საქართველოს ეროვნული საბჭო

საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს საკანონმდებლო ორგანო.  

ფორმირება

1917 წლის მარტში სოციალ-დემოკრატთა (მენშევიკები), ფედერალისტური პარტიის, ეროვნულ-დემოკრატებისა და ესერების წარმომადგენლებმა საფუძველი ჩაუყარეს პოლიტიკური შეთანხმების ორგანოს „ეროვნული კომიტეტის“ სახელწოდებით, რომელსაც მოგვიანებით „საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო“ დაერქვა. მის მუშაობას აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოქმედი აღმასრულებელი კომიტეტი წარმართავდა.

ინტერპარტიულმა საბჭომ გადაწყვიტა შეექმნა უფრო უფლებამოსილი ორგანო, რომელიც მთელი ქართველი ერის სახელით ლეგიტიმურად იმოღვაწებდა.

1917 წლის 19-22 ნოემბერს მოწვეულ იქნა საქართველოს პოლიტიკური პარტიების, მუშათა საბჭოების, ქალაქების თვითმმართველობის, კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სავაჭრო-საფინანსო დაწესებულებების, ეროვნულ უმცირესობათ და სხვ. არჩეული წარმომადგენლებისაგან შემდგარი საქართველოს ეროვნული ყრილობა. დელეგატთაგან 324 გადამწყვეტი, ხოლო 19 სათათბირო ხმით იყო უფლებამოსილი. ყრილობას დაესწრნენ მეზობელ ერთა და უცხო სახელმწიფოთა წარგზავნილები, კავკასიის ჯარების მთავარსარდალი, ქართული ეკლესიის მესვეურნი. და სხვ.

საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ 1917 წლის 22 ნოემბერს აირჩია ეროვნული საბჭო, რომელიც თავდაპირველად 60 წევრისაგან შედგებოდა და უმთავრესად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს აერთიანებდა. (25 სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი), 10 ფედერალისტი, 9 ეროვნულ-დემოკრატი, 7 ესერი და სხვ.) ეროვნული საბჭოში  მანდატები ჰქონდათ დათმობილი სამუსლიმანო საქართველოს, ასევე ზაქათლის ოლქს, აფხაზთა, ოსთა და სხვა ეროვნულ უმცირესობათა დელეგატებს. საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმიანობას უძღვებოდა კოალიციური პრინციპით დაკომპლექტებული 15 კაციანი აღმასრულებელი კომიტეტი. როგორც საბჭოს, ისე მის აღმასკომს სათავეში  ნოე ჟორდანია ედგა.

საქართველოს ეროვნული საბჭო დამატებითი წევრებით შეივსო.  1918 წლის ოქტომბრიდან ეროვნული საბჭო საქართველოს პარლამენტად გარდაიქმნა. (ო. ჯანელიძე)

პოლიტიკური როლი

ეროვნული საბჭოს შექმნით, არსებითად, ჩამოყალიბდა, ქართული ხელისუფლება, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მესაჭედ მოგვევლინა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

ეროვნულმა საბჭომ დაიწყო სამზადისი ხალხის ნების გამომხატველი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების ასარჩევად.

ეროვნულმა საბჭომ შექმნა სპეციალური კომისია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შესადგენად. (ო. ჯანელიძე)

შემადგენლობა

  • სოციალ-დემოკრატები

1. ჟორდანია ნ., 2. წერეთელი ი., 3. ჩხეიძე ნ., 4. გეგეჭკორი ე., 5. რამიშვილი ნ., 6. რამიშვილი ი., 7. ჩხენკელი ა., 8. ჯიბლაძე ვ., 9. გიორგაძე გ., 10. ლომთათიძე ა., 11. მახარაძე გ., 12. არსენიძე რ.,13. თევზაია ბ., 14. ხომერიკი ნ., 15. ერაძე გ., 16. ანდრონიკაშვილი კ., 17. ონიაშვილი დ., 18. ანჯაფარიძე გ., 19. ჩიხლაძე რ., 20. გაგლოევი გ., 21. ჯუღელი ვ., 22. ახმეტელაშვილი ვლ. 23. გვარჯალაძე კ., 24. მაისურაძე ალ., 25. გელეიშვილი პ., 26. ჭიაბრიშვილი ა., 27. კანდელაკი კ., 28. ელიავა ნ., 29. ტოროშელიძე მინ., 30. ცინცაძე გ., 31. ჯაფარიძე ს., 32. სალუქვაძე ა., 33. სალაყაია ი., 34. კლიმიაშვილი მ., 35. ნინიძე კ., 36. ფარნიევი ა., 37. თოფურიძე დ., 38. დგებუაძე ა., 39. ნათაძე ლ., 40. მამულაიშვილი ა., 41. ცინცაძე ნ., 42. მგელაძე ვ., 43. წულაძე ვ., 44. რუსია მ., 45. მახარაძე ნ., 46. ლორია ფ., 47. ჟღენტი ნ., 48. ბადრიძე ი., 49. შარაშიძე დ., 50. ნინიძე ი., 51. ცაბაძე ვ., 52. იობაშვილი ნ., 53. გოგელია ი., 54. კიკვაძე თ., 55. საბახტარიშვილი ნ., 56. ურატაძე გრ., 57. წულაძე იუ., 58. თევზაძე ს., 59. მარუაშვილი ი., 60. დოლიძე ს., 61. სადაგიშვილი გ., 62. ელიაძე ს., 63. მიკირტუმოვი ბ., 64. ცინცაბაძე გრ., 65. ვარდოიანცი მ., 66. სოლოღაშვილი ო.

  • სოციალისტ-ფედერალისტები

1. რცხილაძე გრ., 2. ბარათაშვილი ი., 3. ფირცხალავა ს., 4. მდივანი ს., 5. ბაქრაძე ი., 6. წერეთელი ა., 7. უზნაძე დ., 8. დადიანი ს., 9. გედევანიშვილი ი., 10. ღლონტი თ., 11. მიქელაძე შ., 12. ნუცუბიძე შ., 13. ჯაჯანაშვილი ა., 14. ტოროტაძე ე., 15. ფაღავა ა., 16. ყაუხჩიშვილი მ.

  • ნაციონალ-დემოკრატები

1. ნიკოლაძე ნ., 2. ქიქოძე გ., 3. გვაზავა გ., 4. ამირეჯიბი შ., 5. ვაჩნაძე დ., 6. კედია ს., 7. ვეშაპელი გრ., 8. თაყაიშვილი ე., 9. ქარუმიძე შ., 10. ლორთქიფანიძე ი., 11. წერეთელი ვ., 12. ჯავახიშვილი დ., 13. გაბაშვილი რ., 14. მაჩაბელი მ., 15. მაჭავარიანი ი.

  • სოციალ-რევოლიუციონერები

1. მესხი კ., 2. ნათაძე გრ., 3. გობეჩია ი., 4. აბაკელია ი., 5. ჯავრიშვილი კ., 6. შენგელაია ლ., 7. პანჩუაშვილი ნ., 8. კაკაბაძე ი., 9. ვარაზაშვილი ი.

  • რადიკალ-დემოკრატები

1. გიორგაძე დ., 2. ჩიქოვანი დ., 3. ახმეტელი ა.

  • უპარტიონი

1. აფხაზი კ., 2. მაყაშვილი კ.,

  • ინგილოთაგან

1. ივანიცკი რ.

წყარო:
გაზეთი ერთობა 1918 წ №111 შაბათი 1 ივნისი;
აბაშიძე, ზაზა. საქართველო და ქართველები: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.] / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. – თბილისი, 2013 (შპს „ფავორიტი პრინტი“). – 676, [10] გვ.: რუკ.; 22 სმ.. – ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები. – ISBN 978-9941-0-5498-3
.

ისკანდერ ეფენდი ცივაძის სიტყვა წარმოთქმული საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე

ისკანდერ ეფენდი ცივაძე (აჭარელი მოლა).

პატივცემულნო უფროსნო ძმანო (ტაში). პირველად თაყვანს ვცემ იმ უზენაეს, რომელიც ბრძანდება როგორც გამთიშველი, აგრეთვე შემაერთებელიც. შემდეგ მადლობა უნდა მოგახსენოთ იმ დახმარებისთვის, რომელიც თქვენ აღმოგვიჩინეთ ომის დროს. (ტაში). ისტორიული უწყალობის გამო ჩვენი სული დამახინჯებული და დასახიჩრებული იყო. დიდხანს ვიყავით თქვენგან დაშორებული, მაგრამ ფიზიკურმა დაშორებამ სულიერად ვერ დაგვაშორა ერთი მეორეს. აჭარლებს შეგვრჩა ქართული სული, ქართული ენა, სამშობლო, რომელმაც გამოზარდა გენიოსი შოთა რუსთაველი (ტაში). ჩვენ გვსურს, რომ თავისუფლად ვიცხოვროთ რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. სამშობლოს მოღალატეებს, პროვოკატორებს, რომელნიც სცდილობენ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას, მოვაგონებ აკაკის სიტყვებს:

„კრულ იყო იმის სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა,
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მიუვა კარზედა,
ნურავნ ისხავს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თავის ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
უსუსურ ცრემლის დენასა.  (მხურვალე ტაში).

მაშ გაუმარჯოს თავისუფალ აჭარას, თავისუფალ საქართველოში. (ორატორი ტრიბუნას სტოვებს. დარბაზს კვლავ ხანგრძლივი ტაში იცავს. კვლავ ისმის ხმები „გაუმარჯოს აჭარას“.

წყარო: გაზ „საქართველო“  1917 წ. გიორგობისთვის 23

დღევანდელი მომენტი და ქართველი ერი

(ნოე ჟორდანიას მოხსენება, რომელიც მან გააკეთა
ეროვნულ ყრილობაზე 20 ნოემბერს).

noe-jordania

ნოე ჟორდანია

მოქალაქენო, როგორც ახლა განაცხადა ამხანაგ. თავმჯდომარემ, მე მომანდო ჩვენმა ინტერპარტიულმა საბჭომ მოხსენების წაკითხვა. თქვენ იცით, რომ ინტერპარტიულ საბჭოში შედიან ყველა ქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და თუ მათ იცვნეს შესაძლებლათ ერთი პირისათვის მიენდოთ მოხსენების წაკითხვა, აშკარა ყოფილა საერთო ნიადაგი და ამ საერთო ნიადაგზე იქნება სწორეთ ჩემი მოხსენებაც აგებული. ამ საკითხის შესახებ, რა თქმა უნდა, ყველას თავისი შეხედულება აქვს და ამ შეხედულებას გამოსთქვამენ კიდეც აქ. ჩემი მოხსენება კი საერთო შეხედულებაზეა აგებული. ჩემი მოხსენების თემა არის დღევანდელი მომენტი და ქართველი ერი. დღევანდელ მომენტში ჩვენ ვგულისხმობთ იმ პოლიტიკურ მდგომარეობას, რომელშიაც იმყოფება დღეს რუსეთი. ჩვენი იტერესები დღესაც შეკავშირებულია რუსეთის ინტერესებთან და როცა ვარკვევთ ჩვენი ერის მდგომარეობას, გამოვდივართ რუსეთის საერთო მდგომარეობიდან. ცხადია, დღესაც ვრჩებით იმ ნიადაგზე, რომელზედაც წინათ ვიდექით, ე.ი. რუსეთთან კავშირის ნიადაგზე. ასმა წელმა განვლო მას შემდეგ,რაც საქართველო რუსეთს შეუერთდა. ეს არ იყო ვისიმეს ჟინიანობისა ან უბრალო შემთხვევის შედეგი, ეს იყო ისტორიული აუცილებლობა. მაშინ საქართველოს წინ იდგა დილემა: ან აღმოსავლეთი ან დასავლეთი. და ჩვენმა წინაპრებმაც გადასწყვიტეს გაშორებოდნენ აღმოსავლეთს და მიემართათ დასავლეთისთვის. დასავლეთისკენ გზა კი იდვა რუსეთზე, მაშასადამე, დასავლეთისკენ სვლა ნიშნავდა რუსეთთან შეერთებას. ჩვენ ასი წელიწადია ვდგავართ ამ ნიადაგზე. რუსეთთან შეერთება მოხდა შემდეგი პირობით: ჩვენ უნდა ვყოფილიყავით რუსეთის ჩარჩოში და გვქონოდა თვითმართველობის უფლება შინაურ საქმეებში. მხოლოდ პირველი ნაწილი ამ პირობისა დარჩა ძალაში, მეორე ნაწილი კი ადრევე იქნა დარღვეული. ბევრი წვალება, ბევრი გაჭირვება გადავიტანეთ ამ ასი წლის განმავლობაში, მაგრამ არც ერთი ქართული პოლიტიკური პარტია არ მოითხოვდა რუსეთიდან ჩამოშორებას, ვინაიდან ეს იქნებოდა აღმოსავლეთის წინაშე წამოჩოქება. ეს კი არავის არ სურდა. ყველა პარტიები ერთ გზას დავადექით, გვინდოდა შინაური ცხოვრების პირობები შეგვეცვალა რუსეთის დახმარებით, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ამ ცვლილების მოხდენას არისტოკრატია ცდილობდა ტახტისა და გაბატონებული წრეების დახმარებით, ხოლო დემოკრატიამ კი რუსეთის დემოკრატიას შეუკავშირა თავისი ბედი, ისტორიამ ეს უკანასკნელი გზა გაამართლა, რუსეთის დემოკრატია აღდგა ძველი წყობილების წინააღმდეგ, მან დაამსხვრია იგი, დალეწა მონობის ბორკილები და მიანიჭა ერებს საშუალება თვით გამოსჭედონ თავისი წყობილება და მომავალი. და ახლაც ჩვენ წინ დაგვიდგა ის დილემა, რომელიც ამ ასი წლის უკან ჩვენი წინაპრების წინ იდგა: ან ისევ დასავლეთი და, მაშასადამე, რუსეთი, ან აღმოსავლეთი. როგორ მოხდა ეს, რომ ისევ მოვექეცით ამ ჩიხში? ამისათვის საჭიროა გავითვალისწინოთ დღევანდელი მომენტი და ჩვენი პოზიცია.

დღევანდელი მომენტის დამახასიათებელი არის ორი უმთავრესი მოვლენა: ომი და რევოლუცია მათი შეერთება ახასიათებს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობასაც. დღევანდელი ომი არის სამრეწველო ხასიათის ომი, იგი სწარმოებს სამრეწველო სახელმწიფოთა შორის, მაშასადამე, ამ ომის მონაწილე უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ახალი, მრეწველობის მხრით განვითარებული. აი, სწორეთ აქ არის სისუსტე ეკონომიურად განუვითარებელი სახელმწიფოსი და ასეთი კი რუსეთის სახელმწიფოა. მას წილად ხვდა ისეთი მძიმე ტვირთი, რომლის ასაწევათ არ შესწევდა არც ეკონომიური და არც პოლიტიკური ძალა. ომის მატარებელია მოწინავე თანამედროვე ქვეყნები: ინგლისი საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი კი ჩამორჩენილია ეკონომიურათ და პოლიტიკურათ. აქედან წარმოიშვა წინააღმდეგობა – მძიმე საქმის წარმოება და სუსტი ძალ-ღონე. ამ წინააღმდეგობამ წარმოშვა ჩვენი დიდი რევოლუცია. ბევრს ეგონა, დასცემს რა რევოლუცია ძველ წყობილებას, ამით გაამაგრებს რუსეთს და შეძლებას მისცემს მას, ომი მოიგოსო. ამიტომ მიიღო მონაწილეობა რევოლუციაში შეძლებულ ნაწილებმაც და რევოლუციაც გახდა ნაციონალური. მაგრამ მათ ავიწყდებოდათ ერთი რამ: რევოლუცია, ანგრევდა რა ძველ პოლიტიკურ წყობილებას, ვერ შესძლებდა შეეცვალა ეკონომიური წყობილება. ერთი ან ორი წლის განმავლობაში რუსეთი ვერ გახდებოდა სამრეწველო სახელმწიფოთ აქედან გამომდინარეობდა ერთადერთი დასკვნა – რაც შეიძლებოდა დაჩქარებით ზავის ჩამოგდება. ეს ყოფნა-არყოფნის კითხვაა რუსეთისათვის. მაგრამ რევოლუციამ რვა თვის განმავლობაში ტკეპნა ერთი და იგივე გზა, ადგინა სამინისტროები და ვერც ერთმა სამინისტრომ კი ვერ შესძლო ამ საკითხის გადაჭრა. აქედან წარმოიშვა ის, რომ ერის უკმაყოფილო ნაწილი, მუშათა კლასი და ჯარი, რომელიც გრძნობს, რომ რუსეთს არ ძალუძს ომის მოგება, გადიხარა უფრო მარცხნით და მივიღეთ მეორე რევოლუცია. მაშინ, როცა პირველი რევოლუცია იყო ნაციონალური, მეორე რევოლუცია არ არის ნაციონალური და აქ არის სწორეთ მისი სისუსტე. მეორე რევოლუციის მიზანიც ნაციონალურია იმდენათ,რამდენათ იგი დღის წესრიგში აყენებს ზავისა და მიწის საკითხის გადაჭრას. ამ საკითხების საჩქაროთ გადაჭრას იზიარებს უმრავლესობა. მაგრამ მან ვერ გაიზიარა ის ტაქტიკა, მეთოდი, რომლის საშუალებით სურთ ბოლშევიკებს ამ საკითხების გადაჭრა. ამაში მდგომარეობს სპეციფიური ხასიათი მეორე რევოლუციისა. მისი მეთაურნი, ბოლშევიკები, იღებენ რა თავის ხელში ნაციონალურ მიზნების განხორციელების საქმეს, ამის მიღწევას ცდილობენ ფრაქციული საშუალებებით. აქედან წარმოიშვა მეორე რევოლუციის სისუსტე ამას ზედ დაურთეს დღევანდელი მდგომარეობისათვის შეუფერებელი მიზანი – სოციალიზმის განხორციელება. მათ გონიათ, რომ ის გლეხები-ჯარიკაცები, რომლებსაც უნდათ დაჩქარებით ზავის ჩამოგდება და სახლში წასვლა, სოციალისტები არიან. მათი შეხედულებით, უკან ჩამორჩენილ ქვეყანამ უნდა განაახლოს მოწინავე ქვეყნები, როგორც ამას ამბობდა კორჯევსკი სამოცი წლის უკან. რუსეთს მოახვიეს თავზე ისეთი მიზანი, რომლის განხორციელება მას არ ძალუძს  ე. ი. სოციალისტური რევოლუცია.

ამნაირათ, თუ პირველმა რევოლუციამ მთელი რუსეთი გააერთიანა, ერთის მიზნით გაიტაცა, მეორე რევოლუციამ იგი დაყო, ერთი ნაწილი მეორეს მიუსია. აქედან გამომდინარეობს დღევანდელი მომენტის თავისებურებები და მისი ხასიათი. თქვენ იცით, რომ დღეს ცენტრალურ რუსეთში დიდი არეულობებია, არ არსებობს ყველას მიერ აღიარებული მთავრობა. პერიფერიები, რომლებიც მთელი თავისი ძალ-ღონით იღებდნენ მონაწილეობას რუსეთის საერთო მოძრაობაში, დღევანდელ ამბების გამო მოსწყდენ ცენტრს და იძულებული არიან, თავის თავს უშველონ. უკვე მოეწყო რესპუბლიკა უკრაინისა, დონის ოლქისა, ყუბანისა, მთიულებისა და სხვ. როგორც ამბობენ, ასეთივე ნაბიჯს დგამს ციმბირიც. იგი იყოფა ორ ნაწილათ და აწყობს თავის რესპუბლიკას, ასეთ აუცილებლობის წინაშე ვდგავართ ჩვენ, ამიერ კავკასიელები და, კერძოთ, ქართველობა.

შეგვიძლია ჩვენ არსებობა, თუ არ იქნა ცენტრის მფარველობა? ეს შესძლებელი იქნებოდა მშვიდობიანობის დროს. დღეს კი ომიანობაა. ჩვენს ახლოს გადაჭიმულია საომარი ფრონტი, მოწინააღმდეგე სახელმწიფოები განადგურებით გვემუქრება. ჩვენ არ ძალგვიძს საკუთარი ძალით ყველა ეს მოვაწესრიგოთ. ყოველგვარი სისუსტე კი იწვევს საომარი ფრონტის გარღვევას. ეს კი მოასწავებს აღმოსავლეთის წინაშე ჩვენ წამოჩოქებას, მის პროვინციათ გახდომას. ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, არ შეუძლია დამოუკიდებლათ აწარმოოს ომი, შეინახოს ჯარი და სხვ. ამ გარემოების მზეზია, რომ ჩვენ გვსურს, რუსეთში აღსდგეს ცენტრალური მთავრობა, რომელიც მოაწესრიგებს საქმეს. ამნაირათ, ორიენტაცია კვლავ ძველი რჩება, ჩვენ ისევ რუსეთთან შეკავშირების ნიადაგზე ვდგევართ. ამ საკითხში ჩვენ მარტო არ ვართ, სომხებიც ამ გზას ადგიან. იმათ უნდა ეძიონ ხსნა რუსეთის საშუალებით, ეს ისე აშკარაა, რომ ამაზე მეტი შეჩერება არც არის საჭირო. რჩება მესამე დიდი ერი, რომელიც იწვევს ეჭვებს. ეს თათრებია, მაგრამ მათი ეკონომიური და კულტურული ინტერესები მოითხოვს რუსეთის ფარგლებში დარჩენას, ვინაიდან ამ მხრით ისინი მაღლა დგანან ოსმალეთზე და მასთან შეერთება – ეს უკან დაბრუნება, მის პროვინციათ გახდომა იქნებოდა. ამიერ კავკასიის მოწინავე თათრები უკან დაქანების წინააღმდეგი არიან.

ამნაირათ, ყველა ფიქრობს რუსეთში შეიქნას ცენტრალური რევოლუციონური მთავრობა, რომელთანაც, ვიმოქმედებთ შეთანხმებით და მოვაგვარებთ საერთო საქმეს. მაგრამ რომ რუსეთი გაძლიერდეს შიგნით, საჭიროა პერიფერიების სიძლიერე, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ გაძლიერებული, რომ შევსძლოთ ჩვენი წვლილის შეტანა რუსეთის მთლიანობის ღდგენის საქმეში. აქედან წარმოიშვა ამიერ კავკასიის კომისარიატის დაარსება. მაშასადამე, იგი მთავრობის ძალა-უფლების მატარებელია იმ აზრით, რომ თუ აქ, განაპირა მხარეში შეიქმნა სიძლიერე, ეს მომასწავებელი იქნება თვით ცენტრის სიძლიერისა. გარდა ამისა, ჩვენი მხარის პოლიტიკური სიძლიერე მოითხოვს ადგილობრივ საერთო ორგანოს – სეიმის დაარსებას. ამის განზრახვა უკვე არის და გადაწყვეტილია ამ მიზნისთვის გამოვიყენოთ დამფუძნებელ კრებაზე გასაგზავნათ არჩეული დეპუტატები. ეს დეპუტატები შეადგენენ ადგილობრივ სეიმს. მათი რიცხვი გადიდებულ იქნება ორჯერ ან სამჯერ. ამნაირათ, აქ გვექნება ერთგვარი პოლიტიკური ცენტრი. საჭიროა არა მარტო პოლიტიკური, არამედ ნაციონალური ძალების შეერთებაც. სომხებსა და თათრებს უკვე ქონდათ თავისი ეროვნული ყრილობები. ქართველებმა კი დღეს მოვიწვიეთ ასეთი ყრილობა. ძალთა ასეთი შეერთება იძლევა იმის გარანტიას, ყველა ადგილობრივი კითხვები კარგათ მოგვარდება და არც ერთი ერის საჭიროება არ იქნება მივიწყებული. მომავალ სეიმში ქართველები დააარსებენ ცალკე სექციას, ასევე მოიქცევიან თათრები და სომხები. ვცდილობთ, რაც შეიძლება დაჩქარებით შევქნათ ნაციონალური ჯარი (ტაში)

როცა ასე ვაწყობთ ადგილობრივ საქმეებს და ვაძლიერებთ ჩვენს თავს. ვფიქრობთ ამით მოვახდინოთ გავლენა რუსეთზე, რომ აქაც შეიქნას ცენტრალური, ყველას მიერ აღიარებული მთავრობა. იგი უნდა იყოს მთავრობა რევოლუციონური, თუ მთავრობა კონტრ-რევოლუციონური შედგა, დვიწყებული იქნება ჩვენი არა მარტო პოლიტიკური და სოციალური ინტერესები, არამედ ნაციონალურიც და ამნაირათ ჩავარდებით ისევ ძველ მდგომარეობაში. ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი საგანია არ გაიმარჯვოს კონტრ-რევოლუციამ და იბატონოს რევოლუციამ რუსეთში (ხანგრძლივი ტაში). მთავარი მატარებელი ძალა-უფლებისა რუსეთში არის დამფუძნებელი კრება. უეჭველია, ამ კრების წინაშე უნდა წარვსდგეთ ჩვენი პროგრამით. თუ ანარქიას არ მოეღო ბოლო და რუსეთში არ მოხერხდა ახლო მომავალში დამფუძნებელ კრების მოწვევა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, მოვიწვიოთ ადგილობრივი დამფუძნებელი კრება და ჩვენს თავს მივცეთ კონსტიტუცია (ხანგრძლივი ტაში, ოვაციები). ამ მხრით არ ვარგა ჩვენი არც აჩქარება, არც დაყოვნება. აჩქარებამ იცით რა მოუტანა რუსეთს– მეორე რევოლუცია იყო ნაჩქარევი და იგი ლამის სისხლში ჩააღჩვეს. ჩვენში უდროო დროს აჩქარება გამოიწვევს ექსცესებს და საქმის საბოლოოდ დაღუპვას. არც დაგვიანება არის სასურველი. რუსეთმა რვა თვე დაკარგა ერთი ადგილის ტკეპნაში. ამის შედეგია დღევანდელი ანარქია. თუ ჩვენც დავაყოვნებთ, ჩავცვივდებით ასეთივე მდგომარეობაში და ეს დაარღვევდა საქართველოს(ტაში).

რა პლათფორმით, რა მოთხოვნილებებით უნდა წარვსდგეთ ჩვენ დამფუძნებელი კრების წინაშე? ყველა პოლიტიკურ პარტიას თავისი პროგრამა აქვს. მაგრამ ინტერპარტიულ საბჭოში ჩვენ შევთანხმდით ერთგვარ მინიმუმზე; უნდა მოვითხოვოთ, რომ საქართველოს მიენიჭოს სრული შინაური თვითმართველობა, უნდა ქონდეს უფლება, საკუთარ საჭიროებებზე გამოსცეს კანონები (ოვაციები), უნდა ყავდეს თავისი ნაციონალური ადმინისტრაცია. თუ იმ დროისთვის იქნება რუსეთში ჯარი, აქ უნდა იდგეს ჩვენი ჯარი (ტაში), თუ იქნება რუსეთში სისტემა მილიციისა, აქ უნდა მოეწყოს საკუთარი მილიცია (ტაში). უნდა გვქონდეს სასამართლო, სკოლა, ერთი სიტყვით, უნდა მოხდეს ყველა დაწესებულებათა ნაციონალიზაცია (ერთსულოვანი ხანგრძლივი ტაში), რომ ამას მივაღწიოთ, საჭიროა ამიერ კავკასიის ერები იდგენ ამ თვალსაზრისზე ე. ი. ასეთი წყობილება უნდა მიენიჭოს მათაც და შეთანხმებით უნდა მოხდეს ტერიტორიალური გამიჯვნა(ტაში).

ერთათ დგომით ჩვენ ავშენდებით, ცალცალკე დგომით ჩვენ დავიქცევით. საჭირო იქნება ასეთი თუ ისეთი მოლაპარაკება და შეთანხმება სხვა მოსაზღვრე ერებთანაც, მაგ. ჩრდილოეთ კავკასიის ერებთან. სჩანს, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ამიტომ, ვფიქრობთ, ქართველ ერსაც ჰქონდეს ისეთი ეროვნული საბჭო, როგორიც აქვს სომხებსა და თათრებს. იგი უნდა იყოს ისე შემდგარი, რომ სისწორით გამოხატავდეს ჩვენი ხალხის აზროვნებას. ამ მიზნით გამოვიყენებთ დამფუძნებელ კრების არჩევნებს. დეპუტატების რიცხვს გავამრავლებთ პარტიათა შორის რეალურ ძალთა განწყობილების მიხედვით. სეიმზე დავაარსებთ ცალკე სექციებს და იქნება ნაციონალური საბჭოც. მანამდის კი ავირჩიოთ დროებითი საბჭო, რომელიც დაიჭერს ინტერპარტიულ საბჭოს ადგილს.

ამნაირათ, ჩვენი თვითგამორკვევა დღესაც ისეთია, როგორიც იყო ამ ასი წლის წინათ, ამ მხრით ჩვენ ვერ წავედით შორს. ჩვენ წინაპრებთან შედარებით, დღესაც იმასვე ვფიქრობთ, იმასვე მოვითხოვთ: უნდა დავრჩეთ რუსეთის ჩარჩოში და მოგვეცეს შინაური თვითმართველობა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მაშინ ამ თვითმართველობის მეთაური და ბჭენი იყო ქართველი მეფეები, დღეს კი, მათი მოადგილეა ქართველი ხალხი და დემოკრატია. (ხანგრძლივი, ერთსულოვანი ტაშისცემა და დაუსრულებელი ოვაციები).

ერთობა, 23 ნოემბერი, ხუთშაბათი, 1917 წელი, №202.