ადამიანის უფლებები

992221_454855924626710_632483345_nრას ნიშნავს ადამიანის უფლებები?

დეფინიცია „ადამიანის უფლებები“ ორი სიტყვისგან შედგება – ადამიანი და უფლებები.

ადამიანი არის საზოგადოებრივი გონიერი არსება: მამაკაცი, ქალი ბავშვი.

უფლება არის მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ხშირად სამართლიანად ვაცხადებთ.

მაგალითად, ბავშვს აქვს უფლება წაიყვანონ ზოოპარკში თუ მშობლები შეჰპირდნენ. მაგრამ ბავშვს ზოპარკში წაყვანის იმედი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის პირობებს და გარანტიებს მშობლები ანუ მეორე მხარე იძლევა.

ამ ტიპის მოთხოვნებისაგან განსხვავებით ადამიანის უფლებები არ არის დამოკიდებული მეორე მხარის დაპირებებსა და გარანტიებზე.

მაგალითად, სიცოცხლის უფლება არ არის დამოკიდებული ვინმეს დაპირებაზე.

ადამიანის სიცოცხლე შეიძლება იყოს სხვაზე დამოკიდებული; ადამიანის სიცოცხლის უფლება შეუძლებელია დამოკიდებული იყოს ვინმეზე ან რამეზე.

სიცოცხლის უფლება არის თანდაყოლილი უფლება. სიცოცხლის უფლება ადამიანს იმიტომ ეკუთვნის, რომ  ადამიანად დაიბადა.

ამიტომ ყველას შეუძლია განაცხადოს:

მე მაქვს სიცოცხლის უფლება, უფლება, იმის და მიუხედავად რას გააკეთებთ ან იტყვით თქვენ, იმიტომ, რომ მე ადამიანი ვარ ისევე როგორც თქვენ. და თუ მე შემიძლია განვაცხადო პრეტენზია ამ უფლებაზე, მაშინ ყველას შეუძლია გააკეთოს იგივე.

ფუნდამენტური უფლებები ყოველთვის და ყველგან მთელს მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის ერთი და იგივეა მიუხედავად რასის, ფერის, სქესის, ენის, სარწმუნოების, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონების, წარმოშობის თუ სხვა სტატუსისა.

სიცოცხლის, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია.

ეს უფლებები თანდაყოლილია. და არავის – არც ერთ პიროვნებას, არც ერთ მთავრობას არ შეუძლია ადამიანისთვის ამ უფლებების წართმევა.

სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სხვა ფუნდამენტური უფლებები  კონსტიტუციაზე,  ქვეყნის ძირითად კანონზე მაღლა დგანან.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი საქართველოს კონსტიტუცია.
ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ–ტელევიზია GeolibTV და საქართველოს სამოქალაქო განათლების განყოფილება იწყებს პროექტს “საქართველოს კონსტიტუციის ისტორიიდან…”
ფილმი პირველი — საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას ეძღვნება.

* * *

1918 წლის 26 მაისს, კვირას, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი – გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია სწორედ ამ თარიღს უკავშირდება – მიღებულ იქნა პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი.

დამოუკიდებლობის აქტით განისაზღვრა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, იურისდიქციის ფარგლები, პოლიტიკური წყობილების ფორმა, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და მმართველობის უმაღლესი ორგანოები:

  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;
  2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა;
  3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;
  4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა;
  6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზსს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს;
  7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე. – ვკითხულობთ საქართველოს  დამოუკიდებლობის აქტში.

1919 წელს დამფუძნებელმა კრებამ დაიწყო საქართველოს პირველი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა – შექმნა საკონსტიტუციო კომისია.

კონსტიტუციის  პროექტზე სამი წლის მუშაობის შემდეგ – დამფუძნებელი კრება ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის „თეატრალურ დარბაზში“ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციას ღებულობს..

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოჭრილი წითელი არმიის ქვედანაყოფები კი  თბილისის  მიმართულებით სვლას აგრძელებენ…

მსოფლიო კონსტიტუციების გამოცდილებაზე დაფუძნებული საქართველოს პირველი კონტიტუცია ზუსტად ასახავდა საქართველოს ისტორიულ, კულტურულ და სხვა სახის თავისებურებებს, – კონსტიტუცია ფაქტობრივად ძალაში არ შესულა – 25 თებერვალს რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძე ლენინს დეპეშით აცნობს: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“

17 მარტს დამფუძნებელი კრების დადგენილებით შეჩერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება.