ჯავრიშვილი კონსტანტინე ტარიელის ძე

(დ. 16 ენკენისთვე, 1886, ქ. თბილისი.).

1905 წელს ათავებს თბილისის პირველ გიმნაზიას და იურიდიულ ფაკულტეტზე მოსკოვის უნივერსიტეტში შედის.

ჯერ კიდევ გიმნაზიაში ყოფნის დროს მონაწილეობას იღებს მოსწავლე ახალგაზრდათა რევოლიუციონურ გამოსვლებში.

905 წელშივე შედის სოც.-რევ. პარტიაში და მუშაობს თბილისის პარტიულ სამხედრო ორგანიზაციაში. ხსენებულ ორგანიზაციაში მუშაობისთვის ატუსაღებენ 1906 წლის თიბათვეში და 126 მუხლ. I ნაწილის სისხლ. სამართლ. დებულ ძალით აძლევენ სამართალში. თბილისის სამოსამართლო პალატა ყოველივე უფლება-ღირსების ჩამორთმევით უვადოთ ასახლებს მას ციმბირში.

1907 წლის შემოდგომაზე, როდესაც ეტაპით მიჰყავდათ ციმბირში, გზიდან გამოიპარება და არა ლეგალურად იწყებს ცხოვრებას და მასთან პარტიაში მუშაობას განაგრძობს ქ. ბაქოს განსაკუთრებით კასპიის ზღვის სავაჭრო ფლოტის მეზღვაურთა შორის. მათი არალეგალურ საპროფესიო კავშირის დაარსების შემდეგ, კ. ჯავრიშვილს ირჩევენ მეზ. კავშირის მდივნათ და ბეჭდვითი ორგანოს „Морская волна“ რედაკტორად.

1912 წლის ზაფხულში კ. ჯავრიშვილს ატუსაღებენ და ციმბირში გზავნიან, სადაც 1912-1914 წელიწადის ბოლომდინ უხდება კრასნოიარისა და ენისეის ციხეებში ჯდომა და სამართალში აძლევენ 1907 წელს ციმბირიდან გაქცევის გამო. კრასნოიარის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1913 წლის „უკაზის“ ძალით, ანთავისუფლებენ მაღაროებში მუშაობიდან, რადგან 21 წლის არ იყო, როდესაც ციმბირიდამ გაიქცა და ხელმეორედ ასახლებენ მიჩენილ ადგილებში.

1908 წლის შემოდგომაზე საზღვარგარეთ მიდის და პარიზის უნივერსიტეტში ისტორიის და სოციოლოგიის ლექციებს უსმენს. იმავე დროს პარტიაში მუშაობასაც განაგრძობს: სოც.-რევ. პარტიის დამხმარე და ხელშემწყობ პარიზის ჯგუფის მდივნათ არის არჩეული. ავადმყოფობა აიძულებს შვეიცარიაში გადასახლდეს იგი, სადაც ორი წელიწადი რჩება და სანატორიუმში ექიმობს და ხანგამოშვებით მიდის პარიზს სამაცადინოთ. 1911 წელს რუსეთს მიემგზავრება და ხელახლა იწყებს პარტიულ მუშაობას ბაქოში და ამასთან ერთათ თანამშრომლობს ადგილობრივ ლეგალურ პრესაშიაც.

ენისეის გუბერნიის მინუსინის მაზრისა და თვით ქ. მინუსინსკში ცხოვრების დროს სხვა გადასახლებულებთან ერთათ (ნ. ი. ბიხოვსკი, ვ. კ. მიროვი, მ. ი. ხაჩატუროვი და სხვ.) მუშაობს კოოპერატიულ სფეროში: კოოპერატივთა კავშირის გამგეობის წევრი და მდივანია. თებერვლის რევოლიუციის დროს სოც.-რევ. პარტიის წარმომადგენელია ადგილობრივ თავდაცვის კომიტეტში. ციმბირიდან წამოსვლის შემდეგ უმთავრესად პეტროგრადში მუშაობს მთავარ საადგილ-მამულო კომიტეტში და იმავე დროს როგორც წევრი-რედაკტორი გლეხთა დეპუტატების საბჭოსთან ე. კ. ბრეშკოვსკის ქალის თავმჯდომარეობით დაარსებულის „ბეჭდვითი კაბინეტისა“.

შრომები
ტ. ჯავრიშვილის კალამს ეკუთვნის პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში გაფანტული მრავალი წერილები. სამშობლოში დაბრუნებისას პარტიულ ორგანოს „Дħло народа”-ს რედაკტორად იყო.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

ჯიბლაძე ვლადიმერ გიორგის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. სოფელი გუზათი, ქუთაისის მაზრა). ქართველი. პროფესია – ჩილინგარი.

თფილისის ადრესი – ალექსეევის ქუჩა № 1

პირველ დაწყებითი სწავლა მივიღე კულაშის ნორმალურ სასწავლებელში, შემდეგ ტფილისის სახელოსნო შკოლაში, მაგრამ არ დამისრულებია

პარტიული რწმენა – სოციალ-დემოკრატი

მოძრაობაში მონაწილეობა მივიღე 1898 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში ვიყავი დატყვევებული სამჯერ. პირველათ 1901 წელს, ორჯერ 1904 და 1912 წელს. საერთოთ ციხეში ვიჯექი სამი წელიწად ნახევარი. გადასახლებული ვიყავი ორჯერ: 1) 1904 წ. ადმინისტრატიულათ ასტრახანში და მეორეჯერ 1912 წ. ენისეის გუბერნიაში ციმბირში სამუდამოთ. გავთავისუფლდი რევოლუციის დროს. ვიყავი არჩეული დამფუძნებელ კრებაში.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

წერეთელი ირაკლი (კაკი)

(დ. 20 ნოემბერი, 1881, ქუთაისი — გ. 21 მაისი, 1959, ნიუ-იორკი). რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი. რუსეთის II დუმის დეპუტატი. ამიერკავკასიის სეიმის წევრი. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.

ირაკლი (კაკი) წერეთლის მამა – გიორგი წერეთელი იყო გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე. დედა – ოლიმპიადა ნიკოლაძე, ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის და.

1900 წელს ირაკლი (კაკი) წერეთელი ირიცხება მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო 1902 წელს მას სასწავლებლიდან რიცხავენ და ასახლებენ ციმბირის ქალაქ ირკუტსკში.

ერთი წლის შემდეგ გადასახლებიდან ბრუნდება კავკასიაში და ხდება სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი (მენშევიკი).

1904 წელს დაპატიმრების შიშით მიემგზავრება ბერლინში და აბარებს უნივერსიტეტში. ტუბერკულიოზით მძიმედ დაავადებული 1905 წელს იძულებულია დაბრუნდეს ქუთაისში.

1907 წელს ირჩევენ II სახელმწიფო დუმის დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. სადაც იგი დუმის აგრარული კომისიის წევრია და თავმჯდომარეობს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციას. 3 ივლისის გადატიალების შემდეგ დააპატიმრეს და მიესაჯა 5 წლიანი კატორღა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეცვალა 6 წლიანი პატიმრობით, შემდგომში აღმოსავლეთ ციმბირის გუბერნიაში ცხოვრების უფლებით (1917 წლამდე).

1917 წლის 19 მარტს პეტროგრადში ბრუნდება და პეტროგრადის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ხდება.

რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების I ყრილობის დელეგატი წერეთელი კითხულობს მოხსენებას ომისადმი დამოკიდებულების თემაზე. მას მიაჩნდა, რომ ომის დასრულება შესაძლებელია კომფლიქტში ჩართული ქვეყნების სოციალისტების გაერთიანების შედეგად. ამისათვის სცადა სტოგჰოლმის საერთაშორისო კონფერენციის მოწყობის ორგანიზება 4 აპრილის სოციალ-დემოკრატების (ბოლშევიკების, მენშევიკების და ფრაქციის გარეთ მყოფთა) კრებაზე, მან მოითხოვა საერთო პარტიული ყრილობის მოწვევა.

წერეთელი მკაცრად აკრიტიკებდა ვ. ი. ლენინის „აპრილის თეზისებს“ და მის ცენტრალურ იდეას, რუსეთის სოციალიზმში გადასვლასთან დაკავშირებით. ბურჟუაზიასთან კოალიციის მომხრე წერეთელი 27 აპრილს სიტყვით გამოვიდა მე-4 მოწვევის სახელმწიფო დუმის სხდომაზე: „ჩვენ ვეუბნებით ხალხს: აი ბურჟუა, აი ბურჟუაზიის პასუხისმგებელი ორგანო – დროებითი მთავრობა. მაგრამ აქვე ვამატებთ: ისინი იმ ბურჟუაზიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც შეთანხმდნენ საერთო დემოკრატიულ პლატფორმაზე, დაიცვან რუსეთის თავისუფლება დემოკრატიასთან ერთად. („რევოლუცია 1917“, ტ. 2, გვ. 77).

რუსეთის დროებითი მთავრობის ფორმირების შემდეგ ირაკლი (კაკი) წერეთელი ინიშნება რუსეთის ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრად (მაისი-აგვისტო).

24 ივლისს გამოდის დროებით მთავრობიდან და მთლიანად ერთვება საბჭოების მუშაობაში. აგვისტოში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გაერთანებული ყრილობის დელეგატია. მას ირჩევენ რსდმპ(გ) ცენტრალური კომიტეტის წევრად. 19 აგვისტოს მოხსენებაში „პოლიტიკური მდგომარეობა და პარტიის ამოცანები“ იგი ამბობს: „დადგა ტერორისტული პოლიტიკის დრო, რათა თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ომი და გავშალოთ ფრონტი.“ („რევოლუცია 1917“, ტ. 2, გვ. 77).

ოქტომბრის რევოლუციისადმი მისი დამოკიდებულება უარყოფითია. 1918 წლის 5/18 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე მან განაცხადა: „რევოლუცია რუსეთში ერთია – ის თებერვლის თვეში დაიწყო და მას მერე მძიმე გამოცდა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე გამოცდას ის ამ წუთას გადის. მას მხრებზე მძიმე ტვირთი აწევს, რომელმაც შესაძლოა ის ხანგრძლივი დროით გასრისოს … რუსეთი ორ მტრულ ბანაკად იყოფა … სამოქალაქო ომის ხაზმა დემოკრატიის გულზე გაიარა“.

7 იანვარს ფ.ფ. კოკოშინისა და ა.ი. შინგაროვის მკვლელობის შემდეგ ვ.ი. ლენინი შუამავლების მეშვეუბით ურჩევს წერეთელს დატოვოს რუსეთი და საქართველოში დაბრუნდეს. (Денике Ю.П., И.Г. Церетели, „Новый журнал“, 1959, № 57, გვ. 284).

თბილისში დაბრუნებისთვავე აქტიურად ერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში. ხდება ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატი. გამოდის ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების წინააღმდეგ. მისი აზრით, საქართველო მარტო ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდება და ამიტომ ამიერკავკასიის ხალხების გაერთიანების მომხრეა: „თუკი ამიერკავკასიის ხალხთა ერთობა დაირღვა, ჩვენ ფეხქვეშ გაგვთელავენ“ („Речи“, . 2, გვ. 100-01)

ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგ მცირე ერების გადარჩენის გზას წერეთელი საერთაშორისო დემოკრატიაში ხედავს. („Речи“, . 2, გვ. 121)

საქართველოს ეროვნული საბჭოს დაფუძნების შემდეგ ხდება ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, მისი წინადადებით ეროვნულ საბჭოს 25 მაისს სახელი გადაერქვა და ეწოდა „პარლამენტი“.

1919 წელს აპრილში მონაწილეობას იღებს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში.

საქართველს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიემგზავრება.

1931 წელს ამთავრებს სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს და ეწევა იურიდიულ საქმიანობას ჯერ საფრანგეთში, ხოლო 1940 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გარდაიცვალა ნიუ-იორკში (აშშ). დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

თხზულებანი:

  • Речи, т. 1-2, П- Тифлис, 1917-18; Воспоминания о Февр. рев-ции, т. 1-2, Париж, 1963.
  • И.Г. Церетели Апрельский кризис и образование коалиционного правительства.
  • წერეთელი, ირ. ჩვენი ტაქტიკის ძირითადი საკითხი / ირ. წერეთელი. – პარიზი, 1927. – 39 გვ.
  • წერეთელი, ირაკლი ისტორიული წერილები: 1. ფედერალისტების გასოციალისტ-რევოლიუციონერობა, 2. სოციალ-დემოკრატები თუ სოციალისტ-რევოლიუციონერები. – ქუთაისი, 1907 (ი. კილაძის და ი. ხელაძის სტ.). – 96გვ. ; 20სმ

წყარო:

  • Н.Л.Барсуковой в кн.: Политические деятели России 1917.
  • биографический словарь. Москва, 1993.
  • Л.Г. Протасов. Люди Учредительного собрания: портрет в интерьере эпохи. М., РОСПЭН, 2008.