სიზიფეს მითი

sizipeქართა მბრძანებლის ეოლოსის ვაჟი სიზიფე ქალაქ კორინთოს დამაარსებელი და მმართველი იყო. ქალაქი ისთმიის ყურეში მდებარეობდა და შუა საბერძნეთისა და პელოპონესის კუნძულს აერთიანებდა. ლეგენდის თანახმად, კორინთო სიზიფეს კოლხეთის მეფის აიეტის ასულმა, მედეამ გადასცა. ჰომეროსი წერდა, რომ სიზიფე განსაკუთრებული სიბრძნით იყო დაჯილდოვებული და გონიერებასა და მიხვედრილობაში ვერავინ შეედრებოდა. ძლევამოსილმა მმართველმა ქალაქს დიდი სიმდიდრე შესძინა, მნიშვნელოვან სავაჭრო-სანაოსნო პოლისად აქცია, ოლიმპიური თამაშების წინამორბედი, ისთმიური თამაშები დაარსა და ტურიზმი ააყვავა. კორინთოს მცხოვრებლები მეფეს დიდად ემადლიერებოდნენ და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ.

სხვა წყაროების მიხედვით კორინთოს მეფე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით მეზობელი ქალაქის, ატიკის მოსახლეობას სასტიკად არბევდა და აწიოკებდა. ყაჩაღივით თავს ესხმოდა გზებზე მგზავრებს, ძარცვავდა და უზარმაზარი ქვის ლოდებით კლავდა. ევრიპიდე და სოფოკლე წერენ, რომ ბრძენ მეფეს მზაკვრობასა და ცბიერებაში ბადალი არ ჰყავდა. ღმერთების მოტყუებასაც კი ახერხებდა და ჭკუით ჯობნიდა.

ერთხელ გზად მიმავალი სიზიფე ზევსის მიერ მდინარის ღმერთის, ასოპეს ქალიშვილის მოტაცების მოწმე გახდა. გადაწყვიტა ეს ამბავი სათავისოდ გამოეყენებინა. ასოპესთან მივიდა და კორინთოსთვის წყლის მიცემის სანაცვლოდ ქალიშვილის გამტაცებლის ვინაობისა და ადგილმდებაროების განდობას დაპირდა. მადლიერმა მდინარის ღმერთმა ქალაქი წყალუხვი მდინარეებით აავსო. როდესაც ზევსმა საიდუმლოს გათქმის შესახებ შეიტყო, სასტიკად განრისხდა და კორინთოს მეფეს ჰადესიდან სიკვდილის ღმერთი თანატოსი მიუგზავნა. სიზიფე ღმერთზე გონიერი აღმოჩნდა. თანატოსი დაათრო და გაბრუებულს საკუთარი ხელით დამზადებული ბორკილების მოსინჯვა შესთავაზა. ბორკილებდადებული სიკვდილის ღმერთი გვიან მიხვდა, რომ დატყვევებული იყო. ქალაქში სიკვდილი დამარცხდა. არავინ და არაფერი კვდებოდა. ადამიანები უდარდებლად ცხოვრობდნენ და არაფერზე ზრუნავდნენ. ღმერთების დადგენილი წესრიგი დაირღვა და სიცოცხლემ აზრი დაკარგა. ამის გამო განსაკუთრებით, ომის ღმერთი, არესი აღშფოთდა. არესმა თავნება მეფის დატყვევება საკუთარ თავზე აიღო, თანატოსი ტყვეობიდან იხსნა და მისი დახმარებით სიზიფე ჰადესში გაამგზავრა.

სიზიფემ ამჯერადაც ჭკუა იხმარა,  მოასწრო და ცოლს ჩასჩურჩულა, ჩემი სხეული არ დაკრძალოთ, მალე დავბრუნდებიო. ასეც მოხდა. ჰადესში ღმერთებს თავი შეაცოდა, ჰადესის მეუღლეს, პერსეფონეს გული მოულბო: ცოლმა ჩემი სხეული მიწას არ მიაბარა, ვიტანჯები, ცოტა ხნით მიწაზე დამაბრუნეთ, ცოლს დავსჯი, სხეულს მიწას მივაბარებინებ და ჰადესში დამშვიდებული დავბრუნდებიო. პერსეფონე მოტყუვდა და საქმის მოსაგვარებლად კორინთოს გარდაცვლილ მეფეს რამდენიმე დღე მისცა.

სახლში დაბრუნებულ სიზიფეს ჰადესში გამგზავრებაზე აღარც უფიქრია. ღმერთები დაივიწყა, ოჯახს შეუერთდა და უდარდელად განაგრძო ცხოვრება. ღმერთებს მოთმინების ფიალა აევსოთ. განრისხებულმა თანატოსმა კორინთოში ჰერმესი წარგზავნა და სიზიფეს სული სამუდამოდ დააბრუნებინა ჰადესში.

მოტყუებისა და ღალატის გამო ღმერთებმა სიზიფეს სიკვდილის შემდეგ სასტიკი სასჯელი დაუწესეს. ჩრდილების სამეფოში მთაზე უზარმაზარი ლოდის ატანა დაავალეს. მთის მწვერვალს მიახლოებული ლოდი ისევ მთის ძირისკენ გორდება და სიზიფეს მძიმე ტვირთი მთის ფერდობზე ხელახლა ააქვს.

ამაო, უნაყოფო შრომას არასდროს ექნება დასასრული. ვებერთალა ლოდი სიზიფემ მთის მწვერვალზე სამუდამოდ უნდა ზიდოს.

სპარტანული აღზრდის მეთოდები

ახალგაზრდა თაობის აღზრდას სპარტაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა (ძვ.წ. IV საუკუნე).

სპარტის განათლების სისტემა ეფუძნებოდა მოქალაქე მეომრის აღზრდას. ყურადღება ექცეოდა ჯარისკაცის ფიზიკურ განვითარებას. მასში მორალური თვისებების – ერთგულების, ამტანობის და გამძლეობის განვითარებას.
აგოგე – ნიშნავს „წაყვანა“-ს ეს იყო საბრძოლო აღზრდის სისტემა სპარტაში (ძვ. წ VIII-IV ს) და სავალდებულო იყო მხოლოდ სპარტის სრულუფლებიანი მოქალაქეებისათვის. დანარჩენი სხვა კლასების წარმომდგენელ ახალგაზრდა ბიჭებს სისტემა შანსს აძლევდა მიეღო მოქალაქეობა.

ვერცერთი ისტორიკოსი კანონმდებელ ლიკურგეს ქვეყნის მეომრების შესახებ ვერ იტყოდა, რომ სპარტელებმა ერთხელ მაინც შეაქციეს ზურგი მტერს.

spartaპლუტარქეს მიხედვით აღზრდის პროცესი იწყება ბავშვის დაბადებისთანავე, და არ არის დამოკიდებული მამის ნებაზე, – მამას ბავშვი „მიჰყავს „ლესხაში“ (Λέσχη), – ეს იყო ადგილი სადაც ისხდნენ უხუცესი ფილები და ამოწმებდნენ ახალშობილს. თუკი ბავშვი ძლიერი და ჯანმრთელი იყო, ოჯახს უბრუნებდნენ გამოსაკვებად.  თუკი ჩვილი სუსტი და მახინჯი აღმოჩნდებოდა მას აპოკსეტში ყრიდნენ (უფსკრული ტაიგეტის მახლობლად).

რჩცეულ ბავშვებს ჩვილობიდან სხვადასხვა გამოცდებს უტარებდნენ. საწოლი, რომელშიც ბავშვი იწვა ძალზედ უხეში და მაგარი იყო. 7 წლის ასაკში სპარტელ ბიჭუნას სპეციალურ საბრძოლო ბანაკში აგზავნიდნენ. აქ ისინი სწავლობდნენ, თუ როგორ გადაერჩინათ თავი. ის ვინც ამ გამოცდას ვერ უძლებდა – კვდებოდა.

ბიჭებს ჩალის საგებებზე ეძინათ, ხოლო ტანსაცმლის ტარების უფლებას 12 წლის ასაკიდან აძლევდნენ. ზოგიერთი ბავშვი თავის საგებზე ჭინჭარს აფენდა, რადგან ჭინჭრით დასუსხული სხეული უფრო თბებოდა. ბავშვები დაკავებულნი იყვნენ რთული ფიზიკური ვარჯიშით, სწავლობდნენ ხმლისა და შუბის ფლობის ხელოვნებას. კვებაზე მათ  თვითონ უნდა ეზრუნათ – ზოგჯერ ქურდობის, ძარცვის და საჭიროების შემთხვევაში მკვლელობის გზითაც.

სხეულის წვრთნა ასაკის შესაფერისი სირთულის ხარისხის მიხედვით ხდებოდა. ცნობილია, რომ ვარჯიშებიდან ამოღებული იყო მუშტებით ჩხუბი, ვინაიდან ეს საქმე სპორტსმენებისთვის იყო დათმობილი. სირბილი, ხტომა, ბრძოლის ხელოვნება, დისკის სროლა ჩვეულებრივი ყოველდღიური სავარჯიშოები იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამას ემატებოდა ცეკვის რამოდენიმე სახეობა, ე. წ. პირიკული ცეკვები.

17 წლიდან, როდესაც ახალგაზრდა სპარტელი სახლში ბრუნდებოდა , მას უკანასკნელი გამოცდა ელოდა – ის უნდა მოხვედრილიყო არტემიდეს ტაძარში, რომელიც მაღალ მთაზე მდებარეობდა. ახალგაზრდა სპარტანელს „მსხვერპლი უნდა გაეღო“. ტაძრის ქურუმები ყმაწვილს  დიდი სამსხვერპლო თასის ზევით აბავდნენ და როზგავდნენ სველი როზგებით  სისხლის პირველი წვეთის გამოსვლამდე. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბიჭი არ გამოსცემდა ხმას, მაგრამ თუკი ახალგაზრდა დაიკვნესებდა, მას უფრო ძლიერად ურტყამდნენ, მანამ სანამ არ დადუმდებოდა. ეს შეიძლება გაგრძელებულიყო გონების დაკარგვამდე, ან სიკვდილამდეც კი. ასე იცხრილებოდნენ სპარტაში სუსტები.

საბრძოლო ხელოვნების გარდა ახალგაზრდა სპარტანელს ასწავლიდნენ წერას, კითხვას და სიმღერას. სპარტანელები ძალიან მოკლედ და გასაგებად საუბრობდნენ.  სპარტელების ლაკონურობის საუკეთესო მაგალითია მათი პასუხი მაკედონიის მეფე ფილიპე მეორის მიმართვაზე: „გირჩევთ დაუყონებლივ ჩამბარდეთ, თუ ჩემი არმია თქვენს მიწაზე დაადგამს ფეხს, ჩვენ გავანდგურებთ თქვენს ბაღებს, დავიმონებთ თქვენს ხალხს და გავანადგურებთ ქალაქს. ამ მიმართვას სპარტელებმა მოკლედ ერთი სიტყვით უპასუხეს: „თუ“.

სპარტანელები იყვნენ პირველები საბრძოლო ისტორიაში, რომლებმაც  საბრძოლო მიზნით გამოიყენეს მუსიკა და სიმღერა. ეს კეთდებოდა რიტმული ნაბიჯისა და სწორი წყობრისათვის.

როდესაც სპარსეთის მეფემ ქსერქსემ სპარსელებს ფარებისა და იარაღის ჩაბარება მოსთხოვა, სპარტელებმა ასე უპასუხეს – „მოდი და წაიღე“. „ჩვენი ისრები და შუბები მზეს დაგიბნელებენ“ – დაემუქრნენ სპარსელები. „მაშინ ჩვენ ჩრდილში ვიბრძოლებთ“ – უპასუხეს სპარტანელებმა.

სპარტა ანტიკური სამყაროს ყველაზე ძლიერი და მეომარი ქვეყანა იყო. მათი ცხოვრების წესი იყო არა სიმხდალეს! არა შიშს! არა კაპიტულაციას! არსებობს მხოლოდ ღირსება და დიდება!