ჟან ლე რონ დ’ალამბერი

alamberiმეცნიერი ფილოსოფოსებს შორის, მათემატიკოსი – დაიბადა პარიზში 1717 წლის 16 ნოემბერს. ბიოლოგიური მამა იყო არტილერიის კომისარი, შევალიე დეტუში, დედა კი – მარკიზა დე ტანსენი, ცნობილი ლიტერატურული სალონის დიასახლისი, რომელმაც გაჩენისთანავე მიატოვა ჩვილი სენ-ჟან ლე რონის ეკლესიის საფეხურებზე. თავიდან იგი დაკარგული ბავშვების თავსეფარში მოათავსეს, თუმცა მამამ მალევე მიაკვლია და მეშუშე ხელოსნის ოჯახს მიაშვილა, რომელსაც მის აღსაზრდელად გარკვეულ პენსიას უხდიდა. დ’ალამბერმა ორმოცდარვა წელი დაჰყო გამზრდელ დედასთან, მის გარდაცვალებამდე. დ’ალამბერს მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა, იგი წარმატებით სწავლობდა სამართალსა და მედიცინას.

სითხეების მექანიკასა და ინტეგრალურ გამოთვლებზე პირველი ნაშრომების შექმნის  შემდეგ, 24 წლის ასაკში დ’ალამბერი მიიღეს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში, 28 წლის ასაკში კი – ბერლინის აკადემიაში. მოგვიანებით მან უარი უთხრა ფრიდრიხ II-ს ბერლინში საცხოვრებლად გადასვლაზე და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინეს ტახტის მემკვიდრის აღმზრდელად მუშაობაზე წელიწადში ასი ათასი ლივრის სანაცვლოდ.1743 წელს მან გამოაქვეყნა თავისი მნიშვნელოვანი ტრაქტატი დინამიკაზე, სადაც გააუმჯობესა ძალის განსაზღვრება და მოგვცა, რასაც მას შემდეგ დ’ალამბერის პრინციპი ეწოდება (მოძრაობის რაოდენობის შენახვა). 1747 წელს მან დაწერა სტატია ვიბრაციულ მწკრივებზე, სადაც პირველმა მოგვცა და ამოხსნა კერძო წარმოებულებიანი განტოლება, რომელიც არეგულირებს ბგერით ტალღებს. ასევე დ’ალამბერისაა რეფლექსიები ქარის ზოგადი მიზეზის შესახებ (განზოგადებული ეულერის მიერ) და ტრაქტატი მზებუნიობების პრეცესიის შესახებ, სადაც ნაწილობრივ ახსნა 3 სხეულის პრობლემა. ამას გარდა, იგი ითვლება მუსიკის თეორეტიკოსად და რამოს შემოქმედების ზედმიწევნით მცოდნედ.

დ’ალამბერმა პარიზულ მოდურ სალონში გაიცნო დიდრო. მათი მეგობარი იყო აბატი გა დე მალვი, აკადემიკოსი და კომპილატორი, რომელმაც უბიძგა მათ ენციკლოპედიის შექმნისკენ. დ’ალამბერმა და დიდრომ ჩამბერის ციკლოპედიის თარგმნის ნაცვლად გადაწყვიტეს მეცნიერების გაერთიანება ლოგიკურად ერთ ფილოსოფიურ სისტემაში. მათი ნაშრომის ქვესათაური იყო მეცნიერებათა არგუმენტირებული ლექსიკონი.

ენციკლოპედიის წინასიტყვაობაში – შესავალი სიტყვა, რომელიც 1751 წელს პირველი ტომის დასაწყისში დაიბეჭდა და რომელიც მის საუკეთესო ნაშრომად რჩება, დ’ალამბერი ამტკიცებდა პირდაპირი კავშირის არსებობას ცოდნის პროგრესსა და სოციალურ პროგრესს შორის. ეს ტექსტი არის ლუმიერების [განმანათლებლების] ჭეშმარიტი მანიფესტი. მასში გამჟღავნებული იყო მათი მიზანი: „აზროვნების საერთო წესის შეცვლა“.

1759 წელს ეკლესიის მიერ მრავალჯერ გამოთქმული ბრალდებების გამო, მეფემ ბრძანა ნაბეჭდი ეგზემპლარების განადგურება და გამოცემის შეწყვეტა. დალამბერს დიდროსთან უთანხმოების გამო უკვე დანებებული ჰქონდა თავი ენციკლოპედიისათვის. ამ დროს იგი გახდა ფრანგული აკადემიის ისტორიოგრაფი და მუდმივი მდივანი. ამ პერიოდიდან დ’ალამბერი აკადემიაზე დიდ, შეიძლება ითქვას, დესპოტურ  ზეგავლენას ახორციელბდა თავისი მეგობრის, მადმუაზელ ლეპინასის დახმარებით.

1745 წლიდან დ’ალამბერი ვოლტერის ერთგული მეგობარია; მათი მეგობრობა და მიმოწერა ოცდაცამეტ წელიწადს გაგრძელდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი დ’ალამბერმა აკადემიას საკონკურსოდ წარუდგინა ვოლტერის ქება და 500 ლივრიან საპრიზო ფონდს საკუთარი ექვსასი დაამატა. მან დატოვა სამეცნიერო ნაშრომები, მნიშვნელოვანი მიმოწერა ფრიდრიხ II-სა და ფილოსოფოსებთან; დაწერა აკადემიის ისტორია სახელწოდებით 1700-1770 წლებში გარდაცვლილი აკადემიკოსების ქება, რომელიც აკადემიის სხდომებზე იქნა წაკითხული.

ევროპის ყველა აკადემიის წევრს, ყველა ფილოსოფოსის მეგობარს, ყველა სალონის სასურველ და ხშირ სტუმარს პენსიას უხდიდა ქალბატონი ჟოფრენი, რომელმაც სიცოცხლის განმავლობაში სარგებლობის უფლებით უანდერძა რენტა 1275 ფრანკის ოდენობით მასა და ოცი წლის განმავლობაში მის თანამგზავრს – მადმუაზელ ლეპინასს.

დ’ალამბერი იყო პიჩინისტების – XVIII ს. ცნობილი მუსიკოსის, ნიკოლო პიჩინის თაყვანისმცემლების ერთ-ერთი მეთაური, მას ხანგრძლივი პოლემიკა ჰქონდა ჟ.-ჟ. რუსოსთან, თავისთან სტუმრად ჰყავდა რუსეთის მეფე პავლე პირველი, უპასუხა აბატ მიიოს საზეიმო სიტყვას, მარმონტელთან ერთად მოამზადა ლექსიკონის მეხუთე გამოცემა. მისმა ნაშრომებმა შეადგინა 18 ტომი.

დ’ალამბერი რჩება XVIII ს.-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მათემატიკოსად და ფიზიკოსად და, იმავდროულად, ლუმიერების ფილოსოფოსად. იგი იყო პოლიტიკური და რელიგიური აბსოლუტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სულისჩამდგმელი. მან დეკარტისეული ტრადიცია გააერთიანა ნიუტონისეულ კონცეფციებთან და გზა გაუხსნა მოდერნულ [თანამედროვე] სამეცნიერო რაციონალიზმს. მისი ანალიზი წარმოადგენს მეცნიერების ჭეშმარიტ ფილოსოფიას.

დ’ალამბერი გარდაიცვალა 1783 წლის 29 ოქტომბერს. ავტორიტარული ხასიათის გამო აკადემიაში მისი გარდაცვალება დიდად არ სწყენიათ. მისი თანამედროვის, ვილმენის დახასიათებით იგი იყო „ცივი მწერალი ახალი იდეების გარეშე“.

დ’ალამბერს ეკუთვნის შემდეგი გამონათქვამები:

1. თუ სისტემას განვიხილავთ, როგორც მატერიალურ წერტილებს, ერთმანეთთან დაკავშირებულს ისე, რომ მათმა მასებმა შეიძინონ შესაბამისად განსხვავებული სიჩქარეები, რომლითაც ისინი თავისუფლად ან ერთდროულად [ერთნაირად] იმოძრავებენ, მოძრაობის სისტემაში მოგებული ან წაგებული მოძრაობების რაოდენობა თანაბარი იქნება.

2. მხოლოდ თავისუფალ აზროვნებასა და მოქმედებას შეუძლია დიადის შექმნა.

3. მაგარამ ის მცირედი ჩვევა, რაც გაგვაჩნია ხელოვნების შესახებ წერისა და ნაწერების კითხვისა, აძნელებს საგნების გასაგებად ახსნას. აქედან ჩნდება ფიგურების საჭიროება. შეგვეძლო ათასი მაგალითით დაგვენახვებინა, რომ წმინდა და მარტივი სახის განმარტებითი ლექსიკონი, რაც გინდ კარგად შედგენილი, გვერდს ვერ აუვლის ფიგურების გამოყენებას, ბნელსა და ბუნდოვან აღწერებს; რამდენად გვჭირდება ეს დახმარება? საგნისთვის ან მისი გამოსახულებისათვის თვალის ერთი შევლება მასზე გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე ერთგვერდიანი სიტყვა.

სპარტანული აღზრდის მეთოდები

ახალგაზრდა თაობის აღზრდას სპარტაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა (ძვ.წ. IV საუკუნე).

სპარტის განათლების სისტემა ეფუძნებოდა მოქალაქე მეომრის აღზრდას. ყურადღება ექცეოდა ჯარისკაცის ფიზიკურ განვითარებას. მასში მორალური თვისებების – ერთგულების, ამტანობის და გამძლეობის განვითარებას.
აგოგე – ნიშნავს „წაყვანა“-ს ეს იყო საბრძოლო აღზრდის სისტემა სპარტაში (ძვ. წ VIII-IV ს) და სავალდებულო იყო მხოლოდ სპარტის სრულუფლებიანი მოქალაქეებისათვის. დანარჩენი სხვა კლასების წარმომდგენელ ახალგაზრდა ბიჭებს სისტემა შანსს აძლევდა მიეღო მოქალაქეობა.

ვერცერთი ისტორიკოსი კანონმდებელ ლიკურგეს ქვეყნის მეომრების შესახებ ვერ იტყოდა, რომ სპარტელებმა ერთხელ მაინც შეაქციეს ზურგი მტერს.

spartaპლუტარქეს მიხედვით აღზრდის პროცესი იწყება ბავშვის დაბადებისთანავე, და არ არის დამოკიდებული მამის ნებაზე, – მამას ბავშვი „მიჰყავს „ლესხაში“ (Λέσχη), – ეს იყო ადგილი სადაც ისხდნენ უხუცესი ფილები და ამოწმებდნენ ახალშობილს. თუკი ბავშვი ძლიერი და ჯანმრთელი იყო, ოჯახს უბრუნებდნენ გამოსაკვებად.  თუკი ჩვილი სუსტი და მახინჯი აღმოჩნდებოდა მას აპოკსეტში ყრიდნენ (უფსკრული ტაიგეტის მახლობლად).

რჩცეულ ბავშვებს ჩვილობიდან სხვადასხვა გამოცდებს უტარებდნენ. საწოლი, რომელშიც ბავშვი იწვა ძალზედ უხეში და მაგარი იყო. 7 წლის ასაკში სპარტელ ბიჭუნას სპეციალურ საბრძოლო ბანაკში აგზავნიდნენ. აქ ისინი სწავლობდნენ, თუ როგორ გადაერჩინათ თავი. ის ვინც ამ გამოცდას ვერ უძლებდა – კვდებოდა.

ბიჭებს ჩალის საგებებზე ეძინათ, ხოლო ტანსაცმლის ტარების უფლებას 12 წლის ასაკიდან აძლევდნენ. ზოგიერთი ბავშვი თავის საგებზე ჭინჭარს აფენდა, რადგან ჭინჭრით დასუსხული სხეული უფრო თბებოდა. ბავშვები დაკავებულნი იყვნენ რთული ფიზიკური ვარჯიშით, სწავლობდნენ ხმლისა და შუბის ფლობის ხელოვნებას. კვებაზე მათ  თვითონ უნდა ეზრუნათ – ზოგჯერ ქურდობის, ძარცვის და საჭიროების შემთხვევაში მკვლელობის გზითაც.

სხეულის წვრთნა ასაკის შესაფერისი სირთულის ხარისხის მიხედვით ხდებოდა. ცნობილია, რომ ვარჯიშებიდან ამოღებული იყო მუშტებით ჩხუბი, ვინაიდან ეს საქმე სპორტსმენებისთვის იყო დათმობილი. სირბილი, ხტომა, ბრძოლის ხელოვნება, დისკის სროლა ჩვეულებრივი ყოველდღიური სავარჯიშოები იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამას ემატებოდა ცეკვის რამოდენიმე სახეობა, ე. წ. პირიკული ცეკვები.

17 წლიდან, როდესაც ახალგაზრდა სპარტელი სახლში ბრუნდებოდა , მას უკანასკნელი გამოცდა ელოდა – ის უნდა მოხვედრილიყო არტემიდეს ტაძარში, რომელიც მაღალ მთაზე მდებარეობდა. ახალგაზრდა სპარტანელს „მსხვერპლი უნდა გაეღო“. ტაძრის ქურუმები ყმაწვილს  დიდი სამსხვერპლო თასის ზევით აბავდნენ და როზგავდნენ სველი როზგებით  სისხლის პირველი წვეთის გამოსვლამდე. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბიჭი არ გამოსცემდა ხმას, მაგრამ თუკი ახალგაზრდა დაიკვნესებდა, მას უფრო ძლიერად ურტყამდნენ, მანამ სანამ არ დადუმდებოდა. ეს შეიძლება გაგრძელებულიყო გონების დაკარგვამდე, ან სიკვდილამდეც კი. ასე იცხრილებოდნენ სპარტაში სუსტები.

საბრძოლო ხელოვნების გარდა ახალგაზრდა სპარტანელს ასწავლიდნენ წერას, კითხვას და სიმღერას. სპარტანელები ძალიან მოკლედ და გასაგებად საუბრობდნენ.  სპარტელების ლაკონურობის საუკეთესო მაგალითია მათი პასუხი მაკედონიის მეფე ფილიპე მეორის მიმართვაზე: „გირჩევთ დაუყონებლივ ჩამბარდეთ, თუ ჩემი არმია თქვენს მიწაზე დაადგამს ფეხს, ჩვენ გავანდგურებთ თქვენს ბაღებს, დავიმონებთ თქვენს ხალხს და გავანადგურებთ ქალაქს. ამ მიმართვას სპარტელებმა მოკლედ ერთი სიტყვით უპასუხეს: „თუ“.

სპარტანელები იყვნენ პირველები საბრძოლო ისტორიაში, რომლებმაც  საბრძოლო მიზნით გამოიყენეს მუსიკა და სიმღერა. ეს კეთდებოდა რიტმული ნაბიჯისა და სწორი წყობრისათვის.

როდესაც სპარსეთის მეფემ ქსერქსემ სპარსელებს ფარებისა და იარაღის ჩაბარება მოსთხოვა, სპარტელებმა ასე უპასუხეს – „მოდი და წაიღე“. „ჩვენი ისრები და შუბები მზეს დაგიბნელებენ“ – დაემუქრნენ სპარსელები. „მაშინ ჩვენ ჩრდილში ვიბრძოლებთ“ – უპასუხეს სპარტანელებმა.

სპარტა ანტიკური სამყაროს ყველაზე ძლიერი და მეომარი ქვეყანა იყო. მათი ცხოვრების წესი იყო არა სიმხდალეს! არა შიშს! არა კაპიტულაციას! არსებობს მხოლოდ ღირსება და დიდება!