ჯაჯანაშვილი არჩილ რაჟდენის ძე

(დ. 1885) მისამართი: გუნიბის ქუჩა, №54

საშუალო სწავლა მიიღო ტფილისის ქართულ გიმნაზიაში. გიმნაზიის გათავების შემდეგ შევიდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ აპირებდა პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებას, მაგრამ რუსეთის მთავრობამ იგი პოლიტიკურად არა საიმედოდ იცნო და გიმნაზიიდან დაითხოვა.

სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო „ივერია“-ში, რომელიც გრ. ყიფშიძის რედაქტორობით გამოდიოდა. პირველი მისი წერილი დაიბეჭდა 1903 წელს. როდესაც გაზეთი ფ. გოგიჩაიშვილის ხელში გადავიდა, ამ უკანასკნელმა არჩილ ჭაჭანაშვილი მუდმივ თანამშრომლად მიიწვია. „ივერიიდან“ მერე „ცნობის ფურცელ“-ში გადავიდა და მას შემდეგ დღევანდლამდის განაგრძობს თანამშრომლობას „ცნობის ფურცელ“-ში. მომდევნო სოციალისტ-ფედერალისტურ გაზეთებში, როდესაც ჟანდარმერიამ გაზეთი „დროება“ გაჩხრიკა და თანამშრომლები დემონსტრაციულად სხვა და სხვა ადგილებში გადაასახლა, არჩილ ჭაჭანაშვილი რამდენიმე ხნის განმავლობაში რედაქტორობდა გაზეთს.

1914 წელს დატუსაღებულ იქმნა, რის [..]დეგ გამ[..]ა პრავაკატორის ვანო კას[..]შვილის დაბეზღებით მაგრამ რადგანაც არავითარი საბუთი არ აღმოაჩნდა, გაანთავისუფლეს.

ამის გარდა ფრონტზე იყო სამუშაოდ […]სთან იგი არჩეულ იქმნა ეროვნულ საბჭოს წევრთა კანდიდატად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი შევიდა ეროვნულ საბჭოში-როგორც წევრი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ანდრონიკაშვილი კონსტანტინე ემანუელის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 1876, სოფ. კაჭრეთი სიღნაღის მაზრის თფილისის გუბ.). ქართველი, სოციალ დემოკრატი მენშევიკი მიმდევარი მ. ვ. პლეხანოვისა.

დავასრულე თფილისის მესამე გიმნაზია 1897. შევედი მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ იმავე ფაკულტეტზე გადავედი კიევში.

მესამე კურსიდან მთავრობამ გამომრიცხა სტუდენტთა რიცხვიდან პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების გამო. ეს ის წელიწადი იყო 1899–1900 წწ., როდესაც უნივერსიტეტებში სტუდენტთა წმინდა აკადემიური მოძრაობამ მიიღო ხასიათი პოლიტიკური. მაშინ პირველად სტუდენტობა დაუკავშირდა მუშათა მოძრაობას. მაშინ კიევში ჟანდარმთა უფროსათ იყო ცნობილი მხეცი ნავიცკი. კიევის ციხეში ვყვანდი ხუთი თვე, შემდეგ მომცა წინადადება 24 საათში დამეტოვებინა კიევი, ჩამაბარა „პროხოდნოე მოწმობა“ და მიკრა თავი ისევ იმ სოფელში სადაც დავიბადე. არ მქონდა უფლება სოფლიდან არსაით წასვლისა. უსაქმობის გამო, შეუდექი ბავშვების მზადებას, საშუალო სასწავლებლებში ვგზავნიდი სტატიებს გაზეთებში. დრო გამოშვებით გავიპარებოდი თფილისში, სადაც დაუკავშირდი თფილისის კომიტეტს. ასე ოთხი წლის შემდეგ მომცეს ნება თფილისში ცხოვრების.

აქ მე ვეცნობი ირაკლი წერეთელს, რომელიც მაშინ რედაქტორობდა „კვალს“. ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით, არ დავშორებივართ ციხემდის 1904 წ. სწორეთ რუს.-იაპონიის ომის დროს დაგვიჭირეს მეტეხში ვისხედით. ხუთი თვის შემდეგ გამანთავისუფლეს და მიკრეს თავი ისევ სოფელში. აქ გლეხკაცობაში დავიწყე მუშაობა, ვაწყობდი ორგანიზაციებს და ვუკავშირებდი თფილისის სოც-დემოკრ. ორგან. ცენტრს.[…] რევოლუციამ 1905 წ. მე წამოვედი თფილისში. ცოტა ხნის შემდეგ თფილისის კომიტეტმა გამგზავნა ალექსანდროპოლში მოსაწყობათ ქალ. ალექსანდრეპოლის, ესივანის, ყარსის დეპოს მუშათა ორგანიზაციების დასაკავშირებლად ამიერ კავკასიის რკინის გზის მუშათა ცენტრის კომიტეტთან. 1906 წ. ჩამოვედი თფილისში. ამ დროს გამოდიოდა ლეგალური გაზეთი სოც.-დემოკ. „სხივი“ ნოე ჟორდანიას, ფ. მახარაძეს რედაქტორობით. ამ გაზეთში ვაძლევდი წერილებს პოლიტიკ.-ეკონომიურ კითხვებზე.

იმავე წელს დაიწყო საარჩევნო კომპანია რუსეთის სახელმწიფო დუმაში. არჩევნების დროს ჩავარდა ჩვენი საიდუმლო ტიპოგრაფია ავლაბარში, სადაც ხუთი წელიწადი გასძლო. შემოგვეპარა პროვოკატორი, რომელმაც გასცათ. მოხდა რედაქციაში საერთო ჩხრეკა და „სხივის“ რედაქციაში ვინც ვიყავით იმ დროს ყველანი დაგვიჭირეს.

აი ამ 1906 წლიდან მე აღარ მიშვებენ ციხიდან 1909 წლამდე. მიმცეს პასუხის გებაში ორ საქმეზე. ალექსანდროპოლისა / პროცესსი 38. პოლიტიკურ დამნაშავეთ და თფილისის ავლაბრის ტიპოგრაფისა. მე არასდროს არ მივლია ტიპოგრაფიაში ალბათ იმიტომ, რომ დარწმუნდნენ იგი ეკუთვნოდა თფილისის კომიტეტს. ამასთან საპასპორტო ბლანკები ტიპოგრაფიაში, ამისთანა ბლანკები რამოდენიმე აღმოაჩინეს „სხივის“ რედაქციაში.

როგორც ერთი ისე მეორე საქმეზე მომცეს ციმბირი სამუდამოთ გადასახლებით პალატის გადაწყვეტილებით. 1914 წ. ეტაპით გამგზავნეს ენისეის გუბერნიაში სოფ. კუზნეცოვაში.

ექვსი თვის შემდეგ გამოვიპარე. ცხრა თვე ვიმალებოდი მოსკოვში. მიშოვნეს ნამდვილი სტუდენტის მოწმობა, რომლის საშუალებით დავიარებოდი ისევ იურიდიულ ფაკულტეტზე, ვისმენდი ისევ ჩემს ძველ ნაცნობ პროფესორებს. ცხრა თვის შემდეგ უკვე იძულებული გავხდი საზღვარ გარეთ წავსულიყავ. პირველათ ვცხოვრობდი ჟენევაში, მერე ლიზანაში, ერთი წელიწადი ვცხოვრობდი პარიზში. ელექტრო-ტეხნიკურ კურსები გავათავე და გადმოვედი ისევ შვეიცარიაში. 1917 წ. რევოლუციამდე, ვცხოვრობდი ლაზანაში. დავბრუნდი რუსეთში ინგლისით, არა გერმანიით. მაშინ ამ გზებმა ანუ საშუალებამ სამშობლოში დასაბრუნებლათ მიიღო პოლიტიკური ხასიათი და დიდი განხეთქილება ატყდა სოც.-დემოკრ. ემიგრანტთა შორის ამ ნიადაგზე. საზღვარგარეთიდან ვთანამშრომლობდი სოც.-დემოკრატებთან და ახლაც განვაგრძობ. ჩამოსვლისთანავე საზღვარგარეთიდან დავბრუნდი თელავში. თავად. ახლაც ვითვლები.

კონსტანტინე ანდრონიკაშვილი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ქარუმიძე შალვა ალექსანდრეს ძე

დ. 1887, სოფ. თორტიზა (ქართლი). ეროვნულ-დემოკრატი.  

საშუალო განათლება ტფილისის ქართულ გიმნაზიაში მიიღო; უმაღლესი მოსკოვის უნივერსიტეტში (ისტორიულ-ფილოლ. ფაკულტეტი) დაასრულა 1912 წელს. ამ ხნიდამ მასწავლებლობდა ქართულ გიმნაზიაში, დედათა საოსტატო სემინარიაში, დედათა ინსტიტუტში. 1913 წელს მიწვეულ იქმნა ლექტორად სახალხო უნივერსიტეტში, სადაც სამი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ისტორიიდამ. ამავე წლიდამ არჩეულია საქართველოს „საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების“ გამგეობის წევრად.

1914 წელს „ამიერ კავკასიის მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის“ პირველმა ყრილობამ აირჩია საბჭოს წევრად, სადაც პირველ ხანს მდივნობდა.

მსოფლიო ომის დაწყებისას – სხვებთან ერთად დააარსა აქაური განყოფილება „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტისა“, რომლის მთავარი განყოფილება  მიხაკო წერეთლისა,  გიორგი მაჩაბლის და სხვა მამულიშვილთა ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ბერლინში და საქართველოს საკეთილდღეო შრომას ეწეოდა ცენტრალურ სახელმწიფოთა კავშირის წინაშე.

დაკისრებული ჰქონდა უმთავრესათ მეზობელ ერებთან თანხმობისა და კონტაქტის დაჭერა მთავარ კომიტეტთან მუდმივი განუწყვეტელი კავშირისათვის ორგანიზაციის მოწყობა, ხელმძღვანელობა. ამ საქმიანობისთვის დაჯილდოვებულია თამარ დედოფლის ორდენით. 1915 წელს საქველმოქმედო საზოგადოებამ დანიშნა თავის რწმუნებულად ხევსურეთის საქმეებში. საზოგადოების თავმჯდომარესთან მ. ვ. მაჩაბელთან ერთად იშუამდგომლა ყოფილი დიდი მთავრის წინაშე და ხევსურეთს ააცილა როგორც ეგზეკუცია, რომელიც იგზანებოდა მათ დასასჯელათ, ისე სამხედრო ბეგრის მოხდა. უთანამშრომლია „კლდეში“, საქართველოში და ბერლინის „ქართულ გაზეთში“.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფირცხალავა სამსონ

ავტობიოგრაფია

(დ. 4 მაისი, 1972). სოფ. მათხონჯი, ქუთაისის მაზრა

1906-07 წლ. ჩემის ხელმძღვანელობით გამოდიოდა ყოველკვირეული საგლეხო ჟურნალი „გლეხი“ და „მიწა“, ხოლო 1902–09 წ. სალიტერატურო გაზეთი „მზე“ – „ფასკუნჯი“. ამის ერთი ნუმერი თვიური ჟურნალის სახით გამოვიდა 1919 წ.

დავიბადე 1872 წ. მაისის 4-სა, ქუთაისის მაზრაში, სოფ. მათხონჯში, გლეხის ოჯახში. პირველად ვსწავლობდი ხონის ნორმალურ სკოლაში, შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ხოლო უნივერსიტეტი – პეტერბურგისა იურიდიული ფაკულტეტი – დავასრულე 1898 წელს. ერთ ორ თვეს ვმსახურობდი ქუთაისის სახაზინო პალატაში, ამდენ ხანსვე ჭიათურაში ერთი მრეწველის კანტორაში. ტფილისში გადმოვედი 1901 წ.; ვიყავი გაზეთის კორექტორად. 1902 წელს ამირჩიეს წ. კ. საზოგადოების მდივნად და ამ თანამდებობაზე დავრჩი 1910 წლამდის. მწერლობა სისტემატურად დავიწყე გაზ. „ივერიაში“ 1901 წ. დეკემბრის 29-ს. მანამდის რამდენიმე წერილი მქონდა დაბეჭდილი „კვალში“ თეატრის შესახებ და ჭიათურის შთაბეჭდილებანი. 1902 წლის აპრილის 14-დან გავხდი მუდმივი თანამშრომელი „ცნობის ფურცლის“ და ამ დღიდან ვიღებდი ახლობელ მონაწილეობას სოც. ფედერ. პარტიის საპოლიტიკო და სამწერლო მუშაობაში.

ციხეში ვიჯექი სამჯერ: სტუდენტობის დროს, 1906 და 1910 წელს. ამ წლის დეკემბერში გადამასახლეს რუსეთში, საიდანაც დავბრუნდი 1913 წელს.

მწერლობაში ჩემი ფსევდონიმები იყო: S – on, კალამი, სიტყვა.

წყარო:საქართველოს ეროვნული არქივი