წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 13

და მერმე მოციქულნი მოავლინნა პიტიახშმან და ჰრქუა: „ანუ ნებაჲ ჩემი ყავ და მოვედ ტაძრად; უკუეთუ არა მოხვიდე შინა, ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად კარაულითა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მიჰრქუა ესრეთ: „უბადოო და უგულისჴმოო, ხოლო მე თუ კარად ანუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რასმე შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე“. და გულსა ეტყოდა პიტიახში იგი სიტყუათა მათთჳს, ვითარ-იგი ჰრქუა მას, ვითარმედ „ვინ უწყის, თუ კეთილსა რასმე მივემთხჳო“, ვითარმედ „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს“. და მიერითგან არღარავინ მიავლინა მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ ბოროტთა მათ გუემათა და თმენათათჳს იტყოდა, რაჲთამცა სათნო-ეყო ღმერთსა.

ხოლო პიტიახშმან გამოარჩია ძუძუჲსმტჱ მისი საკუთარი, რაჲთა მოიყვანოს იგი ტაძრად. და ვითარცა ჰრქუა კაცმან მან: „ისმინე ჩემი და ჩამოვედ ტაძრად, და ნუ აოჴრებ სახლსა მას თქუენსა“, ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: „არქუ მას უღმრთოსა, ვითარმედ „შენ მომკალ და მარქუ მე: ცოცხალითა ფერჴითა არა გამოხვიდე შენ მაგიერ ციხით“. ხოლო აწ, უკუეთუ შემძლებელ ხარ მკუდარსა აღდგინებად, პირველად დედაჲ შენი აღადგინე, რომელი ურდს დამარხულ არს, გარნა თუ მისა ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად, ვერცა ჩემდა შემძლებელ ხარ განყვანებად, გარნა თრევით გამითრიო“. და ვითარცა მიუთხრეს პიტიახშსა სიტყუაჲ იგი და მან თქუა: „ნანდჳლვე ვთქუ ეგე!“

და მეორესა დღესა შემო-ვინმე-ვიდა და ჰრქუა წმიდასა შუშანიკს: „კეთილად მიუგე მას სიტყუაჲ იგი, რამეთუ მაგით სახით ეგულვებოდა შეტყუვილი შენი და მას სხუაჲ ზრახვაჲ გულსა მოეჴადა სიბოროტისაჲ შენთჳს“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „და შენ ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადნის სიტყუანი პირსა კაცისასა, რამეთუ იტყჳს თჳთ უფალი: „მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ“.

თავი მეთორმეტე თავი მეთოთხმეტე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 10

მაშინ გამოვიდა ციხით. და მესამესა კჳრიაკესა მოუწოდა მცველსა ერთსა, ჰკითხა მას და ჰრქუა: „აქამომდე ცოცხალღა არსა საწყალობელი იგი?“. ხოლო მან ჰრქუა: „უფალო, სიკუდილდ კერძო უფრო საგონებელ არს, ვიდრე სიცოცხლით, რამეთუ შიმშილითა უფროჲს ხოლო მოკუდების, რამეთუ არარას მიიღებს საზრდელსა“. ხოლო მან ჰრქუა: „ნურა რაჲ გგლიან, უტე, მოკუდეს“.

ხოლო მე მრავლითა ვედრებითა ვარქუ მცველსა მას და უქადე ჭურჭერი ერთი სამისოჲ. და ძნიად თავს იდვა შეტევებაჲ ჩემი და მრქუა მე: „რაჟამს დაღამდეს, მოვედ შენ ხოლო მარტოჲ“. და ვითარ შემიყვანა მცველმან მან, და ვიხილე ტარიგი იგი ქრისტჱსი შუენიერად ვითარცა სძალი შემკული საკრველთა მათგან, და მე, ვითარ ვერ დამითმო გულმან, ვტიროდე ფრიად. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „კეთილისა ამისთჳს სტირა, ხუცეს?“ ხოლო მცველმან მან მრქუა მე: „ესეღა თუმცა მეცნა, არამცა შემოგიტევე შენ“. ხოლო მე ვიწყე სიტყუად და განმტკიცებად მისა, რავდენი ღმერთმან მომცა მე სიტყუად. და ვიჯმენ მისგან და წარვედ სწრაფით ვანად ჩემდა.

ხოლო პიტიახში ჩორდ წარემართა. და ჯოჯიკ ძმაჲ მისი არა დახუდა, ოდეს საქმჱ ესე იქმნა წმიდისა შუშანიკის ზედა. და ვითარ მოიწია ჯოჯიკ, უკუანა სდევდა პიტიახშსა. და მიეწია მას საზღვართა ჰერეთისათა და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთამცა ბრძანა საკრველთა მათგან განტევებაჲ მისი. და ვითარ ფრიად აწყინა, ბრძანა განტევებაჲ საკრველთაგან ოდენ. და ვითარ მოვიდა ჯოჯიკ, აღჰჴადა ჯაჭჳ იგი ქედსა მისსა, ხოლო ბორკილთაჲ არა თავს–იდვა წმიდამან შუშანიკ ვიდრე აღსასრულამდე მითურთ.

რამეთუ ექუსი წელი ციხესა მას შინა აღასრულა და წესიერებითა საღმრთოჲთა ყუაოდა: მარხვითა, მარადის მღჳძარებითა, ზედგომითა, თაყუანის-ცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაჲთა მოუწყინებელად. განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხჱ სულიერითა მით ქნარითა.

თავი მეცხრე თავი მეთერთმეტე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 9

დიაკონი ვინმე ერთი მის ეპისკოპოსისაჲ დგა წმიდისა შუშანიკის თანა მას ჟამსა, რომელსა გამოჰყვანდა იგი ტაძრით, და უნდა, რაჲთამცა ჰრქუა, თუ „მტკიცედ დეგ!“. და თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაჲ ვერღარაჲ სცალდა სიტყუად, ესთენ ოდენ ჰრქუა: „მტკი..“ და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით.

მაშინ წარმოიყვანეს და მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უჴამური და თმაგარდატევებული ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი, და ვერვინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად, რამეთუ პიტიახში იგი მჴედრ შეუდგა უკუანა კუალსა მისსა და აგინებდა მას მრავლითა გინებითა.

და მივიდოდა წმიდისა მის თანა ამბოხი მრავალი დედებისა და მამებისაჲ, სიმრავლჱ ურიცხჳ, რამეთუ უკუანა შეუდგეს, ჴმაჲ აღემაღლა და ტიროდეს, და იჴაჴდეს ღაწუთა მათთა და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთჳს. ხოლო წმიდამან შუშანიკ უკმოჰხედნა ერსა მას და ჰრქუა მათ: „ნუ სტირთ, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიჴსენეთ. და ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით“. და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი ტირილი მამათაჲ და დედათაჲ მოხუცებულთა და ყრმათაჲ, მჴედრ მიმოდასდევნინ და მეოტ–ჰყოფნ მათ ყოველთა. და ვითარცა მიიწინეს ჴიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს: „შენდა ეგდენ ყოფად არს ფერჴითა შენითა სლვაჲ, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ“.

და ვითარცა შევიდეს ციხედ, პოვეს სახლაკი ერთი ჩრდილოჲთ კერძო, მცირჱ და ბნელი, და მუნ შეაყენეს წმიდაჲ იგი. და ჯაჭჳ იგი, რომელ ედვა ქედსა მისსა, ზედა ეგრეთვე ედვა, და დაჰბეჭდა ურჩულ[ო]მან ვარსქენ ბეჭდითა თჳსითა. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: „მე ამას მხიარულ ვარ, რაჲთა აქა ვიტანჯო და მუნ განვისუენო“. ხოლო პიტიახშმან ჰრქუა მას: „ჰე, ჰე, განისუენე!“

მაშინ დაადგინნა მცველნი მის ზედა და ამცნო მათ, რაჲთა სიყმილითა მოკლან იგი. და ესრეთ ეტყოდა მათ: „გეტყჳ თქუენ, უკუეთუ ვინმე შევიდეს მისა მამაკაცი, გინა დედაკაცი, იხილენით თავნი თქუენნი და ცოლნი და შვილნი და სახლნი თქუენნი, უბრალომცა ვარ, რაჲ გიყო თქუენ“.

თავი მერვე თავი მეათე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 8

და ვითარცა მოიწინეს დიდნი იგი მარხვანი, მივიდა ნეტარი იგი შუშანიკ მახლობელად წმიდასა ეკლესიასა და იძია მცირჱ სენაკი და მუნ დაეყუდა. და იყო სენაკსა მას მცირჱ სარკუმელი და დაყო იგი. და იყო იგი ბნელსა მას შინა მახრვით და ლოცვით და ტირილით. და ჰრქუა ვინმე პიტიახშსა საკუთარმან მისმან, ვითარმედ: „ამათ წმიდათა მარხვათა ნურას ეტყჳ მას“.

და ვითარ მოიწია აღვსებისა ორშაბათი და მოვიდა პიტიახში ბრძოლისა მისგან ჰონთაჲსა, ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა. და აღდგა, და მივიდა ეკლესიად და ეტყოდა ეპისკოპოსსა მას აფუცს: „გამომეც ცოლი ჩემი, რად განმაშორებ ჩემგან?“. და იწყო გინებად და გმობად ღმრთისა სასტიკად. ხოლო ხუცესმან ერთმან ჰრქუა მას: „უფალო, რაჲსა ეგრე იქმ და იტყჳ ეგრეთ ბოროტსა და აგინებ ეპისკოპოსსა და წმიდასა შუშანიკს რისხვით ეტყჳ?“. ხოლო მან უხეთქნა კუერთხითა ხუცესსა მას ზურგსა და მან ვერღარა იკადრა სიტყუად.

და ეგრეთ წმიდაჲ შუშანიკ თრევით მოითრია თიჴათა შიგან და ეკალთა ზედა, ეკლესიით ვიდრე ტაძრადმდე, ვითარცა მკუდარი მიეთრია. და ადგილდ-ადგილდ ქუე ძეძჳ დაეფინა. და თჳთ ფერჴნი დაიდგნის ძეძუსა მას ზედა, და კუბასტნი შუშანიკისნი და ჴორცნი წულილ-წულილად დაებძარნეს ძეძუსა მას. და ეგრეთ მოიყვანეს იგი ტაძრად. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ცემაჲ, ბოროტებდა და იტყოდა: „აჰა ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი, და უფალი იგი მათი“. და ვითარცა სცეს კუერთხითა სამას ოდენ, არარაჲ აღმოჴდა პირსა მისსა ვაჲებაჲ, არცა კუნესაჲ. მაშინღა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ ურჩულოსა ვარსქენს: „უბადოო, შენღა თავი თჳსი არა შეიწყალე და განსდეგ ღმრთისაგან, შენ მემცა შემიწყალეა?!“.

და ვითარცა იხილა დიდძალი იგი სისხლი, რომელ დამოსდიოდა ჩჩჳლთა მათ ჴორცთა მისთა, მაშინ უბრძანა დადებად ჯაჭჳ ქედსა მისსა. და უბრძანა სენაკაპანსა ერთსა, რაჲთა წარიყვანონ წმიდაჲ შუშანიკ ციხედ, და საპყრობილესა ბნელსა შეაყენონ იგი და მოკუდეს.

თავი მეშვიდე თავი მეცხრე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 7

და ვითარცა ცისკარ ოდენ იყო, იკითხა და თქუა მსახურისა მიმართ მისისა, ვითარმედ: „წყლულებისა მისგან ვითარ არს?“. ხოლო მან ჰრქუა მას: „ვერ განსარინებელ არს იგი“. მაშინ თჳთ შევიდა და იხილა იგი და დაუკჳრდა დიდძალი იგი სიმსივნჱ მისი. და ამცნო მსახურსა მას და ჰრქუა: „ნუმცა ვინ შევალს ხილვად მისა“. და თჳთ ნადირობად წარვიდა.

ხოლო მე აღვდეგ და მივედ და ვარქუ მცველსა მას: „მე ხოლო მარტოჲ შემიტევე და ვიხილო წყლულებაჲ იგი მისი“. ხოლო მან მრქუა მე: „ნუუკუე ცნას და მომკლას მე“. და მე ვრქუ მას: „უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა? და თუცა მოგკლას შენ მისთჳს, რაჲ არს?!“. მაშინ შემიტევა მე ფარულად. და ვითარ შევედ შინა, ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული აღუტევე ჴმაჲ და ვტიროდე. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“. და მე ვარქუ წმიდასა შუშანიკს: „მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთახუეულ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაჲთა, ჰე, ღა-მე-თუ განიკურნო!“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე გამწმედელ არს ცოდვათა ჩემთაჲ“.

ხოლო მე მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი, რომელი მოეძღუანა სამოელ ეპისკოპოსსა და იოვანეს, რამეთუ ფარულად იღუწიდეს და ნუგეშინის-სცემდეს. მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, ვერ ძალ-მიც გემოჲს-ხილვად, რამეთუ ყბანი და ზოგნი კბილნი შთამუსრვილ არიან“. მაშინ მივიღე მცირედ ღჳნოჲ და პური დავალბე და მცირედ გემოჲ იხილა. და მე ვისწრაფდი გამოსლვად.

მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, მიუძღუანოა სამკაული ესე მისი? ნუუკუე ითხოვდეს, რამეთუ მე ამას ცხორებასა არღარად მეჴმარების“. ხოლო მე ვარქუ: „ნუ რას ისწრაფი, იყოს შენ თანა“. და ჩუენღა ამას განვიზრახევდით, მოვიდა ყრმაჲ ერთი და თქუა: „იაკობ მანდა არსა?“. და მე ვარქუ, ვითარმედ „რაჲ გინებს?“. და მან მრქუა: „უწესს პიტიახში“. და მე დამიკჳრდა, თუ „რაჲსამე მიწესს ამას ჟამსა“. და მივისწრაფე და მივედ. და მან მრქუა მე: „უწყია, ხუცეს, მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა. და ჩემი სამკაული მას არა დაუტეო, ოდეს იგი არა ჩემი ცოლი არს, – იპოოს ვინმე, რომელმან განკაფოს იგი. მივედ და მომართუ იგი ყოველივე, რაჲცა რაჲ არს“. ხოლო მე მივედ და უთხარ წმიდასა შუშანიკს. ხოლო მან განიხარა ფრიად და მადლი მისცა ღმერთსა და ყოველივე მომიძღუანა და მივართუ პიტიახშსა. და მან მიიღო ჩემგან, აღიხილა და იპოვა ყოველი გებულად. და კუალად თქუა: „მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეიმკოს“.

თავი მეექვსე თავი მერვე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 3

ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისაჲ, მის პიტიახშისაჲ, რომელსა სახელი ერქუა აფოც, არა მუნ იყო, არამედ კაცისა ვისამე წმიდისა ვანად მისრულ იყო კითხვად რაჲსმე სიტყჳსა. და მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი, თანავჰყვანდი ეპისკოპოსსა მას. და მყის მოიწია ჩუენდა დიაკონი შინაჲთ და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი: მოსლვაჲ პიტიახშისაჲ და საქმენი დედოფლისანი. ხოლო ჩუენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითა ტირილითა ვტიროდეთ განმწარებულნი ცოდვათა ჩუენთა წარმოჩინებისათჳს.

ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მივიწიე დაბასა მას, რომელსაცა იყო ნეტარი შუშანიკ. და, ვითარცა ვიხილე იგი განმწარებული, მეცა ვტიროდე მის თანავე. და ვარქუ ნეტარსა შუშანიკს: „ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო, ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტჱსსა, ნუუკუე მტერმან ვითარცა სრსჳლმან საძოვარი პოოს შენ თანა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ“. და მე ვარქუა მას: „ეგრჱთ არს, მჴნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ“. ხოლო მან მრქუა მე: „ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე“. ხოლო მე ვარქუ მას: „ჭირი შენი. ჭირი ჩუენი არს და სიხარული შენი, სიხარული ჩუენი არს. ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ ყოველთა ვითარცა შვილთა გუხედევდ“.

და ვარქუ მე სანატრელსა მას ხუაშიადადრე: „ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი“. ხოლო მან მრქუა მე: “რაჲსა მკითხავ ამას?“. და მე მიუგე და ვარქუ მას: „მტკიცედ სდგაა?“. და მან მრქუა მე: „ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისთა“. მე მიუგე და ვარქუ მას: „მწარე გონებაჲ აქუს მას, გუემასა და ტანჯვასა დიდსა შეგაგდოს შენ“. ხოლო მან მრქუა მე: „უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ; რამეთუ მასმიეს მე პავლჱს მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ“. და მე ვთქუ: „ეგრეთ არს“.

თავი მეორე თავი მეოთხე

წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 2

და იჯმნა მეფისაგან სპარსთაჲსა პიტიახშმან. და, ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქუეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა-ყო, რაჲთა აუწყოს და წინამიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაჲთა მათ გამო ვითარცა ერთგული სოფლად შევიდეს. და წარმოჰმართა სადიასპანოჲთა ცხენითა მონაჲ თჳსი, ვითარ[მ]ცა მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქჳან ცურტავ.

და ვითარცა მოიწია და შევიდა წინაშე შუშანიკისა დედოფლისა ჩუენისა, კითხვაჲ ჰრქუა. ხოლო სანატრელმან შუშანიკ ვითარცა წინ[აჲსწ]არმეტყველმან ჰრქუა: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“. ხოლო კაცმან მან ვერ იკადრა სიტყუად მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ აფუცებდა და ჰკითხვიდა დამტკიცებულად. ხოლო კაცმან უთხრა მართალი და ჰრქუა, ვითარმედ: „ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი“.

ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა იგი ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა არტოშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“.

და აღდგა და დაუტევა ტაძარი თჳსი და ღმრთის მოშიშებით ეკლესიად შევიდა და თანამიიყვანნა სამნი იგი ძენი მისნი და ერთი ასული და წარადგინნა იგინი წინაშე საკურთხეველსა და ესრეთ ილოცვიდა და იტყოდა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა“.

და ვითარცა მწუხრისა ჟამი აღასრულეს, სახლაკი ერთი მცირჱ პოვა მახლობელად ეკლესიასა და შევიდა მუნ შინა სიმწარითა სავსე და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა.

თავი პირველი თავი მესამე