ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებისთანავე ამიეკავკასიაში უფლებამოსილება შეწყვიტა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა სამხაეო ორგანომ – ოზაკომმა.

„მიმდინარე მსოფლიო ომის პირობებში, როცა რეგიონში ერთმანეთს ეჯახებოდა დიდ სახელმწიფოთა ინტერესები, ხოლო ფრონტის ხაზი თბილისიდან არც ისე შორს გადიოდა, უაღრესად ფრთხილი და წინდახედული მოქმედება იყო საჭირო. ნ. ჟორდანიას აზრით, ასეთ ვითრებაში საქართველო ისევ რუსეთის ორბიტაში უნდა დარჩენილიყო, ოღონდ არა საბჭოურ-ბოლშევიკურის, არამედ დემოკრატიული რუსეთისა, რომლის დამფუძნებელ კრებას საქართველოსთვის ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომია უნდა დაეკანონებინა“.

ქართველი სოციალ-დემოკრატების ძალისხმევით, ვიდრე საბჭოთ მთავრობა ამიერკავკასიაში თავისი ძლაუფლებას გაავრცელებდა, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს სამხარეო ხელისუფლების ორგანო – ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც  რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე იარსებებდა. ხაზი გაესვა იმას, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცხადდებოდა.

ბოლშევიკების მიერ რუსეთის სათათბიროს დაშლის შემდეგ  ამიერკავკასიის კომისარიატმა შეცვალა თვისი პოლიტიკური კურსი და 1918 წლის 10 თებერვალს მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი. თუმცა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია.

1918 წლის 3 მარტს ვლადიმერ ლენინმა ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასა და მის მოკავშირეებთან დადო სეპარატისტული ზავი. ზავის პირობებით თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები. 11 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთის მოთხოვნა უარყო. 14 მარტს ქ. ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასია-თურქეთის მოლაპარაკება. ამიერკავკასიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა აკაკი ჩხენკელი. მოლაპარაკებები უშედეგოდ წარიმართა, მეტიც თურქეთის არმიამ გადმოკვეთა ამიერკავკასიის საზღვრები და დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი და  მესხეთი. 

ასეთ მძიმე პოლიტიკურ ვითრებაში 1918 წლის 22 აპრილს მოწვეულ იქნა ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ამიერკავკასიის სეიმმა იმავე სხდომაზე მოისმინა საზავო დელეგაციის მოხსენება და მიიღო დადგენილება საზავო მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ.

ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა

  • აკ. ჩხენკელი – მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი;
  • ნ. რამიშვილი –  შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • ა. ხატისოვი – ფინანსთა მინისტრი;
  • ხ-ბ. მელიქ-ასლანოვი – გზათა მინისტრი;
  • ფ-ხ. ხოისკი – იუსტიციის მინისტრი;
  • გრ. გიორგაძე – სამხედრო მინისტრი;
  • ნ. ხომერიკი – მიწათმოქმედების მინისტრი;
  • ნ-ბ. უსუბეკოვი – სახალხო განათლების მინისტრი;
  • მ. გაჯინსკი – ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი;
  • ა. სააკიანი – სასურსათო საქმეთა მინისტრი;
  • რ. კაჩაზნუნი – სახელმწიფო მზრუნველობის მინისტრი;
  • ა. ერზინკიანი – შრომის მინისტრი;
  • ი-ბ. ჰაიდაროვი – სახელმწიფო კონტროლიორი.

წყარო :

  • აბაშიძე, ზაზა საქართველო და ქართველები]: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.]  / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. – თბილისი, 2013 (შპს “ფავორიტი პრინტი”). – 676 გვ.  რუკ.; 22 სმ. – ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები.
  • სილაგაძე, აპოლონ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1917-1918)] / [რედ.: მერაბ ვაჩნაძე]. – თბ., 2000. – 64გვ.; 20სმ
  • ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

წერეთელი ვასილ გიორგის ძე

(დ. 18 იანვარი, 1862, სოფ. ცხრუკვეთი, შორაპნის მაზრა – გ. 1937). ქართველი. ეროვნულ დემოკრატი. ექიმი.

თფილისის ადრესი: სურპნიშანის ქუჩა №2

1884-1887 წლ. სწავლობდა ადესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ორ წელსა და იურიდიულზე ერთს წელს. 1899 წელს დაასრულა სწავლა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

ნაციონალისტი და დემოკრატი. 1885 წელს მუშაობდა „ნაროდნიკების“ სასტუდენტო ჯგუფში. 1886 წელს მან აღიარა მარქსის მოძღვრება და მუშაობდა მუშათა შორის 1887 წლამდის. 1887 წელს იქნა გამორიცხული სასტუდენტო მოძრაობაში მონაწილეობისათვის ეგრეთწოდებული მესამე პუნქტით და გაგზავნილი ეტაპით ქუთაისში. 1889 წელს თანამშრომლობდა, როგორც მუდმივი თანამშრომელი გაზ. „ივერიაში“. მესამე პუნქტისაგან განთავისუფლდა მხოლოდ 1893 წელს. 1890 წელს ჰქონდა კონფლიქტი ქუთაისის გუბერნატორთან და იძულებული იყო ამის გამო თავი დაენებებინა ჭიათურის სამკურნალოში მუშაობისათვის, შემდეგ იყო ბაქოს გუბერნიის გ[..]ქჩაის მაზრის ექიმად. სოფელ ქოდანის (კახეთში) სამკურნალოს ექიმად. თიანეთის მაზრის ექიმად. რაჭის მაზრის ექიმად. 1906 წელს არ გაექცა დამსჯელ რაზმს სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და საზოგადოდ მაშინდელ რევოლიუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო ბათუმში და იქნა გენერალგუბერნატორის განკარგულებით იქიდან გადასახლებული სოციალისტ ფედერალისტურ გაზეთში – ჩერნომორსკი გოლოსში – თანამშრომლობისა და პარტიული მუშაობისათვის. იმავე წელს გამოვიდა ჩუმი ბრძანება მისი დატუსაღების შესახებ და იძულებული იყო გაპარულიყო ქუთაისიდან. 1898 წლამდის ცხოვრობდა არალეგალურად სოფელს ქარელში (გორის მაზრაში). 1898 წლიდან ცხოვრობს ქუთაისში, როგორც ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმი და ასრულებს იმავე დროს სასწავლებლის ექიმის მოვალეობას.

შრომები
მას დაუწერია აუარებელი პუბლიცისტური წერილი გაზ. „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოში“ და სხვ. და მათ შორის სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტრისა და საჰიგიენო საკითხების შესახებ. განაგრძობს დღესაც ლიტერატურულ მოღვაწეობას. ირიცხება ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის საბჭოს წევრად.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე

ავტობიოგრაფია

დ. 1885, ოზურგეთი. ქართველი. სოციალ-დემოკრატი (უმც.). ნაფიცი ვექილი.

თფილისის ადრესი: განოვის ქუჩა, სახ. №3, ბ. №1. ტელ. 6-83..

გავათავე მოსკოვში იურიდიული ფაკულტეტი. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1905 წ. შევედი ადესის უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტზე. 2 აპრილის 1908 წ. დამიჭირეს ადესაში და მიმცეს პასუხის გებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისათვის (1 ნაწ. 102 მუხ. სის. სამ.): მბრალდებოდა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ცენტრალურ ორგანოს წევრობა. ერთი წლის და ოთხი თვის წინასწარ დაპატიმრების შემდეგ გამასამართლა ადესის სამხედრო სასამართლომ, რომელმაც გამამართლა მე და ჩემთან ერთათ სხვა რვა სტუდენტები. განთავისუფლების შემდეგ ადესის უნივერსიტეტში არ მიმიღეს და შეველ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1909 წელს, რომელიც გავათავე 1913 წელს.

რევოლიუციის ხანაში ვიყავი: ქ. ქუთაისის კომისარათ, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის ხმოსნათ; ნოემბრიდან 1917 წ. ვიყავი ამიერ კავკასიის მთავრობაში შრომის კომისრის ამხანაგათ და შემდეგ საქართველოს მთავრობაში შრომის მინისტრის ამხანაგათ 24 ივნისამდე.

1918 წ.

ილიკო გიორგის ძე ფირცხალაიშვილი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისაგან

zviad gamsaxurdia1991 წლის 4 აპრილს გაიმართა კომისიის სხდომა, რომელზეც შეჯამდა საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები.

სარეფერენდუმოდ გამოტანილი იყო შეკითხვა: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”

ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ დაადგინა:

საქართველოს რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო. 3.672.403;

რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი იყო 3.334.286; რაც შეადგენს  ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,79%;

კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი იყო 3.326.100ი, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,57%;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის „დიახ” მომხრეთა რიცხვი იყო 3.295.493 რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08%;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის „არა” მომხრეთა რიცხვი იყო 16.917; რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51%;

ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 13.690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,41%;

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-მუხლის

შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.

* * *

აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347175, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61,27%-მა, კენჭისყრის – 61,23%-მა, სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,73%-მა (ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%), უარყოფითად გადაწყვტას – 1,42%-მა (ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0,87%).

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224.788, რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96,64%-მა, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,67%-მა (ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 94,39%), უარყოფითად გადაწყვეტას – 1,42-მაი (ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 1,37%).

შენიშვნა: გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა რეფერენდუმში მონაწილეობაზე, ამიტომ ვერც ამომრჩეველთა აღრიცხვა ჩატარდა. გუდაუთის რაიონის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად აღებულ იქნა 1990 წლის მარტის არჩევნებისათვის არსებული რაოდენობა – 36060. გაიხსნა მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი – ახალსოფელში. შესაბამის საარჩევნო კომისიას უფლება მიეცა ამომრჩეველთა სიაში შეეტანა გუდაუთის რაიონის ყველა ამომრჩეველი, ვინც კი რეფერენდუმში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა. სიაში შეიტანეს 2931 ამომრჩეველი, გაიცა 2931 ბიულეტენი, რომელთაგან 1 ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 2928 ამომრჩეველმა, უარყოფითი („არა”) – ორმა.

ქ. ტყვარჩეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე. როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ამიტომ ტყვარჩელის ამომრჩევლებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში ქ. ოჩამჩირის წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, სადაც მისული ამომრჩეველი შეიტანეს ცალკე სიაში და კენჭისყრისათვის გამოყენებული იყო ცალკე ყუთი. სიაში შეიტანეს 1017 ამომრჩეველი, გაიცა 1017 ბიულეტენი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 1016 ამომრჩეველმა, უარყოფითი („არა“) – ერთმა. ტყვარჩელის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად აღებული იქნა 1990 წლის მარტის არჩევნებისათვის არსებული რაოდენობა – 12975.

ქ. ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ამომრჩეველთა რაოდენობად აღებულ იქნა 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებისათვის არსებული რაოდენობა: ყორნისის რაიონში – 6786, ჯავის რაიონში – 6526, ჯავის რაიონის 474 ამომრჩეველმა ხმა მისცა საჩხერეში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას, ამიტომ ზემოთ აღნიშნული რიცხვი 474-ით შემცირდა. ქ. ცხინვალში იმ დროისთვის აღწერილი იყო 26594 ამომრჩეველი. იმის გათვალისწინებით, რომ 1989 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ცხინვალში ქართველთა რაოდენობა მთელი მოსახლეობის 16,1% იყო, ხოლო ამჟამად დატოვეს ქალაქი და შეხიზნულები არიან სხვაგან, ყ. ცხინვალში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად აღებულ იქნა 22312.

ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა 7 სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 11376, გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან 2 ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 10180 ამომრჩეველმა. რეფერენდუმი არ ჩატარებულა 3 საკრებულოს – გერის, ძარის და ხეთაგუროვის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ბიყარისა და ღრომის სასოფლო საკრებულოების ტერიტორიაზე. რომელიც ოსებითაა დასახლებული. რეფერენდუმი ჩაატარა ღრომის საბჭოთა მეურნეობის თანამშრომელთა საერთო კრების მიერ არჩეულმა საუბნო სარეფერენდუმო კომისიამ. მის მიერ წარმოდგენილი ოქმის თანახმად, ღრომის საკრებულოს 329 ამომრჩევლიდან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 326 ამომრჩეველმა, უარყოფითი („არა“) – სამმა, ბიყარის საკრებულოს 283 ამომრჩევლიდან დადებითი პასუხი გასცა 281 ამომრჩეველმა, უარყოფითი – ორმა. მაგრამ იმის გამო, რომ ეს საუბნო სარეფერენდუმო კომისია კანონის მოთხოვნათა დაცვით არ იყო შექმნილი, ეს პასუხები საბოლოო შედეგებში არ იქნა გათვალისწინებული. საბოლოოდ, ამომრჩეველთა რაოდენობად რაიონში აღებული იქნა 15774 (1990 წლის ოქტომბრის მონაცემები), რეფკრენდუმისა და კენჭისყრის მონაწილეთა რაოდენობად კი – 10182.

* * *

ცენტრალური სარეფკრენდუმო კომისია იუწყება, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა ვერ მიიღო საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ბევრმა მოქალაქემ, რომელთა ნაწილმა შეატყობინა კომისიას, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი 1509 ამომრჩეველი ყორნისის რაიონის ერთ-ერთი საკრებულოს 440 ამომრჩეველი. რომლებმაც ვერ შეძლეს ყორნისის რაიონიდან გამოსვლა, სულ 1798 ამომრჩველი.

გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა მუხროვანის დასახლებაში №123/44 დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილმა სხვადასხვა ეროვნების 78 მოქალაქემ, რომელთაც არა აქვთ საარჩევნო უფლება და რომელთაც საკუთარი ინიციატივით ჩაატარეს ფარული კენჭისყრა თვითნაკეთი ბიულეტენებით.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა აზარბაიჯანში მცხოვრებმა 391 ინგილომ. ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვებმა 784 ქართველმა, 458 ნალჩიკელმა, 1174 მოსკოველმა,  466 ლენინგრადელმა, 51 პიროვნებამ სხვადასხვა ქალაქიდან. ქართველმა და არაქართველმა, რომლებმაც იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღების შემდეგ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას.

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას

საჩხერის ტერიტორიული საარჩევნო კომისია გაცნობებთ, რომ 1991 წლის 31 მარტის საჩხერის რაიონის სოფელ პერევისის საარჩევნო უბანში რეფერენდუმში ხმა მისცეს ჯავის რაიონის სოფელ ქარზმანიდან 235-მა, ტბეთიდან – 16-მა, ხოლო ხახიეთიდან, თედენეთიდან, სინაგურიდან. ჯავაბეთიდან 198-მა ამომრჩეველმა. აქედან ყველა ხმა დადებითი აღმოჩნდა.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბაზღარაძე

 

წყარო: გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“ 1991 წლის 5 აპრილი №67 გვ.1

ამიერ-კავკასიის სეიმი

კ. ჩხეიძის სიტყვა
(სტენოგრამით)

Karlo_Chkheidze_1

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე

მოქალაქენო, სეიმის წევრებო!

როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ნოჩი საკანონმდებლო დაწესებულების ბედი, დღევანდელი დღე გახდება ისტორიულ დღედ. განხორციელდა ის, რაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შორეულ ოცნებად გვეჩვენებოდა: ჩვენს ხელშია ამ ჟამად უძვირფასესი საჩუქარი რევოლუციისა. – საკანონმდებლო კრება.

მოქალაქენო, სეიმის წევრებო!

ჩვენ უპირველეს ყოვლისა ამ საჩუქარის მიღებას უნდა უმადლოდეთ თავდადებულ მებრძოლებს, რომელთაც უკვე შესწირეს თავის სიცოცხლე რევოლუციის საქმეს. მაშ დავამტკიცოთ ჩვენი მოწიწებითი მუხლის მოდრეკა ამ მებრძოლთა წარსულის წინაშე იმით, რომ პატივი ვცეთ მათ დიდებულ ხსოვნას ფეხზე ადგომით (ყველა ფეხზე დგებიან).

რევოლუციის იმ მებრძოლებს კი, რომელთაც დღევანდლამდე მაღლა უჭირავთ წითელი დროშა, ვუთხრათ:  წინ უშიშრად! გაუმარჯოს რევოლუციას!

მოქალაქენო, სეიმის წევრებო!

თქვენ იცით, რომ ჭეშმარიტ რევოლუციონერებს შიში არა აქვთ. მაგრამ რევოლუციის ბედის შესახებ ეჭვებს გარეშე ცხოვრება თანდათან ძნელი ხდება. და ეს ძლიერ ადვილი გასაგებია: ის, რაც გუშინ აქსიომად, ყველასთვის აშკარა ჭეშმარიტებად გვევლინებოდა, დღეს ცხადდება, როგოეც გაუგებრობა ან გონებით განუჭვრეტლობის ნაყოფი. მართლაც, ვინ  ამოიღებდა გუშინ ხმას, დამფუძნებელ კრების წინააღმდეგ გარდა ცარიზმის მომხრეებისა. დღეს კი დამფუძნებელი კრება გვერდზე არის მიგდებული, როგორც ძველი გამოუსადეგარი ნივთი, მის დამცველებს კი რეაქციონერთა ჯგუფს აკუთვნებენ. ჯერ გუშინ მხოლოდ ჯალათებს შეეძლოთ ეთქვათ რამე დემოკრატიულ რესპუბლიკის წინააღმდეგ, ახლა კი დემოკრატიულ რესპუბლიკისათვის მებრძოლებს რიცხავენ ჯალათებში, ჯერ კიდევ გუშინ ჩვენ ვამაყობდით სამოქალაქო თავისუფლებათა მონაპოვრებით, დღეს კი ეს თავისუფლებები აღიარებულია ბურჟუაზიულ წრეების და მათ ამყოლ-დამყოლთა მიერ მოგონილად და რევოლუციის ყველა მოპოვებათა წინააღმდეგ სწარმოებს ისეთი ბრძოლა, რომლის მეთოდები თავისუფლად შეეძლოთ შეჰშურებოდათ ყველა დროისარაკჩევებს. მართალია არაკჩევებიცა დამალიუტა სკურატოვებიც თავის მოქმედებაში კეთილ განზრახვებიდან გამოდიოდნენ და საზოგადოდ ყველამ იცის, რომ ჯოჯოხეთში მიმავალი გზაც კი მოკირწლულია საუკეთესო კეთილი ზრახვებით, მაგრამ ნამდვილია ისისც, რომ აღებულ გეზის (მიმართულების) მეოხებით რევოლუციის ყველა მოპოვებანი თანდათან გადადის თავის წინააღმდეგობაში. ხალხის ბატონობა ჯალათთა  ბატონობად იქცევა, საკანონმდებლო დაწესებულებები – შეთქმულთ წრეებად, სიტყვის თავისუფლება – პროვოკაციისა და პირში ბურთის ჩაჩრის თავისუფლებად, კრების თვისუფლება – გარეკვის თავისუფლებად, სინდისის თავისუფლება – უსინდისობის თავისუფლებად, პიროვნების ხელშეუხებლობა – ყველა არა სასურველ პირთა, თვით ძუძუმწოვარა ბევშვებამდე გაჟლეტის უფლებად, ბინის თავისუფლება – ძარცვის თავისუფლებად, და ჩვენ ახლა მეტად საინტერესო სანახაობის წინ ვდგევართ: ამ გზაზე შეერთდნენ ნამდვილი ანტიპოდები: ისინი, ვინც მუდამ ოცნებობდა გაეკეთებია ნახტომი გროზნის დროის ჯალათთა სამეფოში და ისინი, ვინც ფიქრობს, რომ უკვე გააკეთეს ნახტომი აუცილებლობის სამეფოდან თავისუფლების სამეფოში. მე არ ვკისრულობ ვიწინასწარმეტყველო, სად მივლენ ეს რეაქციისა და ანარქიის ხტუნიები, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ შექმნილი მდგომარეობა ჩვენს, ნორჩ საკანონმდებლო დაწესებულების მუშაობის გარდუვალ დაბრკოლებათა წინაშე აყენებს განსაკუთრებით, როცა გაითვალისწინებთ ქვეყნის საგარეო მდგომარეობას. მაგრამ უუდიდესი დანაშაულობა იქნებოდა ამიერ-კავკასიის სეიმის მხრით, თუ იგი არ გამოიყენებდა ყველა თავის ძალებს იმისთვის, რომ გამოვიდეთ ასეთ მდგომარეობიდან. და მე არ ვკარგავ იმედს, რომ ამიერ-კავკასიის სეიმის ცდა არ ჩაივლის უნაყოფოდ. ამ იმედს მაძლევს ერთი წყარო – ამიერ-კავკასიის დემოკრატია რომელმაც რევოლუციამდე და რევოლუციის დროსაც დაამტკიცა, რომ ის დგას რევოლუციონურ მუშაობის სწორ გზაზე. ამიერ-კავკასიის დემოკრატია მტკიცე საფუძველი იქნება ამიერ-კავკასიის სეიმისა, რადგანაც სეიმი დაადგება რევოლუციის მოპოვებათა განმტკიცებისა და რუსეთის დიდ რევოლუციის ლოზუნგების ცხოვრებაში გატარების გზას, რომელთა შორის დამფუძნებელი კრების მოწვევა, რა თქმა უნდა, რჩება სრულ ძალაში, ვინაიდან ამ ლოზუნგზე უარის თქმა, ჩემის ღრმა რწმენით, ნიშნავს რუსეთის დიდი რევოლუციიდან ჩამოშორებას, ეს ნიშნავს აფექტის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოქმედებას, ეს ნიშნავს ირგვლივ მომხდარ ამბების შთაბეჭდილების ქვეშ მუშაობას. შემდეგ, სწორედ იმ დროს, როცა რუსეთს მოელის გამარჯებულისაგან სამარცხვინო უღელი, როცა სწყდება მთელი საუკუნობით ბედი ამიერ-კავკასიისა, ამ მხარის ხალხთა, სეიმს არ შეუძლია არ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ თავიდან აიშოროს ომის დამღუპველი შედეგები. მაგრამ საიდანაც არ უნდა გამოდიოდეს ეს შესაძლებლობა, ომის ლიკვიდაციისა და ზავის ჩამოგდებისა – სეიმმა ყოველივე ძალღონე უნდა იხმაროს, რომ არ განმტკიცდეს ის მომწამვლელი ილიუზია, რომ ჩვენ ადვილად შევძლებთ ომის ცეცხლის წრიდან ამოვხტეთ და სადმე მშვიდ ადგილზე მოვექცეთ. შემდეგ ერის თვითგამორკვევის ლოზუნგი დიდი ხანია ფრაზა არ არის და, მე ვფიქრობ, ამიერ-კავკასიის არც ერთ ხალხს არ შეუძლია დათანხმდეს თავის არსებითი უფლებების შეკვეცას. მაგრამ ამავე დროს ფანატიზმი და დოქტრინერობა, ვიტყვი სისულელე იქნებოდა, თუ აქ არ აღმოჩნდებოდა ურთიერთ გაგების, შეთანხმებისა და კომპრომისის ადგილი. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთა თვითგამორკვევის დიდი ლოზუნგი გადაიქცეოდა ამიერ-კავკასიის ეროვნებათა ურთიერთთა ამოჟლეტად. სეიმმა უნდა შეჰქმნას პირობები, რომ მშვიდობიანად გადაჭრას ეს საკითხები და მას აქვს შეძლება შეჰქმნას ეს პირობები, თუ იგი გამონახავს ნიადაგს ყველა ეროვნებათა დემოკრატიის ინტერესების ერთიანობისათვის, და ეს, მე ვფიქრობ, არ არის შეუძლებელი. შეუდექით დაუყოვნებლივ აგრარულ საკითხების სფეროში ყველა ღონისძიებათა ცხოვრებაში გატარებასა და თქვენ შეჰქმნით ამ ნიადაგს. მიაქციეთ ყურადღება მუშათა საკითხს ამიერ-კავკასიაში და მუშათ კლასი ერთხელ  კიდევ დაგიმტკიცებთ, ვინემ სხვა, ურთიერთ გაგებისა და სოლიდარობისათვის. ვიმეორებ, დამფუძნებელი კრება რჩება დღეს ლოზუნგად და ამით ზოგადათ ისახება სეიმის ჩარჩოები და კომპეტენცია, ამასთანავე ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩარჩოები, – ვფიქრობ მე, – გაფართოვდებიან პირობებისა და ცხოვრების მსვლელობის მიხედვით.

დასასრულ, მე ვფიქრობ, რომ სეიმი, თუ ივლის აღნიშნული გზით, შესძლებს აღმასრულებელ ორგანოს მისცეს საჭირო სიძლიერე. ძველად ამბობდენ – ღმერთია მოწყალეო, მე ვიტყვი – რევოლუციაა მოწყალე. გაუმარჯოს რევოლუციას, გაუმარჯოს პირველ ამიერ-კავკასიის სეიმს. (ტაში)

გაზ. საქართველო 1918 წლის 15 (28) თებერვალი

 

საქართველოს პირველი საბჭოთა კონსტიტუცია

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ბოლშევიკური პარტიის კავბიუროს მიერ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების. გამოცხადების შემდეგ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია საქართველოს რევოლუციურ კომიტეტის ხელში გადავიდა.

1921 წლის მარტში რევოლუციური კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – დამფუძნებელი კრება დათხოვნილ იქნა, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საქართველოს მთავრობა  ემიგრაციაში გაემგზავრა.

საქართველოს ოკუპაციიდან ზუსტად ერთი წლის თავზე თბილისში საქართველოს საბჭოების I ყრილობა გაიხსნა. … ყრილობამ  1922 წლის 2 მარტს, საქართველოს პირველი საბჭოთა კონსტიტუცია მიიღო.

პირველი საბჭოთა კონსტიტუცია  23 თავისა და 134 მუხლისგან შედგებოდა.

კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობა წარმოადგენდა. ყრილობათა შორის პერიოდში ხელისუფლებას ყრილობის მიერ არჩეული ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკი) განახორციელებდა. ცაკ-ის სესიათა შორის ხელისუფლებას  სესიის მიერ არჩეული  ცაკ-ის პრეზიდიუმი განაგებდა.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას ცენტრალური კომიტეტის მიერ არჩეული სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო) წარმოადგენდა.

ადგილებზე ხელისუფლების კი მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოები და შესაბამისი აღმასრულებელი კომიტეტები ახორციელებდნენ.

„ოქტომბრის დიდი რევოლუციის მცნებათა მიმდევარნი საქართველოს მუშები, მშრომელი გლეხობა და წითელი არმია… თავისი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამყარებენ პროლეტარიატის სუვერენიტეტს და დიქტატურას. დიქტატურის მიზანია – ბურჟუაზიული წესწყობილებიდან სოციალიზმში გადასვლის განხორციელება“. – ვკითხულობთ 1922 წლის საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციაში.

კონსტიტუციით გაუქმდა კერძო საკუთრება როგორც მიწაზე, ასევე წარმოებასა და საწარმოო საშუალებებზე.

1922 წლის კონსტიტუცია ფორმალურად აღიარებდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს თუმცა კონსტიტუციის 102-ე მუხლით, შეიზღუდა საყოველთაო საარჩევნო უფლება.

კონსტიტუციამ როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლება წაართვა მოქალაქეთა შემდეგ კატეგორიებს:

პირებს, რომლებიც იყენებდნენ დაქირავებულ შრომას მოგების მიღების მიზნით;

  1. პირებს, რომლებიც ცხოვრობდნენ არასაკუთარი შრომის შემოსავლით;
  2. კერძო ვაჭრებს, შუამავლებსა და კომერციულ შუამავლებს;
  3. ბერ-მონაზვნებსა და რელიგიური კულტის სასულიერო პირებს;
  4. ყოფილი პოლიციისა და მენშევიკური მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგანგებო რაზმის მოსამსახურეებსა და აგენტებს;
  5. პირებს, რომლებიც დადგენილი წესით ცნობილი იყვნენ სულით ავადმყოფებად და გონებადაქვეითებულებად, აგრეთვე მზრუნველობის ქვეშ მყოფთ;
  6. პირებს, რომლებიც მსჯავრდებული იყვნენ კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის განაჩენით, ანგარებისა და სხვა დამამცირებელი დანაშაულობებისათვის.

საქართველოს სსრ I კონსტიტუცია მხოლოდ 5 წელი მოქმედებდა, 1922 წლის კონსტიტუციის ხანმოკლე სიცოცხლე ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკისა დასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის  შექმნამ განაპირობა.

1922 წლის კონსტიტუციის ძალით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე აჭარის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა შევიდნენ. საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკას შორის განსაკუთრებული ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი საქართველოს კონსტიტუცია.
ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ–ტელევიზია GeolibTV და საქართველოს სამოქალაქო განათლების განყოფილება იწყებს პროექტს “საქართველოს კონსტიტუციის ისტორიიდან…”
ფილმი პირველი — საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას ეძღვნება.

* * *

1918 წლის 26 მაისს, კვირას, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი – გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია სწორედ ამ თარიღს უკავშირდება – მიღებულ იქნა პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი.

დამოუკიდებლობის აქტით განისაზღვრა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, იურისდიქციის ფარგლები, პოლიტიკური წყობილების ფორმა, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და მმართველობის უმაღლესი ორგანოები:

  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;
  2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა;
  3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;
  4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა;
  6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზსს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს;
  7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე. – ვკითხულობთ საქართველოს  დამოუკიდებლობის აქტში.

1919 წელს დამფუძნებელმა კრებამ დაიწყო საქართველოს პირველი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა – შექმნა საკონსტიტუციო კომისია.

კონსტიტუციის  პროექტზე სამი წლის მუშაობის შემდეგ – დამფუძნებელი კრება ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის „თეატრალურ დარბაზში“ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციას ღებულობს..

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოჭრილი წითელი არმიის ქვედანაყოფები კი  თბილისის  მიმართულებით სვლას აგრძელებენ…

მსოფლიო კონსტიტუციების გამოცდილებაზე დაფუძნებული საქართველოს პირველი კონტიტუცია ზუსტად ასახავდა საქართველოს ისტორიულ, კულტურულ და სხვა სახის თავისებურებებს, – კონსტიტუცია ფაქტობრივად ძალაში არ შესულა – 25 თებერვალს რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძე ლენინს დეპეშით აცნობს: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“

17 მარტს დამფუძნებელი კრების დადგენილებით შეჩერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება.