ჯიბლაძე ვლადიმერ გიორგის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. სოფელი გუზათი, ქუთაისის მაზრა). ქართველი. პროფესია – ჩილინგარი.

თფილისის ადრესი – ალექსეევის ქუჩა № 1

პირველ დაწყებითი სწავლა მივიღე კულაშის ნორმალურ სასწავლებელში, შემდეგ ტფილისის სახელოსნო შკოლაში, მაგრამ არ დამისრულებია

პარტიული რწმენა – სოციალ-დემოკრატი

მოძრაობაში მონაწილეობა მივიღე 1898 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში ვიყავი დატყვევებული სამჯერ. პირველათ 1901 წელს, ორჯერ 1904 და 1912 წელს. საერთოთ ციხეში ვიჯექი სამი წელიწად ნახევარი. გადასახლებული ვიყავი ორჯერ: 1) 1904 წ. ადმინისტრატიულათ ასტრახანში და მეორეჯერ 1912 წ. ენისეის გუბერნიაში ციმბირში სამუდამოთ. გავთავისუფლდი რევოლუციის დროს. ვიყავი არჩეული დამფუძნებელ კრებაში.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე

(დ. 10 აპრილი, 1889, სოფ. ბარდნალა, ლეჩხუმის მაზრა — გ. 2 იანვარი, 1954) — ლიბერალი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ნაფიცი ვექილის თანაშემწე ჟურნალისტი.

დაასრულა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1907 წელს. იმავე წელს შევიდა მოსკოვის კომერციულს ინსტიტუტში ეკონომიურს ფაკულტეტზე. 1909 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში სადაც 1914 წ. დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი.

დაკავებული თანამდებობები

  • ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის მთავარი კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია)

ლიტერატურა

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ლორია ფილიპე გლახუნის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 19 მარიამობისთვე, 1878, სოფელი „ნოღაში“ (საჯევახოს მხარე აღმოსავლეთ გურიის საზღვრებთან). ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერ.). ქართველი. თფილისის ტრამვაის მოსამსახურე სადგურის უფროსის თანაშემწე. საქართველოს ეროვნულ საბჭოს წევრი 

თფილისის მისამართი (ადრესი) მეთორმეტე სამილიციო ნაწილი, შერემეტიევის ქუჩა. სახლი. სახლი 40 ნომერი (დიდუბეში) ფ. გ. ლორია.

პარტიული რწმენა – რწმენით სოციალ-დემოკრატი (მეუმცირესე) ვითვლები პარტიაში 1903 წლიდგან.

განათლება მივიღე ჩემ სოფელ ნოღაში სამრევლო სკოლაში. ამით დავამთავრე ჩემი განათლების გზაზე მსვლელობა.

1903 წლიდგან ბევრი უმიზნოთ აქეთ იქით მოგზაურობისა დავდექი სამსახურში. თფილისის ქალაქის თვითმართველობაში, სადაც დავყავი ორნახევარი წელიწადი, და სადაც მეტი საშუალება მომეცა გავცნობოდი ტრამვაის მუშა მოსამსახურეთა მაშინდელ მოწინავე ამხანაგებს და იმათი საშვალებით გავიგე და დაუახლოვდი მუშათა მოძრაობის მაშინდელ ხელმძღვანელებს ჩვენში და დღემდის შეძლების დაგვარათ განვაგრძობ ამ გზაზე შრომას. ქალაქის თვითმართველობიდგან ორ წლინახევრის შემდეგ 1905 წელს დამითხოვეს სამსახურიდგან რადგანაც ის საქმე, რასაც მე თვალყურს ვადევნებდი იჯარით გასცა ქალაქის გამგეობამ და მეც უადგილოთ დავრჩი.

რამდენიმე ხნით სოფელში წავედი. ეს ის ხანა იყო როცა ჩვენი ქალაქები და სოფლები პირველი რევოლიუციის ტალღებისაგან აღფრთოვანებულები იმედით შეჰყურებდნენ მომავალს. მეც სოფლის ამხანაგებთან ერთად ვეწეოდი არაერთ მუშაობას. მაგრამ როცა თავისუფლება და რევოლიუცია ხანმოკლე გამოდგა და დეკემბრის (1905 წელს) რეაქციამ წამოყო თავი. სხვა და სხვა დამსჯელმა რაზმები მოედო სოფლად სათარეშოთ განსაკუთრებით მთელს გურიას და მის მეზობლათ მდებარე რაიონებს, ალიხანოვ ავარსკების და სხვათა მეთაურობით, დაუწყეს სოფლებს განადგურება.

ამ დროს ზოგიერთმა ამხანაგებმა ისევ ქალაქებს მივაშურეთ და აქ ჩავებით არაერთ მუშაობაში. 1906 წელს მარტის უკანასკნელ რიცხვებში დავდექი თფილისის ტრამვაიში სადაც დღემდის განვაგრძობ მუშაობას და სადაც ამ ხნის განმავლობაში ბევრი დევნა და შევიწროვება გამოვიარე სხვა ამხანაგებთან ერთად, როგორც მთავრობისაგან ისე მაშინდელ ტრამვაის ადმინისტრაციისაგან.

1913 წელს მარიამობისთვის ბოლო რიცხვებში ტრამვაიში ეკონომიური გაფიცვის მოწყობისათვის სხვა ამხანაგებთან ერთად დამატუსაღეს და მეტეხის ციხეში მომათავსეს, სადაც დავყავი დაახლოვებით ერთ თვეზე მეტი და საიდგანაც გაფიცვის მუშა მოსამსახურეთა გამარჯვებით გათავების შემდეგ, ტრამვაის დირექციამ თავდებობით გაგვანთავისუფლა. მთავრობამ კი პასუხისგებაში მიგვცა როგორც დამნაშავეები, მაგრამ თფილისის საოლქო სასამართლომ ყველანი გაგვამართლა.

მეორეთ დამატუსაღეს 1914 წელს ივლისის 9 ს. გათენებისას. და ისევ მეტეხის ციხეში ჩამსვეს კიდევ ტრამვაის გაფიცვის მოწყობისთვის სადაც დავყავი ივლისიდგან ოქტომბრის ბოლო რიცხვებამდე. მემრე კი გადამასახლეს რუსეთში სარატოვის გუბერნიაში ქალაქ ცარიცინში, ჩვენში სამხედრო წესების მოხსნამდის.

(ომი ახალი დაწყებული იყო და მთელ ამიერკავკასიაში სამხედრო წესები იყო გამოცხადებული).

რუსეთში დავრჩი 1915 წლის მაისის შვა რიცხვებამდე საიდგანაც გამანთავისუფლეს მაშინდელი სახელმწიფო სათათბიროს წევრის და ახლა კი ჩვენი საქართველოს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარის დიდათ პატივცემულის ნიკოლოზ სამსონის ძე ჩხეიძის შვამდგომლობით მაშინდელი კავკასიის უმაღლესი მთავრობის წინაშე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოგზაურობის შემდეგ ისევ დაუბრუნდი ტრამვაის სამსახურს, სადაც დღემდის განვაგრძობ მუშაობას.

რევოლიუციის პირველი დღიდგანვე არჩეული ვარ სხვა და სხვა რევოლიუციონურ ორგანიზაციებში, მაგალითათ მუშათა და სალდათთა აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ.

ტრამვაის საავათმყოფო გამგეობის წევრათ დღიდგან დაარსებისა. 1913 წლიდგან პროფესიონალურ კავშირის გამგეობის წევრათ და ბოლოს საქართველოს ეროვნულ საბჭოს წევრათ.

ეროვნულ საბჭოს წევრი ფილიპე გლახუნის ძე ლორია
1918 წელი. 9 სექტემბერი
ქ. თფილისი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

წერეთელი ვასილ გიორგის ძე

(დ. 18 იანვარი, 1862, სოფ. ცხრუკვეთი, შორაპნის მაზრა – გ. 1937). ქართველი. ეროვნულ დემოკრატი. ექიმი.

თფილისის ადრესი: სურპნიშანის ქუჩა №2

1884-1887 წლ. სწავლობდა ადესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ორ წელსა და იურიდიულზე ერთს წელს. 1899 წელს დაასრულა სწავლა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

ნაციონალისტი და დემოკრატი. 1885 წელს მუშაობდა „ნაროდნიკების“ სასტუდენტო ჯგუფში. 1886 წელს მან აღიარა მარქსის მოძღვრება და მუშაობდა მუშათა შორის 1887 წლამდის. 1887 წელს იქნა გამორიცხული სასტუდენტო მოძრაობაში მონაწილეობისათვის ეგრეთწოდებული მესამე პუნქტით და გაგზავნილი ეტაპით ქუთაისში. 1889 წელს თანამშრომლობდა, როგორც მუდმივი თანამშრომელი გაზ. „ივერიაში“. მესამე პუნქტისაგან განთავისუფლდა მხოლოდ 1893 წელს. 1890 წელს ჰქონდა კონფლიქტი ქუთაისის გუბერნატორთან და იძულებული იყო ამის გამო თავი დაენებებინა ჭიათურის სამკურნალოში მუშაობისათვის, შემდეგ იყო ბაქოს გუბერნიის გ[..]ქჩაის მაზრის ექიმად. სოფელ ქოდანის (კახეთში) სამკურნალოს ექიმად. თიანეთის მაზრის ექიმად. რაჭის მაზრის ექიმად. 1906 წელს არ გაექცა დამსჯელ რაზმს სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და საზოგადოდ მაშინდელ რევოლიუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო ბათუმში და იქნა გენერალგუბერნატორის განკარგულებით იქიდან გადასახლებული სოციალისტ ფედერალისტურ გაზეთში – ჩერნომორსკი გოლოსში – თანამშრომლობისა და პარტიული მუშაობისათვის. იმავე წელს გამოვიდა ჩუმი ბრძანება მისი დატუსაღების შესახებ და იძულებული იყო გაპარულიყო ქუთაისიდან. 1898 წლამდის ცხოვრობდა არალეგალურად სოფელს ქარელში (გორის მაზრაში). 1898 წლიდან ცხოვრობს ქუთაისში, როგორც ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმი და ასრულებს იმავე დროს სასწავლებლის ექიმის მოვალეობას.

შრომები
მას დაუწერია აუარებელი პუბლიცისტური წერილი გაზ. „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოში“ და სხვ. და მათ შორის სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტრისა და საჰიგიენო საკითხების შესახებ. განაგრძობს დღესაც ლიტერატურულ მოღვაწეობას. ირიცხება ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის საბჭოს წევრად.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ქიქოძე გერონტი

დ. 8 სექტემბერი, 1886, სოფელი ბახვს გურიაში.

პირველი დაწყებითი სწავლა განათლება ადგილობრივ ორკლასიან სკოლაში მიიღო, საშუალო – ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, უმაღლესი უცხოეთში, ლეიპციგისა და ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე. ნაციონალ-დემოკრატი.

პოლიტიკური რწმენისთვის ძველი რეჟიმის დროს ორჯერ დაისაჯა: პირველად 1906 წელს სამი კვირით ციხეში დატუსაღებული, მეორეჯერ 1910 წელს სამი თვის დაპატიმრებით და სამშობლოდან გაშვებით.

მწერლობის ასპარეზზე პირველად 1905 წელს გამოვიდა. თანამშრომლობდა „მოგზაურსა“, „დროებას“, „სახალხო ფურცელსა“ და „საქართველოში“. დღეს არის გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორი და წევრი ეროვნულ დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდიუმისა.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე

ავტობიოგრაფია

დ. 1885, ოზურგეთი. ქართველი. სოციალ-დემოკრატი (უმც.). ნაფიცი ვექილი.

თფილისის ადრესი: განოვის ქუჩა, სახ. №3, ბ. №1. ტელ. 6-83..

გავათავე მოსკოვში იურიდიული ფაკულტეტი. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1905 წ. შევედი ადესის უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტზე. 2 აპრილის 1908 წ. დამიჭირეს ადესაში და მიმცეს პასუხის გებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისათვის (1 ნაწ. 102 მუხ. სის. სამ.): მბრალდებოდა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ცენტრალურ ორგანოს წევრობა. ერთი წლის და ოთხი თვის წინასწარ დაპატიმრების შემდეგ გამასამართლა ადესის სამხედრო სასამართლომ, რომელმაც გამამართლა მე და ჩემთან ერთათ სხვა რვა სტუდენტები. განთავისუფლების შემდეგ ადესის უნივერსიტეტში არ მიმიღეს და შეველ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1909 წელს, რომელიც გავათავე 1913 წელს.

რევოლიუციის ხანაში ვიყავი: ქ. ქუთაისის კომისარათ, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტის წევრათ, ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის ხმოსნათ; ნოემბრიდან 1917 წ. ვიყავი ამიერ კავკასიის მთავრობაში შრომის კომისრის ამხანაგათ და შემდეგ საქართველოს მთავრობაში შრომის მინისტრის ამხანაგათ 24 ივნისამდე.

1918 წ.

ილიკო გიორგის ძე ფირცხალაიშვილი

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ფაჩუაშვილი მიხეილ ლუარსაბის ძე

ბიოგრაფია

(დ. 2 აგვისტო, 1886, სოფ. მაღლაკი (ქუთ. მაზრ.)).  საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი  (სოციალისტ-რევოლუციონერი).

პირველ დაწყებითი სწავლა მიიღო იმავე სოფლის სამრევლო შკოლაში. 1906 წელს დაასრულა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელი და მასთან არსებული პედაგოგიური კურსები.

1907 წლის მარტიდგან დაიწყო სახალხო მასწავლებლობა. მსახურობდა ს. ბასილეთში (ოზურ. მაზრ.), საჩხერეში (შორაპ. მაზ.), მაღლაკში (ქუთ. მაზ.). 1914 წელს გამოცთის საშვალებით შეიძინა უმაღლესდაწყებითი სასწ. მასწავლებლის წოდება. ამის შემდეგ სხვა და სხვა ადგილებზე მსახურებდა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლებში (ართვინი, სუფსა, ლანჩხუთი). უკანასკნელათ 1917 წელს მოწვეულ იქმნა ქუთაისის უმაღლეს დაწყებით სასწავლებლის მასწავლებლათ, სადაც დღემდის ირიცხება სამსახურში.

მ. ფაჩუაშვილი

წყარო:საქართველოს ეროვნული არქივი

ფაღავა აკაკი ნესტორის ძე

ბიოგრაფია

(დ. 14 თებერვალი, 1887, სოფ. ნახუნაოში (სამეგრელო, სენაკის მაზრა ქუთაისის გუბერნიისა – გ. 27 ივნისი, 1962).  ქართველი, სოციალისტ-ფედერალისტი. მასწავლებელი.

თფილისის ადრესი: ყიფიანის ქ. № 13

საშვალო განათლება მიუღია ქუთაისისა და თფილისის ქართულ გიმნაზიებში, უმაღლესი მოსკოვის უნივერსიტეტში.

სტუდენტობიდანვე ეწეოდა პარტიულსა და საზოგადო კულტურულ მუშაობას. სტუდენტთა ორგანიზაციების გამგეობათა წევრად იყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქუთაისის ქართულს გიმნაზიაში მასწავლებლობასთან ერთად მუშაობდა ქუთაისის დრამატიულ საზოგადოებაში, ჯერ გამგეობის წევრად, შემდეგ თავმჯდომარის ამხანაგად და ბოლოს თავმჯდომარედ ხსენებულ გამგეობისა. ამავე დროს იყო ს. ფ. გუბერნიის კომიტეტის წევრად, ქალაქის საბჭოს ხმოსნად, მასწავლებელთა კავშირის გამგეობის წევრად.

თანამშრომლობდა ქართულს პრესაში (სახალხო საქმესა, „ხალხის მეგობარსა“ და მათ წინამორბედ ორგანოებში), სადაც მოუთავსებია საზოგადო და სპეციალური ხასიათის (ხელოვნების შესახებ – სათეატრო დარგში) წერილები. ადმინისტრაციის კლანჭებს დასხლტომია რამდენჯერმე ბედნიერ შემთხვევათა გამო, მათ შორის ერთხელ სოფელში 1905 წლის რევოლუციის მიწურულში მაშინდელ მთავრობისა და წესწყობილების წინააღმდეგ საჯარო გამოსვლისათვის მის დასაჭერად გამოწვეულ „სტრაჟნიკებს“ მოსკოვისკენ გაასწრო და მეორედ თფილისში ბინის გაჩხრეკის დროს უვიცმა პოლიციელმა ლეგალური და არალეგალური ლიტერატურა ერთმანეთში ვერ გაარჩია, რასაც მაშინდელ პირობებში გადასახლება უნდა მოყოლოდა.

წყარო:საქართველოს ეროვნული არქივი