სერგეი დოვლატოვი (1941 – 1990)

10156932_10203256351027175_784766832_n მშვიდობით კალიფორნია! მშვიდობით, ანგელოზების ქალაქო, თუმცა ანგელოზები არ შემიმჩნევია.

მშვიდობით, დიდი ხნის მეგობრებო და ახალო ნაცნობებო.

მშვიდობით, წითურა გოგონავ, რომელმაც ამიკრძალე შენი სახელის გამხელა.

მშვიდობით… ოოოო,  კინაღამ წამომცდა – მშვიდობით ლიტერატურა!

არა, არა – ლიტერატურა გრძელდება, და ღმერთმა უწყის, საითკენ გაგიტყუებს

ნაწყვეტი სერგეი დოვლატოვის მოთხრობიდან – „ლიტერატურა გრძელდება“

ცნობილი პროზაიკოსი, ჟურნალისტი, რუსეთის ემიგრაციის მესამე ტალღის წარმომადგენელი. თანამედროვე რუსი მწერლებიდან ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი მწერალი სერგეი დოვლატოვი 1941 წლის 3 სექტემბერს, ქალაქ უფაში დაიბადა. მწერალი აღიზარდა თეატრალური რეჟისორის ოჯახში. მამა – დონატ მეჩიკი, ეროვნებით ებრაელი იყო; დედა – ნორა დოვლატოვა ეროვნებით სომეხი.

1959 წელს დოვლატოვმა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ორი წლის სწავლის შემდეგ უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ამ პერიოდში იგი ევგევნი რაინთან და იოსებ ბროდსკისთან დამეგობრდა.

მალე მწერალი ჯარში გაიწვიეს, სადაცკომი ასსრ-ის ბანაკებში მცველად მსახურობდა. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დოვლატოვი სხვადასხვა მრავალტირაჟიან გაზეთებსა თუ ჟურნალებში კორესპონდენტად მუშაობდა. წერდა რეცენზიებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებისათვის. მწერლის შემოქმედება და პროზა საბჭოთა კავშირში საერთოდ არ იბეჭდებოდა. 1978 წელს დოვლატოვმა ემიგრირება გადაწყვიტა: ჯერ ვენაში გაემგზავრა, შემდეგ კი აშშ-ში გადავიდა. სხვებთან ერთად ამერიკაში მან რუსულენოვანი გაზეთი „ახალი ამერიკელი“ დაარსა. 1980-82 წლებში კი გაზეთის რედაქტორად მუშაობდა. ამერიკაში დოვლატოვის პროზამ ფართო აღიარება მოიპოვა, ნაწარმოებები ქვეყნდებოდა ამერიკის პრესტიჟულ გაზეთებსა თუ ჟურნალებში. მწერლის ძირითადი ნაწარმოებებია: „ზონა“, „უხილავი წიგნი“, „კომპრომისი“, „ნაკრძალი“, „ჩვენები“, „მარტოხელათა მარში“, „ხელობა“, და სხვა .

დოვლატოვის ყველა ნაწარმოებს მწერლის ბიოგრაფიაში მომხდარი სხვადასხვა ფაქტები და მოვლენები უდევს საფუძვლად. ასე მაგალიათად: „ზონა“ – ბანაკის მცველის ჩანაწერები, რომლადაც მწერალი ჯარში მსახურობდა. „კომპრომისი“ – ესტონეთში ცხოვრების პერიოდის ისტორია და ჟურნალისტად მუშაობისას მიღებული შთაბეჭდილებები. „ნაკრძალი“ – ირონიულად და საკრასტულად განზრახული თხრობა პერიოდისა, როდესაც მწერალმა გიდად მუშაობის გამოცდილება შეიძინა. „ჩვენები“ – მწერლის ოჯახური ეპოსი. „ხელობა“ – „ლიტერატურული ლუზერის“ შენიშვნები. მიუხედავად ბიოგრაფიული ნაწარმოებისა, მწერლის წიგნები კლასიკური გაგებით დოკუმენტარულად არ მიიჩნევა. ნაწარმოებებში შექმნილ ჟანრს მწერალი „ფსევდო დოკუმენტალურს“ უწოდებდა. დოვლატოვის მიზანი არა დოკუმენტალურობა, არამედ „რეალობის შეგრძნება“, შემოქმედებითად გამოხატულ „დოკუმენტში“ აღწერილი სიტუაციების ცნობადობა იყო. ნოველებში დოვლატოვი ზუსტად გადმოსცემს 60-იანი წლების თაობის ცხოვრების სტილსა და მსოფლ-შეგრძნებას, ლენინგრადისა და მოსკოვის ბოჰემურ ატმოსფეროს, საბჭოთა რეალობის აბსურდს, რუსი ემიგრანტების არც თუ ისე იოლ ცხოვრებას  ამერიკაში.

საკუთარ პოზიციას ლიტერატურაში დოვლატოვი განსაზღვრავდა, როგორც მთხრობელის პოზიციას. გაურბოდა მწერლის წოდებას: „მთხრობელი საუბრობს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი, პროზაიკოსი – თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ხალხი. მწერალი კი, თუ რისთვის უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები“. როგორც მთხრობელი დოვლატოვი წყვეტს კავშირს ყოველდღიურ ტრადიციებთან.  თავს არიდებს მოლარულ-ეთიკური ამოცანების ამოხსნას. ავტორისათვის თხრობის პროცესია მნიშვნელოვანი. აქედან  გამომდინარეობს დოვლატოვის დეკლარირებული უპირატესობა ამერიკული ლიტერატურისა რუსულისადმი, ფოლკნერის და ჰემინგუეის უპირატესობა – დოსტოევსკისა და ტოლსტოისადმი.

დოვლატოვი ნაწარმოებებში შემთხვევითობას, უაზრობას, შეუსაბამობას აღწერდა.   აბსურდისადმი არასიმპატიით განწყობილი მწერალი ეხებოდა აბსურდულ სიტუაციებსაც. მიუხედავად უაზრო აბსურდული რეალობისა, დოვლატოვის პერსონაჟები არ კარგავენ ბუნებრიობის, ჰარმონიულობის გრძნობას. მწერალი გზას იკვლევს გართულებული უკიდურესობიდან, წინააღმდეგობიდან – ცალსახა უბრალოებამდე. „ჩემი შეგნებული ცხოვრება იყო გზა ბანალურობის მწვერვალისაკენ. დიდი მსხვერპლის ფასად მივხვდი, რასაც ბავშვობიდანვე შთამაგობებდნენ. ათასჯერ მაინც გამიგია: ოჯახისთვის მთავარია – სულიერი ინტერესების ერთობლიობა. ათასჯერ ვპასუხობდი: გზა სათნოებისკენ სიმახინჯის ხიდზეა გადებული. ოცი წელიწადი დამჭირდა, რათა შემეცნო ბანალურობა, რათა გადამედგა პირველი ნაბიჯი პარადოქსისადნ – ტრუიზმამდე.

დოვლატოვი – მწერალი – მინიმალისტი. მოთხრობის, ჩანახატის, ანეგდოტის, აფორიზმის ვირტუოზი. დოვლატოვის სტილისთვის დამახასიათებელია: ლაკონიზმი, მხატვრული დეტადებისადმი ყურადღება, ცოცხალი სასაუბრო ინტონაცია. გმირების ხასიათები წარმოჩინდება ვირტუოზულად აგებულ დიალოგებში, რომლებიც მწერლის პროზაში გაცილებით მეტია, ვიდრე დრამატული კოლიზიები.

დოვლატოვი ყოველთვის გაურბოდა გამოეტანა ვერდიქტი თავისი პერსონაჟების მორალისათვის. მწერლის მხატვრულ სამყაროში ზედამხედველი და პატიმარი, ბოროტი და კეთილი თავიანთ უფლებებში გათანაბრებულნი არიან. მწერლის მხატვრულ სისტემაში ბოროტება განპირობებულია ცხოვრების სხვადასხვა ტრაგიკული გარემოებებით.

დოვლატოვის წერით მანერაში აბსურდული და სასაცილო, ტრაგიკული და კომიკური, ირონია და იუმორი მჭიდროდ არის გადახლართული. დოვლატოვის ჩანაფიქრია მხატვრულად გვიამბოს, რა უნცაურად ცხოვრობს ხალხი – ხან წუხილით იცინიან, ხან კი სიცილით წუხან.

სერგეი დოვლატოვი, რა თქმა უნდა ლიტერატურული მასშტაბებით, გენიალურობით ვერ შეედრება ისეთ ბუმბერაზებს, როგორებიც იყვნენ: დოსტოევსკი, ტოლსტოი, მერეჟკოვსკი, ჩეხოვი, მაგრამ ცალსახაა, რომ დოვლატოვს ჰქონდა საკუთარი, ინდივიდუალური სტილი, წერის მანერა და   მოთხრობებისა და ნოველების ვირტუოზულად მოწოდების ნიჭი.

ემიგრაციაში ყოფნის 20 წლის მანძილზე თორმეტი წიგნი გამოსცა მწერალმა. მოთხრობების და ნოველების გარდა, გამოიცა აგრეთვე მწერლის მოგონებები, სახალისო ისტორიები.

მწერალი ოფიციალურად ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან მწერალს დარჩა ქალიშვილი – მარია (1970წ.) ორი შვილი ეკატერინე და ნიკოლაი კი მეორე ქორწინებიდან. ქალიშვილი ალექსანდრა მწერალს შეეძინა არაოფიციალური ქორწინებიდან 1975 წელს.

სერგეი დოვლატოვი, 49 წლის ასაკში, 1990 წლის 24 აგვისტოს გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. დაკრძალულია ნიუ-ორკში. მაუნთ-ჰებრონის სასაფლაოზე.

 

ლექცია 1. მე-20 საუკუნის ევროპული აზროვნება და კულტურა

ლექციას უძღვება ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი, ლოიდ კრამერი. კურსი ეძღვნება ევროპის უახლოეს ისტორიას. ამ კურსით მსმენელი გაეცნობა მე-20 საუკუნის ევროპული აზროვნებისა და კულტურის განვითარებას, რომელიც განკუთვნილია როგორც მომავალი მეცნიერებისათვის, ისე ნებისმიერი მსმენელისთვის.

ალექსანდრ სოლჟენიცინი (1918 – 2008)

soljhenicini„ჩვენ ისე უიმედოდ ვკარგავთ ხოლმე ადამიანის სახეს, რომ ერთი დღის განცხრომისთვისაც კი ვღალატობთ ჩვენს პრინციპებს, შეგვიძლია სულიც კი გავყიდოთ, სინდისი საერთოდ დავივიწყოთ – ოღონდ კი ჩვენს არსებობას რამე მატერიალური არ მოვაკლოთ, ვიცხოვროთ სიცრუესა და სიყალბეში. ბევრ რამეს და ბევრ ვინმეს დაამარცხებს სიცრუე – მაგრამ იგი ვერას გახდება დიდი ხელოვანის წინააღმდეგ.

ნამდვილი მწერალი ყოველთვის ამარცხებდა და მომავალშიც დაამარცხებს სიყალბესა და ფარისევლობას!

და როგორც კი განიფანტება ყველანაირი სიყალბე, თვალნათლივ გადაიშლება სიშიშვლე ძალმომრეობის, – და ძალმომრეობაც სიცრუესთან ერთად განადგურდება.

ამიტომ ჩვენ, მეგობრებო, უნდა ჩავებათ ბრძოლაში – სიცრუის წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთი მართალი სიტყვაც კი მთელ მსოფლიოს გადაწონის“.

ალექსანდრ სოლჟენიცინი

რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრ სოლჟენიცინი 1918 წლის 11 დეკემბერს, ქალაქ კისლოვოდსკში დაიბადა.  მამა,  ისააკ სოლჟენიცინი, ვაჟიშვილის დაბადებამდე,  პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ ნადირობის დროს  დაიღუპა. დედა, ტაისია შჩერბაკი, ყუბანელების მდიდარი ოჯახიდან იყო.

პირველი წლები სოლჟენიცინმა კისლოვოდსკში გაატარა. 1924 წლიდან დედასთან ერთად როსტოვში გადასახლდა. 1941 წელს როსტოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დამთავრა. უფრო ადრე, 1939 წელს, სოლჟენიცინმა მოსკოვის უნივერსიტეტში ლიტერატურისა და ხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ  მის დამთავრებაში ხელი დიდი სამამულო ომის  დაწყებამ შეუშალა.

1942 წელს იგი ფრონტზე გაგზავნეს და ბატარეის მეთაურად დანიშნეს. მან საბრძოლო გზა რუსეთიდან აღმოსავლეთ პრუსიამდე გაიარა და მრავალი მედლით დაჯილდოვდა.

1945 წელს სამხედრო ცენზურამ ალექსანდრ სოლჟენიცინის მეგობარ ნიკოლაი ვიტკევიჩთან მიმოწერას მიაქცია ყურადღება. წერილები სტალინისა და მისი რეჟიმის მძაფრ კრიტიკას შეიცავდა. წერილებში  საბჭოთა ლიტერატურის სიცრუესა და მის ობსკურანტიზმზე იყო საუბარი. რეჟიმმაც არ დააყოვნა: სოლჟენიცინი გაასამართლეს და საბჭოთა კავშირის საკონცენტრაციო ბანაკებში 8 წლის ტყვეობა და შემდეგ გადასახლება მიუსაჯეს. სასჯელს ჯერ მოსკოვთან ახლოს, შემდეგ – „შარაშკაში“ სოფელ მორფინოში იხდიდა.

8 წლიანი პატიმრობის შემდეგ იგი ყაზახეთში, კოკ-ტერეკში გადაასახლეს, სადაც სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა. 1956 წლის 3 თებერვალს, საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სასამართლომ ალექსანდრე სოლჟენიცინი გადასახლებიდან გაათავისუფლა. მწერალი რიაზანის ოლქში დასახლდა, სადაც მასწავლებლად განაგრძო მუშაობა.

ბანაკში, ტყვეობის დროს, სოლჟენიცინს ექიმებმა სიმსივნე აღმოუჩინეს. ტაშკენტის ონკოლოგიურ ცენტრში მან მკურნალობის კურსი ორჯერ გაიარა და ექიმების გასაკვირად სრულიად განიკურნა. მწერალი გამოჯანმრთელებაში უფლის ნებას ხედავდა; რათა  საშუალება მისცემოდა ეუწყა მსოფლიოსათვის საბჭოთა რეჟიმის  ციხეებისა და პატიმრების აუტანელი პირობების შესახებ.

1959 წელს სოლჟენიცინის ცნობილი მოთხრობა „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“ დაიწერა. მოთხრობაში პატიმრის, ივან დენისოვიჩის ცხორების ერთი დღე არის ასახული. გაუსაძლისი პირობების მიუხედავად მთავარი გმირი არ კარგავს ადამიანურ სახეს, ღირსებას, მეტიც, იგი მზადაა დაეხმაროს სხვა პატიმრებს, გაუნაწილოს თავისი მწირი ულუფა. დღის ბოლოს კი, კიდევ ერთი დღისათვის ღმერთს მადლობას უხდის.

რამოდენიმე თვის შემდეგ ჟურნალ „ნოვი მირ“-ის პირველ ნომერში მისი მომდევნო მოთხრობა „მატრონას ეზო“ დაიბეჭდა. მთავარი პერსონაჟი, ამჯერად ქალი, ძალიან წააგავს ივანე შუხოვს. გაჭირვების მიუხედავად არც მატრონა კარგავს სიყვარულისა და სიკეთის გრძნობას. უპირისპირდება ანგარებას და მერკანტილიზმს, რის გამოც თანასოფლელები მას შეშლილად თვლიან.

გადასახლების პერიოდში სოლჟენიცინმა რომანის – „წრე პირველი“ წერა დაიწყო. მწერალმა ნაწარმოები 1968 წელს დაასრულა. რომანში მოქმედება მორფინოს „შარაშკაში“ ვითარდება. აქ, ბანაკებისგან განსხვავებით უკეთესი კვებაა: პატიმრები – მეცნიერები სტალინისა და მისი ხელქვეითებისთვის ზეთანამედროვე მოწყობილობის შექმნაზე მუშაობენ. რომანის ყველა პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს.

1963-1966 წლებში სოლჟენიცინი წერს მოთხრობას „კიბოიანთა კორპუსი“. ალეგორიულ ნაწარმოებში ნათლად ჩანს, რომ კიბოთი არა მარტო ადამიანები, არამედ მთელი სისტემა ავადდება.

1960-იანი წლების  ბოლოს, როდესაც რეპრესიების თემებს ტაბუ დაედო, მწერლის ყველა ნაწარმოების ბეჭდვა შეწყდა. ბიბლიოთეკებიდან დაუყოვნებლივ ამოიღეს სოლჟენიცინის წიგნები.

1968 წელს სოლჟენიცინმა დაასრულა მუშაობა წიგნზე „არქიპელაგი გულაგი“, რომელშიც მკითხველს ბანაკებსა და ციხეებში გატარებულ რეპრესიებზე მოუთხრო. სწორედ ამის შემდეგ გამძაფრდა ზეწოლა მწერალზე და მისი ნაწარმოებები აიკრძალა. 1969 წელს ალექსანდრ სოლჟენიცინი მწერალთა კავშირიდან გარიცხეს.

1970 წელს შვედეთის აკადემიამ სოლჟენიცინი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვა. კომიტეტის განცხადებდა: „პრემია გადაეცემა ალექსანდრე სოლჟენიცინს ზნეობრივი ძალისთვის, რითაც აგრძელებს რუსული ლიტერატურის დიად ტრადიციებს“.

1974 წლის 12 თებერვალს სოლჟენიცინი დააპატიმრეს და 24 საათის შემდეგ საბჭოთა კავშირიდან დასავლეთ გერმანიაში გაასახლეს. ორი წლის შემდეგ მწერალი მეუღლესთან – ნატალია დმიტრიევასთან და ოჯახთან ერთად ციურიხში დასახლდა. მოკლე ხანში კი საცხოვრებლად ამერიკის შტატ ვერმონტში გადავიდა.

ემიგრაციაში სოლჟენიცინმა დაიწყო მუშაობა ეპოპეაზე „წითელი ბორბალი“. რომანი რუსეთის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის თემაზეა აგებული. გამოყენებულია გამოგონილი და ისტორიული პერსონაჟები. ნაწარმოების ძირითადი ნაწილი კი რუსეთის იმპერიის გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მეფის მთავრობის პრემიერ-მინისტრის, პეტრე სტოლიპინის რეფორმატორულ მოღვაწეობას ეთმობა.

საბჭოთა კავშირის მთავრობის სათავეში გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ, სოლჟენიცინის შემოქმედების მიმართ შეხედულებები შეიცვალა და ეტაპობრივად მისი ნაწარმოებების გამოქვეყნება დაიწყო.

1990 წელს სოლჟენიცინს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა აღუდგინეს და ამავე წლის დეკემბერში  სახელმწიფო პრემია მიანიჭეს.

1994 წელს, მწერალი ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. 1997 წელს სოლჟენიცინი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1998 წელს მწერალი ლომონოსოვის ოქროს ორდენით, მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვეს.

ალექსანდრე სოლჟენიცინი 2008 წლის 3 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ალექსანდრე სოლჟენიცინი ქალაქ მოსკოვის წმინდა დიმიტრი დონელის სახელობის მონასტერში არის დაკრძალული.

მასალა მოამზადა გიორგი ბოჯგუამ

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი

hegeliგეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831) მიეკუთვნება „გერმანული იდეალიზმის“ ეპოქას. ის ყველა თავის ნაშრომსა და ლექციაში ცდილობდა განევითარებინა სრულყოფილი და სისტემური ონტოლოგია „ლოგიკური“ ამოსავალი წერტილიდან. ჰეგელი ყველაზე მეტად ცნობილია ისტორიის ტელეოლოგიური ხედვის გამო. მე-20 საუკუნეში, ჰეგელის აზრების „ლოგიკური“ მხარე დიდწილად დავიწყებული იყო, მაგრამ მისი პოლიტიკური და სოციალური ფილოსოფია კვლავ იწვევს ინტერესსა და მხარდაჭერას პოულობს.

ჰეგელი დაიბადა 1770 წელს შტუტგარტში, 1788-1793 წლებში სწავლობდა თეოლოგიას ტიუბინგენში, სადაც დაუმეგობრდა მომავალ დიდ პოეტს ფრიდრიხ ჰოლდერლინს და ფრიდრიხ ფონ შელინგს, რომელიც, ჰეგელის მსგავსად, გახდა გერმანული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი ფიგურა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჰეგელი მუშაობდა მასწავლებლად ოჯახებში ბერნსა და ფრანკფურტში. 1800 წლამდე, ჰეგელმა თავი მიუძღვნა რელიგიური და სოციალური თემების შესახებ იდეების განვითარებას. თუმცა, ჰოლდერლინისა და შელინგის ზეგავლენით, მისი ინტერესები შეიცვლა „კრიტიკული“ ფილოსოფიით, რომლის ინიციატორიც იმანუელ კანტი იყო და რომელიც შექმნა ფიხტემ. 1801 წელს, ჰეგელი გადავიდა იენაში და გამოაქვეყნა თავისი პირველი ფილოსოფიური ნაშრომი „განსხვავება ფიხტესა და შელინგის ფილოსოფიურ სისტემებს შორის“. 1803 წლამდე ის შელინგთან თანამშრომლობდა „ფილოსოფიის კრიტიკული ჟურნალის“ რედაქტირებაზე.

1807 წელს, ჰეგელმა გამოაქვეყნა თავისი პირველი მთავარი ნაშრომი „გონის ფენომენოლოგია“. წიგნი შელინგმა მისადმი მიმართულ კრიტიკად მიიჩნია, რის გამოც მათი მეგობრობა მოულოდნელად დასრულდა.

1808-1815 წწ. ჰეგელი იყო ფილოსოფიის მასწავლებელი და გიმნაზიის დირექტორი ნიურნბერგში. ამ პერიოდში, ის დაქორწინდა და დაწერა „ლოგიკის მეცნიერება“.

1816 წელს, ჰეგელი დაინიშნა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგედ. ჰაიდელბერგში ყოფნისას, მან გამოაქვეყნა „ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია“, რომელიც იყოფა სამ ნაწილად: „ლოგიკა“, „ბუნების ფილოსოფია“ და „გონის ფილოსოფია“.

1818 წელს, ჰეგელი გახდა ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე, რაც ითვლებოდა ყველაზე პრესტიჟულ თანამდებობად გერმანელ ფილოსოფოსთა წრეში. 1821 წელს, მან გამოაქვეყნა თავისი მთავარი ნაშრომი პოლიტიკურ ფილოსოფიაში „სამართლის ფილოსოფიის საფუძვლები“.

ჰეგელის გარდაცვალების შემდეგ, გამოქვეყნდა მისი ლექციები ისტორიის ფილოსოფიაზე, რელიგიის ფილოსოფიაზე, ესთეტიკაზე და ისტორიის ფილოსოფიაზე.

თარგმნა: იზა გიგაურმა

წყარო: http://plato.stanford.edu/entries/hegel/