კლიმიაშვილი მიხეილ იოსების ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 5 იანვარი, 1874, სოფელი მჭადისჯვარი დუშეთის მაზრა, თბილისის გუბერნია.). ქართველი. სოციალ-დემოკრატი.

თფილისის ადრესი: პოტოჩნის ქუჩა სახლი №6 მილოვისა, ბინა №9.

პროფესიით სახალხო სკოლების მასწავლებელი ვარ, მაგრამ მასწავლებლად მხოლოდ ერთი წელიწადი ვიყავი, დანარჩენ დროს ვეხმარებოდი სხვა და სხვა დაწესებულებებში მოანგარიშეთ, საქმის მწარმოებლად და სხვა.

განათლება მივიღე თბილისის ალექსანდრეს სახელის საოსტატო ინსტიტუტში, მაგრამ სწავლა იქ არ დამიმთავრებია.

სასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ შევისწავლე ბუხგალტერია და ბუხგალტერიის კურსების გამგემ გამამწესა სამსახურში ყირიმში გარჩაკოვის მამულში კანტორის გამგეთ. აქ ცოტა ხანს დავრჩი და დავბრუნდი ისევ თბილისში. რამდენიმე ხანს ვცხოვრობდი კერძო გაკვეთილებით. შემდეგ თბილისის მასწავლებელ ქალთა წრემ მაშინ თბილისში კარგად ცნობილ ო. ვ. კაიდანოვის ქალის მეთაურობით გახსნა თბილისში ჩემ სახელზე იაფ-ფასიანი სახალხო წიგნების მაღაზია და მე ვიყავი ამ მაღაზიის გამგე. ვიღებდი მონაწილეობას ამავე მასწავლებელ ქალთაგან დაარსებულ იაფ-ფასიან ბიბლიოთეკის მართვა-გამგეობაში, საკვირაო სკოლებში და სიფხიზლის საზოგადოებისგან მოწყობილ სახალხო საუბრებისა და კითხვის მოწყობაში. რამდენიმე ხნის შემდეგ შევედი სამსახურში ფილოქსერის პარტიაში. ამ პარტიის საშუალებით მოვიარე კუბანის ოლქი და მთლად საქართველო, სადაც კი ვენახიანი ადგილებია. თბილისში დავბრუნდი 1897 წელს. ამ წელს რამდენიმე თვე ვემსახურე მდივნათ თბილისის სათავად-აზნაურო სკოლის აღმასრულებელ კომიტეტში და შემდეგ წავედი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისაგან სოფ. გომარეთში ახლად დაარსებულ სკოლაში მასწავლებლად. იქ მხოლოთ ერთ წელიწადს დავრჩი მასწავლებლად. სასწავლებელთან მქონდა აგრეთვე სკოლა და საუბრები დიდებისათვის. გომარეთიდან დაბრუნებისას ზაფხულის თვეებში ისევ ფილოქსერის პარტიაში გავატარე კახეთში. შემდეგ დავბრუნდი თბილისში და შევედი სამსახურში თბილისის ქალაქის თვითმართველობაში სავაჭრო-სამეურნეო აგენტის თანაშემწეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ დამნიშნეს ქალაქის მეორე თავ-შესაფარის გამგეთ და იმავე დროს ვმსახურებდი რკინისგზაზე შემოსავლის სამსახურში (Служба сборовъ) სტატისტიკურ განყოფილებაში. 1899 და 1900 წლებს ვმუშაობდი კორექტორად „ცნობის ფურცლის“ და „მოანბის“ რედაქციებში. თბილისში 1901, 1902, 1903 წლებში გაძლიერდა მუშათა მოძრაობა და რამდენიმე ჯგუფი დაიჭირეს იმ დროს. 1903 წელს დამიჭირეს მეც, მაგრამ მალე გამანთავისუფლეს. 1906 წლის 22 დეკემბერს დამითხოვეს რკინის გზიდან და დამდევდნენ დასაჭერად. ამის გამო იძულებული გავხდი ქალაქის თვითმართველობის სამსახურიც მიმეტოვებინა და მივმალულიყავ. არალეგალურათა ვცხოვრობდი 1905-1908 წლის მალვამდი ვცხოვრობდი ხან რუსეთში და ხან კავკასიის სხვა და სხვა ქალაქებში. 1908 წელს ივნისის 10 ათს დამიჭირეს გორში, გამასამართლეს როგორც წევრი 1905 წლის რკინისგზის გაფიცვის კომიტეტისა, მომისაჯეს ექვსი თვე (კრეპოსტი) ამის გარდა ციხეში კიდევ ზედმეტი ათი თვე მამყოფეს და შემდეგ გადამასახლეს პერმის გუბერნიაში, ჩერდინის მაზრაში, ჩრდილოეთ ურალზე. იქიდან დავბრუნდი 1912 წელს, მაგრამ კავკასიაში წამოსვლის ნება არ მქონდა და დავრჩი დონის როსტოვში. გარდასახლების დროს ყველანაირ სამუშაოს ვასრულებდი, ვფხეკამდით ხოლმე ტყეში ხეებს, დღიურადა ვმუშაობდით სოფლელებთან სათიბში, სამკალში, კალოზე, სამსახურის ნებას არ მაძლევდნენ, გაკვეთილების მიცემა აკრძალული მქონდა. დიდ ხანს ერთ ბინაზე არა მტოვებდნენ ორ-სამ თვეში ერთხელ ბინას მიცვლიდნენ და სხვა და სხვა სოფლებში გადავყავდით. როსტოვიდან ჩავედი ქალაქ ალექსანდროვსკ-გრუშევსკოში და პარამანოვას მაღაროებში მუშათა სასადილოში შევედი კასირად. გული აღარ მიდგებოდა და ჩქარა იქიდან წამოვედი ქალაქ მაიკოპში. აქ რამდენიმე თვე ვიცხოვრე კერძო გაკვეთილებით და შემდეგ წამოვედი თბილისში. კავკასიის სხვა და სხვა ქალაქებში ექვსი თვე შევინახე თავი. იმ დროს დაიწყო მეოთხე დუმის საარჩევნო კამპანია. თბილისში ეს საარჩევნო ორგანიზაცია დაიჭირეს კრებაზე ხუდადოვის სახელის ქალაქის ბაღში. იქ მოვყე მეც. რამდენიმე თვე ციხეში მამყოფეს და შემდეგ გადამასახლეს დონის როსტოვში. როსტოვიდან ისევ ალექსანდროვსკ-გრუშევსკში წავედი იმავე პარამანოვის მაღაროებში სამუშაოთ. ვიშოვნე ადგილი მაღაროების ცენტრალურ სანოვაგის მაღაზიაში უმცროსი ნოქრისა, შემდეგ იქვე ვიყავი პურის გამყიდველი და ბოლოს ჭურჭლის და რკინეულობის განყოფილების გამგეთ. მაღაროებში ვიცხოვრე წელიწად ნახევარი. ჩასვლისთანავე იქაურ ამხანაგებთან ერთად შეუდექით მუშებში პარტიულ მუშაობას, დავიახლოვეთ მეოთხე სახელმწიფო დუმის წევრი 1918 წელს ბოლშევიკებისაგან ვერაგულათ მოკლულ ი. ნ. ტულიაკოვი და იმისი საშუალებით კავშირი დავიჭირეთ პეტროგრადთან. წელიწადნახევრის შემდეგ ჩვენი ორგანიზაცია ყველასათვის თვალსაჩინო გახდა და დაგვაფორიაქეს კიდეც. მე გამოვასწარი ალექსანდროვსკ-გრუშევსკიდან ერთი კვირით ადრე, გადმოვედი როსტოვში სამსახურში. ერთი კვირის შემდეგ იქ დაიჭირეს იქ ჩემთან იმ დროს მომუშავე ქართველი ამხანაგებიც რაფიელ ჩიხლაძე, თედო ქარცივაძე, ტერენტი წერეთელი და ადმინისტრატიული წესით გაგზავნეს კატერინოსლავში. როსტოვში მე პირველად მივედი მდივნად ხეზე მომუშავეთა საავად-მყოფო კასაში და შემდეგ გადავედი ამავე თანამდებობაზე როსტოვის ტრამვაიში. როსტოვის საავად-მყოფო კასებმაც შეაკავშირეს მუშები და პოლიტიკურმა მოძრაობამ იჩინა თავი, მუშები ჩაერივნენ სხვა და სხვა კულტურულ დაწესებულებებში, უმეტესად კი სახალხო უნივერსიტეტის საქმეებში, სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის გარშემოც ახმაურდნენ მუშები. საიდუმლო პოლიციამ მიაქცია ყურადღება მუშათა მოძრაობას და დაიწყო დაპატიმრება. 1916 წელში დამიჭირეს მეც სხვებთან ერთად და გადამასახლეს ირკუტსკის გუბერნიაში. იქ დავრჩი 1917 წლის 22 მარტამდე. ირკუტსკის გუბერნიაში ვცხოვრობდი ქალაქ ნიჟნეუდინსკში. ვმსახურობდი ქალაქის ხორცის დუქნების და პურის მაღაზიის მთავარ მმართველად. სამშობლოში დაბრუნებისას თერთმეტი თვის განმავლობაში ვიყავი დუშეთის მაზრის კომისრად.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

წერეთელი ირაკლი (კაკი)

(დ. 20 ნოემბერი, 1881, ქუთაისი — გ. 21 მაისი, 1959, ნიუ-იორკი). რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი. რუსეთის II დუმის დეპუტატი. ამიერკავკასიის სეიმის წევრი. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.

ირაკლი (კაკი) წერეთლის მამა – გიორგი წერეთელი იყო გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე. დედა – ოლიმპიადა ნიკოლაძე, ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის და.

1900 წელს ირაკლი (კაკი) წერეთელი ირიცხება მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო 1902 წელს მას სასწავლებლიდან რიცხავენ და ასახლებენ ციმბირის ქალაქ ირკუტსკში.

ერთი წლის შემდეგ გადასახლებიდან ბრუნდება კავკასიაში და ხდება სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი (მენშევიკი).

1904 წელს დაპატიმრების შიშით მიემგზავრება ბერლინში და აბარებს უნივერსიტეტში. ტუბერკულიოზით მძიმედ დაავადებული 1905 წელს იძულებულია დაბრუნდეს ქუთაისში.

1907 წელს ირჩევენ II სახელმწიფო დუმის დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. სადაც იგი დუმის აგრარული კომისიის წევრია და თავმჯდომარეობს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციას. 3 ივლისის გადატიალების შემდეგ დააპატიმრეს და მიესაჯა 5 წლიანი კატორღა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეცვალა 6 წლიანი პატიმრობით, შემდგომში აღმოსავლეთ ციმბირის გუბერნიაში ცხოვრების უფლებით (1917 წლამდე).

1917 წლის 19 მარტს პეტროგრადში ბრუნდება და პეტროგრადის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ხდება.

რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების I ყრილობის დელეგატი წერეთელი კითხულობს მოხსენებას ომისადმი დამოკიდებულების თემაზე. მას მიაჩნდა, რომ ომის დასრულება შესაძლებელია კომფლიქტში ჩართული ქვეყნების სოციალისტების გაერთიანების შედეგად. ამისათვის სცადა სტოგჰოლმის საერთაშორისო კონფერენციის მოწყობის ორგანიზება 4 აპრილის სოციალ-დემოკრატების (ბოლშევიკების, მენშევიკების და ფრაქციის გარეთ მყოფთა) კრებაზე, მან მოითხოვა საერთო პარტიული ყრილობის მოწვევა.

წერეთელი მკაცრად აკრიტიკებდა ვ. ი. ლენინის „აპრილის თეზისებს“ და მის ცენტრალურ იდეას, რუსეთის სოციალიზმში გადასვლასთან დაკავშირებით. ბურჟუაზიასთან კოალიციის მომხრე წერეთელი 27 აპრილს სიტყვით გამოვიდა მე-4 მოწვევის სახელმწიფო დუმის სხდომაზე: „ჩვენ ვეუბნებით ხალხს: აი ბურჟუა, აი ბურჟუაზიის პასუხისმგებელი ორგანო – დროებითი მთავრობა. მაგრამ აქვე ვამატებთ: ისინი იმ ბურჟუაზიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც შეთანხმდნენ საერთო დემოკრატიულ პლატფორმაზე, დაიცვან რუსეთის თავისუფლება დემოკრატიასთან ერთად. („რევოლუცია 1917“, ტ. 2, გვ. 77).

რუსეთის დროებითი მთავრობის ფორმირების შემდეგ ირაკლი (კაკი) წერეთელი ინიშნება რუსეთის ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრად (მაისი-აგვისტო).

24 ივლისს გამოდის დროებით მთავრობიდან და მთლიანად ერთვება საბჭოების მუშაობაში. აგვისტოში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გაერთანებული ყრილობის დელეგატია. მას ირჩევენ რსდმპ(გ) ცენტრალური კომიტეტის წევრად. 19 აგვისტოს მოხსენებაში „პოლიტიკური მდგომარეობა და პარტიის ამოცანები“ იგი ამბობს: „დადგა ტერორისტული პოლიტიკის დრო, რათა თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ომი და გავშალოთ ფრონტი.“ („რევოლუცია 1917“, ტ. 2, გვ. 77).

ოქტომბრის რევოლუციისადმი მისი დამოკიდებულება უარყოფითია. 1918 წლის 5/18 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე მან განაცხადა: „რევოლუცია რუსეთში ერთია – ის თებერვლის თვეში დაიწყო და მას მერე მძიმე გამოცდა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე გამოცდას ის ამ წუთას გადის. მას მხრებზე მძიმე ტვირთი აწევს, რომელმაც შესაძლოა ის ხანგრძლივი დროით გასრისოს … რუსეთი ორ მტრულ ბანაკად იყოფა … სამოქალაქო ომის ხაზმა დემოკრატიის გულზე გაიარა“.

7 იანვარს ფ.ფ. კოკოშინისა და ა.ი. შინგაროვის მკვლელობის შემდეგ ვ.ი. ლენინი შუამავლების მეშვეუბით ურჩევს წერეთელს დატოვოს რუსეთი და საქართველოში დაბრუნდეს. (Денике Ю.П., И.Г. Церетели, „Новый журнал“, 1959, № 57, გვ. 284).

თბილისში დაბრუნებისთვავე აქტიურად ერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში. ხდება ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატი. გამოდის ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების წინააღმდეგ. მისი აზრით, საქართველო მარტო ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდება და ამიტომ ამიერკავკასიის ხალხების გაერთიანების მომხრეა: „თუკი ამიერკავკასიის ხალხთა ერთობა დაირღვა, ჩვენ ფეხქვეშ გაგვთელავენ“ („Речи“, . 2, გვ. 100-01)

ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგ მცირე ერების გადარჩენის გზას წერეთელი საერთაშორისო დემოკრატიაში ხედავს. („Речи“, . 2, გვ. 121)

საქართველოს ეროვნული საბჭოს დაფუძნების შემდეგ ხდება ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, მისი წინადადებით ეროვნულ საბჭოს 25 მაისს სახელი გადაერქვა და ეწოდა „პარლამენტი“.

1919 წელს აპრილში მონაწილეობას იღებს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში.

საქართველს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიემგზავრება.

1931 წელს ამთავრებს სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს და ეწევა იურიდიულ საქმიანობას ჯერ საფრანგეთში, ხოლო 1940 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გარდაიცვალა ნიუ-იორკში (აშშ). დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

თხზულებანი:

  • Речи, т. 1-2, П- Тифлис, 1917-18; Воспоминания о Февр. рев-ции, т. 1-2, Париж, 1963.
  • И.Г. Церетели Апрельский кризис и образование коалиционного правительства.
  • წერეთელი, ირ. ჩვენი ტაქტიკის ძირითადი საკითხი / ირ. წერეთელი. – პარიზი, 1927. – 39 გვ.
  • წერეთელი, ირაკლი ისტორიული წერილები: 1. ფედერალისტების გასოციალისტ-რევოლიუციონერობა, 2. სოციალ-დემოკრატები თუ სოციალისტ-რევოლიუციონერები. – ქუთაისი, 1907 (ი. კილაძის და ი. ხელაძის სტ.). – 96გვ. ; 20სმ

წყარო:

  • Н.Л.Барсуковой в кн.: Политические деятели России 1917.
  • биографический словарь. Москва, 1993.
  • Л.Г. Протасов. Люди Учредительного собрания: портрет в интерьере эпохи. М., РОСПЭН, 2008.

ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე

ავტობიოგრაფია

დ. 1885, ოზურგეთი. ქართველი. სოციალ-დემოკრატი (უმც.). ნაფიცი ვექილი.

თფილისის ადრესი: განოვის ქუჩა, სახ. №3, ბ. №1. ტელ. 6-83..

გავათავე მოსკოვში იურიდიული ფაკულტეტი. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1905 წ. შევედი ადესის უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტზე. 2 აპრილის 1908 წ. დამიჭირეს ადესაში და მიმცეს პასუხის გებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისათვის (1 ნაწ. 102 მუხ. სის. სამ.): მბრალდებოდა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ცენტრალურ ორგანოს წევრობა. ერთი წლის და ოთხი თვის წინასწარ დაპატიმრების შემდეგ გამასამართლა ადესის სამხედრო სასამართლომ, რომელმაც გამამართლა მე და ჩემთან ერთათ სხვა რვა სტუდენტები. განთავისუფლების შემდეგ ადესის უნივერსიტეტში არ მიმიღეს და შეველ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1909 წელს, რომელიც გავათავე 1913 წელს.

რევოლიუციის ხანაში ვიყავი: ქ. ქუთაისის კომისარათ, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის ხმოსნათ; ნოემბრიდან 1917 წ. ვიყავი ამიერ კავკასიის მთავრობაში შრომის კომისრის ამხანაგათ და შემდეგ საქართველოს მთავრობაში შრომის მინისტრის ამხანაგათ 24 ივნისამდე.

1918 წ.

ილიკო გიორგის ძე ფირცხალაიშვილი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

რუსია მელიტონ ივანეს ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 1878, ლანჩხუთი). ქართველი. ნაფიცი ვექილი. სოციალ-დემოკრატი.

თფილისის ადრესი: თბილისი, ანასტასიის ქუჩა №13

მივიღე კიევის უნივერსიტეტში უმაღლესი იურიდიული განათლება.

1903 წ. ხარკოვის ტეხნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. მოძრაობაში მონაწილეობის მიღებისთვის გამორიცხული ვიქმენ ტეხნოლოგიური ინსტიტუტიდან და აღმეკრძალა რუსეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში შესვლა.

1904 წ. თბილისის მუშებში პროპაგანდა აგიტაციისთვის, როგორც წევრი თბილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციისა, დატუსაღებულ ვიყავი რამოდენიმე ჯერ და 1905 წელში მაშინდელმა კავკასიის მთავრობამ დაადგინა ჩემი გადასახლება ხუთი წლით უფის გუბერნიაში.

1917 წ. რევოლიუციის შემდეგ წევრი მუშათა და სალდათთა დეპუტატების საბჭოსი და მასთან არსებული პროპაგანდისტთა კოლეგიის თავმჯდომარე. ხმოსანი თბილისის ქალაქის საბჭოსი.

საქართველოს ქალაქის კავშირის თავმჯდომარის ამხანაგი.

მ. რუსია

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

თევზაძე სარდიონ ონისიმეს ძე

(ავტობიოგრაფია)

დავიბადა 1883,  ს. წიაღობანი. ქართველი. მემანქანის თანაშემწე. ტრამ. სახელოსნოში. შინაური განათლებისა. სოციალ დემოკრატი.

თფილისის ადრესი:  პარკოვის ქუჩა № 23. XI სამ. ნაწ.

1908 წელს ტრამვაიში დამატუსაღეს. ოთხი თვის ციხეში ჯდომის შემდეგ გადასახლებული ვიყავი თბილისის გუბერნიის საზღვრებიდან სამხედრო წესების მოხსნამდე.

1911 წელს სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ (აზრის) რედაქციაში რედაკტორ თანამშრომლებთან ერთად კიდევ ვიყავი დატუსაღებული ნამესტნიკის განკარგულებით გადამასახლეს კავკასიის საზღვრებიდან. რევოლუციის შემდეგ მომეცა საშვალება ძველ ალაგს კი შრომას დავბრუნებოდი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე

დაიბადა 16 აგვისტო, 1871,  სოფ. ხობი, ზუგდიდის მაზრა. ქართველი. ჟურნალისტი. სოციალ-დემოკრატი.

თფილისის ადრესი: ანასტასიევის ქუჩა, სახლი № 13, ტელ. 11-98

განათლება მიიღო ჟენევაში და პარიჟში, იურიდიული. 

პუბლიცისტიკა, რედაქტორობა ქართული ჟურნალისა („კვალის“), შემდეგ რუსულ გაზეთების და ჟურნალის (სარატოვში და მოსკოვში), პარტიაში მუშაობის და პარტიული ორგანოების ხელმძღვანელობა, მრავალჯერ დაპატიმრება. უფლებების შეზღუდვა და გადასახლება. სააქციონერო საზოგადოების გამგეობის დირექტორათ, საოლქო კავშირის (ვოლგის) საეკონომიო განყოფილების (მუნიციპალურის) გამგეთ, სარატოვის საგუბერნიო საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარეთ, სარატოვის გუბერნიის კომისრათ და ბოლოს ამიერ-კავკასიის და შემდეგ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარეთ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ელიაძე სტეფანე თედორეს ძე

დაიბადა 1894, ს. უჩხო[..]ბი (გურია). ქართველი. სოციალ-დემოკრატი. საქართველოს ეროვნულ საბჭოს წევრი.

თფილისის ადრესი: სურამის ქუჩა, №3. 

1910 წელს დაასრულა შემოქმედის ორკლასიანი სასწავლებელი. სასწავლებლის დასრულების შემდეგ მიდის ბათუმში და იწყებს მუშაობას სტამბაში, და სწავლულობს ასოთამწყობობას. 1915 წელს გადმოდის თფილისში და განაგრძობს მუშაობას ამავე პროფესიაში. ამ ხანებში ის ესწრება წევრთა არალეგარულათ მოწყობილ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. რევოლიუციის პირველ დღეებში მას ირჩვენ სოციალ-დემოკრატიულ კოლექტივის წევრათ. იყო თფ. ბეჭდითი საქმის მუშათა პროფესიონალურ კავშირის გამგეობის წევრათ. არის წევრი საავადმყოფო კასის სარევიზიო კომისიისა. თანამშრომლობს სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ „ერთობაში“.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გომართელი ივანე გედევანის ძე

(ავტობიოგრაფია)

დავიბადე 1876 წელს, სოფელ გორისა, შორაპნის მაზრა. მამაჩემი გედევანი იმერეთის კვალობაზედ საშუალო შეძლების აზნაური იყო. ასე რომ, რევოლუციისა და ჩვენი მინისტრი ბ. ხომერიკის წყალობით ცოტაოდენი მამული კიდეც ჩამომერთმევა.

ჩემი ისტორიკოსები – დედაჩემი და მამიდაჩემი – ჩემი დაბადების დღის შესახებ ერთიმეორეს არ უთანხმებენ. უფრო კი შვიდ მაისს უნდა დავბადებულიყავი.

ჯერ ვსწავლობდი თფილისის სააზნაურო სასწავლებელში, შემდეგ თფილისის მეორე გიმნაზიაში, შემდეგ გავათავე მოსკოვის უნივერსიტეტი 1899 წელს. მას აქეთ ვარ ექიმი.

ვცხოვრობ თფილისში ანასტასიას ქუჩაზე № 21. 1907 მდინ კი ვცხოვრობდი ქუთაისში, სადაც ძველმა მთავრობამ აღარ დამაყენა.

ჩემი რწმენით 1897 წლიდან სოციალ-დემოკრატი ვარ. 1905 წლიდანვე ამხანაგებს ვარკვევდი ეროვნულ საკითხში, მაგრამ დღეს ცხოვრებამ ისევ შეგვარიგა, რადგანაც საქართველო დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკაა.

ჩემი რწმენისათვის ციხეში ბევრჯერ ჩამაჯინა ცხონებულმა ძველმა მთავრობამ: 1907 წელს, 1908-ს; 1910-1911 მთელი წელიწადი ვიჯექი მეტეხის ციხეში.

ერთი ნაკლი მაქვს: წერა მიყვარს, მაგრამ ჩემი ავათმყოფები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დამიტოვონ წერისათვის.

ივ. გომართელი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

გაგლოევი გიორგი ალექსანდრეს ძე

დაიბადა 1885, სოფელი ჭავარები, გორის მაზრა. ოსი. სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნულ საბჭოს სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია.

ელექტრო-ტეხნიკი, გერმანიაში მანგეიმის უმაღლესი საინჟინერო სასწავლებლის უკანასკნელ კურსიდან. სცხოვრობს ქ. თბილისში, ავჭალის მოედანზე ერისთავის სახლებში. ძველ რეჟიმში იყო სახალხო მასწავლებლად და ეწეოდა პროპაგანდა-აგიტაციას გლეხებში გორის მაზრაში. პარტიაში შევიდა 1903 წელს. 1904 წელს ჟანდარმებმა დაიჭირეს ცხინვალში. 1905 წელს იყო განთავისუფლებული მანიფესტით. რეაქციის დროს მუშაობდა ჯერ მოსკოვში, მერე თურქ-დაღესტნის ორგანიზაციებში, სადაც 1907 წ. იყო არჩეული

1908-1912 წლ. გაატარა გერმანიაში და შვეიცარიაში და მუშაობდა მანგეიმის და დავოსის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში. 1912-1917 წლებში სცხოვრობდა ქ. არმავირში ჩრდილო კავკასიაში და განაგრძობდა პარტიულ მუშაობას. იღებდა მონაწილეობას სოციალ-დემოკრატიულ პრესსაში „ Дарьял“, „Викторъ“ და „Писиров“ ას ფსევდონიმით. ქართულ პრესაშიაც განუწყვეტლივ იღებდა მონაწილეობას. არმავირში დაარსა „შრომის ბირჟა“, მუშათა ჯგუფი. სამხედრო-სამრეწველო კომიტეტთან, იყო ხმოსნად არმავირის ქალაქის თვითმართველობისა და რევოლიუციის დაწყებიდან 7 თვის განმავლობაში არმავირის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ, შემდეგ არჩეულია კავკასიის მუშათა დეპუტატების ცენტრის წევრად. რუსეთის დამფუძნებელ კრებაში არჩევნების დროს იყო წამოყენებული სოციალ-დემოკრატიული პარტიასაგან კანდიდატად ყუბანის და შავის ზღვის საარჩევნო ოლქიდან. და ამიერ-კავკასიიდან ყოფილი წევრი ამიერ-კავკასიის სეიმისა და თავმჯდომარე, ოსების ეროვნულ საბჭოში.

გიორგი გაგლოევი

12 ენკენისთვე. 1918 წ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი


ბადრიძე ილიკო გიორგის ძე

(ავტობიოგრაფია)

”’ილიკო გიორგის ძე ბადრიძე”’ – (დ. 1880, ქ. თელავი ”(დაახლოვებით)”.  ქართველი.  პარტიული რწმენა – ს. დ. პროფესია – მუშა.

თფილისის ადრესი: პეტრედიდის ქუჩაზედ №18.

განათლება მივიღე სახლში და ქუჩაში. დაახლოვებით თოთხმეტი წლისა ვიქნებოდი როდესაც მე ჩამომიყვანეს ქ. თბილისში. სამი წლის შემდეგ მე უკვე გავხდი: სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. ცხრაას პირველში ამირჩიეს კომიტეტის წევრათ. ამ წელს მოვაწყეთ იარმუკაში აშკარა დემონსტრაცია. სამში თუ ოთხში მოვახდინეთ გოლოვინსკზედ გამოსვლა, სადაც მე ვიყავი მედროშე. რო დაინახეს თვითმპყრობელობის მცველებმა წითელი დროშის ფრიალი გამხეცებულები დაგვერივნენ უიარაღო ხალხს იარაღით და მათრახებით. ბევრი ჩვენი ამხანაგები დაჭრეს და დაიჭირეს. მე კი რაღაცა განგებით უვნებლათ გადავრჩი.

1905 წ. ავჭალაში შიგ მატარებელში დაიჭირეს სამი კაცი ბომბებით და იარაღით. ერთი მათგანი გამოტეხილიყო და ეთქვა ჩემზედ ესენი მან გადმომცაო. ასე იქნებოდა ღამის თერთმეტი საათი ორი ფაიტონით, ერთი ზევიდან და ერთიც ქვევიდან მოაქროლებდნენ ჩერქეზიშვილის ქუჩაზე, როდესაც შეხვდნენ ერთი მეორეს, გაჩერდნენ და ჩამოვიდნენ. მე ამ დროს ქუჩაში ვიყავი გამოსული. რო დავინახე ჟანდარმები მაშინათვე გულში მეკბინა. დაუწყეს შინჯვა სახლის ნუმრებს და შეაყოლეს ზევით. მეც ფეხაკრებით გავყევი უკან. აი მივიდნენ ჩვენ სახლთან გააღეს ალაყაფის კარი და შეცვივდნენ. მე შევირბინე მეორე ეზოში და იქიდან დაუწყე ყურება. ოთახის კარის გაღებაც არ დაიცადეს. შეამტვრიეს კარები და შეცვივდნენ სახლში. (მე მაშინ დასთან ვცხოვრობდი). სახლში ვერაფერი ვერ იპოვეს. მეც არ დავუხვდი და გაბრაზებულებმა დაიჭირეს ჩემი უმცროსი ძმა და სიძე. ორი თვის შემდეგ გამოცხადდა 17 ოქტომბრის მანიფესტი და გამოუშვეს ისინი. მაგრამ მე მაინც მეძებდნენ.

1911 წ. გავატარე არალეგალურათ სხვის პასპორთებით. ამავე წელს წავედი ბაქოში სამუშავოს საშოვნელათ. იქ დავდექი ბალახანაში მუშათა კოპერატიულ სავაჭროში გამგეთ. ოთხ თვემდის ვიმსახურე. ერთ თვემდის ვიმსახურე. ერთ საღამოს მოულოდნელათ შემოგვარტყეს ალყა და დამიჭირეს. ოთხი თვე ვიჯექი ბაქოს ციხეში სხვის გვარზე. შემდეგ იძულებული გავხდი გამოვტეხილიყავი. რო გაიგეს ვინც ვიყავი მეორე დღესვე გამომაგზავნეს თბილისში. ჩამომიყვანეს თუ არა მაშინათვე გადამცეს გამომძიებელს „პა ასობი ვაჟნომ დელამ“. ორ წლამდის ვიჯექი გამოძიების ქვეშ. შემდეგ გამასამართლეს II ნაწილის 102 მუხლით და მომისაჯეს სამუდამო გადასახლება ციმბირში.

რუსეთის დიდმა რევოლუციამ მოანგრია თვითმპყრობელობის ბუნაგი და ჩვენც დაუბრუნდით განთავისუფლებულ სამშობლოს თავისუფალი ხალხი. ამ დღიდან მე მუშავობ რევოლუციონურ ორგანიზაციებში პროფესიონალურ კავშირებში და ახლა ნაციონალურ საბჭოში.

II/VIII – 18 წ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი