სერგეი დოვლატოვი (1941 – 1990)

10156932_10203256351027175_784766832_n მშვიდობით კალიფორნია! მშვიდობით, ანგელოზების ქალაქო, თუმცა ანგელოზები არ შემიმჩნევია.

მშვიდობით, დიდი ხნის მეგობრებო და ახალო ნაცნობებო.

მშვიდობით, წითურა გოგონავ, რომელმაც ამიკრძალე შენი სახელის გამხელა.

მშვიდობით… ოოოო,  კინაღამ წამომცდა – მშვიდობით ლიტერატურა!

არა, არა – ლიტერატურა გრძელდება, და ღმერთმა უწყის, საითკენ გაგიტყუებს

ნაწყვეტი სერგეი დოვლატოვის მოთხრობიდან – „ლიტერატურა გრძელდება“

ცნობილი პროზაიკოსი, ჟურნალისტი, რუსეთის ემიგრაციის მესამე ტალღის წარმომადგენელი. თანამედროვე რუსი მწერლებიდან ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი მწერალი სერგეი დოვლატოვი 1941 წლის 3 სექტემბერს, ქალაქ უფაში დაიბადა. მწერალი აღიზარდა თეატრალური რეჟისორის ოჯახში. მამა – დონატ მეჩიკი, ეროვნებით ებრაელი იყო; დედა – ნორა დოვლატოვა ეროვნებით სომეხი.

1959 წელს დოვლატოვმა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ორი წლის სწავლის შემდეგ უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ამ პერიოდში იგი ევგევნი რაინთან და იოსებ ბროდსკისთან დამეგობრდა.

მალე მწერალი ჯარში გაიწვიეს, სადაცკომი ასსრ-ის ბანაკებში მცველად მსახურობდა. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დოვლატოვი სხვადასხვა მრავალტირაჟიან გაზეთებსა თუ ჟურნალებში კორესპონდენტად მუშაობდა. წერდა რეცენზიებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებისათვის. მწერლის შემოქმედება და პროზა საბჭოთა კავშირში საერთოდ არ იბეჭდებოდა. 1978 წელს დოვლატოვმა ემიგრირება გადაწყვიტა: ჯერ ვენაში გაემგზავრა, შემდეგ კი აშშ-ში გადავიდა. სხვებთან ერთად ამერიკაში მან რუსულენოვანი გაზეთი „ახალი ამერიკელი“ დაარსა. 1980-82 წლებში კი გაზეთის რედაქტორად მუშაობდა. ამერიკაში დოვლატოვის პროზამ ფართო აღიარება მოიპოვა, ნაწარმოებები ქვეყნდებოდა ამერიკის პრესტიჟულ გაზეთებსა თუ ჟურნალებში. მწერლის ძირითადი ნაწარმოებებია: „ზონა“, „უხილავი წიგნი“, „კომპრომისი“, „ნაკრძალი“, „ჩვენები“, „მარტოხელათა მარში“, „ხელობა“, და სხვა .

დოვლატოვის ყველა ნაწარმოებს მწერლის ბიოგრაფიაში მომხდარი სხვადასხვა ფაქტები და მოვლენები უდევს საფუძვლად. ასე მაგალიათად: „ზონა“ – ბანაკის მცველის ჩანაწერები, რომლადაც მწერალი ჯარში მსახურობდა. „კომპრომისი“ – ესტონეთში ცხოვრების პერიოდის ისტორია და ჟურნალისტად მუშაობისას მიღებული შთაბეჭდილებები. „ნაკრძალი“ – ირონიულად და საკრასტულად განზრახული თხრობა პერიოდისა, როდესაც მწერალმა გიდად მუშაობის გამოცდილება შეიძინა. „ჩვენები“ – მწერლის ოჯახური ეპოსი. „ხელობა“ – „ლიტერატურული ლუზერის“ შენიშვნები. მიუხედავად ბიოგრაფიული ნაწარმოებისა, მწერლის წიგნები კლასიკური გაგებით დოკუმენტარულად არ მიიჩნევა. ნაწარმოებებში შექმნილ ჟანრს მწერალი „ფსევდო დოკუმენტალურს“ უწოდებდა. დოვლატოვის მიზანი არა დოკუმენტალურობა, არამედ „რეალობის შეგრძნება“, შემოქმედებითად გამოხატულ „დოკუმენტში“ აღწერილი სიტუაციების ცნობადობა იყო. ნოველებში დოვლატოვი ზუსტად გადმოსცემს 60-იანი წლების თაობის ცხოვრების სტილსა და მსოფლ-შეგრძნებას, ლენინგრადისა და მოსკოვის ბოჰემურ ატმოსფეროს, საბჭოთა რეალობის აბსურდს, რუსი ემიგრანტების არც თუ ისე იოლ ცხოვრებას  ამერიკაში.

საკუთარ პოზიციას ლიტერატურაში დოვლატოვი განსაზღვრავდა, როგორც მთხრობელის პოზიციას. გაურბოდა მწერლის წოდებას: „მთხრობელი საუბრობს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი, პროზაიკოსი – თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ხალხი. მწერალი კი, თუ რისთვის უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები“. როგორც მთხრობელი დოვლატოვი წყვეტს კავშირს ყოველდღიურ ტრადიციებთან.  თავს არიდებს მოლარულ-ეთიკური ამოცანების ამოხსნას. ავტორისათვის თხრობის პროცესია მნიშვნელოვანი. აქედან  გამომდინარეობს დოვლატოვის დეკლარირებული უპირატესობა ამერიკული ლიტერატურისა რუსულისადმი, ფოლკნერის და ჰემინგუეის უპირატესობა – დოსტოევსკისა და ტოლსტოისადმი.

დოვლატოვი ნაწარმოებებში შემთხვევითობას, უაზრობას, შეუსაბამობას აღწერდა.   აბსურდისადმი არასიმპატიით განწყობილი მწერალი ეხებოდა აბსურდულ სიტუაციებსაც. მიუხედავად უაზრო აბსურდული რეალობისა, დოვლატოვის პერსონაჟები არ კარგავენ ბუნებრიობის, ჰარმონიულობის გრძნობას. მწერალი გზას იკვლევს გართულებული უკიდურესობიდან, წინააღმდეგობიდან – ცალსახა უბრალოებამდე. „ჩემი შეგნებული ცხოვრება იყო გზა ბანალურობის მწვერვალისაკენ. დიდი მსხვერპლის ფასად მივხვდი, რასაც ბავშვობიდანვე შთამაგობებდნენ. ათასჯერ მაინც გამიგია: ოჯახისთვის მთავარია – სულიერი ინტერესების ერთობლიობა. ათასჯერ ვპასუხობდი: გზა სათნოებისკენ სიმახინჯის ხიდზეა გადებული. ოცი წელიწადი დამჭირდა, რათა შემეცნო ბანალურობა, რათა გადამედგა პირველი ნაბიჯი პარადოქსისადნ – ტრუიზმამდე.

დოვლატოვი – მწერალი – მინიმალისტი. მოთხრობის, ჩანახატის, ანეგდოტის, აფორიზმის ვირტუოზი. დოვლატოვის სტილისთვის დამახასიათებელია: ლაკონიზმი, მხატვრული დეტადებისადმი ყურადღება, ცოცხალი სასაუბრო ინტონაცია. გმირების ხასიათები წარმოჩინდება ვირტუოზულად აგებულ დიალოგებში, რომლებიც მწერლის პროზაში გაცილებით მეტია, ვიდრე დრამატული კოლიზიები.

დოვლატოვი ყოველთვის გაურბოდა გამოეტანა ვერდიქტი თავისი პერსონაჟების მორალისათვის. მწერლის მხატვრულ სამყაროში ზედამხედველი და პატიმარი, ბოროტი და კეთილი თავიანთ უფლებებში გათანაბრებულნი არიან. მწერლის მხატვრულ სისტემაში ბოროტება განპირობებულია ცხოვრების სხვადასხვა ტრაგიკული გარემოებებით.

დოვლატოვის წერით მანერაში აბსურდული და სასაცილო, ტრაგიკული და კომიკური, ირონია და იუმორი მჭიდროდ არის გადახლართული. დოვლატოვის ჩანაფიქრია მხატვრულად გვიამბოს, რა უნცაურად ცხოვრობს ხალხი – ხან წუხილით იცინიან, ხან კი სიცილით წუხან.

სერგეი დოვლატოვი, რა თქმა უნდა ლიტერატურული მასშტაბებით, გენიალურობით ვერ შეედრება ისეთ ბუმბერაზებს, როგორებიც იყვნენ: დოსტოევსკი, ტოლსტოი, მერეჟკოვსკი, ჩეხოვი, მაგრამ ცალსახაა, რომ დოვლატოვს ჰქონდა საკუთარი, ინდივიდუალური სტილი, წერის მანერა და   მოთხრობებისა და ნოველების ვირტუოზულად მოწოდების ნიჭი.

ემიგრაციაში ყოფნის 20 წლის მანძილზე თორმეტი წიგნი გამოსცა მწერალმა. მოთხრობების და ნოველების გარდა, გამოიცა აგრეთვე მწერლის მოგონებები, სახალისო ისტორიები.

მწერალი ოფიციალურად ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან მწერალს დარჩა ქალიშვილი – მარია (1970წ.) ორი შვილი ეკატერინე და ნიკოლაი კი მეორე ქორწინებიდან. ქალიშვილი ალექსანდრა მწერალს შეეძინა არაოფიციალური ქორწინებიდან 1975 წელს.

სერგეი დოვლატოვი, 49 წლის ასაკში, 1990 წლის 24 აგვისტოს გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. დაკრძალულია ნიუ-ორკში. მაუნთ-ჰებრონის სასაფლაოზე.

 

შარლ ლუი დე მონტესკიე

1483775_10202353988548677_278175584_nშარლ ლუი დე მონტესკიე ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და კრიტიკოსი, რომლის იდეებიც კონსერვატივიზმისა და პროგრესივიზმის საუცხოო სინთეზია, ერთი მხრივ იცავდა არისტოკრატიული ფენის ინტერესებს, რომელსაც მისი აზრით შესწევდა უნარი დაეცვა სახელმწიფო აბსოლუტური მონარქიისა და მასობრივი ანარქიისგან.  მონტესკიე იცავდა ღირსებასა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ მონარქიას. გამოდიოდა რესპუბლიკური მმართველობის მხარდამჭერად, თუმცა თვლიდა, რომ ამ ტიპის მმართველობა მხოლოდ მცირე მასშტაბებზეა გათვლილი და დიდი სახელმწიფოს შემთხვევაში რესპუბლიკური მმართველობა სახეს იცვლის. დიდი სახელმწიფო შემდგარია მაშინ, როდესაც ძალაუფლება ცენტრალურ მთავრობაშია კონცენტრირებული.

შარლ ლუი დე მონტესკიე 1989 წლის 19 იანვარს, ბრედაში, ბორდოსთან ახლოს,  წარჩინებულ ოჯახში დაიბადა. განათლება საორატორო კოლეჯში მიიღო, შემდეგ ბორდოს უნივერსტიტეტში იურისტის ხარისხი მიენიჭა და სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გადავიდა. მამის გარდაცვალებასა და მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით, მონტესკიე ბორდოში დაბრუნდა და ჟან ლარტიგზე იქორწინა. მათ ვაჟი და ორი გოგონა შეეძინათ. ბიძისგან მემკვიდრეობით მონტესკიეს ბრედას ბარონის ტიტული და ბორდოს პარლამენტში თანამდებობა ერგო. ეს ორგანო იმ დროისთვის იურიდულ და ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა. მომდევნო 11 წლის განმავლობაში მონტესკიე ხელმძღვანელობდა პარლამენტის კრიმინალისტურ განყოფილებას, სადაც ისმენდა საკანონმდელო საქმეებს, აკონტროლებდა პატიმართა მდგომარეობას და დასჯას. ამავე პერიოდში ის მოღვაწეობდა ბორდოს აკადემიაში, სადაც სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული.

1721 წელს, მონტესკიემ სპარსული წერილები გამოსცა. წიგნმა მას დიდი სახელი მოუტანა. 1725 წელს მონტესკიემ პარლამენტი დატოვა. 1728 წელს ის ფრანგული აკადემიის წევრად აირჩიეს. ამ წლებში  ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყნებში და ორი წელი დაჰყო ინგლისში, რომლის პოლიტიკურმა სისტემამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 1731 წელს მონტესკიე, ბორდოში დაბრუნდა და თავისი ცნობილი შედევრის კანონთა გონის წერა დაიწყო. წიგნმა დიდი კამათი გამოიწვია და ამავე დრო  წარმატებული გახდა. მოგვიანებით, მონტესკიემ კანონთა გონის დაცვაც გამოსცა, სადაც სხვადასხვა კრიტიკულ მოსაზრებას პასუხობდა. თუმცა მიუხედავად ამისა, კათოლიკურმა ეკლესიამ კანონთა გონი 1751 წელს აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა. შარლ ლუი დე მონტესკიე პარიზში 1755 წელს გარდაიცვალა.

მონტესკიეს კანონთა გონის მიზანი ადამიანური კანონებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების არსის გაგებაა. მონტესკიე თვლის, რომ სხვადასხვა კანონისა და საზოგადოებრივი სისტემების ახსნის მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ადაპტირებულ უნდა იქნას სხვადასხვა ფაქტორებთან და მათი ახსნა ამ ფაქტორებისგან დამოუკიდებლად  შეუძლებელია. კანონები უნდა ითვალისწინებდეს იმ ადამიანებს, ვისთვისაც არის შექმნილი, მათ  შორის შესაბამისობაში იყოს ყოველი მთავრობის ბუნებასა და პრინციპებებთან, მორგებული უნდა იყოს ქვეყნის კლიმატზე, ნიადაგზე, მდგომარეობასა და დონეზე; კავშირში უნდა იყოს თავისუფლების ხარისხთან, აღმსარებლობასთან, ტრადიციებსა და ქცევებთან. როდესაც საზოგადოებრივ და საკანონმდებლო სისტემებს ამ ფაქტორების გათვალისწინებით განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ბევრი აქამდე გაუგებარი კანონი სავსებით გამართლებული და მიზანშეწონილია.

მონტესკიე არ არის უტოპისტი, არც ბუნებით, არც მრწამსით. მას სწამს, რომ სტაბილური, არა დესპოტური მთავრობის პირობებში ცხოვრება, მთავრობის რომლის კანომდებლობაც მოქალაქეებს მეტნაკლებ თავისუფლებას ანიჭებს ან ზოგჯერ ზღუდავს, გამართლებულია. თუკი ხელისუფლების სისტემას გავეცნობით და გავიგებთ იმ გზებს, რომელთა დახმარებით ხდება მისი გარემო ფაქტორებთან შესაბამისობაში მოყვანა და ადაპტირება, მივხვდებით, რომ ბევრი ირაციონალური აზრი აზრიანი გახდება და რეფორმების ჩატარება პირიქით უარყოფით შედეგს გამოიღებს. კანონთა გაცნობა დაგვეხმარება იმ კანონების გამოვლენაში, რომლებიც არსებით რეფორმებს საჭიროებენ. მონტესკიეს აზრით, ბევრი ქვეყნის კანონი უფრო ლიბერალური და ჰუმანური უნდა გახდეს. მაგალილთად, უნდა გაუქმდეს რელიგიური დევნა და მონობა და მოხდეს კომერციის წახალისება. ასეთი ტიპის რეფორმები გააძლიერებს მონარქიულ მთავრობებს, რადგან მეტ თავისუფლებას და ღირსებას მიანიჭებს მოქალაქეებს. მონტესკიე სამი ტიპის ხელისუფლებას გამოყოფს; რესპუბლიკური, რომელსაც არისტოკრატიული ან დემოკარტიული სახე აქვს, მონარქისტული და დესპოტური. არისტოტელესგან გასხვავებით, მონტესკიე არ განასხვავებს მმართველობის ფორმებს მმართველთა კეთილგანწყობისა და სულგრძელობის საფუძველზე. მაგალითად, მონარქიასა და დესპოტიზმს შორის განსხვავება დამოკიდებულია არა მონარქის ნებაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად ჩამოყალიბებული და სწორი კანონებით მართავს ის ქვეყანას. ყველა მთავრობას აქვს თავისი პრინციპები და ამ პრინციპების რღვევამ შესაძლოა სრული რღვევა გამოიწვიოს.

დემოკრატიაში ხალხი მართავს. მათ აქვთ არჩევანის უფლება. ხალხი ირჩევს მმართველებს, ხელმძღვანელებს,  არჩევანის უფლება ფუნდამენდური უფლებაა. უნდა არსებობდეს კანონი მართვა, რათა ადამიანებმა არ მოახდინონ საკუთარი კერძო ინტერესების საყოველთაო ინეტერესების კონტექსტით გამოყენება. კანონის დახმარებით უნდა მოხდეს მოქალაქეთა შორის საკუთრების სწორი გადანაწილება. დემოკრატია ფერხდება მაშინ, როდესაც ჩნდება უთანასწორობა და უკიდურესი თანასწორობა. პირველი, თავს იჩენს მაშინ, როდესაც ადამიანები არ აიგივებენ საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებთან და ცდილობენ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას; მეორე, როდესაც  ადამიანებს არ აკმაყოფილებს  მხოლოდ თანაბარი მოქალაქეობა და ყველა ასპექტში თანაბრობა სურთ. მოქმედ დემოკრატიაში ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ემორჩილება და პატივს სცემს მას. თუ არჩეულები  ამომრჩევლებს იმედს გაუცრუებენ, ხალხს აქვს უფლება, გადაირჩიონ ისინი. როდესაც ჩნდება უკიდურესი თანასწორობის მოთხოვნა ადამიანები კარგავენ პატივისცემის გრძნობას ხელისუფლების მიმართ და აღარც ემორჩილებიან მას. მათ სურთ თავად მართონ ყველაფერი. იყვნენ ხელისუფალნი, მოსამართლენი და ა.შ.  შედეგად, მთავრობა წყვეტს ფუნქციონირებას, კეთილი ნების უკანასკნელი ნიშნები ქრება და ჩნდება დესპოტიზმი. არისტოკრატიაში ხალხის ერთი ნაწილი მართავს დანარჩენს. არისტოკრატიული მმართველობის პრინციპი ზომიერებაა. ყველა კანონი მიმართული უნდა იყოს ზომიერების დაცვისა და შენარჩუნებისაკენ. კანონმა არ უნდა მისცეს წარჩინებულ ფენას სხვისი ჩაგვრის უფლება.  მაქსიმალურად უნდა შეამციროს განსხვავება წარჩინებულთა და დანარჩენ ფენას შორის. კანონმა უნდა განამტკიცოს თავად თანასწორობა წარჩინებული ფენის შიგნით. თუ ეს არ მიიღწევა, წარჩინებულთა ფენა კარგავს ზომიერების გრძნობას და ხელისუფლებაც ირღევა.

მონარქიაში არსებობს ერთი ადამიანის მმართველობა. რასაც ის ზუსტი და ჩამოყალიბებული კანონმდებლობით ახორციელებს.  კანონი უზრუნველყოფს აუცილებელ არხებს, რომლებშიც გაედინება ძალაუფლება.  ეს აუცილებელი არხები არის ისეთი ინსტიტუციებია, როგორიცაა წარჩინებულთა ფენა და დამოუკიდებელი მოსამართლეები. მონარქიული მართვის პრინციპი არის ღირსება და პატივისცემა. მთავარი ამოცანაა მოხდეს იმ სუბორდინირებული ინსტიტუციების დაცვა, რომლებიც მონარქიას დესპოტიზმისაგან განარჩევენ. ამისათვის, კანონმა უნდა უზრუნველყოს ფართო მასშტაბის საკუთრების დაუნაწევრებლობა, წარჩინებული ფენის უფლებებისა და პრივილეგიების დაცვა და ხელი შუეწყოს კანონის მართვას.

მონარქია იშლება იქ, სადაც მონარქი ან არღვევს დაქვემდებარებულ ინსტიტუციებს, ან შეეცდება საბაზისო კანონების უგულებელყოფით, თვითნებურად მართვას. მონარქიაში პიროვნული ამბიცია და ღირსების გრძნობა ერთად მუშაობს; ეს არის მონარქის სიძლიერე და სტაბილურობის საფუძველი. როდესაც ადამიანს ამოძრავებს ბუნებრივი კეთილი ნება, სურვილი ემსახუროს საკუთარ მეფეს, ის  თავისი ქვეყნისთვისაც სასიკეთოს აკეთებს.

დესპოტურ სახელმწიფოში  ერთი ადამიანი თავისი კაპრიზებისა და ნება-სურვილის თანახმად, ყოველგვრი კანონის დაცვის გარეშე მართავს ქვეყანას. დესპოტიზმის პრინციპი – შიშია. განათლება არ არის აუციელებლი და თუ ის საერთოდ არსებობს, მან უნდა დაასუსტოს გონი და გატეხოს პიროვნება. ღირსების შეგრძნებით სავსე ადამიანები პრობლემებს ქმნიან.  ამდენად, შიშმა უნდა დათრგუნოს მათი ამბიცია. ცხოველების მსგავსად ისინი ინსტიქტებით, მორჩილებით და შიშით შემოიფარგლებიან. საკუთრება არ არის დაცული, კომერცია არ ვითარდება და სახელმწიფო ღარიბია.

მონტესკიე ლიბერალ ფილოსოფოსთა შორის მოიაზრება. მისი აზრით, ლიბერალიზმი არ ნიშნავს ყველაფრის კეთების თავისუფლებას. თუ ერთი ადამიანის თავისუფლება ზიანს აყენებს სხვის თავისფლებას, სხვასაც თავის მხრივ შესაძლოა ასეთი თავისუფლება გაუჩნდეს და შესაბამისად ვერავინ იქნება დარწმუნებული საკუთარ დაუცველობაში. ლიბერალიზმი გვაძლევს მაქსიმალურად თავისუფალი ქმედების საშუალებას, სხვისი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. ძალაუფლების კონტროლი  სხვადასხვა ორგანოების გადანაწილებით ხორციელდება: აღმასრულებელი, საკანომმდებლო და სამოსამართლო ხელისუფლება. თუ ერთი ადამიანის ხელში მრავალი ძალაუფლება იყრის თავს, ჩნდება ტირანიის საფრთხე. კანონი უნდა იყოს მკაფიო და ნათელი. მისი დახმარებით ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი უდანაშუალობის დამტკიცება. კანონი არ უნდა აცხადებდეს კრიმინალად იმ ტიპის ქმედებებს, რომელთა დანაშაულად დამტიცება რთულდება.

რელიგია კანონთა გონში ძალზე მცირე როლს თამაშობს. მონტესკიე რელიგიას განიხილავს იმდენად, რამდენადაც სასიკეთოდ მოქმედებს ის სამოქალაქო საზოგადოებაზე. სხვადასხვა რელიგიებს ის სხვადასხვა ტიპის მმართველობასა და გარემოს უსადაგებს. პროტესტანტიზმი უფრო რესპუბლიკელებს შეესაბამება. კათოლიციზმი – მონარქიას, ისლამი – დესპოტიზმს. რელიგიას შესწევს უნარი შეამციროს კანონებისა და ინსტიტუციების ცუდი ზეგავლენა. თუმცა, არ იქნება სწორი სამოქალაქო კანონების რელიგიური პრინციპებზე აგება. რელიგია ადამიანის სრულყოფას ცდილობს. სამოქალაქო კანონები საზოგადოების კეთილდღეობისკენ არის მიმართული. ამდენად ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავდება. სამოქალაქო კანონები არ არის ქცევათა რელიგიური ნორმების განტკიცების ხელშემწყობი საშუალება. ღმერთს თავისი კანონები აქვს და ის ადამიანების ჩარევის გარეშე ამტკიცებს მათ. როდესაც ადამიანი მათ დამცველად მოქმედებას იწყებს ის რელიგიას ფანატიზმისა და დევნის ინსტრუმენტად აქცევს. არც საბოლოო ჯამში არც ღმერთის და არც ქვეყნის სამსახური არ არის. თუ ქვეყნის შიგნით რამდენიმე რელიგიას ჰყავს თავისი მიმდევარი, როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეების მხრიდან მათ მიმართ უნდა იყოს ტოლერანტული განწყობა. ერთი რელიგიის მიმდევრების მიერ სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანების მათ რელიგიაზე მოქცევის იძულება დაუშვებელია.

ა.შ.შ. დამოუკიდებლობის დღე

amerikaამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე ძირითადი კანონი. ამერიკის კონსტიტუცია 7 თავისა და 27 შესწორებისაგან შედგება. დოკუმენტი შემუშავდა კონსტიტუციური კონვენტის მიერ. კონვენტი ფილადელფიაში 1787 წელს შეიკრიბა. ახლად ჩამოყალიბებული ფედერალური მთავრობისათვის ეს ურთულესი პერიოდი იყო. მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მთავრობის მიმართ, თვლიდნენ, რომ სწორედ მთავრობის უუნარობის გამო ვერ ხერხდებოდა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი საკანონმდებლო სივრცის შექმნა. ერთობის მომავალი საფრთხის გამო წუხდნენ და მთავრობისაგან რეალურ ქმედებებს ითხოვდნენ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეებიც.

გადაწყვეტილება მოულოდენლად გამოჩნდა. ცამეტივე შტატისათვის მყარი სავაჭრო რეგულაციების შესამუშავებლად 1786 წელს ანაპოლისში, მერილენდში შეიკრიბა ხუთი შტატის წარმომადგენელთა კონვენტი. გადაწყდა, დეკლარირებული მიზნის მისაღწევად ყველა შტატი საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევდა. დადგენილ იქნა, არჩეული დელეგატები გაეგზავნათ კონფედერაციის მუხლების გადასასინჯ კონვენტზე,

კონვეტზე საბოლოოდ უნდა შეჯემებულიყო ის დებულებები, რომლებიც ფედერალური მთავრობისათვის წარსადგენი კონსტიტუციისთვის მნიშვნელოვანი იყო და ერთობის მოთხოვნებს პასუხობდა.

1787 წლის თებერვალში კონგრესმა აღნიშნული წინადადება მიიღო. სამი თვის შემდეგ შეიკრიბა კონსტიტუციური კონვენტი. 12 შტატს 55 დელეგატი წარმოადგენდა. როუდ აილენდის შტატმა წარმომადგენლების წარგზავნაზე უარი განაცხადა. გაზრდილ ფედერალურ რეგულაციებში ის წარმატებული სავაჭრო ინდუსტრიისთვის საფრთხეს ხედავდა. კონვენტის პრეზიდენტად ჯორჯ ვაშინგტონი აირჩიეს. შეზღუდული და დელეგილირებული ძალაუფლების მქონე მთავრობის ჩამოყალიბებაზე მუშაობა 16 კვირა გაგრძელდა. 1787 წლის 17 სექტემბერს 39 დელეგატმა მოაწერა ხელი კონსტიტუციას და კონფედერაციის კონგრესს გაუგზავნაა. 28 სექტემბერს კონგრესმა კოსნტიტუცია რატიფიკაციისათვის შტატებს გადაუგზავნა. მეშვიდე მუხლის თანახმად იმისათვის, რომ კონსტიტუციას კანონის ძალა მინიჭებოდა, შტატების ორი მესამედის მიერ უნდა ყოფილიყო რატიფიცირებული. ფერმერებსა და გლეხებში ცხარე კამათი წარმოიშვა. ზოგიერთი მათი  წარმომადგენელი რატიფიკაციის წინააღმდეგ გამოდიოდა. ერთი  ნაწილი მხარს შტატების სუვერენობას უჭერდა, მეორე ნაწილი –მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების გამო ღელავდა. მოგვიანებით სწორედ მსგავსი საკითხების მოგვარებას ითვალისწინებდა კონსტიტუციის პირველ 10 შესწორება. როუდ აილენდი იყო ბოლო შტატი, რომელმაც კონსტიტუციის რატიფიცირება მოახდინა.

შტატის გადაწყვეტილებაზე უდიდესი გავლენა იქონია, კონგრესის განცხადებებმა, რომლებშიც როუდ აილენდის შტატი უცხო ქვეყნად გამოცხადდებოდა, თუ შტატი კონსტიტუციის რატიფიცირებას დროულად არ მოახდენდა.

 

 

საქართველოს პირველი კონსტიტუცია

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი საქართველოს კონსტიტუცია.
ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ–ტელევიზია GeolibTV და საქართველოს სამოქალაქო განათლების განყოფილება იწყებს პროექტს “საქართველოს კონსტიტუციის ისტორიიდან…”
ფილმი პირველი — საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას ეძღვნება.

* * *

1918 წლის 26 მაისს, კვირას, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი – გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია სწორედ ამ თარიღს უკავშირდება – მიღებულ იქნა პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი.

დამოუკიდებლობის აქტით განისაზღვრა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, იურისდიქციის ფარგლები, პოლიტიკური წყობილების ფორმა, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და მმართველობის უმაღლესი ორგანოები:

  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;
  2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა;
  3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;
  4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა;
  6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზსს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს;
  7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე. – ვკითხულობთ საქართველოს  დამოუკიდებლობის აქტში.

1919 წელს დამფუძნებელმა კრებამ დაიწყო საქართველოს პირველი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა – შექმნა საკონსტიტუციო კომისია.

კონსტიტუციის  პროექტზე სამი წლის მუშაობის შემდეგ – დამფუძნებელი კრება ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის „თეატრალურ დარბაზში“ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციას ღებულობს..

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოჭრილი წითელი არმიის ქვედანაყოფები კი  თბილისის  მიმართულებით სვლას აგრძელებენ…

მსოფლიო კონსტიტუციების გამოცდილებაზე დაფუძნებული საქართველოს პირველი კონტიტუცია ზუსტად ასახავდა საქართველოს ისტორიულ, კულტურულ და სხვა სახის თავისებურებებს, – კონსტიტუცია ფაქტობრივად ძალაში არ შესულა – 25 თებერვალს რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძე ლენინს დეპეშით აცნობს: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“

17 მარტს დამფუძნებელი კრების დადგენილებით შეჩერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება.

სერვიუს ტულიუსის რეფორმები

200px-Servius_Tullius_by_Frans_Huysუნდა ითქვას, რომ არცერთ რომაელ მოღვაწეს არ დაუმსახურებია ისეთი ურთიერთგანსხვავებული შეფასებები, არ ყოფილა ისეთი პოპულარული და იდუმალი, როგორც რომის რიგით მე-6 მეფე – სერვიუს ტულიუსი. მისი მეფობის თარიღად მიჩნეულია ჩვ.წ.აღ.-მდე 578-534წწ. გადმოცემით ცნობილია, რომ ის მონა-ქალის ოკრიზიას ვაჟი იყო, რომელიც ქალაქ კორნიკულაში ცხოვრობდა. აქედან ხსნიდნენ მის სახელის წარმოშობასაც (Servus – ლათინურად მონას ნიშნავს) და ლათინურ წარმომავლობას. სერვიუს ტულიუსი შთამომავლების მიერ აღიქმება, როგორც სახლახო მეფე, პლებეები თვლიდნენ, რომ ის პირველი იყო, ვინც მათ გამოექომაგა. ლეგენდების მიხედვით პატრიციებმა სერვიუს ტულიუსი შეთქმულებაში მოკლეს.

ტარკვინიუსის დაღუპვის შემდეგ სერვიუს ტულიუსი  მეფედ აკურთხეს. წარმატებით ებრძოდა ეთრუსკებს. მისი მეფობის დროს ავენტინზე, სადაც პლებეები ცხოვრობდნენ, აშენდა დიანას ტაძარი, რომელიც ლათინური ქალღმერთი იყო. ამის გამო ლათინური წარმოშობის ადამიანებმა რომი ლათინური ქალაქების მთავარ ქალაქად აღიარეს. სერვიუსმა რომს ახალი კედლები შემოარტყა, რომელშიც მოექცა სიმაგრეები, ახალი გორაკები და ქალაქის ახალი რაიონები, რომლებიც შენარჩუნდა ჩვ.წ.აღ-ით I საუკუნემდე. მაგრამ მისი ცხოვრების მთავარ საქმედ რომის ჯარების  და საზოგადოებრივი მოწყობის რეფორმა ითვლება, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ცენტურიული რეფორმა.

წყაროები გვამცნობენ, რომ ეთრუსკიელებთან ხანგრძლივი ომის შემდეგ სერვიუს ტულიუსმა ჯარში დიდი გარდაქმნები გაატარა. უპირველეს ყოვლისა მან დააწესა ცენზი, რომელიც  ციცერონის თქმით „სახელმწიფოსთვის, რომლსაც ბედი დიდებას უმზადებს სასარგებლო დადგენილებაა“  (Cic. Resp. II. 31. 38). მან ჩაატარა მოსახლების აღწერა და დაყო ხუთ ცენზურ თანრიგად (კლასად), იმის მიხედვით თუ რა ქონებას ფლობდნენ და იარაღის ტარების უნარით.

პირველ თანრიგს განეკუთვნებოდნენ ისინი, ვისი ქონებაც შეფასებული იყო 100 ათას ასსად (ძველი რომაული მონეტა). მეორე კლასს მიეკუთვნებოდნენ ადამიანები, რომელთა ქონებაც შეადგენდა 75 ათას ასს-ს (ძველი რომაული მონეტა). 3 – 50 ათასს, 4-ს – 25 ათასს, ხოლო მე-5 კლასს მიეკუთვნებოდნენ მოქალაქეები რომელთა ქონება 11 ან 12,5 ათას ასსს. მოქალაქეები რომლებიც ამ თანხასაც ვერ მოაგროვებდნენ იწოდებოდნენ პროლეტარიებად და capite censi. როგორც სახელწოდებები გვიჩვენებენ პირველნი ცენზის სახით საკუთარ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ (proles), ხოლო მეორენი აღირიცხებოდნენ სულადობით (caput).

dostojnoumeretxeto-8თითოეულ ქონებრივ თანრიგს გამოჰყავდა საომრად ფეხოსანი ცენტურიების გარკვეული რიცხვი…  რა თქმა უნდა ყველაზე მეტი ცენტურიები უმაღლეს კლასს ჰყავდა. გარდა რიგითი ცენტურიებისა 1 და 2 კლასს გამოჰყავდა ხელოსანთა 2 ცენტურია, აგრეთვე 4 და 5  მესაყვირეთა ორი ცენტურია. ქვეითი ცენტურიების გარდა ყალიბდებოდა 18 ცხენოსანთა ცენტურია, რომელიც მხედართა განსაკუთრებულად პრივილეგირებული კორპუსი იყო (equites), ასე რომ სერვიუსის რეფორმის შედეგად. ძველად არსებულ 6  გაორმაგებულ ცენტურიას დაემატა 12 ახალი ცენტურა, სადაც წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამგვარად სერვიუს ტულიუსის რეფორმის შედეგად შეიქმნა 193 ცენტურია, აქედან ერთი განსაკუთრებული ცენტურია, რომელიც ყოველდღიური სამუშაოებიდან გათავისუფლებული პლებეებით იყო დაკომპლექტებული.

გარდა ამისა სერვიუსისეულ ცენტურიებში მოხდა ასაკობრივი დაყოფა: 18-დან 46 წლამდე შედიოდნენ ახალგაზრდათა ცენტურიებში, ხოლო 46 წლიდან ზევით უკვე სენიორების ცენტურიებში აერთიანებდნენ. გარდა ამისა სხვადასხვა თანრიგის წარმომადგენელს სხვადასხვა იარაღის ტარების უფლება ეძლეოდა. რაც უფრო დაბალი თანრიგის წარმომადგენელი იყო, მით უფრო მსუბუქად იყო შეიარაღებული.

dostojnoumeretxeto-9სერვიუს ტულიუსმა რომის ტერიტორია დაყო ახალი წესით. რომი უკვე აღარ იყოფოდა სამ საგვარეულო ტრიბად, რომლებშიც შედიოდა კურიები და მათი სასოფლო სამფლობელოები – პაგები, ახლა რომი იყოფოდა ტერიტორიული ტრიბების მიხედვით, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ ამა თუ იმ რეგიონის მაცხოვრებელნი.

მოქალაქეთა და და ჯარის დაყოფის ახალმა წესმა, შექმნა მოთხოვნილება შექმნილიყო სახალხო კრების ახალი ტიპი – ცენტურიების მიხედვით. ვინაიდან  მაღალი თანრიგის ცენტურიები კრებაზე წარმოდგენლი იყო უფრო დიდი რიცხვით,   ამიტომ  ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის გადაჭრისას უმაღლესი თანრიგის ცენტურიებსა და მხედრებს უპირატესობა ენიჭებოდა. ამ გზით სერვიუს ტულიუსმა „ხალხი გააცურა“; ფორმალურად მიანიჭა გარკვეული უფლებები, ხოლო რეალურად ჩამოაშორა საზოგადოებრივ საქმიანობას. (Liv. 1.43. 10; Dionys. IV. 20-21; VIII. 82; X. 17; Cic. Resp. II. 22.39-40).

რეფორმებმა, რომელსაც მიაწერენ ცერვიუს ტულიუსს, სახელმწიფოს შექმნის პროცესის დასრულებისათვის საფუძველი შექმნეს, მაგრამ არ დაუსრულებიათ. ეს პროცესები ვითარდებოდა სახელმწიფო ორგანოების ტრანსფორმაციის გზით, რომლებიც მემკვიდრულად მიღებული იყო  ნათესაური ფორმაციისაგან, აგრეთვე ახალი ფორმირებების შექმნის გზით. ამ რეფორმებში უკვე ჩანდა თავისუფალთა კონსოლიდაცია გაბატონებულ კლასში, რაც ითხოვდა პატრიციებსა და პლებეებს შორის კლასობრივი განსვავების საბოლოოდ მოსპობას. სერვიუს ტულიუსის რეფორმებმა პლებეებს მხოლოდ სახალხო კრებებში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს, მაგრამ არ მოსპეს პოლიტიკური და სოციალური სხვაობები.  მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში რომის ისტორიისათვის დამახასიათებელი იყო პლებეების ბრძოლა პატრიციებთან გათანასწორებაში.

სოლონის კანონები

ძველ საბერძნეთში წარჩინებულ მოქალაქეთა და დემოსს შორის არაერთი შეიარაღებული შეტაკების შემდეგ ათენში ძვ.წ 594 წელს არხონტად არჩეული იქნა სოლონი – კეთილშობილი და პატივსაცემი ადამიანი, რომელმაც ათენში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და შემოიღო კანონმდებლობა რომელიც „სოლონის კანონების“ სახელით არის ცნობილი.

რა იყო მნიშვნელოვანი სოლონის კანონმდებლობაში:
1. ათენის მოქალაქეები გათავისუფლდნენ ვალის გადახდის ვალდებულებიდან. ამ კანონით ვალის ქონით გამოწვეული მონობა მოისპო. სოლონის რეფორმას ათენელი გლეხები „სისახფია“-ს ანუ „ტვირთის ჩამოფერთხვას“ უწოდებდნენ.

2. გლეხებს საკუთრებაში დაუბრუნდათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც მანამდე ვალის გამო დაგირავებული ჰქონდათ.

3. აიკრძალა ვალის გამო ადამიანის მონად გაყიდვა, ყველა გაყიდული მონის გამოხსნის ვალდებულებას სახელმწიფო თავის თავზე იღებდა. რეფორმამ მნიშვნელოვნად შეარყია წარჩინებულთა ძალაუფლება, რადგან რეფორმამდე მიწებს ძირითადად ევპატრიდები ფლობდნენ, რეფორმის შემდეგ კი მიწის მცირე ნაკვეთები გლეხობას გადაეცა.

სოლონი მონობის გაუქმების წინაარმდეგი არასოდეს ყოფილა, მას თავად ჰყავდა მონები. რეფორმა, რომელიც მან გაატარა მონობის წინააღმდეგ მხოლოდ ათენელთა მონობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი აზრით, ვალის გამო გლეხების მონად გაყიდვა ხელს უშლიდა ათენში მეურნეობის განვითარებას. ხოლო, რაც შეეხება გლეხებისათვის დამატებითი მიწების გადაცემას, სოლონი ამას საჭიროდ არ თვლიდა.

სოლონის რეფორმა სახელმწიფო მოწყობის საკითხებსაც შეეხო:

სოლონმა ათენის მკვიდრი მოსახლეობა შემოსავლების მიხედვით დაყო ოთხ კატეგორიად: მსხვილი მონათმფლობელები, – მათი შემოსავალი 500 ერთეულს აღემატებოდა; მეორე კატეგორიას მხედრებს უწოდებდნენ – მათი შემოსავალი 300 ერთეული იყო; მესამე – ზებგიტები – მათი შემოსავალი 200 ერთეულს არ აღემატებოდა და მეოთხე კატეგორიაში გაერთიანდა ყველა მცირე შემოსავლის მქონე ათენის მოქალაქე.

მოსახლეობის არც ერთ კატეორიას არ მიეკუთვნებოდნენ მონები და შესაბამისად მათ არც რაიმე უფლება ჰქონდათ.

მოქალაქეების დაყოფამ შემოსავლების მიხედვით დიდად შეარყია დიდგვაროვანთა წარმოშობის მნიშვნელობა. მთავარი ახლა ქონება გახდა, ვისაც შემოსავალი ჰქონდა,  მოქალაქეთა დაყოფის უმაღლეს კატეგორიაში ხვდებოდა.

სოლონის კანონების მიხედვით სახელმწიფო საქმეებს ათენში ჯერ სახალხო კრება განიხილავდა, შემდეგ კი სოლონის მიერ შექმნილი ოთხასთა საბჭო და სხვადასხვა ოფიციალური პირები.

სახალხო კრებაში მონაწილეობას იღებდნენ ოთხივე სოციალური ფენის წარმომადგენლები. რაც შეეხება ოთხასთა საბჭოსა და ქვეყნის ოფიციალურ ორგანოთა თანამდებობებს ეს თანამდებობები ფეტებისთვის მიუწვდომელი იყო. არხონტებად და ხაზინადრებად მხოლოდ პირველი კატეგორიის მოქალაქეები ინიშნებოდნენ, სხვა თანამდებობებზე კი – მხედრები და ზევგიტები.

თანამდებობის პირთა არჩევის საკითხების განხილვისას სახალხო კრებას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. სხვა საკითხები, განიხილებოდა ოთხასთა საბჭოში. ქალები სახალხო კრებაში მონაწილეობას არ იღებდნენ.

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოლონის მიერ სასამართლოს შექმნას, სადაც მოსამართლეთა შერჩევა ათენის მოქალაქეებიდან ხდებოდა, რომელთა ასაკიც 30 წელი იყო. სასამართლოს წევრთა არჩევა კენჭისყრით ხდებოდა, ამასთან, სოციალურ სტატუსსა და შემოსავლებს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ათენის ჯარში პირველი მაღალი ფენის წარმომადგენლები ცხენოსანთა რაზმში მსახურობდნენ, ზევგიტები მძიმედ შეიარაღებულ ქვეით ჯარს წარმოადგენდნენ, ხოლო მსუბუქად შეიარაღებული რაზმის მეომრები ფეტები იყვნენ.

სოლონის კანონებმა დასაბამი მისცა ათენში დემოკრატიის განვითარებას. (სიტყვა დემოკრატია ბერძნულად „ხალხის მმართველობას“ ნიშნავს).

ლეგენდის მიხედვით კანონების შემოღების შემდეგ სოლონმა ათენელ მოქალაქეებს მოსთხოვა ფიცი დაედოთ, რომ 10 წლის განმავლობაში არ შეცვლიდნენ მის კანონებს, თვით სოლონი კი შორეულ მოგზაურობაში გაემგზავრა.

ათენში დაბრუნებულმა სოლონმა ნახა, რომ დემოსსა და არისტოკრატიას შორის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა.

სოლონმა მრავალი სხვა რეფორმატორის ბედი გაიზიარა. მისი რეფორმებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მდიდრები, (მათ მუქთა სამუშაო ძალა და ვალში აღებული მიწები დაკარგეს) და გლეხები – რომლებიც რეფორმის შედეგად უკმაყოფილონი დარჩნენ, ვინაიდან მათ სარგებლობაში არასაკმარისი მიწები იყო.

ელეონორა რუზველტი და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია

ruzveltiელეონორა რუზველტს ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი  ტრუმანმა  მსოფლიოს პირველი ლედი უწოდა. ის იყო გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, დიპლომატი, რომელსაც არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს ბედი აღელვებდა.

1948 წლის 10 დეკემბერს პარიზში, გაერომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. მოხდა ის, რაც არასდროს მომხდარა გაეროს სხდომებზე. დელეგაცია წამოდგა და აპლოდისმენტებით შეეგება ასაკოვან, მოკრძალებულ ქალბატონს, რომელსაც სახეზე თბილი ღიმილი ჰქონდა. ეს ქალბატონი ელეონორ რუზველტი იყო.

1947 წელს როდესაც გაეროს ადმიანის უფლებათა კომიტეტი დაარსდა, ელეონორა რუზველტი, რომელიც  პრეზიდენტ ჰარი ტრუმანის მიერ ერთი წლის წინ დელეგატად იყო არჩეული, კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შემუშავების პროცესში, ქალბატონი რუზველტი რუსეთის დელეგაციას დაუპირიპირდა. მათ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ. ისინი ითხოვნდნენ პირობას, რომ ყოველი მუხლის ქვემოთ ხაზგასმული ყოფილიყო, რომ მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იყო განესაზღვრა კონკრეტული უფლების აღიარება. რუსები მოითხოვდნენ ეკონომიკური და სოციალური უფლებების – დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის უფლებების ჩართვას – და აცხადებდნენ, რომ თავინათი მნიშვნელბით ისინი პოლიტიკურ უფლებებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. გარკვეული დისკუსიის შემდეგ რუზველტმა სახელმწიფო დეპარტამენტი დაარწმუნა, ჩაერთოთ ეკონომიკური უფლებები დეკლარაციაში. რუსები მაინც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ დეკლარციის შინაარსის გამო და მწავავე განცხადებებს აკეთებდნენ  შეერთებულ შტატებში არსებული რასობრივი დისკრიმინაციისა და უმუშევრობის შესახებ.

როდესაც რუსი დელეგატი აშშ-ში შავკანიანთა მდგომარეობას შეეხო, რუზველტმა მას შესთავაზა, გამოეგზავნათ საკუთარი ჯგუფი აშშ-ში ამ პრობლემებზე დასაკვირვებლად, მხოლოდ იმ პირობით, რომ ამერიკის დელეგაციასაც თავის მხრივ ექნებოდა უფლება მსგავსი მისიით ჩასულიყო საბჭოთა კავშირში.

დეკლარაციაზე დღეში 16 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდნენ. დელეგატები ოცნებობდნენ. პანამას დელეგატი რუზველტს ახსენებდა, რომ თავად დელეგატებსაც გააჩნდათ თავიანთი უფლებები.

1948 წლის ზაფხულითვის დეკლარაციამ საბოლოო სახე მიიღო. ის მარტივი, გასაგები ენით იყო შედგენილი და ეფუძნებოდა მაგნა კარტას, ამერიკული უფლებათა ბილის, საფრანგეთის უფლებათა დეკლარაციის პრინციპებს. ის შედგებოდა პრეამბულისა და 30 მუხლისგან, სადაც გაწერილი იყო 40 მდე ფუნდამენტური უფლება და თავისუფლება.

პირველი მუხლი ყველა ადამიანის თანასწორობასა და თავისუფლებას ეხებოდა.

მეორე ანტიდისკრიმინაციის პრინციპს. მესამედან 21 მუხლამდე –  განხილული იყო სიცოცხლის, სამოქალაქო, პოლიტიკური, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებები. წამებისგან თავისუფლება, დაუსაბუთებელი თავისუფლების აღვეთისგან თავისუფლება, სიტყვისა და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება.

22 და 27 მხულები ეკონომიკურ, სოციალურ და კულურულ უფლებებს ეხებოდა.

როდესაც გენერალური ასამბლეა 1948 წელს პარიზში შეიკრიბა, საბჭოთა კავშირს ბლოკირებული ჰქონდა ბერლინი. რუზველტმა ფრანგულად წარმოთმულ სიტყვაში განაცხადა, რომ რუსების მიერ ადამიანის უფლებების არ აღიარება მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იყო. როდესაც დეკლარცია საბოლოოდ იქნა მიღებული, ლიბანის ელჩმა ჩარლზ მალიკმა განაცხადა : ვერ წარმომიდგენია, როგორ მოხარხებდით ყველაფერ ამის დასრულებას, რომ არა ელეონორა რუზველტი. მიუხედავად იმისა, რომ რუზველტი ამაყობდა დეკლარაციის მიღებაში შეტანილი წვლილით, ის მუდამ რეალისტად რჩებოდა. მან იცოდა, რომ მხოლოდ დეკლარაციის სიტყვები არ იყო საკმარისი. როგორც მოგვიანებით განაცხადა, მთავარი იყო ყველას საკუთარ ქვეყანაში ეცხოვრა და ეღვაწა ყოველი ადამიანის თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის“.