შენგელაია ლეო ანდრიას ძე

დ. 1887, სოფ. ომუჯში (ზუგდ. მაზრა). იურისტი. საქართველოში მომქმედ სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე.

განათლებით იურისტი,  გიმნაზია გაათავა ექსტერნათ. შემდეგ შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე. სოც. რევ. პარტიაში მუშაობს 1908-09 წ. იჯდა რუსეთის სხვა და სხვა ციხეებში.

ბრალს სდებენ პარტიის წევრობაში. ხელმძღვანელობს პარტიულ პრესას. სწერს სხვა და სხვა ფსევდონიმით. 1917 წელს დაარსა სხვა ამხანაგებთან ერთად „თავისუფალი გიმნაზია“, რომლის გამგეთ არის დღესაც. არის სოც. რევ. პარტიის ცენტრალური ორგანოს „შრომის“ რედაქტორი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფირცხალავა სამსონ

ავტობიოგრაფია

(დ. 4 მაისი, 1972). სოფ. მათხონჯი, ქუთაისის მაზრა

1906-07 წლ. ჩემის ხელმძღვანელობით გამოდიოდა ყოველკვირეული საგლეხო ჟურნალი „გლეხი“ და „მიწა“, ხოლო 1902–09 წ. სალიტერატურო გაზეთი „მზე“ – „ფასკუნჯი“. ამის ერთი ნუმერი თვიური ჟურნალის სახით გამოვიდა 1919 წ.

დავიბადე 1872 წ. მაისის 4-სა, ქუთაისის მაზრაში, სოფ. მათხონჯში, გლეხის ოჯახში. პირველად ვსწავლობდი ხონის ნორმალურ სკოლაში, შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ხოლო უნივერსიტეტი – პეტერბურგისა იურიდიული ფაკულტეტი – დავასრულე 1898 წელს. ერთ ორ თვეს ვმსახურობდი ქუთაისის სახაზინო პალატაში, ამდენ ხანსვე ჭიათურაში ერთი მრეწველის კანტორაში. ტფილისში გადმოვედი 1901 წ.; ვიყავი გაზეთის კორექტორად. 1902 წელს ამირჩიეს წ. კ. საზოგადოების მდივნად და ამ თანამდებობაზე დავრჩი 1910 წლამდის. მწერლობა სისტემატურად დავიწყე გაზ. „ივერიაში“ 1901 წ. დეკემბრის 29-ს. მანამდის რამდენიმე წერილი მქონდა დაბეჭდილი „კვალში“ თეატრის შესახებ და ჭიათურის შთაბეჭდილებანი. 1902 წლის აპრილის 14-დან გავხდი მუდმივი თანამშრომელი „ცნობის ფურცლის“ და ამ დღიდან ვიღებდი ახლობელ მონაწილეობას სოც. ფედერ. პარტიის საპოლიტიკო და სამწერლო მუშაობაში.

ციხეში ვიჯექი სამჯერ: სტუდენტობის დროს, 1906 და 1910 წელს. ამ წლის დეკემბერში გადამასახლეს რუსეთში, საიდანაც დავბრუნდი 1913 წელს.

მწერლობაში ჩემი ფსევდონიმები იყო: S – on, კალამი, სიტყვა.

წყარო:საქართველოს ეროვნული არქივი

მაჩაბელი მიხეილ ვახტანგის ძე

დაიბადა 15 ნოემბერს, 1858, ქ. თბილისი. ქართველი. სოფლის მეურნე.

თბილისის ადრესი – საპიორნი ქუჩა, ს. №11, ბინა №2, ტელეფონი – 10-35.

დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატი

გაათავა ტფილისის რეალური სასწავლებელი (1878 წ.) და მერე უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვში პეტროვსკო-რაზუმოვსკი აკადემიაში, ხოლო დიპლომი არ მიიღო, რადგან იძულებული იყო დაეტოვებინა მოსკოვი, ჟანდარმების განკარგულებით, სტუდენტების არეულობის გამო.

მოსკოვში (1879 წ.) მიიღო მონაწილეობა ქართველების სათვისტომოს დაარსებაში (ეს პირველი სათვისტომო იყო რუსეთში). 1883-1885 წლებში მიიღო მონაწილეობა ქალაქის თვით მართველობაში საფინანსო (შემოსავალ-გასავლის) განყოფილების რეორგანიზაციაში და იდგა სათავეში ხარჯთამკრეფ და სავაჭრო ზედამხედველთა უწყებაში. იყო ხმოსნათ ქ. თბილისის საბჭოში (1887-1892 წლებში) და ამის ინიციატივით იყო მოწყობილი პირველი ქართველთა ამომრჩეველთა ჯგუფი, რომელმაც არჩევნებში სომხის ბურჟუაზია დაამარცხა. ამისავე ინიციატივით და თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლების თ. თ. კ. ი. ბაგრატიონ-მუხრანსკის და დ. ზ. მელიქიშვილის შუამდგომლობით მოხდა რეორგანიზაცია თბილისის სათავად-აზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა და ამ ბანკის თანხები და მოგება გადაეცა საკუთრებათ თავად-აზნაურობას დასაკმაყოფილებლად საზოგადო საჭიროებათა სოფლის მეურნეთა განურჩევლათ წოდებისა. ამისავე ინიციატივით თავად-აზნაურობამ დააარსა (1907 წ.) საადგილ-მამულო კომისია, რათა ქართველ სოფლის მეურნეთ, უპირველეს ყოვლისა ყოფილ გლეხ-კაცთათვის გაადვილებულიყო მიწის შეძენა და დამუშავება. ამ კომისიის თავმჯდომარეთ იყო 1907-1912 წლებში მ. ვ. მაჩაბელი იყო არჩეული ორჯელ (1909 და 1915 წ.წ.) ამომრჩევლად სრულიად რუსეთის თავად-აზნაურთა კრებაში სახელმწიფო საბჭოს წევრთა ასარჩევათ.

ქართულ საქველმომქმედო საზოგადოების თავმჯდომარეა 1914 წლიდან დღემდე, და თავმჯდომარეობდა ქართველთა (1915-1917 წ.წ.) ინტერ-პარტიულ კრებებზე, რომელსაც დასახული ჰქონდა შემუშავება ქართველთა შორის საზოგადო აზრისა და ერთგვარი მოქმედება და დამოკიდებულობა მეზობელ ერებთან. ამავე საქველმოქმედო საზოგადოების და ამ ინტერ-პარტიული კრებების მეოხებით აჭარა-ქობულეთი და სხვა ქართველი მუსულმანობა გადარჩა დიდის უბედურობისაგან და აოხრებისაგან.

მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი (1883-1885 წ.წ.) მსახურობდა ქ. თბილისის თვითმართველობაში და (1885-1918 წ.წ.) მიწათ მოქმედების სამინისტროში და ბოლო დროს (1899-1918 წ.წ.) იყო მთავარ გამგეთ გლეხ-კაცთა მიწათ-მომწყობი პარტიისა.

1917 წელს სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი აირჩია საკათალიკოსო საბჭოს წევრად.

1917 წელს საქართველოს ყრილობამ აირჩია საქართველოს საბჭოს წევრად.

მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელის (ფსევდონიმი მ. თბილისელი) საეკონომიო და საზოგადო მნიშვნელობის წერილები იბეჭდებოდა ქართულ და რუსულ გაზეთებში: „ივერიაში“, „Кавказ-ში“, „Закавказіа-ში“  და სხ. სხვათა შორის ქართულ ენაზე იყო დაბეჭდილი წერილები „სოფელი და სოფლელნი“ და რუსულათ: Мотивы Социализма въ Грузіи. აქვს დაბეჭდილი რუსულ ენაზე წიგნი: „გამოკვლევა თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხ-კაცთა ეკონომიური ყოფა-ცხოვრებისა“. მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი იყო რედაქტორი გაზეთი „Закавказъе“-სი იმ დროს, როცა ეს გაზეთი იცავდა კახეთის რკინის გზას და წინააღმდეგი იყო ამ გზის გადაცემისა ტაგიანოსოვის და კ Ο ხელში.

მ. მაჩაბელი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ვოლტერი

volteri1ვოლტერი უმნიშვნელოვანესი ფილოსოფოსია განმანათლებლებს შორის. მისი ლანდი გასდევს მთელ მე-18 საუკუნეს. ფილოსოფოსი, დრამატურგი, პოეტი, ისტორიკოსი, შეუდარებელი პოლემისტი, ადამიანი, რომელიც განასახიერებს იმ ეპოქის „ფრანგულ სულს“. მისი მწერლური ნიჭი მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს: კომედია, ტრაგედია, პამფლეტი, ჟურნალისტიკა, ფილოსოფიური ზღაპრები, ისტორიული ნაშრომები, მჭევრმეტყველება, ლიტერატურული კრიტიკა. ვოლტერი იბრძოდა ადამიანთა უფლებების დაცვისთვის და რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ.

ვოლტერი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუა მარი არუე, დაიბადა 1694 წლის 21 ნოემბერს. მამა მეფის მრჩეველი და ნოტარიუსი იყო, დედა შვიდი წლისას გარდაეცვალა. ვოლტერი სწავლობდა იეზუიტურ კოლეჯში ლუი-ლე-გრანში და ბრწყინვალე მოსწავლე იყო რიტორიკასა და ფილოსოფიაში; შემდეგ სწავლა განაგრძო იურიდიულ ფაკულტეტზე, პარიზში.

1717 წელს, ვოლტერს ბრალად დასდეს მეფე ფილიპ მესამის რეგენტის საწინააღმდეგო პამფლეტის დაწერა და დააპატიმრეს. ბასტილიაში, მან თავისი პირველი პიესა „ოიდიპოსი“ დაწერა. ამ პერიოდში აიღო ფსევდონიმი – ვოლტერი, რომელიც თავისი სახელის ანაგრამაა.

1726 წელს, ვოლტერი კვლავ გაგზავნეს ბასტილიაში შევალიე დე როანთან ჩხუბის გამო. ის იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ნებაყოფლობით გადასახლდებოდა ინგლისში. ვოლტერმა დატოვა საფრანგეთი. ინგლისში, მასზე ძლიერი გავლენა მოახდინა ისააკ ნიუტონის თეორიამ და ჯონ ლოკის ფილოსოფიამ. ის იმედოვნებდა საფრანგეთის საზოგადოების გარდაქმნას სოციალურ და სასამართლო დონეზე.

1729 წელს, ვოლტერი დაბრუნდა პარიზში, მაგრამ 1734 წელს იძულებული გახდა, კვლავ დაეტოვებინა დედაქალაქი „ფილოსოფიური წერილების“ გამოქვეყნების გამო ცენზურის ნებართვის გარეშე. „ფილოსოფიური წერილები“ კოცონზე დაწვეს, ავტორმა კი თავი ლოთარინგიას შეაფარა. ფილოსოფოსი დაინტერესებული იყო მეცნიერებითაც, იკვლევდა ცივილიზაციის კონცეფციას და შექმნა „ტრაქტატი მეტაფიზიკის შესახებ“, რომელიც მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. 1738 წელს გამოქვეყნდა მისი „ნიუტონის ელემენტების ფილოსოფია“, ხოლო 1739 წელს – „ლუი XIV-ის ეპოქა“.

1745 წლის აპრილში, ვოლტერი დანიშნეს საფრანგეთის ისტორიოგრაფად, 1746 წელს კი აირჩიეს საფრანგეთის აკადემიაში. 1759 წელს, მან დაასრულა თავისი ერთ-ერთი შედევრი „კანდიდი ანუ ოპტიმისტი“.

1778 წელს, ვოლტერი პარიზში დაბრუნდა. ბრძოლამ თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვის წინააღმდეგ, მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა. ვოლტერის ნაწარმოებები აკრიტიკებენ ომს, რელიგიურ შეუწყნარებლობას, პოლიტიკურ და სოციალურ უსამართლობას, რაც გამეფებული იყო მე-18 საუკუნეში.

ვოლტერი გარდაიცვალა 1778 წლის 30 მაისს. 1791 წლის 11 ივლისს, მისი ნეშტი გადაასვენეს პანთეონში. ვოლტერის სხვა მნიშვნელოვან ნაშრომებს შორისაა: „ზადიგი ანუ ბედისწერა“, „ფილოსოფიური ლექსიკონი“, „ტრაქტატი ტოლერანტობის შესახებ“, „მიამიტი“, „ირენი“, „მიკრომეგასი“, „ჰენრიადა“, „ბრუტუსი“, „ზაირი“, „მაჰმუდი“, „მეროპე“, „ჩინელი ობოლი“, „ღმერთი და ხალხი“.

თარგმნა: იზა გიგაურმა

წყარო: http://www.linternaute.com/biographie/voltaire-1/biographie/

http://www.larousse.fr/encyclopedie/personnage/François_Marie_Arouet_dit_Voltaire/149270