წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ

თავი 13

და მერმე მოციქულნი მოავლინნა პიტიახშმან და ჰრქუა: „ანუ ნებაჲ ჩემი ყავ და მოვედ ტაძრად; უკუეთუ არა მოხვიდე შინა, ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად კარაულითა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მიჰრქუა ესრეთ: „უბადოო და უგულისჴმოო, ხოლო მე თუ კარად ანუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რასმე შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე“. და გულსა ეტყოდა პიტიახში იგი სიტყუათა მათთჳს, ვითარ-იგი ჰრქუა მას, ვითარმედ „ვინ უწყის, თუ კეთილსა რასმე მივემთხჳო“, ვითარმედ „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს“. და მიერითგან არღარავინ მიავლინა მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ ბოროტთა მათ გუემათა და თმენათათჳს იტყოდა, რაჲთამცა სათნო-ეყო ღმერთსა.

ხოლო პიტიახშმან გამოარჩია ძუძუჲსმტჱ მისი საკუთარი, რაჲთა მოიყვანოს იგი ტაძრად. და ვითარცა ჰრქუა კაცმან მან: „ისმინე ჩემი და ჩამოვედ ტაძრად, და ნუ აოჴრებ სახლსა მას თქუენსა“, ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: „არქუ მას უღმრთოსა, ვითარმედ „შენ მომკალ და მარქუ მე: ცოცხალითა ფერჴითა არა გამოხვიდე შენ მაგიერ ციხით“. ხოლო აწ, უკუეთუ შემძლებელ ხარ მკუდარსა აღდგინებად, პირველად დედაჲ შენი აღადგინე, რომელი ურდს დამარხულ არს, გარნა თუ მისა ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად, ვერცა ჩემდა შემძლებელ ხარ განყვანებად, გარნა თრევით გამითრიო“. და ვითარცა მიუთხრეს პიტიახშსა სიტყუაჲ იგი და მან თქუა: „ნანდჳლვე ვთქუ ეგე!“

და მეორესა დღესა შემო-ვინმე-ვიდა და ჰრქუა წმიდასა შუშანიკს: „კეთილად მიუგე მას სიტყუაჲ იგი, რამეთუ მაგით სახით ეგულვებოდა შეტყუვილი შენი და მას სხუაჲ ზრახვაჲ გულსა მოეჴადა სიბოროტისაჲ შენთჳს“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „და შენ ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადნის სიტყუანი პირსა კაცისასა, რამეთუ იტყჳს თჳთ უფალი: „მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ“.

თავი მეთორმეტე თავი მეთოთხმეტე