პაპავა აკაკი ამბაკოს ძე

(დ. 1890,   ქ. სამტრედია). ქართველი. ვექილი.

თფილისის ადრესი – სომხების ბაზარი №3.

პარტიული რწმენა – სოციალისტ-ფედერალისტი

პირველდაწყებითი სწავლა მიიღო კულაშის ნორმალურ სასწავლებელში, რის შემდგომ შევიდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. შემდეგ გაემგზავრა დორპატში (იურევში) საცა 1 წელი დაჰყო ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მეორე წელს გადაერიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე. ხოლო სახელმწიფო ეგზამენები ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტში

1915 წელს. დორპატში ყოფნის დროს რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ქართ. სტუდ. სათვისტომოს, რომლის თავმჯდომარედ ითვლებოდა, აქვე მისი მეთაურობით დაარსდა

სახელობის სალიტერატურო სამეცნიერო წრე, რომლის თავმჯდომარედაც იქმნა არჩეული. აკ. პაპავა მოწაფეობის დროიდან იღებდა მონაწილეობას სხვა და სხვა პერიოდულ და არაპერიოდულ გამოცემებში. სწერდა და სხვა და სხვა ადგილას (რუსეთში და ჩვენში) კითხულობდა საჯარო ლექციებს ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. უმეტესად მისი კრიტიკული წერილები შეეხება თანამედროვე ქართულ პოეზიას, თეატრს და ხელოვნებას. კრიტიკულ წერილების გარდა, მას აქვს რამდენიმე მოთხრობაც და საზოგადოდ ბელეტრისტულ ხასითის ნაწარმოებნი; ერთ ასეთ ნაწარმოებისათვის ქარ. სიტყვა-კაზ. მწერლ. საზოგადოებამ საკონკურსო პრემია მიუსაჯა. აგრეთვე სწერდა პოლიტიკურ და სოციალურ ხასიათის წერილებს სხვა და სხვა ფსევდონიმებით. ქუთაისის და ტფილისის ჟურნალ-გაზეთებში ბოლო დროს იგი რედაქტორობდა სამხატვრო-სამეცნიერო ჟურნალ „პრომეთეს“ ს და ითვლება საქართველოს მწერალთა კონფერენციის მიერ არჩეულ საბჭოში.

1912 წლ. დაპატიმრებულ იქმნა რუსეთში ადმინისტრატიულის წესით სტუდენტ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის კონფერენციაზე მონაწილეობისათვის. 1915 წლიდან მსახურებდა ზემგორში, შემდეგ კავკასიის ფრონტზე იყო გაგზავნილი, საცა დრო-გამოშვებით დაჰყო რევოლიუციამდე, რის შემდეგ ტფილისში იქმნა დატოვებული, როგორც წევრი საფრონტო ყრილობისა; ამას შემდეგ იგი ირიცხებოდა მ. და ს. დეპ. საბჭოს და „კრაევოის ცენტრის“ წევრად. მეორე კონფერენციაზე იქმნა არჩეული სოც.-ფედ. პარტიის მთავარ კომიტეტის წევრად.

ამხანად იგი ითვლება ქალაქთა კავშირის მთავარ კომიტეტის და მომარაგების კომიტეტის წევრად.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე

დაიბადა 5 იანვარი, 1863, სოფელ ლიხაური, ოზურგეთის მაზრა, გურია – გ. 21 თებერვალი, 1953. ქართველი. ისტორიკოსი, არქეოლოგი.  საზოგადო მოღვაწე. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ეროვნულ-დემოკრატი

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა პეტროგრადის უნივერსიტეტში და დაამთავრა ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1887 წელს.

იყო ჯერ მასწავლებლად, შემდეგ გამგეთ ტფილისის სათავად-აზნაურო სკოლისა, შემდეგ ისტორიის და ლათინური ენის მასწავლებლად ტფილისის ქალთა მეორე და ვაჟთა მეექვსე გიმნაზიებში. ახლა არქეოლოგიის პროფესორია ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აქვს მინიჭებული ამავე უნივერსიტეტის საბჭოსაგან ხარისხი მოძღვართ მოძღვრობისა ანუ დოქტორობისა […] მონაწილეობას იღებდა ყველა ქართულ კულტურულ დაწესებულებაში.

დამაარსებელია საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, რომლის თავმჯდომარეთ ითვლება დღიდან დაარსებისა (1907 წ.). წევრია მრავალ სამეცნიერო და საქველმოქმედო საზოგადოებისა, იყო მდივანი მოსკოვის საარქეოლოგო საზოგადოების კავკასიის განყოფილებისა, ეხლა არის საპატიო წევრი იმავე განყოფილებისა. ნამდვილი წევრია კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო ინსტიტუტისა. მას ეკუთვნის მრავალი შრომანი და გამოცემანი ქართულს და რუსულს ენაზედ (ცალკე ჩამოთვლა ბევრს ადგილს დაიჭერს). ორი მისი შრომა დაჯილდოვებულია ოქროს მედლებით. ერთი რუსეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ, მეორე რუსეთის საარქეოლოგიო საზოგადოების მიერ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი