ავტობიოგრაფია
(დ. 19 მარიამობისთვე, 1878, სოფელი „ნოღაში“ (საჯევახოს მხარე აღმოსავლეთ გურიის საზღვრებთან). ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერ.). ქართველი. თფილისის ტრამვაის მოსამსახურე სადგურის უფროსის თანაშემწე. საქართველოს ეროვნულ საბჭოს წევრი
თფილისის მისამართი (ადრესი) მეთორმეტე სამილიციო ნაწილი, შერემეტიევის ქუჩა. სახლი. სახლი 40 ნომერი (დიდუბეში) ფ. გ. ლორია.
პარტიული რწმენა – რწმენით სოციალ-დემოკრატი (მეუმცირესე) ვითვლები პარტიაში 1903 წლიდგან.
განათლება მივიღე ჩემ სოფელ ნოღაში სამრევლო სკოლაში. ამით დავამთავრე ჩემი განათლების გზაზე მსვლელობა.
1903 წლიდგან ბევრი უმიზნოთ აქეთ იქით მოგზაურობისა დავდექი სამსახურში. თფილისის ქალაქის თვითმართველობაში, სადაც დავყავი ორნახევარი წელიწადი, და სადაც მეტი საშუალება მომეცა გავცნობოდი ტრამვაის მუშა მოსამსახურეთა მაშინდელ მოწინავე ამხანაგებს და იმათი საშვალებით გავიგე და დაუახლოვდი მუშათა მოძრაობის მაშინდელ ხელმძღვანელებს ჩვენში და დღემდის შეძლების დაგვარათ განვაგრძობ ამ გზაზე შრომას. ქალაქის თვითმართველობიდგან ორ წლინახევრის შემდეგ 1905 წელს დამითხოვეს სამსახურიდგან რადგანაც ის საქმე, რასაც მე თვალყურს ვადევნებდი იჯარით გასცა ქალაქის გამგეობამ და მეც უადგილოთ დავრჩი.
რამდენიმე ხნით სოფელში
წავედი. ეს ის ხანა იყო როცა ჩვენი ქალაქები და სოფლები პირველი რევოლიუციის ტალღებისაგან
აღფრთოვანებულები იმედით შეჰყურებდნენ მომავალს. მეც სოფლის ამხანაგებთან ერთად ვეწეოდი
არაერთ მუშაობას. მაგრამ როცა თავისუფლება და რევოლიუცია ხანმოკლე გამოდგა და დეკემბრის
(1905 წელს) რეაქციამ წამოყო თავი. სხვა და სხვა დამსჯელმა რაზმები მოედო სოფლად სათარეშოთ
განსაკუთრებით მთელს გურიას და მის მეზობლათ მდებარე რაიონებს, ალიხანოვ ავარსკების
და სხვათა მეთაურობით, დაუწყეს სოფლებს განადგურება.
ამ დროს ზოგიერთმა ამხანაგებმა
ისევ ქალაქებს მივაშურეთ და აქ ჩავებით არაერთ მუშაობაში. 1906 წელს მარტის უკანასკნელ
რიცხვებში დავდექი თფილისის ტრამვაიში სადაც დღემდის განვაგრძობ მუშაობას და სადაც
ამ ხნის განმავლობაში ბევრი დევნა და შევიწროვება გამოვიარე სხვა ამხანაგებთან ერთად,
როგორც მთავრობისაგან ისე მაშინდელ ტრამვაის ადმინისტრაციისაგან.
1913 წელს მარიამობისთვის ბოლო რიცხვებში ტრამვაიში ეკონომიური გაფიცვის მოწყობისათვის სხვა ამხანაგებთან ერთად დამატუსაღეს და მეტეხის ციხეში მომათავსეს, სადაც დავყავი დაახლოვებით ერთ თვეზე მეტი და საიდგანაც გაფიცვის მუშა მოსამსახურეთა გამარჯვებით გათავების შემდეგ, ტრამვაის დირექციამ თავდებობით გაგვანთავისუფლა. მთავრობამ კი პასუხისგებაში მიგვცა როგორც დამნაშავეები, მაგრამ თფილისის საოლქო სასამართლომ ყველანი გაგვამართლა.
მეორეთ დამატუსაღეს
1914 წელს ივლისის 9 ს. გათენებისას. და ისევ მეტეხის ციხეში ჩამსვეს კიდევ ტრამვაის
გაფიცვის მოწყობისთვის სადაც დავყავი ივლისიდგან ოქტომბრის ბოლო რიცხვებამდე. მემრე
კი გადამასახლეს რუსეთში სარატოვის გუბერნიაში ქალაქ ცარიცინში, ჩვენში სამხედრო წესების
მოხსნამდის.
(ომი ახალი დაწყებული იყო და მთელ ამიერკავკასიაში სამხედრო წესები იყო გამოცხადებული).
რუსეთში დავრჩი 1915 წლის მაისის შვა რიცხვებამდე საიდგანაც გამანთავისუფლეს მაშინდელი სახელმწიფო სათათბიროს წევრის და ახლა კი ჩვენი საქართველოს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარის დიდათ პატივცემულის ნიკოლოზ სამსონის ძე ჩხეიძის შვამდგომლობით მაშინდელი კავკასიის უმაღლესი მთავრობის წინაშე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოგზაურობის შემდეგ ისევ დაუბრუნდი ტრამვაის სამსახურს, სადაც დღემდის განვაგრძობ მუშაობას.
რევოლიუციის პირველი დღიდგანვე
არჩეული ვარ სხვა და სხვა რევოლიუციონურ ორგანიზაციებში, მაგალითათ მუშათა და სალდათთა
აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ.
ტრამვაის საავათმყოფო
გამგეობის წევრათ დღიდგან დაარსებისა. 1913 წლიდგან პროფესიონალურ კავშირის გამგეობის
წევრათ და ბოლოს საქართველოს ეროვნულ საბჭოს წევრათ.
ეროვნულ საბჭოს წევრი ფილიპე გლახუნის ძე ლორია
1918 წელი. 9 სექტემბერი
ქ. თფილისი
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი