წერეთელი ვასილ გიორგის ძე

(დ. 18 იანვარი, 1862, სოფ. ცხრუკვეთი, შორაპნის მაზრა – გ. 1937). ქართველი. ეროვნულ დემოკრატი. ექიმი.

თფილისის ადრესი: სურპნიშანის ქუჩა №2

1884-1887 წლ. სწავლობდა ადესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ორ წელსა და იურიდიულზე ერთს წელს. 1899 წელს დაასრულა სწავლა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

ნაციონალისტი და დემოკრატი. 1885 წელს მუშაობდა „ნაროდნიკების“ სასტუდენტო ჯგუფში. 1886 წელს მან აღიარა მარქსის მოძღვრება და მუშაობდა მუშათა შორის 1887 წლამდის. 1887 წელს იქნა გამორიცხული სასტუდენტო მოძრაობაში მონაწილეობისათვის ეგრეთწოდებული მესამე პუნქტით და გაგზავნილი ეტაპით ქუთაისში. 1889 წელს თანამშრომლობდა, როგორც მუდმივი თანამშრომელი გაზ. „ივერიაში“. მესამე პუნქტისაგან განთავისუფლდა მხოლოდ 1893 წელს. 1890 წელს ჰქონდა კონფლიქტი ქუთაისის გუბერნატორთან და იძულებული იყო ამის გამო თავი დაენებებინა ჭიათურის სამკურნალოში მუშაობისათვის, შემდეგ იყო ბაქოს გუბერნიის გ[..]ქჩაის მაზრის ექიმად. სოფელ ქოდანის (კახეთში) სამკურნალოს ექიმად. თიანეთის მაზრის ექიმად. რაჭის მაზრის ექიმად. 1906 წელს არ გაექცა დამსჯელ რაზმს სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და საზოგადოდ მაშინდელ რევოლიუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო ბათუმში და იქნა გენერალგუბერნატორის განკარგულებით იქიდან გადასახლებული სოციალისტ ფედერალისტურ გაზეთში – ჩერნომორსკი გოლოსში – თანამშრომლობისა და პარტიული მუშაობისათვის. იმავე წელს გამოვიდა ჩუმი ბრძანება მისი დატუსაღების შესახებ და იძულებული იყო გაპარულიყო ქუთაისიდან. 1898 წლამდის ცხოვრობდა არალეგალურად სოფელს ქარელში (გორის მაზრაში). 1898 წლიდან ცხოვრობს ქუთაისში, როგორც ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმი და ასრულებს იმავე დროს სასწავლებლის ექიმის მოვალეობას.

შრომები
მას დაუწერია აუარებელი პუბლიცისტური წერილი გაზ. „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოში“ და სხვ. და მათ შორის სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტრისა და საჰიგიენო საკითხების შესახებ. განაგრძობს დღესაც ლიტერატურულ მოღვაწეობას. ირიცხება ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის საბჭოს წევრად.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

წერეთელი ირაკლი (კაკი)

(დ. 20 ნოემბერი, 1881, ქუთაისი — გ. 21 მაისი, 1959, ნიუ-იორკი). რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი. რუსეთის II დუმის დეპუტატი. ამიერკავკასიის სეიმის წევრი. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.

ირაკლი (კაკი) წერეთლის მამა – გიორგი წერეთელი იყო გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე. დედა – ოლიმპიადა ნიკოლაძე, ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის და.

1900 წელს ირაკლი (კაკი) წერეთელი ირიცხება მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო 1902 წელს მას სასწავლებლიდან რიცხავენ და ასახლებენ ციმბირის ქალაქ ირკუტსკში.

ერთი წლის შემდეგ გადასახლებიდან ბრუნდება კავკასიაში და ხდება სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი (მენშევიკი).

1904 წელს დაპატიმრების შიშით მიემგზავრება ბერლინში და აბარებს უნივერსიტეტში. ტუბერკულიოზით მძიმედ დაავადებული 1905 წელს იძულებულია დაბრუნდეს ქუთაისში.

1907 წელს ირჩევენ II სახელმწიფო დუმის დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. სადაც იგი დუმის აგრარული კომისიის წევრია და თავმჯდომარეობს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციას. 3 ივლისის გადატიალების შემდეგ დააპატიმრეს და მიესაჯა 5 წლიანი კატორღა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეცვალა 6 წლიანი პატიმრობით, შემდგომში აღმოსავლეთ ციმბირის გუბერნიაში ცხოვრების უფლებით (1917 წლამდე).

1917 წლის 19 მარტს პეტროგრადში ბრუნდება და პეტროგრადის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ხდება.

რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების I ყრილობის დელეგატი წერეთელი კითხულობს მოხსენებას ომისადმი დამოკიდებულების თემაზე. მას მიაჩნდა, რომ ომის დასრულება შესაძლებელია კომფლიქტში ჩართული ქვეყნების სოციალისტების გაერთიანების შედეგად. ამისათვის სცადა სტოგჰოლმის საერთაშორისო კონფერენციის მოწყობის ორგანიზება 4 აპრილის სოციალ-დემოკრატების (ბოლშევიკების, მენშევიკების და ფრაქციის გარეთ მყოფთა) კრებაზე, მან მოითხოვა საერთო პარტიული ყრილობის მოწვევა.

წერეთელი მკაცრად აკრიტიკებდა ვ. ი. ლენინის „აპრილის თეზისებს“ და მის ცენტრალურ იდეას, რუსეთის სოციალიზმში გადასვლასთან დაკავშირებით. ბურჟუაზიასთან კოალიციის მომხრე წერეთელი 27 აპრილს სიტყვით გამოვიდა მე-4 მოწვევის სახელმწიფო დუმის სხდომაზე: „ჩვენ ვეუბნებით ხალხს: აი ბურჟუა, აი ბურჟუაზიის პასუხისმგებელი ორგანო – დროებითი მთავრობა. მაგრამ აქვე ვამატებთ: ისინი იმ ბურჟუაზიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც შეთანხმდნენ საერთო დემოკრატიულ პლატფორმაზე, დაიცვან რუსეთის თავისუფლება დემოკრატიასთან ერთად. („რევოლუცია 1917“, ტ. 2, გვ. 77).

რუსეთის დროებითი მთავრობის ფორმირების შემდეგ ირაკლი (კაკი) წერეთელი ინიშნება რუსეთის ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრად (მაისი-აგვისტო).

24 ივლისს გამოდის დროებით მთავრობიდან და მთლიანად ერთვება საბჭოების მუშაობაში. აგვისტოში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გაერთანებული ყრილობის დელეგატია. მას ირჩევენ რსდმპ(გ) ცენტრალური კომიტეტის წევრად. 19 აგვისტოს მოხსენებაში „პოლიტიკური მდგომარეობა და პარტიის ამოცანები“ იგი ამბობს: „დადგა ტერორისტული პოლიტიკის დრო, რათა თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ომი და გავშალოთ ფრონტი.“ („რევოლუცია 1917“, ტ. 2, გვ. 77).

ოქტომბრის რევოლუციისადმი მისი დამოკიდებულება უარყოფითია. 1918 წლის 5/18 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე მან განაცხადა: „რევოლუცია რუსეთში ერთია – ის თებერვლის თვეში დაიწყო და მას მერე მძიმე გამოცდა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე გამოცდას ის ამ წუთას გადის. მას მხრებზე მძიმე ტვირთი აწევს, რომელმაც შესაძლოა ის ხანგრძლივი დროით გასრისოს … რუსეთი ორ მტრულ ბანაკად იყოფა … სამოქალაქო ომის ხაზმა დემოკრატიის გულზე გაიარა“.

7 იანვარს ფ.ფ. კოკოშინისა და ა.ი. შინგაროვის მკვლელობის შემდეგ ვ.ი. ლენინი შუამავლების მეშვეუბით ურჩევს წერეთელს დატოვოს რუსეთი და საქართველოში დაბრუნდეს. (Денике Ю.П., И.Г. Церетели, „Новый журнал“, 1959, № 57, გვ. 284).

თბილისში დაბრუნებისთვავე აქტიურად ერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში. ხდება ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატი. გამოდის ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების წინააღმდეგ. მისი აზრით, საქართველო მარტო ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდება და ამიტომ ამიერკავკასიის ხალხების გაერთიანების მომხრეა: „თუკი ამიერკავკასიის ხალხთა ერთობა დაირღვა, ჩვენ ფეხქვეშ გაგვთელავენ“ („Речи“, . 2, გვ. 100-01)

ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგ მცირე ერების გადარჩენის გზას წერეთელი საერთაშორისო დემოკრატიაში ხედავს. („Речи“, . 2, გვ. 121)

საქართველოს ეროვნული საბჭოს დაფუძნების შემდეგ ხდება ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, მისი წინადადებით ეროვნულ საბჭოს 25 მაისს სახელი გადაერქვა და ეწოდა „პარლამენტი“.

1919 წელს აპრილში მონაწილეობას იღებს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში.

საქართველს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიემგზავრება.

1931 წელს ამთავრებს სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს და ეწევა იურიდიულ საქმიანობას ჯერ საფრანგეთში, ხოლო 1940 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გარდაიცვალა ნიუ-იორკში (აშშ). დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

თხზულებანი:

  • Речи, т. 1-2, П- Тифлис, 1917-18; Воспоминания о Февр. рев-ции, т. 1-2, Париж, 1963.
  • И.Г. Церетели Апрельский кризис и образование коалиционного правительства.
  • წერეთელი, ირ. ჩვენი ტაქტიკის ძირითადი საკითხი / ირ. წერეთელი. – პარიზი, 1927. – 39 გვ.
  • წერეთელი, ირაკლი ისტორიული წერილები: 1. ფედერალისტების გასოციალისტ-რევოლიუციონერობა, 2. სოციალ-დემოკრატები თუ სოციალისტ-რევოლიუციონერები. – ქუთაისი, 1907 (ი. კილაძის და ი. ხელაძის სტ.). – 96გვ. ; 20სმ

წყარო:

  • Н.Л.Барсуковой в кн.: Политические деятели России 1917.
  • биографический словарь. Москва, 1993.
  • Л.Г. Протасов. Люди Учредительного собрания: портрет в интерьере эпохи. М., РОСПЭН, 2008.

კედია სპირიდონ მალხაზის ძე

დაიბადა ენკენისთვის 20, 1884, ქ. ზუგდიდი. ქართველი. ეროვნულ-დემოკრატი. პუბლიცისტი.

სწავლობდა ზუგდიდის საქალაქო სასწავლებელში, აქ სწავლის დამთავრების შემდეგ გადავიდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისათვის დათხოვნილ იქმნა გიმნაზიის მერვე კლასიდან 1905 წელს აპრილის 8-ს, რის შემდეგაც სავსებით ჩაება სარევოლუციო მოძრაობაში. რეაქციის გამარჯვების შემდეგ იძულებული შეიქმნა გასცლოდა ზუგდიდში შემსვლელ დამსჯელ რაზმს.

1906 წლის დამდეგს შეეხიზნა სვანეთს, და მეორე შემდეგ წელს გაზაფხულზე ჩერქეზში გადავიდა. ზაფხულის მიწურულს საქართველოში დაბრუნდა. აქ უკვე პასუხისგებაში იყო მიცემული 102 მუხლის ძალით.

იმავე წლის შემოდგომაზე საფრანგეთში გაემგზავრა. აქ ჩაეწერა პარიზის უნივერსიტეტში, ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო სტოვებს პარიზს და სამხრეთ საფრანგეთში მიდის. სწავლას ტულუზის უნივერსიტეტში განაგრძობს. კვლავ უბრუნდება პარიზს, მაგრამ ისევ იძულებული ხდება სამხრეთს ეწვიოს და უნივერსიტეტს მონპელიეში ამთავრებს. კვლავ პარიზს უბრუნდება, ეწერება სორბონაში ფიზიოლოგიის დოქტორის ხარისხის მისაღებად და მუშაობს პროფესორ დასტრის ლაბორატორიაში. აქ დაჰყოფს წელიწადზე მეტს.

1913 წ. დეკემბერში სამშობლოში ბრუნდება. გზათ პეტროგრადში გამოივლის და რამდენიმე ხნით ჩერდება; აქ მას ატუსაღებენ კიდევაც. ორი თვის პატიმრობის შემდეგ თავს აღწევს ციხეს და სამშობლოში ჩამოდის 1914 წლის ზაფხულზე. მუშაობს არა-სოციალისტურ ეროვნულ მიმართულების შესაქმნელად.

1915 წელს სხვებთან ერთად აარსებს გაზეთ „საქართველოს“, რომლის თანამშრომელია და მკითხველთა წრეში ეს მიმართულება თანდათან ყალიბდება.

1917 წლის ივნისის პირველ რიცხვში იმართება ამ მიმართულების პირველი კონფერენცია, რომელიც აფუძნებს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, იხილავს პროგრამის პროექტს და ამუშავებს პროგრამის საბოლოო რედაქციას. კონფერენცია ირჩევს პარტიის მთავარ კომიტეტს, რომლის თავმჯდომარედ იგი დღემდისაც იმყოფება.

ამიერ-კავკასიის რესპუბლიკის მთავრობის წინადადებით მონაწილეობს ბათომის საზავო კონფერენციაში. ბათომიდან იგივე მთავრობა მას გზავნის თავის სრულუფლებიან წარმომადგენლად ცენტრალ კოალიციის სახელმწიფოების მთავრობებთან მოლაპარაკების გასამართავად ოსმალეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკის შორის მშვიდობიანობის ჩამოგდების თაობაზე ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობის ნიადაგზე.

ბერლინში ჩამოუსწრებს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს დელეგაცია. ამ უკანასკნელის წინადადებით იგი დელეგაციის მუშაობაში ორგანიულ მონაწილეობას იღებს. მიუძღვება დელეგაციის საქმის წარმოებას და კანცელარიას. ბერლინში რჩება ივლისის დამლევამდე, შემდეგ ჩამოდის საქართველოში და საპარლამენტო მუშაობას შეუდგება.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

რეკლამის შესახებ

reklamas2ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არსებობდნენ მაუწყებლები. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დადიოდნენ და მეფის ახალ-ახალ ბრძანებულებებს თუ სხვა (მათ შორის კომერციულ) ინფორმაციას გაჰყვიროდნენ, სწორედ აქედან გაჩნდა სიტყვა „რეკლამა“, ანუ წამოძახილი. ეს არის გავრცელებული ინფორმაცია ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის ან ინტერესის გაღვივების მიზნით. ამერიკელმა პუბლიცისტმა ვენს პაკარდმა რეკლამას ასე უწოდა „ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში“.

რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადი. რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, „პიარი“, პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება, პოლიტიკური რეკლამა. რეკლამის გასავრცელებლად გამოიყენება მედიის ყველა სახეობა: რადიო, ტელევიზია, ფილმები, ჟურნალ-გაზეთები, ინტერნეტი და ბილბორდები. პირველი საინფომაციო ხასიათის ცნობები ხმოვანი იყო. ეს იყო ქუჩის გადაძახილები ახალი ამბის ან რაიმეს ყიდვის, მაგალითად მონების ან დოქების ყიდვის შესატყობინელბად ძველ საბერძნეთში. რომში სარეკლამო აბრები წარმოდგენებისა და გლადიატორთა გამოსვლების შესახებ იტყობინებოდა. პომპეიში ნაპოვნი აბრები კი ხშირად სახლის სახელწოდებასა და მისი პატონის ვინაობას იუწყებოდა..ერთ-ერთ კედელზე ნაპოვნია საროსკიპოს აღმნიშნველი აბრაც.

ekasreklamaმსოფლიოში პირველ გაზეთად, რომელიც სარეკლამო შეტყობინებებს აქვეყნებდა, ითვლებოდა ხელით დაწერილი რომაული გაზეთი „ცტა იუზნუ“ („ყოველდღიური ამბები“). ერთ-ერთი პირველი სარეკლამო მასალა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ეგვიპტური პაპირუსია, მასში მონის გაყიდვის შესახებ იუწყებიან.

შუა საუკუნეებში ნაწერები ნახატებმა შეცვალა, რადგან ბევრმა კითხვა არ იცოდა.. ეს იყო რაღაც ნიშნები, რომლებიც რაიმე გასაყიდ ნივთს აღნიშნავდა. ქუჩის „მყეფარები“ მაღაზიის გარეთ იდგნენ და ხალხს მაღაზიაში პროდუქტის შესაძენად იპატიჟებდნენ.

XV საუკუნის მიჯნაზე და XVI საუკუნის დასაწყისში ვენეციელმა წიგნის გამყიდველმა ა. მანუციმ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით, დაიწყო წიგნების სათაურების ქაღალდის ცალკე ფურცლებზე ბეჭდვა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა. ამდენად მყიდველი კარებშივე ეცნობოდა წიგნების სარგებლობას.

reklamis1ისტორიკოსი ჰენრი სიმპსონი ამბობს, რომ პირველი საგაზეთო განცხადება England, The Weekly Newes- ში , 1622 წელს გაჩნდა.

1630 წელს პარიზელმა ექიმმა გახსნა მაღაზია, სადაც მსურველს საკუთარი რეკლამის განთავსება 3 სუს საფასურად შეეძლო.

ამ პერიოდიდან ჩნდება რეკლამები ბეჭდურ სივრცეში. 70-იანი წლებისთვის შავი ჭირის გამო რეკლამების შინაარსი ძირითადად მისგან განსაკურნებელ სამედიცინო პრეპარატებს ეხებოდა.

saroskipo1666 წელს კი The London Gazette საზოგადოებას სარეკლამო გაზეთის გაჩენის შესახებ აუწყა. გაზეთი მთლიანად სარეკლამო განცხადებებსა და ინფორმაციებს დაეთმო.

1700 წლისათვის ლონდონის ქუჩები აურაცხელმა სარეკლამო პოსტერებმა და დაფებმა დაფარა. ისინი ისე მომრავლდა, რომ ჩარლზ მეორემ განაცხადა, აღარ დაეკიდათ აბრები, რომლებიც ჰაერს არ ატარებდნენ და ზეცის შუქსაც აღარ უშვებდნენ. ცნობილია ბეჭდური სარეკლამო განცხადება ინგლისში, რომელიც 1473 წლით თარიღდება, ხოლო 1611 წელს ლონდონში შეიქმნა მსოფლიოში პირველი სარეკლამო ბიურო. დღეს რეკლამა განიხილება როგორც მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. რეკლამა მეურნეობის სისტემაში – არის საინფორმაციო პროპაგანდისტული და ღონისძიებების ერთობლიობა, გამიზნული მოსახლეობის მოთხოვნილებებზე. სარეკლამო ინფორმაცია – არის პოტენციური მყიდველების შეტყობინება საქონელთა შესახებ, მათი დანიშნულებისა და თვისებების, გაყიდვის ადგილებისა და პირობების, აგრეთვე შეთავაზებული მომსახურების შესახებ. საქონელთა პროპაგანდა-ეს არის საქონლის შესახებ ცნობების გავრცელება და გაღრმავებული განმარტება მყიდველებზე ზემოქმედებისა და მასში ყიდვის მოთხოვნების გაჩენის მიზნით. რეკლამის ძირითადი პრინციპებია-გეგმაზომიერება და ინფორმაციულობა.დღეს რეკლამა ტელევიზიის საშუალებით ღრმად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და დიდ გავლენას ახდენს ჩვენ საზოგადოებაზე. იგი განიხილება, როგორც მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და როგორც „გაყიდვების სტიმულატორი“. რეკლამა – ესაა ინფორმირება ვინმესი, რაიმეს შესახებ!