საქართველოს პირველი საბჭოთა კონსტიტუცია

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ბოლშევიკური პარტიის კავბიუროს მიერ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების. გამოცხადების შემდეგ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია საქართველოს რევოლუციურ კომიტეტის ხელში გადავიდა.

1921 წლის მარტში რევოლუციური კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – დამფუძნებელი კრება დათხოვნილ იქნა, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საქართველოს მთავრობა  ემიგრაციაში გაემგზავრა.

საქართველოს ოკუპაციიდან ზუსტად ერთი წლის თავზე თბილისში საქართველოს საბჭოების I ყრილობა გაიხსნა. … ყრილობამ  1922 წლის 2 მარტს, საქართველოს პირველი საბჭოთა კონსტიტუცია მიიღო.

პირველი საბჭოთა კონსტიტუცია  23 თავისა და 134 მუხლისგან შედგებოდა.

კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობა წარმოადგენდა. ყრილობათა შორის პერიოდში ხელისუფლებას ყრილობის მიერ არჩეული ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკი) განახორციელებდა. ცაკ-ის სესიათა შორის ხელისუფლებას  სესიის მიერ არჩეული  ცაკ-ის პრეზიდიუმი განაგებდა.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას ცენტრალური კომიტეტის მიერ არჩეული სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო) წარმოადგენდა.

ადგილებზე ხელისუფლების კი მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოები და შესაბამისი აღმასრულებელი კომიტეტები ახორციელებდნენ.

„ოქტომბრის დიდი რევოლუციის მცნებათა მიმდევარნი საქართველოს მუშები, მშრომელი გლეხობა და წითელი არმია… თავისი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამყარებენ პროლეტარიატის სუვერენიტეტს და დიქტატურას. დიქტატურის მიზანია – ბურჟუაზიული წესწყობილებიდან სოციალიზმში გადასვლის განხორციელება“. – ვკითხულობთ 1922 წლის საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციაში.

კონსტიტუციით გაუქმდა კერძო საკუთრება როგორც მიწაზე, ასევე წარმოებასა და საწარმოო საშუალებებზე.

1922 წლის კონსტიტუცია ფორმალურად აღიარებდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს თუმცა კონსტიტუციის 102-ე მუხლით, შეიზღუდა საყოველთაო საარჩევნო უფლება.

კონსტიტუციამ როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლება წაართვა მოქალაქეთა შემდეგ კატეგორიებს:

პირებს, რომლებიც იყენებდნენ დაქირავებულ შრომას მოგების მიღების მიზნით;

  1. პირებს, რომლებიც ცხოვრობდნენ არასაკუთარი შრომის შემოსავლით;
  2. კერძო ვაჭრებს, შუამავლებსა და კომერციულ შუამავლებს;
  3. ბერ-მონაზვნებსა და რელიგიური კულტის სასულიერო პირებს;
  4. ყოფილი პოლიციისა და მენშევიკური მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგანგებო რაზმის მოსამსახურეებსა და აგენტებს;
  5. პირებს, რომლებიც დადგენილი წესით ცნობილი იყვნენ სულით ავადმყოფებად და გონებადაქვეითებულებად, აგრეთვე მზრუნველობის ქვეშ მყოფთ;
  6. პირებს, რომლებიც მსჯავრდებული იყვნენ კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის განაჩენით, ანგარებისა და სხვა დამამცირებელი დანაშაულობებისათვის.

საქართველოს სსრ I კონსტიტუცია მხოლოდ 5 წელი მოქმედებდა, 1922 წლის კონსტიტუციის ხანმოკლე სიცოცხლე ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკისა დასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის  შექმნამ განაპირობა.

1922 წლის კონსტიტუციის ძალით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე აჭარის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა შევიდნენ. საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკას შორის განსაკუთრებული ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი საქართველოს კონსტიტუცია.
ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ–ტელევიზია GeolibTV და საქართველოს სამოქალაქო განათლების განყოფილება იწყებს პროექტს “საქართველოს კონსტიტუციის ისტორიიდან…”
ფილმი პირველი — საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას ეძღვნება.

* * *

1918 წლის 26 მაისს, კვირას, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი – გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია სწორედ ამ თარიღს უკავშირდება – მიღებულ იქნა პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი.

დამოუკიდებლობის აქტით განისაზღვრა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, იურისდიქციის ფარგლები, პოლიტიკური წყობილების ფორმა, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და მმართველობის უმაღლესი ორგანოები:

  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;
  2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა;
  3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;
  4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა;
  6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზსს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს;
  7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე. – ვკითხულობთ საქართველოს  დამოუკიდებლობის აქტში.

1919 წელს დამფუძნებელმა კრებამ დაიწყო საქართველოს პირველი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა – შექმნა საკონსტიტუციო კომისია.

კონსტიტუციის  პროექტზე სამი წლის მუშაობის შემდეგ – დამფუძნებელი კრება ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის „თეატრალურ დარბაზში“ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციას ღებულობს..

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოჭრილი წითელი არმიის ქვედანაყოფები კი  თბილისის  მიმართულებით სვლას აგრძელებენ…

მსოფლიო კონსტიტუციების გამოცდილებაზე დაფუძნებული საქართველოს პირველი კონტიტუცია ზუსტად ასახავდა საქართველოს ისტორიულ, კულტურულ და სხვა სახის თავისებურებებს, – კონსტიტუცია ფაქტობრივად ძალაში არ შესულა – 25 თებერვალს რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძე ლენინს დეპეშით აცნობს: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“

17 მარტს დამფუძნებელი კრების დადგენილებით შეჩერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება.