ისააკ ბაბელი (1894 – 1940)

isak babeli– ჩემი აზრით მწერალს სამუშაო მაგიდაზე უნდა ეწყოს დაახლოებით 20-30 შედევრი ნაწარმოები.
– მაინც რომლები? წამოიყვირეს ახალგაზრდა მწერლებმა.
– ოო! აი ამისათვის კი, ათასობით შედევრი უნდა წაიკითხოთ …

ისააკ ბაბელი 

ისააკ ემანუილის ძე ბაბელი ოდესაში, 1894 წლის 1 ივლისს ვაჭარ-ებრაელთა ოჯახში დაიბადა. ავტობიოგრაფიაში (1924) ბაბელი წერდა:  „მამაჩემის დაჟინებით 16 წლამდე ვსწავლობდი ებრაულ ენას, ბიბლიას, თალმუდს. სახლში ბავშვობის პერიოდი არც ისე იოლი მქონდა. წარმოიდგინეთ მაძალებდნენ დილიდან საღამომდე მემეცადინა მრავალ სხვადასხვა მეცნიერებებში. სკოლაში თუ მოვახერხებდი ცოტა ამოსუნთქვას“. ოდესის კომერციულ სასწავლებელში, სადაც მომავალი მწერალი სწავლობდა. პროგრამა ძალიან დატვირთული იყო. ისწავლებოდა ქიმია, პოლიტეკონომია, სამართლმცოდნეობა, ბუღალტერია, საქონელმცოდნეობა, სამი უცხო ენა და სხვა. „დასვენებაზე“ საუბრისას ბაბელი თავისუფლების გრძნობას გულისხმობდა. მწერლის მოგონებებით, შესვენებებზე ან გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები მიდიოდნენ პორტში, ბერძნულ ყავახანაში, ან მოლდოვანკაზე, რათა მეგობრების სპეციალურ ღვინის სარდაფებში უბრალო, ბესარაბული ღვინო დაელიათ. ეს და სხვა მრავალი შთაბეჭდილებები შემდგომში საფუძვლად დაედო მწერლის პროზას, განსაკუთრებით კი ბაბელის „ოდესურ მოთხრობებს“.

ისააკ ბაბელმა წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. ორი წლის განმავლობაში ფლობერის და მოპასანის ზეგავლენით ფრანგულ ენაზე წერდა. ფრანგული ენის სტიქიამ მწერალს ლიტერატურული ენისა და სტილის შეგრძნება გაუმძაფრა. უკვე თავის პირველ მოთხრობებში ბაბელი მიისწრაფვის სტილისტური სინატიფისა და მაღალი ხარისხის მხატვრული გამოხატულებისაკენ. „მე ვიღებ ხოლმე მასალად, რაღაც უბრალოს, მაგალითად ანეკდოტს, ან რაიმე კურიოზულ ამბავს და ვაკეთებ ისეთ ისტორიას, რომ თვითონვე მიჭირს მოვწყდე ჩემსავე ნაწერს“… – იხსენებდა მწერალი.

ადრევე გამოიხატა მწერლის პროზის დამახასიათებელი თვისება, როგორც ენობრივი, ასევე საყოფაცხოვრებო გამოხატულების ნაირგვაროვანი ფენების შერწყმა და შეერთება. ადრეული შემოქმედებისთვის საყურადღებოა მოთხრობა „ჭუჭრუტანაში“, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ერთ-ერთი ბინის მფლობელი ქალისაგან 5 მანეთად ყიდულობს უფლებას, მეზობელ ბინაში, ჭუჭრუტანიდან თვალი ადევნოს მეძავების „მოღვაწეობას“.

კიევის კომერციული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1915 წელს ბაბელი პეტერბურგში ჩადის. მას შემდეგ, რაც კიევში და ოდესაში გამოქვეყნებული მოთხრობები შეუმჩნეველი დარჩა, ახალგაზრდა მწერალი დარწმუნდა, რომ მხოლოდ დედაქალაქს შეუძლია მოუტანოს აღიარება. თუმცა პეტერბურგელი რედაქტორები ურჩევდნენ ბაბელს უარი ეთქვა მწერლობაზე და ვაჭრობა დაეწყო. ასე გრძელდებოდა ერთი წელიწადი, სანამ მწერალი მაქსიმ გორკისთან არ მივიდა რედაქციაში. გორკის რედაქციაში დაიბეჭდა ბაბელის მოთხრობები: „ელია ისააკოვიჩი და მარგარიტა პროკოფევნა“,  „დედა, რიმა და ალა“. მოთხრობებმა დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველებში, და სასამართლო ორგანოებში. აპირებდნენ ბაბელის პასუხისგებაში მიცემას პორნოგრაფიისთვის. სასამართლო გარჩევებისგან, რომელიც 1917 წლის მარტში იყო დანიშნული, მწერალი თებერვლის რევოლუციამ იხსნა.

ბაბელი საგანგებო კომისიაში, გაზეთ „წითელი კავალერისტის“ კორესპონდენტად მსახურობდა. იბრძოდა რუმინეთისა და ჩრდილოეთ პოლონეთის ფრონტზე. მოღვაწეობდა პეტროგრადის და თბილისის სხვადასხვა გაზეთებში რეპორტიორად.

მხატვრულ შემოქმედებას მწერალი 1923 წელს დაუბრუნდა: ჟურნალ „ლეფ-ში“, სადაც დაიბეჭდა მოთხრობები: „მარილი“, „წერილი“, „დოლგუშოვის სიკვდილი“, „მეფე“ და სხვები. ლიტერატურის კრიტიკოსი ალექსანდრ ვორონსკი წერდა: ბაბელი მკითხველს არა მარტო თავის არაჩვეულებრივი და მდიდარი ცხოვრებისეული მასალით იპყრობს, არამედ კულტურით, ჭკუით და მთხრობელის მტკიცე ტალანტით“.

მალე მწერლის მხატვრული პროზა გაფორმდა მოთხრობათა სამ ციკლში: „ცხენოსანთა არმია“, „ებრაული მოთხრობები“ და „ოდესური მოთხრობები“.

მოთხრობათა ციკლს „ცხენოსნების არმია“, საფუძვლად დაედო დღიურის ჩანაწერები. ბაბელის მიერ ბუდიონის არმიის შესახებ გადმოცემული ამბები განსხვავდებოდა ლამაზი ლეგენდისაგან, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდა თხზავდა. გაუმართლებული სისასტიკე, ცხოველური ინსტიქტები ჩრდილავდნენ იმ იმედს, რომელსაც მწერალი რევოლუციაში ხედავდა. წითელმა მეთაურებმა მწერალს წითელ არმიაზე ჩირქის მოცხება არ აპატიეს. დაიწყო მწერალზე შეურიგებელი დევნა, რომელსაც სიმეონ ბუდიონი ხელმძღვანელობდა. მაქსიმ გორკი ბაბელს იცავდა. გორკი წერდა, რომ ბაბელმა უკეთესად და უფრო რეალისტურად გადმოგვცა ბუდიონის არმიის მოღვაწეობა, ვიდრე გოგოლმა ზაპოროჟელების.

მცდელობა, რევოლუციაში რომანტიულობა, ადამიანური ვნებები ამოეცნო, მწერლისთვის უშედეგოდ დასრულდა. ბაბელს სულიერი მარტოობა და სიცარიელე დაეუფლა. „რატომ დამეუფლა ასეთი სულიერი კაეშანი? იმიტომ, რომ… არ ვიცი, ალბათ დიდ, სამუდამო პანაშვიდზე ვიმყოფებით“ – წერდა მწერალი თავის დღიურში. თითქოს თავისებური შველა მწერალმა „ოდესურ მოთხრობებზე“ მუშაობისას იპოვნა. ამ მოთხრობების უცნაური და ფანტასტიკური, ჰიპერბოლური სამყარო, ბაბელისეული ოდესა დასახლებული პერსონაჟებით, რომლებშიც მწერლის სიტყვებით არის: „სიფიცხე, მგზნებარება, სიმსუბუქე და ხან მომაჯადოვებული სევდა, ხან ცხოვრების მგზნებარე აღქმა. ასევე რეალური, ოდესური გმირების ისტორიები, განსაკუთრებით დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლების ისტორიები, როგორებიც იყვნენ: მიშკა აიაპონჩიკი, სონია ოქროს ხელება და სხვები. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ოდესელი დამნაშავის ბენია კრიკის ისტორიები. მართალია ბენია კრიკი დამნაშავეა, მაგრამ არის რაინდი და სუსტთა, მაშვრალთა დამცველი და აპოლოგეტი. „ოდესელი რობინ ჰუდი“ ასე უწოდებდა მას მწერალი. მწერლის მოთხრობების სტილისტიკა ლაკონურობით გამოირჩევა, მაგრამ ამავე დროს სავსეა მეტაფორებითა და ხატოვნებით. ბაბელი ამბობდა: „მე მზად ვარ დავწერო მოთხრობა თეთრეულის რეცხვაზე და ეს მოთხრობა, იულიუს კეისრის პროზაზე არანაკლებ საინტერესო იქნება“.

საბჭოთა რეჟიმისგან თავის დაცვის მიზნით, 1937 წელს ბაბელმა დაწერა სტატია – სიცრუე: „ღალატი და სმერდიაკოვშინა“. სადაც ის პოზიტიურ კონტექსტში ეხმაურება „ხალხის მტრებზე“ განხორციელებულ პროცესს. ამის შემდეგ ის წერდა წერილებში: „ძალიან ცუდად ვარ; ცუდად ვარ, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. როგორ შევხედოთ ვალებში ხალხს“.

„ოდესური მოთხრობების“ ტრაგედიამ განსახიერება ჰპოვა ნოველაში – „ფროიმ გრაჩი“. მთავარი პერსონაჟი ცდილობს დადოს „ღირსების ხელშეკრულება“ საბჭოთა მთავრობასთან და იღუპება ჩეკისტების ხელით. მოთხრობაში აშკარად ჩანს ნეგატიური დამოკიდებულება ბოლშევიკებისადმი. სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალი მოთხრობებში მიუბრუნდა შემოქმედებით თემებს. ბაბელი შემოქმედებით ცხოვრებას აღიქვამდა, როგორც საუკეთესო პროცესს, რაც კი შეიძლება ადამიანმა აკეთოს. სწორედ ამ თემას ეკუთვნის მისი ერთ-ერთი ბოლო მოთხრობა – იგავი შემოქმედების ჯადოსნურ ძალაზე: „დი გრასსო“.

1939 წლის მაისის ბოლოს, პერედელკინოში, აგარაკზე ისააკ ბაბელი დააპატიმრეს. მწერალი ბრალდებული იყო ანტი საბჭოთა ქმედებაში და ტერორისტული აქტების მოწყობის მომზადებაში. წამების ქვეშ ბაბელმა მრავალი ცრუ ჩვენება მისცა, მაგრამ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის ბოლოს ხდომაზე მწერალმა ყველა წინა ჩვენება უარყო. 1940 წლის 27 იანვარს ისააკ ბაბელი დახვრიტეს. სხეული კი დონის მონასტრის კრემატორიუმში დაწვეს.

მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობა 80-მდე მოთხრობას, ორ პიესას: „დაისი“ და „მარია“, ხუთ კინოსცენარს და რამდენიმე სტატიას ითვლის.

იოსიფ ბროდსკი (1940 – 1996)

brotckiთანამედროვეობის გამოჩენილი რუსი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი იოსიფ ბროდსკი 1940 წლის 24 მაისს ლენინგრადში დაიბადა. „არასაბჭოთა“ მოქალაქეს სახელი ბედის ირონიით იოსებ სტალინის საპატივცემულოდ დაარქვეს. ბავშვობაშივე ბროდსკის ცხოვრებაში უხვად იყო სიმბოლოები:  ყრმობა იმ სახლში გაატარა, სადაც რევოლუციამდე ბორისს ლუცკი და ზინაიდა გიპიუსი ცხოვრობდნენ.  დადიოდა სკოლაში, რომელშიც ოდესღაც ალფრედ ნობელი სწავლობდა (1986 წელს ბროდსკიმ ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში).

სიყრმიდანვე დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვოდა. სკოლის დამთავრებამდე სამხედრო ქარხანაში მღარავად დაიწყო მუშაობა. ქირურგობის სურვილმა ციხის ჰოსპიტლის პროზექტორის ასისტენტად, მორგში დააწყებინა მუშაობა. მის შემდეგ რამდენიმე ათეული პროფესია გამოიცვალა: ტექნიკოს-გეოფიზიკოსი, სანიტარი, ცეცხლფარეში, ფოტოგრაფი და სხვა. ეძებდა სამუშაოს, რომელსაც შემოქმედებას შეუთავსებდა. ლექსების წერის მიზეზი ბორის სლუცკის კრებულით გამოწვეული შთაგონება გახდა. ბროდსკის პირველი ლექსი 1957 წელს გამოქვეყნდა. პოეტი მაშინ მხოლოდ 17 წლის იყო.

1950-1960 წლებში ბროდსკი ინტენსიურად სწავლობდა უცხოენებს, პოლონურს და ინგლისურს. ესწრებოდა ლექციებს ფილოლოგიის ფაკულტეტებზე. 1959 წელს, ევგენი ბარატინსკის ლექსების კრებულის აღმოჩენამ, პოეტობის სურვილი საბოლოოდ განუმტკიცა: „ბარატინსკის ლექსები რომ წავიკითხე, მივხვდი, რა უნდა მეკეთებინა“.

იოსიფ ბროდსკი საკუთარ თავს XIX საუკუნის რუს პოეტებთან აიგივებდა. თავის ბედს ლერმონტოვის და პუშკინის ცხოვრებას უკავშირებდა. თუმცა, პოეტის სახასიათო თვისებებმა თავი აქაც იჩინა: ამ პოეტების ჩრდილში რომ არ მოქცეულიყო და მათი ეპიგონი არ გამხდარიყო, უპირატესობას დემონსტრაციულად ბარატინსკისა და ბატიუშკოვის პოეზიას ანიჭებდა.

ბროდსკის პოეზიაშ იუხვად იყო როგორც კლასიკური, ტრადიციული რუსული პოეზიისთვის დამახასიათებელი ლირიკა, ისე მეტაფიზიკური და მოდერნისტული მეტაფოკი, რაც ჯორჯ ელიოტის შემოქმედებისთვისაც იყო დამახასიათებელი.

1963 წელს გამძაფრდა საბჭოთა მთავრობის დამოკიდებულება ბროდსკისადმი. 1964 წლის 13 თებერვალს, საღამოს, მოულოდნელად ქუჩაში დააპატიმრეს. პირველი, დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ პოეტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. პოეტზე ზემოქმედებდნენ სხვადასხვა დამამცირებელი ექსპერიმენტებით, მაგრამ ფსიქიურად ჯანმრთელად იქნა მიჩნეული.

მეორე, ღია სასამართლო, (ძერჟინსკის სახელობის სახალხო სასამართლო – იოსებ ბროდსკის საქმეზე, რომელიც ბრალდებულია „მუქთაორობაში“) ჩატარდა 1964 წლის 13 მარტს. სასამართლოს ვერდიქტი: „5 წლით გადასახლება და იძულებითი, ფიზიკური სამუშაოები“.

გადასახლება პოეტმა გაატარა არხანგელსკის ოლქში, სოფელ ნორინსკში. წლების შემდეგ ბროდსკი იხსენებდა: „იცით, ეს წლები ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე. მართალია დღისით ვმუშაობდი, მაგრამ სოფელში არ არის რთული შესასრულებელი სამუშაოები, ეს ხომ ქარხანა არ არის?! საღამოობით კი საერთოდ უამრავი თავისუფალი დრომ ქონდა, რათა მეკითხა და მეწერა“.

სწორედ გადასახლების პერიოდში ბევრი ცნობილი ლექსი იქნა დაწერილი: „ერთ პოეტ ქალს“, „ორი საათი რეზერვუარში“, „ახალი სტანსები-აგვისტოს“, „ჩრდილოეთის ფოსტა“, „დავეხეტები მეჩხერ ტყეში“, „ორფეოსი და არტემიდა“, „ბატი თხრილში, როგორც სტერეომილი“, „ტყეში დაკარგულ სოფელში“, „მწუხარებითა და სინაზით“ და სხვები.

1965 წელს, მსოფლიო საზოგადოების ზეწოლის გამო, სსრკ-ს უმაღლესმა სასამართლომ შეუმცირა პოეტს გადასახლების ვადა. იმავე წლის სექტემბერში იოსებ ბროდსკი გადასახლებიდან გაანთავისუფლეს.

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ბროდსკის დევნა ფარულად თუ აშკარად მაინც გაგრძელდა. სპეცდანიშნულების ორგანოები ყველა ძალას ხმარობდნენ, რათა შეურიგებელი და უკომპრომისო ხელოვანი საბოლოოდ გაეტეხათ. ბროდსკის სხვა გზა აღარ ჰქონდა, მას საბჭოთა კავშირი უნდა დაეტოვებინა. 1972 წელს პოეტმა დატოვა პეტერბურგი და მთლიანად სამშობლოც, როგორც აღმოჩნდა, სამუდამოდ.

1972 წელს იოსიფ ბროდსკიმ საბჭოთა კავშირი დატოვა და საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა. სადაც, სიცოცხლის ბოლომდე სხვადასხა უნივერსიტეტებში რუსულ ლიტერატურას ასწავლიდა.

საბჭოთა რეჟიმმა პოეტს თვითნებობა არ აპატია და როდესაც მას დედა გარდაეცვალა, სამშობლოში დაბრუნებაზე უარი უთხრეს.

ამერიკაში ბროდსკი ინგლისურ ენაზე ძირითადად ესეისტიკაში მოღვაწეობდა. ბროდსკი ამბობდა: „მე ვარ ინგლისურენოვანი ესეისტი, ამერიკის შეერთებული შტატების მოაქალაქე და რუსი პოეტი“.

1987 წელს გამოქვეყნდა ლექსების კრებული – „ურანია“. ამავე წელს პოეტს „ყოვლისმომცველი შემოქმედებისთვის, რომელიც აზრების სიმამაცით და პოეტური ინტენსივობით არის განმსჭვალული“, ნობელის პრემია მიენიჭა.

1990 წელს საზოგადოებამ ბროდსკის რამდენიმე ახალი კრებული იხილა: „კაპადოკია“, „ატლანტიდის მიდამოებში“ და „გვიმრების შენიშვნები“.

პოეზიასა და ესეისტიკასთან ერთად ცალკე აღნიშვნის ღირსია ბროდსკის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. ბროდსკი იყო ჯონ დონის, ენდრიუ მარველის, ევრიპიდეს, ჩესლავ მილოშის, ტომ სტოპარდისა და რენდან ბიენის პიესების მთარგმნელი.

ცნობილი ამერიკელი კრიტიკოსი სუზან ზონტაგი ამბობდა: „დარწმუნებული ვარ, რომ ბროდსკი თავის ემიგრაციას განიხილავს როგორც შესაძლებლობას იყოს არა მარტო რუსი, არამედ მსოფლიო პოეტი“.

1995 წელს, იოსიფ ბროდსკის სანკტ-პეტერბურგის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. სურვილის მიუხედავად, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მან სამშობლოში დაბრუნება ვერ მოახერხა. „ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი – ჩემი ლექსები ისედაც მანდ არის“ – წერდა პოეტი.

1996 წლის 27 იანვარს იოსიფ ბროდსკი გულის შეტევით გარდაიცვალა. 1997 წელს მისი ცხედარი ნიუ-იორკიდან ვენეციაში გადაასვენეს. იოსიფ ბროდსკი ვენეციაში, სან-მიკელეს სასაფლაოზე არის დაკრძალული.

ალექსანდრ სოლჟენიცინი (1918 – 2008)

soljhenicini„ჩვენ ისე უიმედოდ ვკარგავთ ხოლმე ადამიანის სახეს, რომ ერთი დღის განცხრომისთვისაც კი ვღალატობთ ჩვენს პრინციპებს, შეგვიძლია სულიც კი გავყიდოთ, სინდისი საერთოდ დავივიწყოთ – ოღონდ კი ჩვენს არსებობას რამე მატერიალური არ მოვაკლოთ, ვიცხოვროთ სიცრუესა და სიყალბეში. ბევრ რამეს და ბევრ ვინმეს დაამარცხებს სიცრუე – მაგრამ იგი ვერას გახდება დიდი ხელოვანის წინააღმდეგ.

ნამდვილი მწერალი ყოველთვის ამარცხებდა და მომავალშიც დაამარცხებს სიყალბესა და ფარისევლობას!

და როგორც კი განიფანტება ყველანაირი სიყალბე, თვალნათლივ გადაიშლება სიშიშვლე ძალმომრეობის, – და ძალმომრეობაც სიცრუესთან ერთად განადგურდება.

ამიტომ ჩვენ, მეგობრებო, უნდა ჩავებათ ბრძოლაში – სიცრუის წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთი მართალი სიტყვაც კი მთელ მსოფლიოს გადაწონის“.

ალექსანდრ სოლჟენიცინი

რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრ სოლჟენიცინი 1918 წლის 11 დეკემბერს, ქალაქ კისლოვოდსკში დაიბადა.  მამა,  ისააკ სოლჟენიცინი, ვაჟიშვილის დაბადებამდე,  პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ ნადირობის დროს  დაიღუპა. დედა, ტაისია შჩერბაკი, ყუბანელების მდიდარი ოჯახიდან იყო.

პირველი წლები სოლჟენიცინმა კისლოვოდსკში გაატარა. 1924 წლიდან დედასთან ერთად როსტოვში გადასახლდა. 1941 წელს როსტოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დამთავრა. უფრო ადრე, 1939 წელს, სოლჟენიცინმა მოსკოვის უნივერსიტეტში ლიტერატურისა და ხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ  მის დამთავრებაში ხელი დიდი სამამულო ომის  დაწყებამ შეუშალა.

1942 წელს იგი ფრონტზე გაგზავნეს და ბატარეის მეთაურად დანიშნეს. მან საბრძოლო გზა რუსეთიდან აღმოსავლეთ პრუსიამდე გაიარა და მრავალი მედლით დაჯილდოვდა.

1945 წელს სამხედრო ცენზურამ ალექსანდრ სოლჟენიცინის მეგობარ ნიკოლაი ვიტკევიჩთან მიმოწერას მიაქცია ყურადღება. წერილები სტალინისა და მისი რეჟიმის მძაფრ კრიტიკას შეიცავდა. წერილებში  საბჭოთა ლიტერატურის სიცრუესა და მის ობსკურანტიზმზე იყო საუბარი. რეჟიმმაც არ დააყოვნა: სოლჟენიცინი გაასამართლეს და საბჭოთა კავშირის საკონცენტრაციო ბანაკებში 8 წლის ტყვეობა და შემდეგ გადასახლება მიუსაჯეს. სასჯელს ჯერ მოსკოვთან ახლოს, შემდეგ – „შარაშკაში“ სოფელ მორფინოში იხდიდა.

8 წლიანი პატიმრობის შემდეგ იგი ყაზახეთში, კოკ-ტერეკში გადაასახლეს, სადაც სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა. 1956 წლის 3 თებერვალს, საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სასამართლომ ალექსანდრე სოლჟენიცინი გადასახლებიდან გაათავისუფლა. მწერალი რიაზანის ოლქში დასახლდა, სადაც მასწავლებლად განაგრძო მუშაობა.

ბანაკში, ტყვეობის დროს, სოლჟენიცინს ექიმებმა სიმსივნე აღმოუჩინეს. ტაშკენტის ონკოლოგიურ ცენტრში მან მკურნალობის კურსი ორჯერ გაიარა და ექიმების გასაკვირად სრულიად განიკურნა. მწერალი გამოჯანმრთელებაში უფლის ნებას ხედავდა; რათა  საშუალება მისცემოდა ეუწყა მსოფლიოსათვის საბჭოთა რეჟიმის  ციხეებისა და პატიმრების აუტანელი პირობების შესახებ.

1959 წელს სოლჟენიცინის ცნობილი მოთხრობა „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“ დაიწერა. მოთხრობაში პატიმრის, ივან დენისოვიჩის ცხორების ერთი დღე არის ასახული. გაუსაძლისი პირობების მიუხედავად მთავარი გმირი არ კარგავს ადამიანურ სახეს, ღირსებას, მეტიც, იგი მზადაა დაეხმაროს სხვა პატიმრებს, გაუნაწილოს თავისი მწირი ულუფა. დღის ბოლოს კი, კიდევ ერთი დღისათვის ღმერთს მადლობას უხდის.

რამოდენიმე თვის შემდეგ ჟურნალ „ნოვი მირ“-ის პირველ ნომერში მისი მომდევნო მოთხრობა „მატრონას ეზო“ დაიბეჭდა. მთავარი პერსონაჟი, ამჯერად ქალი, ძალიან წააგავს ივანე შუხოვს. გაჭირვების მიუხედავად არც მატრონა კარგავს სიყვარულისა და სიკეთის გრძნობას. უპირისპირდება ანგარებას და მერკანტილიზმს, რის გამოც თანასოფლელები მას შეშლილად თვლიან.

გადასახლების პერიოდში სოლჟენიცინმა რომანის – „წრე პირველი“ წერა დაიწყო. მწერალმა ნაწარმოები 1968 წელს დაასრულა. რომანში მოქმედება მორფინოს „შარაშკაში“ ვითარდება. აქ, ბანაკებისგან განსხვავებით უკეთესი კვებაა: პატიმრები – მეცნიერები სტალინისა და მისი ხელქვეითებისთვის ზეთანამედროვე მოწყობილობის შექმნაზე მუშაობენ. რომანის ყველა პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს.

1963-1966 წლებში სოლჟენიცინი წერს მოთხრობას „კიბოიანთა კორპუსი“. ალეგორიულ ნაწარმოებში ნათლად ჩანს, რომ კიბოთი არა მარტო ადამიანები, არამედ მთელი სისტემა ავადდება.

1960-იანი წლების  ბოლოს, როდესაც რეპრესიების თემებს ტაბუ დაედო, მწერლის ყველა ნაწარმოების ბეჭდვა შეწყდა. ბიბლიოთეკებიდან დაუყოვნებლივ ამოიღეს სოლჟენიცინის წიგნები.

1968 წელს სოლჟენიცინმა დაასრულა მუშაობა წიგნზე „არქიპელაგი გულაგი“, რომელშიც მკითხველს ბანაკებსა და ციხეებში გატარებულ რეპრესიებზე მოუთხრო. სწორედ ამის შემდეგ გამძაფრდა ზეწოლა მწერალზე და მისი ნაწარმოებები აიკრძალა. 1969 წელს ალექსანდრ სოლჟენიცინი მწერალთა კავშირიდან გარიცხეს.

1970 წელს შვედეთის აკადემიამ სოლჟენიცინი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვა. კომიტეტის განცხადებდა: „პრემია გადაეცემა ალექსანდრე სოლჟენიცინს ზნეობრივი ძალისთვის, რითაც აგრძელებს რუსული ლიტერატურის დიად ტრადიციებს“.

1974 წლის 12 თებერვალს სოლჟენიცინი დააპატიმრეს და 24 საათის შემდეგ საბჭოთა კავშირიდან დასავლეთ გერმანიაში გაასახლეს. ორი წლის შემდეგ მწერალი მეუღლესთან – ნატალია დმიტრიევასთან და ოჯახთან ერთად ციურიხში დასახლდა. მოკლე ხანში კი საცხოვრებლად ამერიკის შტატ ვერმონტში გადავიდა.

ემიგრაციაში სოლჟენიცინმა დაიწყო მუშაობა ეპოპეაზე „წითელი ბორბალი“. რომანი რუსეთის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის თემაზეა აგებული. გამოყენებულია გამოგონილი და ისტორიული პერსონაჟები. ნაწარმოების ძირითადი ნაწილი კი რუსეთის იმპერიის გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მეფის მთავრობის პრემიერ-მინისტრის, პეტრე სტოლიპინის რეფორმატორულ მოღვაწეობას ეთმობა.

საბჭოთა კავშირის მთავრობის სათავეში გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ, სოლჟენიცინის შემოქმედების მიმართ შეხედულებები შეიცვალა და ეტაპობრივად მისი ნაწარმოებების გამოქვეყნება დაიწყო.

1990 წელს სოლჟენიცინს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა აღუდგინეს და ამავე წლის დეკემბერში  სახელმწიფო პრემია მიანიჭეს.

1994 წელს, მწერალი ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. 1997 წელს სოლჟენიცინი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1998 წელს მწერალი ლომონოსოვის ოქროს ორდენით, მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვეს.

ალექსანდრე სოლჟენიცინი 2008 წლის 3 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ალექსანდრე სოლჟენიცინი ქალაქ მოსკოვის წმინდა დიმიტრი დონელის სახელობის მონასტერში არის დაკრძალული.

მასალა მოამზადა გიორგი ბოჯგუამ

სოლონის კანონები

ძველ საბერძნეთში წარჩინებულ მოქალაქეთა და დემოსს შორის არაერთი შეიარაღებული შეტაკების შემდეგ ათენში ძვ.წ 594 წელს არხონტად არჩეული იქნა სოლონი – კეთილშობილი და პატივსაცემი ადამიანი, რომელმაც ათენში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და შემოიღო კანონმდებლობა რომელიც „სოლონის კანონების“ სახელით არის ცნობილი.

რა იყო მნიშვნელოვანი სოლონის კანონმდებლობაში:
1. ათენის მოქალაქეები გათავისუფლდნენ ვალის გადახდის ვალდებულებიდან. ამ კანონით ვალის ქონით გამოწვეული მონობა მოისპო. სოლონის რეფორმას ათენელი გლეხები „სისახფია“-ს ანუ „ტვირთის ჩამოფერთხვას“ უწოდებდნენ.

2. გლეხებს საკუთრებაში დაუბრუნდათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც მანამდე ვალის გამო დაგირავებული ჰქონდათ.

3. აიკრძალა ვალის გამო ადამიანის მონად გაყიდვა, ყველა გაყიდული მონის გამოხსნის ვალდებულებას სახელმწიფო თავის თავზე იღებდა. რეფორმამ მნიშვნელოვნად შეარყია წარჩინებულთა ძალაუფლება, რადგან რეფორმამდე მიწებს ძირითადად ევპატრიდები ფლობდნენ, რეფორმის შემდეგ კი მიწის მცირე ნაკვეთები გლეხობას გადაეცა.

სოლონი მონობის გაუქმების წინაარმდეგი არასოდეს ყოფილა, მას თავად ჰყავდა მონები. რეფორმა, რომელიც მან გაატარა მონობის წინააღმდეგ მხოლოდ ათენელთა მონობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი აზრით, ვალის გამო გლეხების მონად გაყიდვა ხელს უშლიდა ათენში მეურნეობის განვითარებას. ხოლო, რაც შეეხება გლეხებისათვის დამატებითი მიწების გადაცემას, სოლონი ამას საჭიროდ არ თვლიდა.

სოლონის რეფორმა სახელმწიფო მოწყობის საკითხებსაც შეეხო:

სოლონმა ათენის მკვიდრი მოსახლეობა შემოსავლების მიხედვით დაყო ოთხ კატეგორიად: მსხვილი მონათმფლობელები, – მათი შემოსავალი 500 ერთეულს აღემატებოდა; მეორე კატეგორიას მხედრებს უწოდებდნენ – მათი შემოსავალი 300 ერთეული იყო; მესამე – ზებგიტები – მათი შემოსავალი 200 ერთეულს არ აღემატებოდა და მეოთხე კატეგორიაში გაერთიანდა ყველა მცირე შემოსავლის მქონე ათენის მოქალაქე.

მოსახლეობის არც ერთ კატეორიას არ მიეკუთვნებოდნენ მონები და შესაბამისად მათ არც რაიმე უფლება ჰქონდათ.

მოქალაქეების დაყოფამ შემოსავლების მიხედვით დიდად შეარყია დიდგვაროვანთა წარმოშობის მნიშვნელობა. მთავარი ახლა ქონება გახდა, ვისაც შემოსავალი ჰქონდა,  მოქალაქეთა დაყოფის უმაღლეს კატეგორიაში ხვდებოდა.

სოლონის კანონების მიხედვით სახელმწიფო საქმეებს ათენში ჯერ სახალხო კრება განიხილავდა, შემდეგ კი სოლონის მიერ შექმნილი ოთხასთა საბჭო და სხვადასხვა ოფიციალური პირები.

სახალხო კრებაში მონაწილეობას იღებდნენ ოთხივე სოციალური ფენის წარმომადგენლები. რაც შეეხება ოთხასთა საბჭოსა და ქვეყნის ოფიციალურ ორგანოთა თანამდებობებს ეს თანამდებობები ფეტებისთვის მიუწვდომელი იყო. არხონტებად და ხაზინადრებად მხოლოდ პირველი კატეგორიის მოქალაქეები ინიშნებოდნენ, სხვა თანამდებობებზე კი – მხედრები და ზევგიტები.

თანამდებობის პირთა არჩევის საკითხების განხილვისას სახალხო კრებას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. სხვა საკითხები, განიხილებოდა ოთხასთა საბჭოში. ქალები სახალხო კრებაში მონაწილეობას არ იღებდნენ.

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოლონის მიერ სასამართლოს შექმნას, სადაც მოსამართლეთა შერჩევა ათენის მოქალაქეებიდან ხდებოდა, რომელთა ასაკიც 30 წელი იყო. სასამართლოს წევრთა არჩევა კენჭისყრით ხდებოდა, ამასთან, სოციალურ სტატუსსა და შემოსავლებს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ათენის ჯარში პირველი მაღალი ფენის წარმომადგენლები ცხენოსანთა რაზმში მსახურობდნენ, ზევგიტები მძიმედ შეიარაღებულ ქვეით ჯარს წარმოადგენდნენ, ხოლო მსუბუქად შეიარაღებული რაზმის მეომრები ფეტები იყვნენ.

სოლონის კანონებმა დასაბამი მისცა ათენში დემოკრატიის განვითარებას. (სიტყვა დემოკრატია ბერძნულად „ხალხის მმართველობას“ ნიშნავს).

ლეგენდის მიხედვით კანონების შემოღების შემდეგ სოლონმა ათენელ მოქალაქეებს მოსთხოვა ფიცი დაედოთ, რომ 10 წლის განმავლობაში არ შეცვლიდნენ მის კანონებს, თვით სოლონი კი შორეულ მოგზაურობაში გაემგზავრა.

ათენში დაბრუნებულმა სოლონმა ნახა, რომ დემოსსა და არისტოკრატიას შორის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა.

სოლონმა მრავალი სხვა რეფორმატორის ბედი გაიზიარა. მისი რეფორმებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მდიდრები, (მათ მუქთა სამუშაო ძალა და ვალში აღებული მიწები დაკარგეს) და გლეხები – რომლებიც რეფორმის შედეგად უკმაყოფილონი დარჩნენ, ვინაიდან მათ სარგებლობაში არასაკმარისი მიწები იყო.

დრაკონის კანონები

ძველბერძნულ პოლის ათენში დრაკონმა, პირველმა ძვ. წ. 621 წელს შექმნა სამართლის ნორმები, რომელსაც „დრაკონის კანონები“ ეწოდა. ეს კანონები ათენის ისტორიაში ჩვენამდე პირველი წერილობითი ფორმით მოღწეული კანონთა კრებულია

ხშირ შემთხვევაში კანონის შედგენისას დრაკონმა წერილობით დააფიქსირა უკვე არსებული ნორმები. ანტიკურ სამყაროში დრაკონის კანონებს უწოდებდნენ არა „νομοι“ – „კანონები“, არამედ „υεσμοι“ – „წესი“.

დრაკონის კანონებში მეტ-ნაკლებად ნათლად იქნა გაწერილი პოლისის მმართველთა ფუნქციები და მათი არჩევის წესი.  მართალია კანონები  ეხებოდა სახელმწიფოს მოწყობის საკითხებსაც, მაგრამ მათში განსაკუთრებული ადგილი სისხლის სამართლის საკითხებს ეთმობოდა.

ამ კანონების მიხედვით ყველა დანაშაული, მიუხედავად იმისა, მცირე იყო ის თუ დიდი ისჯებოდა სიკვდილით. როდესაც დრაკონს ჰკითხეს თუ რატომ იყო მისი კანონები ასე მკაცრი, მან უპასუხა, რომ მცირე დანაშაულისთვის ასეთი სასჯელი დამსახურებულად მიაჩნდა, ხოლო უფრო მძიმე სასჯელისთვის სხვა ვერაფერი მოიფიქრა.

პლუტარქე ამბობდა, რომ დრაკონის კანონები დაწერილი იყო არა მელნით, არამედ სისხლით. ამ კანონების მიხედვით სიკვდილით ისჯებოდა როგორც მკვლელი, ასევე სხვის ბაღში შეაპრული ვაშლის ქურდიც. დანაშაულად არ განიხილებოდა მკვლელობა, რომელიც თავდაცვის მიზნით იყო ჩადენლი.

საგულისხმოა, რომ დრაკონის კანონები ვრცელდებოდა უსულო საგნებზეც, მაგალითად, როდესაც ბერძენი ათლეტის ფეაგენის სპილენძის ქანდაკება  ადამიანს დაეცა, დაზარალებულის შვილებმა ქანდაკების წინააღმდეგ მკვლელობის ბრალდებით საჩივარი შეიტანეს. პოლისის მცხოვრებლებმა დრაკონის კანონების შესაბამისად ქანდაკება ზღვაში გადააგდეს.

კანონის მიხედვით მკვლელობის დანაშაულს სხვადასხვა კვალიფკაცია ეძლეოდა. მაგ: წინასწარგანზრახული, გაუთვალისწინებელი, და თავდაცვის მიზნით ჩადენილი. გათვალისწინებულ იქნა უბედური შემთხვევის შედეგად სიკვდილიც (მაგ. სპორტული შეჯიბრებების დროს).

არეოპაგი განიხილავდა მხოლოდ განზრახ მკვლელობის დანაშაულს და სასჯელიც შესაფერისად მკაცრი – სიკვდილით დასჯა იყო.

ეფეტების კოლეგია პალადიუმში რომელიც არჩეული მოქალაქეებიდან იყო დაკომპლექტებული და რომლის წევრთა ასაკიც 50 წლის აღემატებოდა გაუთვალისწინებელი მკვლელობების საქმეებს განიხილავდა ასეთი  მკვლელობები ისჯებოდა გაძევებით და არა სიკვდილით. თავდაცვის მიზნით მკვლელობა ან საკუთრების დაცვა არ ისჯებოდა კანონით.

ეფეტები ოთხ სასამართლო პალატში განიხილავდნენ გარკვეული შინაარსის საქმეებს, ამიტომ ეფესების სხდომა ხან ერთ და ხან მეორე პალატაში მიმდინარეობდა, იმისდა მიხედვით, თუ რომელ შემთხვევას განიხილავდნენ. მეფე თავმჯდომარეობდა ყველა საქმის განხილვას. შემდგომში დემოკრატიის განვითარებასთან ერთად ეფესების კოლეგიის საქმიანობა გარკვეულწილად შეიზღუდა. მას მხოლოდ რელიგიური საკითხების განხილვის შესაძლებლობა მიეცა.

მართალია კანონებმა, რომელიც დრაკონს ეკუთვნის მკაცრი და ულმობელი კანონების სახელი დაიმკვიდრეს ისტორიაში, უნდა ღინიშნოს, რომ ისინი ბერძნული სამართლის განვითარების საქმეში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.