აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. აუტიზმის მქონე ბავშვს დარღვევები აქვს სოციალური უნარების, კომუნიკაციის, მეტყველების, ქცევის განვითარებაში.
აუტიზმს დიდი წარსული და შედარებით ხანმოკლე ისტორია აქვს. პირველად ტერმინი „აუტიზმი“ 1943 წელს ამერიკელმა ბავშვთა ფსიქიატრმა ლეო კანერმა გამოიყენა უკვე კლასიკად ქცეულ ნაშრომში „აფექტური კონტაქტის აუტისტური დარღვევები“. მან ამ ნაშრომში საუკეთესოდ აღწერა ის ინდიფერენტულობა, რაც მის მრავალ პაციენტს აღენიშნებოდა.
ის სამი სახის პრობლემა, რომელიც ყველა აუტიზმის მქონე ადამიანს აწუხებს, ზოგჯერ „უარესობათა ტრიადად“ მოიხსენიება. ესენია:
- საზოგადოებასთან ურთიერთობა;
- საზოგადოებასთან კავშირის დამყარების, ინტეგრაციის პრობლემა;
- საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა.