გობეჩია ივანე პავლეს ძე

(დ. 10 დეკემბერი 1881, ქ. ქუთაისი). ნაფიცი ვექილი, სოციალისტ-რევოლიუციონერი.

განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც გაათავა იურიდიული ფაკულტეტი.

სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში მუშაობა დაიწყო ქ. პეტერბურგში 1902 წელს. უმთავრესად პარტიულ მუშაობას აწარმოებდა მუშათა ორგანიზაციებში.

1904 წლიდან 1909 წლამდე განიცადა სხვა და სხვა გვარი ადმინისტრატიული შევიწროვებანი: გაჩხრეკა, ციხეში ჯდომა, გამოძიება ბრალდების წამოყენებით (126 მ. სისხ. სმ-ლებ.), ეტაპი და სხვა.

უნივერსიტეტის გათავების შემდეგ 1910 წელს ჩაიწერა ნაფიცი ვექილის თანაშემწეთ ქ. ქუთაისში და, როგორც ვექილმა-დამცველმა, მონაწილეობა მიიღო ბევრ პოლიტიკურ პროცესებში (მაგალითად: ზოტიკე ჩიქვილაძის, მელიტონ გობეჩიას და სხვა პროცესი).

იყო მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოც. რევოლუციონერთა ფრაქციის მდივნის თანაშემწე.

მონაწილეობს მესამე პარტიულ ყრილობის მუშაობაში ქ. მოსკოვში, როგორც ქუთაისის გუბერნიის პარტიულ ორგანიზაციების დელეგატი.

1917 წელს ქუთაისის ქალაქის საბჭომ აირჩია დელეგატათ პეტერბურგის დემოკრატიულ თათბირზე დასასწრებლათ.

1917 წლის თებერვლის რევოლიუციის პირველ დღეებიდანვე ასრულებდა უკანასკნელ დრომდე სხვა და სხვა თანამდებობას: იყო ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეთ, ქუთაისის მუშათა და ჯარისკსცთა საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგათ, კავკასიის ჯარის მხარის საბჭოს წევრი, ქ. ქუთაისის საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი და ქუთაისის გუბერნიის კომისრათ.

1917 წლის განმავლობაში იყო არჩეული ქუთაისის გარნიზონის მიერ დელეგატათ კავკასიის ჯარის პირველს და მეორე ყრილობაზე დასასწრებლათ.

იხ. სტალინური სიები საქართველოდან

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ამირეჯიბი შალვა გიორგის ძე

(დ. 15 იანვარი, 1887, სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრა – გ. 1943) ქართველი, ჟურნალისტი, ეროვნულ-დემოკრატი.

სწავლობდა სათავადაზნაურო გიმნაზიაში, თბილისში. განმათავისუფლებელ მოძრაობის დროს გიმნაზიას თავი დაანება და მუშაობდა სოციალ-ფედერალისტთა პარტიაში. 1906 წელს გაემგზავრა საფრანგეთს, მაგრამ მალე დაბრუნდა. 1907 წელს ისევ წავიდა საზღვარგარედ და 1909 წლამდე სცხოვრობდა ვენაში და ითვლებოდა უნივერსიტეტში თავისუფალ-მსნენელად ფილოსოფიურ ფაკულტეტზე. სამშობლოში დაბრუნებისას მონაწილეობას იღებდა ჟურნალ „ერში“. 1911 წელს, როდესაც ს. ფედერალისთა პარტიის მეთაურნი დატუსაღებულ იქმნენ, ისიც მოხვდა მათ რიცხვში, თუმცა ამ დროს ის პარტიაში აღარ ირიცხებოდა. 1912 წლის დამლევს სხვებთან ერთად დააარსა ჟურნალი „კლდე“. 1914 წელს გადასახლდა ქუთაისში და იქ რედაქტორობდა გაზეთ „სამშობლოს“ და შემდეგ „იმერეთს“. 1915 წელს გაწვეულ იქმნა ჯარში. დასავლეთის ფრონტზე და გაატარა იქ წელიწად ნახევარი. რევოლუციის დასაწყისში ჩავიდა საქართველოში და მუშაობდა ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში და გაზეთ „საქართველოში“. საქართველოს ინტერპარტიულ ბიუროსაგან გაგზავნილ იყო დელეგატათ რუსეთის დემოკრატიულ ყრილობაზე. იმავე ყრილობაზე არჩეულ იმნა წინასწარ პარლამენტის წევრად. საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე არჩეულ იქმნა ეროვნულ საბჭოს წევრად. არის წევრი ეროვნულ დემოკრატიულ პარტიის მთავარ კომიტეტისა.

დაკავებული თანამდებობები

ლიტერატურა

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

პაპავა აკაკი ამბაკოს ძე

(დ. 1890,   ქ. სამტრედია). ქართველი. ვექილი.

თფილისის ადრესი – სომხების ბაზარი №3.

პარტიული რწმენა – სოციალისტ-ფედერალისტი

პირველდაწყებითი სწავლა მიიღო კულაშის ნორმალურ სასწავლებელში, რის შემდგომ შევიდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. შემდეგ გაემგზავრა დორპატში (იურევში) საცა 1 წელი დაჰყო ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მეორე წელს გადაერიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე. ხოლო სახელმწიფო ეგზამენები ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტში

1915 წელს. დორპატში ყოფნის დროს რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ქართ. სტუდ. სათვისტომოს, რომლის თავმჯდომარედ ითვლებოდა, აქვე მისი მეთაურობით დაარსდა

სახელობის სალიტერატურო სამეცნიერო წრე, რომლის თავმჯდომარედაც იქმნა არჩეული. აკ. პაპავა მოწაფეობის დროიდან იღებდა მონაწილეობას სხვა და სხვა პერიოდულ და არაპერიოდულ გამოცემებში. სწერდა და სხვა და სხვა ადგილას (რუსეთში და ჩვენში) კითხულობდა საჯარო ლექციებს ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. უმეტესად მისი კრიტიკული წერილები შეეხება თანამედროვე ქართულ პოეზიას, თეატრს და ხელოვნებას. კრიტიკულ წერილების გარდა, მას აქვს რამდენიმე მოთხრობაც და საზოგადოდ ბელეტრისტულ ხასითის ნაწარმოებნი; ერთ ასეთ ნაწარმოებისათვის ქარ. სიტყვა-კაზ. მწერლ. საზოგადოებამ საკონკურსო პრემია მიუსაჯა. აგრეთვე სწერდა პოლიტიკურ და სოციალურ ხასიათის წერილებს სხვა და სხვა ფსევდონიმებით. ქუთაისის და ტფილისის ჟურნალ-გაზეთებში ბოლო დროს იგი რედაქტორობდა სამხატვრო-სამეცნიერო ჟურნალ „პრომეთეს“ ს და ითვლება საქართველოს მწერალთა კონფერენციის მიერ არჩეულ საბჭოში.

1912 წლ. დაპატიმრებულ იქმნა რუსეთში ადმინისტრატიულის წესით სტუდენტ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის კონფერენციაზე მონაწილეობისათვის. 1915 წლიდან მსახურებდა ზემგორში, შემდეგ კავკასიის ფრონტზე იყო გაგზავნილი, საცა დრო-გამოშვებით დაჰყო რევოლიუციამდე, რის შემდეგ ტფილისში იქმნა დატოვებული, როგორც წევრი საფრონტო ყრილობისა; ამას შემდეგ იგი ირიცხებოდა მ. და ს. დეპ. საბჭოს და „კრაევოის ცენტრის“ წევრად. მეორე კონფერენციაზე იქმნა არჩეული სოც.-ფედ. პარტიის მთავარ კომიტეტის წევრად.

ამხანად იგი ითვლება ქალაქთა კავშირის მთავარ კომიტეტის და მომარაგების კომიტეტის წევრად.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

წერეთელი ირაკლი (კაკი)

(დ. 20 ნოემბერი, 1881, ქუთაისი — გ. 21 მაისი, 1959, ნიუ-იორკი). რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი. რუსეთის II დუმის დეპუტატი. ამიერკავკასიის სეიმის წევრი. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.

ირაკლი (კაკი) წერეთლის მამა – გიორგი წერეთელი იყო გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე. დედა – ოლიმპიადა ნიკოლაძე, ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის და.

1900 წელს ირაკლი (კაკი) წერეთელი ირიცხება მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო 1902 წელს მას სასწავლებლიდან რიცხავენ და ასახლებენ ციმბირის ქალაქ ირკუტსკში.

ერთი წლის შემდეგ გადასახლებიდან ბრუნდება კავკასიაში და ხდება სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი (მენშევიკი).

1904 წელს დაპატიმრების შიშით მიემგზავრება ბერლინში და აბარებს უნივერსიტეტში. ტუბერკულიოზით მძიმედ დაავადებული 1905 წელს იძულებულია დაბრუნდეს ქუთაისში.

1907 წელს ირჩევენ II სახელმწიფო დუმის დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. სადაც იგი დუმის აგრარული კომისიის წევრია და თავმჯდომარეობს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციას. 3 ივლისის გადატიალების შემდეგ დააპატიმრეს და მიესაჯა 5 წლიანი კატორღა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეცვალა 6 წლიანი პატიმრობით, შემდგომში აღმოსავლეთ ციმბირის გუბერნიაში ცხოვრების უფლებით (1917 წლამდე).

1917 წლის 19 მარტს პეტროგრადში ბრუნდება და პეტროგრადის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ხდება.

რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების I ყრილობის დელეგატი წერეთელი კითხულობს მოხსენებას ომისადმი დამოკიდებულების თემაზე. მას მიაჩნდა, რომ ომის დასრულება შესაძლებელია კომფლიქტში ჩართული ქვეყნების სოციალისტების გაერთიანების შედეგად. ამისათვის სცადა სტოგჰოლმის საერთაშორისო კონფერენციის მოწყობის ორგანიზება 4 აპრილის სოციალ-დემოკრატების (ბოლშევიკების, მენშევიკების და ფრაქციის გარეთ მყოფთა) კრებაზე, მან მოითხოვა საერთო პარტიული ყრილობის მოწვევა.

წერეთელი მკაცრად აკრიტიკებდა ვ. ი. ლენინის „აპრილის თეზისებს“ და მის ცენტრალურ იდეას, რუსეთის სოციალიზმში გადასვლასთან დაკავშირებით. ბურჟუაზიასთან კოალიციის მომხრე წერეთელი 27 აპრილს სიტყვით გამოვიდა მე-4 მოწვევის სახელმწიფო დუმის სხდომაზე: „ჩვენ ვეუბნებით ხალხს: აი ბურჟუა, აი ბურჟუაზიის პასუხისმგებელი ორგანო – დროებითი მთავრობა. მაგრამ აქვე ვამატებთ: ისინი იმ ბურჟუაზიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც შეთანხმდნენ საერთო დემოკრატიულ პლატფორმაზე, დაიცვან რუსეთის თავისუფლება დემოკრატიასთან ერთად. („რევოლუცია 1917“, ტ. 2, გვ. 77).

რუსეთის დროებითი მთავრობის ფორმირების შემდეგ ირაკლი (კაკი) წერეთელი ინიშნება რუსეთის ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრად (მაისი-აგვისტო).

24 ივლისს გამოდის დროებით მთავრობიდან და მთლიანად ერთვება საბჭოების მუშაობაში. აგვისტოში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გაერთანებული ყრილობის დელეგატია. მას ირჩევენ რსდმპ(გ) ცენტრალური კომიტეტის წევრად. 19 აგვისტოს მოხსენებაში „პოლიტიკური მდგომარეობა და პარტიის ამოცანები“ იგი ამბობს: „დადგა ტერორისტული პოლიტიკის დრო, რათა თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ომი და გავშალოთ ფრონტი.“ („რევოლუცია 1917“, ტ. 2, გვ. 77).

ოქტომბრის რევოლუციისადმი მისი დამოკიდებულება უარყოფითია. 1918 წლის 5/18 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე მან განაცხადა: „რევოლუცია რუსეთში ერთია – ის თებერვლის თვეში დაიწყო და მას მერე მძიმე გამოცდა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე გამოცდას ის ამ წუთას გადის. მას მხრებზე მძიმე ტვირთი აწევს, რომელმაც შესაძლოა ის ხანგრძლივი დროით გასრისოს … რუსეთი ორ მტრულ ბანაკად იყოფა … სამოქალაქო ომის ხაზმა დემოკრატიის გულზე გაიარა“.

7 იანვარს ფ.ფ. კოკოშინისა და ა.ი. შინგაროვის მკვლელობის შემდეგ ვ.ი. ლენინი შუამავლების მეშვეუბით ურჩევს წერეთელს დატოვოს რუსეთი და საქართველოში დაბრუნდეს. (Денике Ю.П., И.Г. Церетели, „Новый журнал“, 1959, № 57, გვ. 284).

თბილისში დაბრუნებისთვავე აქტიურად ერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში. ხდება ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატი. გამოდის ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების წინააღმდეგ. მისი აზრით, საქართველო მარტო ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდება და ამიტომ ამიერკავკასიის ხალხების გაერთიანების მომხრეა: „თუკი ამიერკავკასიის ხალხთა ერთობა დაირღვა, ჩვენ ფეხქვეშ გაგვთელავენ“ („Речи“, . 2, გვ. 100-01)

ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგ მცირე ერების გადარჩენის გზას წერეთელი საერთაშორისო დემოკრატიაში ხედავს. („Речи“, . 2, გვ. 121)

საქართველოს ეროვნული საბჭოს დაფუძნების შემდეგ ხდება ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, მისი წინადადებით ეროვნულ საბჭოს 25 მაისს სახელი გადაერქვა და ეწოდა „პარლამენტი“.

1919 წელს აპრილში მონაწილეობას იღებს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში.

საქართველს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიემგზავრება.

1931 წელს ამთავრებს სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს და ეწევა იურიდიულ საქმიანობას ჯერ საფრანგეთში, ხოლო 1940 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გარდაიცვალა ნიუ-იორკში (აშშ). დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

თხზულებანი:

  • Речи, т. 1-2, П- Тифлис, 1917-18; Воспоминания о Февр. рев-ции, т. 1-2, Париж, 1963.
  • И.Г. Церетели Апрельский кризис и образование коалиционного правительства.
  • წერეთელი, ირ. ჩვენი ტაქტიკის ძირითადი საკითხი / ირ. წერეთელი. – პარიზი, 1927. – 39 გვ.
  • წერეთელი, ირაკლი ისტორიული წერილები: 1. ფედერალისტების გასოციალისტ-რევოლიუციონერობა, 2. სოციალ-დემოკრატები თუ სოციალისტ-რევოლიუციონერები. – ქუთაისი, 1907 (ი. კილაძის და ი. ხელაძის სტ.). – 96გვ. ; 20სმ

წყარო:

  • Н.Л.Барсуковой в кн.: Политические деятели России 1917.
  • биографический словарь. Москва, 1993.
  • Л.Г. Протасов. Люди Учредительного собрания: портрет в интерьере эпохи. М., РОСПЭН, 2008.

კაკაბაძე ილია პავლეს ძე

კაკაბაძე ილია (ილიკო) პავლეს ძე  – დაიბადა 1869, სოფელი კუხი, ქუთაისის მაზრა.

სწავლა განათლება მიიღო ქუთაისის ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. გიმნაზიიდან იძულებული იყო ადრე გამოსულიყო, რადგან უსახსრობა სწავლის გაგრძელების ნებას არ აძლევდა. შემდგომ ამისა მან მიყო ხელი თვითგანვითარებას. თანამშრომლობდა ჟურნალ გაზეთებში: კვალში, ცნობის ფურცელში, შრომაში და სხვა.

გიმნაზიიდან გამოსვლისთანავე მან დაიწყო მუშაობა ჭიათურაში შავი ქვის მრეწველობაში. ევროპის ბაზრის და საერთოდ ეკონომიურ პირობების გასაცნობათ ის 1902 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ.

გიორგი ზდანოვიჩთან ერთად ღებულობდა მხურვალე მონაწილეობას მრეწველთა საბჭოს დაარსებაში. მრეწველთა საბჭოს წევრათ ითვლებოდა 12 წელიწადი. 1918 წ. არჩეულია ქუთაისის ქალაქის ხმოსნად. როცა საქართველოში „მესამე დასი“ გაჩნდა – მასთან დაიკავა დამოკიდებულება, მხოლოთ შემდეგ როცა სავსებით ჩამოყალიბდა „მესამე დასის“ მსოფლმხედველობა, გასწყვიტა მასთან კავშირი და იზიარებდა ლავროვ-მიხაილოვსკის მოძღვრებას. 1900 წლიდან ის მუშაობს უფრო გიორგი ზდანოვიჩთან.

1904 წლიდან ითვლება სოციალისტ-რევოლიუციონერთა საბჭოს წევრათ და გულმოდგინე მონაწილეობას პარტიულ მუშაობაში. ამავე წელს ილიკო არდიშვილთან ერთად დაარსა პარტიული ორგანიზაციები ჭიათურაში და ყვირილაში. ის იყო ჭიათურის წითელი რაზმის ერთი ხელმძღვანელთაგანი.

1907 წელს ის დაიჭირეს ჟანდარმებმა და მოათავსეს ჭ. ციხეში. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ის 1907 და 1908 წლებში იმალებოდა, რადგან მას სდევნიდა ცნობილი ბოქაული კედია. 1914 წელს მისი ბინა რამდენიმეჯერ იქმნა გაჩხრეკილი. მას ბრალდებოდა ჭიათურაში და ბაქოში გაფიცვების მოწყობა და გაფიცულ მუშებისათვის დახმარების აღმოჩენა. ქუთაისის ჟანდარმერია მას გადასახლებით ემუქრებოდა, მაგრამ ისე მოახერხა რომ პირობით განთავისუფლებული იქმნა. რევოლიუციის დაწყების შემდეგ განუწყვეტლივ ეწევა პარტიულ მუშაობას.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი