალს რევოლუციონურ არმიას შემოუერთდა ყველა ის ჯარები, რომლებიც იმყოფებოდნენ პეტროგრადის ახლო მახლო ქალაქებში და სოფლებში. ამ რიგად 1 მარტს არავინ მოწინააღმდეგე არ ყოფილა და გაზაფხულის პირველმა დღემ ჩაიბარა ახალი თავისუფალი რუსეთი.

ეხლა კი აქ სრული სიწყნარე და წესრიგი არის, ხალხში დიდი ენტუზიაზმი არის. დღეს ფინლიანდიიდან ჩამოვიდა ჩვენი დეპუტატი აკაკი ჩხენკელი. დუმაში და მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოში მას დიდი ოვაციები გაუმართეს. ის უკვე კარგად არის, 20 ამ თვეს გამოემგზავრება კავკასიაში.

სტ. მიხაკო ბაჟუნაიშვილი.

წყარო: გაზეთი „ერთობა“ 1917 წლის 25 მარტი

 

ნიკოლოზ გუმილიოვი (1886 – 1921)

nioloz gulimioviიმპერატორი არწივის პროფილით,
ხუჭუჭა, შავი წვერით,
ო, იქნებოდი შენ დამპყრობელი,
რომ არ გეცხოვრა შენი ცხოვრებით! …
ნაწყვეტი ლექსიდან – „კარაკალა“

რუსი პოეტი ნიკოლოზ გუმილიოვი 1886 წელს, ქალაქ კრონშტადტში, საზღვაო ექიმის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა პეტერბურგში, ყრმობა – ქალაქ თბილისში გაატარა, ადრეულ ახალგაზრდობაში კი ისევ პეტერბურგში დაბრუნდა. გუმილიოვმა ადრეული  ასაკიდანვე სულიერად შეისრუტა იმპერიული სიძლიერის და სამხედრო სიმამაცის – სამხრეთ ეგზოტიკასთან ნაზავი შთაბეჭდილებები, რომლებმაც განაპირობა პოეტის გემოვნება და პოეტური ხელწერა. პოეტის ასეთი სულისკვეთება კარგად გამოჩნდა მის  პირველ კრებულში: „კონკვისტადორების გზა“ (1905). გუმილიოვი გიმნაზიაში სწავლისას არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიბეჯითით. დაგვიანებით დაამთავრა გიმნაზია. 1906 წელს პოეტი პარიზში გაემგზავრა, სადაც ორი წელიწადი დაჰყო. საფრანგეთში გუმილიოვს ურთიერთობა ჰქონდა ფრანგ პოეტებთან და მხატვრებთან. 1908 წელს პოეტი ბრუნდება რესეთში, როგორც უკვე ფორმულირებული პოეტი და კრიტიკოსი. საფრანგეთში პოეტი ისმენდა ლექციებს სორბონაში და საფუძვლიანად სწავლობდა ფრანგულ ლიტერატურას.

გუმილიოვის პირველ კრებულებში ნათლად ჩანს მისი გრძნობები ანა ახმატოვასადმი. ახმატოვა და გუმილიოვი 1910 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ მათი კავშირი მხოლოდ 3 წელი გაგრძელდა.

პოეტი ბევრს მოგზაურობდა აფრიკის კონტინენტზე. შავი კონტინენტის შთაბეჭდილებები ბევრ მის ნაწარმოებში ჩანს. დრამატულ ნაწარმოებში „დონ ჟუანი ეგვიპტეში“, პიესაში – „მარტორქაზე  ნადირობა“.

1910 წელს პოეტი მონაწილეობას იღებს ჟურნალ „აპოლონის“ დაარსებაში. ჟურნალში იგი 1917-მდე უძღვებოდა რუბრიკას – „წერილები რუსულ პოეზიაზე“. „მისი შენიშვნები, როგორც კრიტიკოსის ყოველთვის არსებითია, ის მოკლედ და თემატურად ძალზე რაციონალურად გვეუბნება თავის სათქმელს“. წერდა ვალერი ბრიუსოვი გუმილიოვზე, როგორც კრიტიკოსზე.

აკმეიზმის პერიოდი.

1911 წელს პოეტი ემიჯნება სიმბოლისტებს და ქმნის „პოეტების საამქროს“, სადაც გუმილიოვის გარდა, რომელიც ხელმძღვანელობდა „სინდიკატს“ შედიოდნენ ანა ახმატოვა, ოსიპ მანდელშტამი, მიხეილ ზენკევიჩი და სხვა პოეტი – აკმეისტები. პოეტის პირველ აკმეისტურ ნაწარმოებად ითვლება პოემა – „უძღები შვილი“, აგრეთვე კრებული „სხვისი ცა“.

ბრიუსოვის სიტყვებით, გუმილიოვის ლექსები იმით არის აღსანიშნავი, რომ საინტერესოა თუ როგორ საუბრობს პოეტი და არა ის თუ რას საუბრობს. ქადაგებდა რა სიმამაცეს და პირადი გამარჯვების კულტს, პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში იგი ვოლონტიერად ჩაირიცხა ულანის პოლკში. ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ჯვრით. თანამებრძოლების მოგონებებით პოეტი თითქოს განგებ მიისწრაფვოდა ბრძოლების ცხელ წერტილებში. 1916 წელს პოეტმა მიაღწია იმას, რომ რუსული საექსპედიციო კორპუსი სალონიკის ფრონტზე გაეშვათ, მაგრამ იგი პარიზში შეჩერდა, სადაც ახლომეგობრობააკავშირებდა პოეტებთან, მათ შორის გიომ აპოლინერთან. 1918 წელს გუმილიოვი რუსეთში დაბრუნდა. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა ინსტიტუტებში, თარგმნიდა ინგლისურ და ფრანგულ პოეზიას. გამოსცა რამდენიმე ლექსთა კრებული, მათ შორის საუკეთესო – „ცეცხლოვანი გოდოლი“.

ნიკოლოზ გუმილიოვი იყო მაგალითი, თუ როგორ ემსახურება ადამიანი თავის იდეალებს და ამისთვის მზადაა იბრძოლოს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. პოეტი მართლმადიდებლურად იყო მონათლული, ამას ის აშკარად და დაუფარავად ამბობდა ბოლშევიკების მმართველობის დროსაც კი. საბჭოთა მმართველობს გარიჟრაჟზე იგი რჩებოდა გამოუსწერებელ მონარქისტად მიუხედავად საფრთხისა, რომელიც „წითელი“ რეჟიმისგან მოდიოდა.

1921 წელს პოეტი დააპატიმრეს და დახვრიტეს განაჩენის სისრულეში მოყვანის ზუსტი თარიღი უცნობია. ოფიციალურ ვერდიქტში წერია: „ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას, ჰყავდა თანამზრახველები, რომელთა ვინაობასაც არ ასახელებს“.

დახვრეტის წინ, პოეტმა ბოლშევიკები, რომელთაც სმენოდათ გუმილიოვის სიმამაცის შესახებ საგონებელში ჩააგდო: „ასეთი სიმამაცე, ვაჟკაცობა დახვრეტის წინ?! ეს წარმოუდგენილია. ჰმ! უგნური პოეტი. რა უნდოდა კონტრევოლუციის რიგებში, ყოფილიყო ჩვენთან, ბოლშევიკებთან; ჩვენ სწორედ ასეთ მამაცებს და უშიშრებს ვეძებთ!“.

სულ მალე  პოეტის სიკვდილის შემდეგ, ქალაქ ბერლინში, გამოიცა  მისი საუკეთესო ლექსთა კრებული:  „ცეცხლოვანი გოდოლი“. სამშობლოში  კი მხოლოდ 60 წლის შემდეგ, ოფიციალურად მოიხსნა ცენზურა დიდი პოეტის შემოქმედებაზე.