ჟან ლე რონ დ’ალამბერი

alamberiმეცნიერი ფილოსოფოსებს შორის, მათემატიკოსი – დაიბადა პარიზში 1717 წლის 16 ნოემბერს. ბიოლოგიური მამა იყო არტილერიის კომისარი, შევალიე დეტუში, დედა კი – მარკიზა დე ტანსენი, ცნობილი ლიტერატურული სალონის დიასახლისი, რომელმაც გაჩენისთანავე მიატოვა ჩვილი სენ-ჟან ლე რონის ეკლესიის საფეხურებზე. თავიდან იგი დაკარგული ბავშვების თავსეფარში მოათავსეს, თუმცა მამამ მალევე მიაკვლია და მეშუშე ხელოსნის ოჯახს მიაშვილა, რომელსაც მის აღსაზრდელად გარკვეულ პენსიას უხდიდა. დ’ალამბერმა ორმოცდარვა წელი დაჰყო გამზრდელ დედასთან, მის გარდაცვალებამდე. დ’ალამბერს მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა, იგი წარმატებით სწავლობდა სამართალსა და მედიცინას.

სითხეების მექანიკასა და ინტეგრალურ გამოთვლებზე პირველი ნაშრომების შექმნის  შემდეგ, 24 წლის ასაკში დ’ალამბერი მიიღეს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში, 28 წლის ასაკში კი – ბერლინის აკადემიაში. მოგვიანებით მან უარი უთხრა ფრიდრიხ II-ს ბერლინში საცხოვრებლად გადასვლაზე და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინეს ტახტის მემკვიდრის აღმზრდელად მუშაობაზე წელიწადში ასი ათასი ლივრის სანაცვლოდ.1743 წელს მან გამოაქვეყნა თავისი მნიშვნელოვანი ტრაქტატი დინამიკაზე, სადაც გააუმჯობესა ძალის განსაზღვრება და მოგვცა, რასაც მას შემდეგ დ’ალამბერის პრინციპი ეწოდება (მოძრაობის რაოდენობის შენახვა). 1747 წელს მან დაწერა სტატია ვიბრაციულ მწკრივებზე, სადაც პირველმა მოგვცა და ამოხსნა კერძო წარმოებულებიანი განტოლება, რომელიც არეგულირებს ბგერით ტალღებს. ასევე დ’ალამბერისაა რეფლექსიები ქარის ზოგადი მიზეზის შესახებ (განზოგადებული ეულერის მიერ) და ტრაქტატი მზებუნიობების პრეცესიის შესახებ, სადაც ნაწილობრივ ახსნა 3 სხეულის პრობლემა. ამას გარდა, იგი ითვლება მუსიკის თეორეტიკოსად და რამოს შემოქმედების ზედმიწევნით მცოდნედ.

დ’ალამბერმა პარიზულ მოდურ სალონში გაიცნო დიდრო. მათი მეგობარი იყო აბატი გა დე მალვი, აკადემიკოსი და კომპილატორი, რომელმაც უბიძგა მათ ენციკლოპედიის შექმნისკენ. დ’ალამბერმა და დიდრომ ჩამბერის ციკლოპედიის თარგმნის ნაცვლად გადაწყვიტეს მეცნიერების გაერთიანება ლოგიკურად ერთ ფილოსოფიურ სისტემაში. მათი ნაშრომის ქვესათაური იყო მეცნიერებათა არგუმენტირებული ლექსიკონი.

ენციკლოპედიის წინასიტყვაობაში – შესავალი სიტყვა, რომელიც 1751 წელს პირველი ტომის დასაწყისში დაიბეჭდა და რომელიც მის საუკეთესო ნაშრომად რჩება, დ’ალამბერი ამტკიცებდა პირდაპირი კავშირის არსებობას ცოდნის პროგრესსა და სოციალურ პროგრესს შორის. ეს ტექსტი არის ლუმიერების [განმანათლებლების] ჭეშმარიტი მანიფესტი. მასში გამჟღავნებული იყო მათი მიზანი: „აზროვნების საერთო წესის შეცვლა“.

1759 წელს ეკლესიის მიერ მრავალჯერ გამოთქმული ბრალდებების გამო, მეფემ ბრძანა ნაბეჭდი ეგზემპლარების განადგურება და გამოცემის შეწყვეტა. დალამბერს დიდროსთან უთანხმოების გამო უკვე დანებებული ჰქონდა თავი ენციკლოპედიისათვის. ამ დროს იგი გახდა ფრანგული აკადემიის ისტორიოგრაფი და მუდმივი მდივანი. ამ პერიოდიდან დ’ალამბერი აკადემიაზე დიდ, შეიძლება ითქვას, დესპოტურ  ზეგავლენას ახორციელბდა თავისი მეგობრის, მადმუაზელ ლეპინასის დახმარებით.

1745 წლიდან დ’ალამბერი ვოლტერის ერთგული მეგობარია; მათი მეგობრობა და მიმოწერა ოცდაცამეტ წელიწადს გაგრძელდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი დ’ალამბერმა აკადემიას საკონკურსოდ წარუდგინა ვოლტერის ქება და 500 ლივრიან საპრიზო ფონდს საკუთარი ექვსასი დაამატა. მან დატოვა სამეცნიერო ნაშრომები, მნიშვნელოვანი მიმოწერა ფრიდრიხ II-სა და ფილოსოფოსებთან; დაწერა აკადემიის ისტორია სახელწოდებით 1700-1770 წლებში გარდაცვლილი აკადემიკოსების ქება, რომელიც აკადემიის სხდომებზე იქნა წაკითხული.

ევროპის ყველა აკადემიის წევრს, ყველა ფილოსოფოსის მეგობარს, ყველა სალონის სასურველ და ხშირ სტუმარს პენსიას უხდიდა ქალბატონი ჟოფრენი, რომელმაც სიცოცხლის განმავლობაში სარგებლობის უფლებით უანდერძა რენტა 1275 ფრანკის ოდენობით მასა და ოცი წლის განმავლობაში მის თანამგზავრს – მადმუაზელ ლეპინასს.

დ’ალამბერი იყო პიჩინისტების – XVIII ს. ცნობილი მუსიკოსის, ნიკოლო პიჩინის თაყვანისმცემლების ერთ-ერთი მეთაური, მას ხანგრძლივი პოლემიკა ჰქონდა ჟ.-ჟ. რუსოსთან, თავისთან სტუმრად ჰყავდა რუსეთის მეფე პავლე პირველი, უპასუხა აბატ მიიოს საზეიმო სიტყვას, მარმონტელთან ერთად მოამზადა ლექსიკონის მეხუთე გამოცემა. მისმა ნაშრომებმა შეადგინა 18 ტომი.

დ’ალამბერი რჩება XVIII ს.-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მათემატიკოსად და ფიზიკოსად და, იმავდროულად, ლუმიერების ფილოსოფოსად. იგი იყო პოლიტიკური და რელიგიური აბსოლუტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სულისჩამდგმელი. მან დეკარტისეული ტრადიცია გააერთიანა ნიუტონისეულ კონცეფციებთან და გზა გაუხსნა მოდერნულ [თანამედროვე] სამეცნიერო რაციონალიზმს. მისი ანალიზი წარმოადგენს მეცნიერების ჭეშმარიტ ფილოსოფიას.

დ’ალამბერი გარდაიცვალა 1783 წლის 29 ოქტომბერს. ავტორიტარული ხასიათის გამო აკადემიაში მისი გარდაცვალება დიდად არ სწყენიათ. მისი თანამედროვის, ვილმენის დახასიათებით იგი იყო „ცივი მწერალი ახალი იდეების გარეშე“.

დ’ალამბერს ეკუთვნის შემდეგი გამონათქვამები:

1. თუ სისტემას განვიხილავთ, როგორც მატერიალურ წერტილებს, ერთმანეთთან დაკავშირებულს ისე, რომ მათმა მასებმა შეიძინონ შესაბამისად განსხვავებული სიჩქარეები, რომლითაც ისინი თავისუფლად ან ერთდროულად [ერთნაირად] იმოძრავებენ, მოძრაობის სისტემაში მოგებული ან წაგებული მოძრაობების რაოდენობა თანაბარი იქნება.

2. მხოლოდ თავისუფალ აზროვნებასა და მოქმედებას შეუძლია დიადის შექმნა.

3. მაგარამ ის მცირედი ჩვევა, რაც გაგვაჩნია ხელოვნების შესახებ წერისა და ნაწერების კითხვისა, აძნელებს საგნების გასაგებად ახსნას. აქედან ჩნდება ფიგურების საჭიროება. შეგვეძლო ათასი მაგალითით დაგვენახვებინა, რომ წმინდა და მარტივი სახის განმარტებითი ლექსიკონი, რაც გინდ კარგად შედგენილი, გვერდს ვერ აუვლის ფიგურების გამოყენებას, ბნელსა და ბუნდოვან აღწერებს; რამდენად გვჭირდება ეს დახმარება? საგნისთვის ან მისი გამოსახულებისათვის თვალის ერთი შევლება მასზე გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე ერთგვერდიანი სიტყვა.

შარლ ლუი დე მონტესკიე

1483775_10202353988548677_278175584_nშარლ ლუი დე მონტესკიე ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და კრიტიკოსი, რომლის იდეებიც კონსერვატივიზმისა და პროგრესივიზმის საუცხოო სინთეზია, ერთი მხრივ იცავდა არისტოკრატიული ფენის ინტერესებს, რომელსაც მისი აზრით შესწევდა უნარი დაეცვა სახელმწიფო აბსოლუტური მონარქიისა და მასობრივი ანარქიისგან.  მონტესკიე იცავდა ღირსებასა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ მონარქიას. გამოდიოდა რესპუბლიკური მმართველობის მხარდამჭერად, თუმცა თვლიდა, რომ ამ ტიპის მმართველობა მხოლოდ მცირე მასშტაბებზეა გათვლილი და დიდი სახელმწიფოს შემთხვევაში რესპუბლიკური მმართველობა სახეს იცვლის. დიდი სახელმწიფო შემდგარია მაშინ, როდესაც ძალაუფლება ცენტრალურ მთავრობაშია კონცენტრირებული.

შარლ ლუი დე მონტესკიე 1989 წლის 19 იანვარს, ბრედაში, ბორდოსთან ახლოს,  წარჩინებულ ოჯახში დაიბადა. განათლება საორატორო კოლეჯში მიიღო, შემდეგ ბორდოს უნივერსტიტეტში იურისტის ხარისხი მიენიჭა და სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გადავიდა. მამის გარდაცვალებასა და მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით, მონტესკიე ბორდოში დაბრუნდა და ჟან ლარტიგზე იქორწინა. მათ ვაჟი და ორი გოგონა შეეძინათ. ბიძისგან მემკვიდრეობით მონტესკიეს ბრედას ბარონის ტიტული და ბორდოს პარლამენტში თანამდებობა ერგო. ეს ორგანო იმ დროისთვის იურიდულ და ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა. მომდევნო 11 წლის განმავლობაში მონტესკიე ხელმძღვანელობდა პარლამენტის კრიმინალისტურ განყოფილებას, სადაც ისმენდა საკანონმდელო საქმეებს, აკონტროლებდა პატიმართა მდგომარეობას და დასჯას. ამავე პერიოდში ის მოღვაწეობდა ბორდოს აკადემიაში, სადაც სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული.

1721 წელს, მონტესკიემ სპარსული წერილები გამოსცა. წიგნმა მას დიდი სახელი მოუტანა. 1725 წელს მონტესკიემ პარლამენტი დატოვა. 1728 წელს ის ფრანგული აკადემიის წევრად აირჩიეს. ამ წლებში  ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყნებში და ორი წელი დაჰყო ინგლისში, რომლის პოლიტიკურმა სისტემამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 1731 წელს მონტესკიე, ბორდოში დაბრუნდა და თავისი ცნობილი შედევრის კანონთა გონის წერა დაიწყო. წიგნმა დიდი კამათი გამოიწვია და ამავე დრო  წარმატებული გახდა. მოგვიანებით, მონტესკიემ კანონთა გონის დაცვაც გამოსცა, სადაც სხვადასხვა კრიტიკულ მოსაზრებას პასუხობდა. თუმცა მიუხედავად ამისა, კათოლიკურმა ეკლესიამ კანონთა გონი 1751 წელს აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა. შარლ ლუი დე მონტესკიე პარიზში 1755 წელს გარდაიცვალა.

მონტესკიეს კანონთა გონის მიზანი ადამიანური კანონებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების არსის გაგებაა. მონტესკიე თვლის, რომ სხვადასხვა კანონისა და საზოგადოებრივი სისტემების ახსნის მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ადაპტირებულ უნდა იქნას სხვადასხვა ფაქტორებთან და მათი ახსნა ამ ფაქტორებისგან დამოუკიდებლად  შეუძლებელია. კანონები უნდა ითვალისწინებდეს იმ ადამიანებს, ვისთვისაც არის შექმნილი, მათ  შორის შესაბამისობაში იყოს ყოველი მთავრობის ბუნებასა და პრინციპებებთან, მორგებული უნდა იყოს ქვეყნის კლიმატზე, ნიადაგზე, მდგომარეობასა და დონეზე; კავშირში უნდა იყოს თავისუფლების ხარისხთან, აღმსარებლობასთან, ტრადიციებსა და ქცევებთან. როდესაც საზოგადოებრივ და საკანონმდებლო სისტემებს ამ ფაქტორების გათვალისწინებით განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ბევრი აქამდე გაუგებარი კანონი სავსებით გამართლებული და მიზანშეწონილია.

მონტესკიე არ არის უტოპისტი, არც ბუნებით, არც მრწამსით. მას სწამს, რომ სტაბილური, არა დესპოტური მთავრობის პირობებში ცხოვრება, მთავრობის რომლის კანომდებლობაც მოქალაქეებს მეტნაკლებ თავისუფლებას ანიჭებს ან ზოგჯერ ზღუდავს, გამართლებულია. თუკი ხელისუფლების სისტემას გავეცნობით და გავიგებთ იმ გზებს, რომელთა დახმარებით ხდება მისი გარემო ფაქტორებთან შესაბამისობაში მოყვანა და ადაპტირება, მივხვდებით, რომ ბევრი ირაციონალური აზრი აზრიანი გახდება და რეფორმების ჩატარება პირიქით უარყოფით შედეგს გამოიღებს. კანონთა გაცნობა დაგვეხმარება იმ კანონების გამოვლენაში, რომლებიც არსებით რეფორმებს საჭიროებენ. მონტესკიეს აზრით, ბევრი ქვეყნის კანონი უფრო ლიბერალური და ჰუმანური უნდა გახდეს. მაგალილთად, უნდა გაუქმდეს რელიგიური დევნა და მონობა და მოხდეს კომერციის წახალისება. ასეთი ტიპის რეფორმები გააძლიერებს მონარქიულ მთავრობებს, რადგან მეტ თავისუფლებას და ღირსებას მიანიჭებს მოქალაქეებს. მონტესკიე სამი ტიპის ხელისუფლებას გამოყოფს; რესპუბლიკური, რომელსაც არისტოკრატიული ან დემოკარტიული სახე აქვს, მონარქისტული და დესპოტური. არისტოტელესგან გასხვავებით, მონტესკიე არ განასხვავებს მმართველობის ფორმებს მმართველთა კეთილგანწყობისა და სულგრძელობის საფუძველზე. მაგალითად, მონარქიასა და დესპოტიზმს შორის განსხვავება დამოკიდებულია არა მონარქის ნებაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად ჩამოყალიბებული და სწორი კანონებით მართავს ის ქვეყანას. ყველა მთავრობას აქვს თავისი პრინციპები და ამ პრინციპების რღვევამ შესაძლოა სრული რღვევა გამოიწვიოს.

დემოკრატიაში ხალხი მართავს. მათ აქვთ არჩევანის უფლება. ხალხი ირჩევს მმართველებს, ხელმძღვანელებს,  არჩევანის უფლება ფუნდამენდური უფლებაა. უნდა არსებობდეს კანონი მართვა, რათა ადამიანებმა არ მოახდინონ საკუთარი კერძო ინტერესების საყოველთაო ინეტერესების კონტექსტით გამოყენება. კანონის დახმარებით უნდა მოხდეს მოქალაქეთა შორის საკუთრების სწორი გადანაწილება. დემოკრატია ფერხდება მაშინ, როდესაც ჩნდება უთანასწორობა და უკიდურესი თანასწორობა. პირველი, თავს იჩენს მაშინ, როდესაც ადამიანები არ აიგივებენ საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებთან და ცდილობენ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას; მეორე, როდესაც  ადამიანებს არ აკმაყოფილებს  მხოლოდ თანაბარი მოქალაქეობა და ყველა ასპექტში თანაბრობა სურთ. მოქმედ დემოკრატიაში ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ემორჩილება და პატივს სცემს მას. თუ არჩეულები  ამომრჩევლებს იმედს გაუცრუებენ, ხალხს აქვს უფლება, გადაირჩიონ ისინი. როდესაც ჩნდება უკიდურესი თანასწორობის მოთხოვნა ადამიანები კარგავენ პატივისცემის გრძნობას ხელისუფლების მიმართ და აღარც ემორჩილებიან მას. მათ სურთ თავად მართონ ყველაფერი. იყვნენ ხელისუფალნი, მოსამართლენი და ა.შ.  შედეგად, მთავრობა წყვეტს ფუნქციონირებას, კეთილი ნების უკანასკნელი ნიშნები ქრება და ჩნდება დესპოტიზმი. არისტოკრატიაში ხალხის ერთი ნაწილი მართავს დანარჩენს. არისტოკრატიული მმართველობის პრინციპი ზომიერებაა. ყველა კანონი მიმართული უნდა იყოს ზომიერების დაცვისა და შენარჩუნებისაკენ. კანონმა არ უნდა მისცეს წარჩინებულ ფენას სხვისი ჩაგვრის უფლება.  მაქსიმალურად უნდა შეამციროს განსხვავება წარჩინებულთა და დანარჩენ ფენას შორის. კანონმა უნდა განამტკიცოს თავად თანასწორობა წარჩინებული ფენის შიგნით. თუ ეს არ მიიღწევა, წარჩინებულთა ფენა კარგავს ზომიერების გრძნობას და ხელისუფლებაც ირღევა.

მონარქიაში არსებობს ერთი ადამიანის მმართველობა. რასაც ის ზუსტი და ჩამოყალიბებული კანონმდებლობით ახორციელებს.  კანონი უზრუნველყოფს აუცილებელ არხებს, რომლებშიც გაედინება ძალაუფლება.  ეს აუცილებელი არხები არის ისეთი ინსტიტუციებია, როგორიცაა წარჩინებულთა ფენა და დამოუკიდებელი მოსამართლეები. მონარქიული მართვის პრინციპი არის ღირსება და პატივისცემა. მთავარი ამოცანაა მოხდეს იმ სუბორდინირებული ინსტიტუციების დაცვა, რომლებიც მონარქიას დესპოტიზმისაგან განარჩევენ. ამისათვის, კანონმა უნდა უზრუნველყოს ფართო მასშტაბის საკუთრების დაუნაწევრებლობა, წარჩინებული ფენის უფლებებისა და პრივილეგიების დაცვა და ხელი შუეწყოს კანონის მართვას.

მონარქია იშლება იქ, სადაც მონარქი ან არღვევს დაქვემდებარებულ ინსტიტუციებს, ან შეეცდება საბაზისო კანონების უგულებელყოფით, თვითნებურად მართვას. მონარქიაში პიროვნული ამბიცია და ღირსების გრძნობა ერთად მუშაობს; ეს არის მონარქის სიძლიერე და სტაბილურობის საფუძველი. როდესაც ადამიანს ამოძრავებს ბუნებრივი კეთილი ნება, სურვილი ემსახუროს საკუთარ მეფეს, ის  თავისი ქვეყნისთვისაც სასიკეთოს აკეთებს.

დესპოტურ სახელმწიფოში  ერთი ადამიანი თავისი კაპრიზებისა და ნება-სურვილის თანახმად, ყოველგვრი კანონის დაცვის გარეშე მართავს ქვეყანას. დესპოტიზმის პრინციპი – შიშია. განათლება არ არის აუციელებლი და თუ ის საერთოდ არსებობს, მან უნდა დაასუსტოს გონი და გატეხოს პიროვნება. ღირსების შეგრძნებით სავსე ადამიანები პრობლემებს ქმნიან.  ამდენად, შიშმა უნდა დათრგუნოს მათი ამბიცია. ცხოველების მსგავსად ისინი ინსტიქტებით, მორჩილებით და შიშით შემოიფარგლებიან. საკუთრება არ არის დაცული, კომერცია არ ვითარდება და სახელმწიფო ღარიბია.

მონტესკიე ლიბერალ ფილოსოფოსთა შორის მოიაზრება. მისი აზრით, ლიბერალიზმი არ ნიშნავს ყველაფრის კეთების თავისუფლებას. თუ ერთი ადამიანის თავისუფლება ზიანს აყენებს სხვის თავისფლებას, სხვასაც თავის მხრივ შესაძლოა ასეთი თავისუფლება გაუჩნდეს და შესაბამისად ვერავინ იქნება დარწმუნებული საკუთარ დაუცველობაში. ლიბერალიზმი გვაძლევს მაქსიმალურად თავისუფალი ქმედების საშუალებას, სხვისი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. ძალაუფლების კონტროლი  სხვადასხვა ორგანოების გადანაწილებით ხორციელდება: აღმასრულებელი, საკანომმდებლო და სამოსამართლო ხელისუფლება. თუ ერთი ადამიანის ხელში მრავალი ძალაუფლება იყრის თავს, ჩნდება ტირანიის საფრთხე. კანონი უნდა იყოს მკაფიო და ნათელი. მისი დახმარებით ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი უდანაშუალობის დამტკიცება. კანონი არ უნდა აცხადებდეს კრიმინალად იმ ტიპის ქმედებებს, რომელთა დანაშაულად დამტიცება რთულდება.

რელიგია კანონთა გონში ძალზე მცირე როლს თამაშობს. მონტესკიე რელიგიას განიხილავს იმდენად, რამდენადაც სასიკეთოდ მოქმედებს ის სამოქალაქო საზოგადოებაზე. სხვადასხვა რელიგიებს ის სხვადასხვა ტიპის მმართველობასა და გარემოს უსადაგებს. პროტესტანტიზმი უფრო რესპუბლიკელებს შეესაბამება. კათოლიციზმი – მონარქიას, ისლამი – დესპოტიზმს. რელიგიას შესწევს უნარი შეამციროს კანონებისა და ინსტიტუციების ცუდი ზეგავლენა. თუმცა, არ იქნება სწორი სამოქალაქო კანონების რელიგიური პრინციპებზე აგება. რელიგია ადამიანის სრულყოფას ცდილობს. სამოქალაქო კანონები საზოგადოების კეთილდღეობისკენ არის მიმართული. ამდენად ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავდება. სამოქალაქო კანონები არ არის ქცევათა რელიგიური ნორმების განტკიცების ხელშემწყობი საშუალება. ღმერთს თავისი კანონები აქვს და ის ადამიანების ჩარევის გარეშე ამტკიცებს მათ. როდესაც ადამიანი მათ დამცველად მოქმედებას იწყებს ის რელიგიას ფანატიზმისა და დევნის ინსტრუმენტად აქცევს. არც საბოლოო ჯამში არც ღმერთის და არც ქვეყნის სამსახური არ არის. თუ ქვეყნის შიგნით რამდენიმე რელიგიას ჰყავს თავისი მიმდევარი, როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეების მხრიდან მათ მიმართ უნდა იყოს ტოლერანტული განწყობა. ერთი რელიგიის მიმდევრების მიერ სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანების მათ რელიგიაზე მოქცევის იძულება დაუშვებელია.

ადამ სმიტი

smitiადამ სმიტი იყო შოტლანდიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი. მისი წიგნი „ერების სიმდიდრე“, რომელშიც ის დაწვრილებით აღწერს პოლიტიკური ეკონომიკის პირველ სისტემას, მიიჩნევა „კაპიტალიზმის ბიბლიად“.

ადამ სმიტი დაიბადა 1723 წელს, შოტლანდიის პატარა სოფელ კერკოლდიში. 14 წლის ასაკში სწავლა დაიწყო გლაზგოს უნივერსიტეტში, ხოლო 1740 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

1748 წლიდან, ადამ სმიტი საჯარო ლექციებს კითხულობდა ედინბურგის უნივერსიტეტში, 1752 წელს კი გახდა მორალის ფილოსოფიის კათედრის გამგე გლაზგოს უნივერსიტეტში.

1759 წელს, ადამ სმიტმა გამოაქვეყნა „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“. 1764 წელს ის ბაკლიუს ჰერცოგის მასწავლებლად მიიწვიეს. შემდეგი ორი წლის განმავლობაში, ადამ სმიტი თავის მოსწავლესთან ერთად მოგზაურობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ამ მოგზაურობისას, მან გაიცნო თავისი თანამედროვე სახელგანთქმული მოაზროვნეები: ვოლტერი, ჟან-ჟაკ რუსო, და რობერ ჟაკ ტიურგო, ფრანსუა კენე, ბენჯამინ ფრანკლინი.

ადამ სმიტმა ჰერცოგის სამსახურისთვის მიიღო სამუდამო პენსია. ის გაემგზავრა მშობლიურ სოფელ კერკოლდიში, რათა დაეწერა „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, რომელსაც შემოკლებულად უწოდებენ „ერების სიმდიდრეს“. წიგნი გამოქვეყნდა 1776 წელს და მიიჩნევა, რომ არის პოლიტიკური ეკონომიკისადმი მიძღვნილი პირველი ნაშრომი. „ერების სიმდიდრე“, კლასიკური ეკონომიკის ფუნდამენტური ნაშრომი, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან წიგნს, რაც კი ოდესმე დაწერილა.

ადამ სმიტი ამტკიცებდა, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ყველაზე მეტად პროდუქტიული და სასარგებლოა საზოგადოებისთვის. ის მხარს უჭერდა ისეთ ეკონომიკურ სისტემას, რომელიც ეფუძნება „უხილავი ხელით“ მართულ პიროვნების ეგოიზმს, რადგან მას მოაქვს უდიდესი სარგებელი ყველასთვის. სმიტის ეკონომიკური ნაშრომები არის ყველაზე მეტად სისტემური და სრულყოფილი, ამიტომ მისი იდეები კლასიკური ეკონომიკის საფუძვლად იქცა.

1787 წელს, ადამ სმიტი გლაზგოს უნივერსიტეტის რექტორად დანიშნეს, მაგრამ სამი წლის შემდეგ, 1790 წლის 17 ივლისს, ის ედინბურგში გარდაიცვალა.

ადამ სმიტი არასოდეს დაქორწინებულა.

თარგმნა: იზა გიგაურმა

წყარო: http://www.econlib.org/library/Enc/bios/Smith.html

http://www.biography.com/people/adam-smith-9486480

სპარტანული აღზრდის მეთოდები

ახალგაზრდა თაობის აღზრდას სპარტაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა (ძვ.წ. IV საუკუნე).

სპარტის განათლების სისტემა ეფუძნებოდა მოქალაქე მეომრის აღზრდას. ყურადღება ექცეოდა ჯარისკაცის ფიზიკურ განვითარებას. მასში მორალური თვისებების – ერთგულების, ამტანობის და გამძლეობის განვითარებას.
აგოგე – ნიშნავს „წაყვანა“-ს ეს იყო საბრძოლო აღზრდის სისტემა სპარტაში (ძვ. წ VIII-IV ს) და სავალდებულო იყო მხოლოდ სპარტის სრულუფლებიანი მოქალაქეებისათვის. დანარჩენი სხვა კლასების წარმომდგენელ ახალგაზრდა ბიჭებს სისტემა შანსს აძლევდა მიეღო მოქალაქეობა.

ვერცერთი ისტორიკოსი კანონმდებელ ლიკურგეს ქვეყნის მეომრების შესახებ ვერ იტყოდა, რომ სპარტელებმა ერთხელ მაინც შეაქციეს ზურგი მტერს.

spartaპლუტარქეს მიხედვით აღზრდის პროცესი იწყება ბავშვის დაბადებისთანავე, და არ არის დამოკიდებული მამის ნებაზე, – მამას ბავშვი „მიჰყავს „ლესხაში“ (Λέσχη), – ეს იყო ადგილი სადაც ისხდნენ უხუცესი ფილები და ამოწმებდნენ ახალშობილს. თუკი ბავშვი ძლიერი და ჯანმრთელი იყო, ოჯახს უბრუნებდნენ გამოსაკვებად.  თუკი ჩვილი სუსტი და მახინჯი აღმოჩნდებოდა მას აპოკსეტში ყრიდნენ (უფსკრული ტაიგეტის მახლობლად).

რჩცეულ ბავშვებს ჩვილობიდან სხვადასხვა გამოცდებს უტარებდნენ. საწოლი, რომელშიც ბავშვი იწვა ძალზედ უხეში და მაგარი იყო. 7 წლის ასაკში სპარტელ ბიჭუნას სპეციალურ საბრძოლო ბანაკში აგზავნიდნენ. აქ ისინი სწავლობდნენ, თუ როგორ გადაერჩინათ თავი. ის ვინც ამ გამოცდას ვერ უძლებდა – კვდებოდა.

ბიჭებს ჩალის საგებებზე ეძინათ, ხოლო ტანსაცმლის ტარების უფლებას 12 წლის ასაკიდან აძლევდნენ. ზოგიერთი ბავშვი თავის საგებზე ჭინჭარს აფენდა, რადგან ჭინჭრით დასუსხული სხეული უფრო თბებოდა. ბავშვები დაკავებულნი იყვნენ რთული ფიზიკური ვარჯიშით, სწავლობდნენ ხმლისა და შუბის ფლობის ხელოვნებას. კვებაზე მათ  თვითონ უნდა ეზრუნათ – ზოგჯერ ქურდობის, ძარცვის და საჭიროების შემთხვევაში მკვლელობის გზითაც.

სხეულის წვრთნა ასაკის შესაფერისი სირთულის ხარისხის მიხედვით ხდებოდა. ცნობილია, რომ ვარჯიშებიდან ამოღებული იყო მუშტებით ჩხუბი, ვინაიდან ეს საქმე სპორტსმენებისთვის იყო დათმობილი. სირბილი, ხტომა, ბრძოლის ხელოვნება, დისკის სროლა ჩვეულებრივი ყოველდღიური სავარჯიშოები იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამას ემატებოდა ცეკვის რამოდენიმე სახეობა, ე. წ. პირიკული ცეკვები.

17 წლიდან, როდესაც ახალგაზრდა სპარტელი სახლში ბრუნდებოდა , მას უკანასკნელი გამოცდა ელოდა – ის უნდა მოხვედრილიყო არტემიდეს ტაძარში, რომელიც მაღალ მთაზე მდებარეობდა. ახალგაზრდა სპარტანელს „მსხვერპლი უნდა გაეღო“. ტაძრის ქურუმები ყმაწვილს  დიდი სამსხვერპლო თასის ზევით აბავდნენ და როზგავდნენ სველი როზგებით  სისხლის პირველი წვეთის გამოსვლამდე. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბიჭი არ გამოსცემდა ხმას, მაგრამ თუკი ახალგაზრდა დაიკვნესებდა, მას უფრო ძლიერად ურტყამდნენ, მანამ სანამ არ დადუმდებოდა. ეს შეიძლება გაგრძელებულიყო გონების დაკარგვამდე, ან სიკვდილამდეც კი. ასე იცხრილებოდნენ სპარტაში სუსტები.

საბრძოლო ხელოვნების გარდა ახალგაზრდა სპარტანელს ასწავლიდნენ წერას, კითხვას და სიმღერას. სპარტანელები ძალიან მოკლედ და გასაგებად საუბრობდნენ.  სპარტელების ლაკონურობის საუკეთესო მაგალითია მათი პასუხი მაკედონიის მეფე ფილიპე მეორის მიმართვაზე: „გირჩევთ დაუყონებლივ ჩამბარდეთ, თუ ჩემი არმია თქვენს მიწაზე დაადგამს ფეხს, ჩვენ გავანდგურებთ თქვენს ბაღებს, დავიმონებთ თქვენს ხალხს და გავანადგურებთ ქალაქს. ამ მიმართვას სპარტელებმა მოკლედ ერთი სიტყვით უპასუხეს: „თუ“.

სპარტანელები იყვნენ პირველები საბრძოლო ისტორიაში, რომლებმაც  საბრძოლო მიზნით გამოიყენეს მუსიკა და სიმღერა. ეს კეთდებოდა რიტმული ნაბიჯისა და სწორი წყობრისათვის.

როდესაც სპარსეთის მეფემ ქსერქსემ სპარსელებს ფარებისა და იარაღის ჩაბარება მოსთხოვა, სპარტელებმა ასე უპასუხეს – „მოდი და წაიღე“. „ჩვენი ისრები და შუბები მზეს დაგიბნელებენ“ – დაემუქრნენ სპარსელები. „მაშინ ჩვენ ჩრდილში ვიბრძოლებთ“ – უპასუხეს სპარტანელებმა.

სპარტა ანტიკური სამყაროს ყველაზე ძლიერი და მეომარი ქვეყანა იყო. მათი ცხოვრების წესი იყო არა სიმხდალეს! არა შიშს! არა კაპიტულაციას! არსებობს მხოლოდ ღირსება და დიდება!