ჯაჯანაშვილი არჩილ რაჟდენის ძე

(დ. 1885) მისამართი: გუნიბის ქუჩა, №54

საშუალო სწავლა მიიღო ტფილისის ქართულ გიმნაზიაში. გიმნაზიის გათავების შემდეგ შევიდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ აპირებდა პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებას, მაგრამ რუსეთის მთავრობამ იგი პოლიტიკურად არა საიმედოდ იცნო და გიმნაზიიდან დაითხოვა.

სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო „ივერია“-ში, რომელიც გრ. ყიფშიძის რედაქტორობით გამოდიოდა. პირველი მისი წერილი დაიბეჭდა 1903 წელს. როდესაც გაზეთი ფ. გოგიჩაიშვილის ხელში გადავიდა, ამ უკანასკნელმა არჩილ ჭაჭანაშვილი მუდმივ თანამშრომლად მიიწვია. „ივერიიდან“ მერე „ცნობის ფურცელ“-ში გადავიდა და მას შემდეგ დღევანდლამდის განაგრძობს თანამშრომლობას „ცნობის ფურცელ“-ში. მომდევნო სოციალისტ-ფედერალისტურ გაზეთებში, როდესაც ჟანდარმერიამ გაზეთი „დროება“ გაჩხრიკა და თანამშრომლები დემონსტრაციულად სხვა და სხვა ადგილებში გადაასახლა, არჩილ ჭაჭანაშვილი რამდენიმე ხნის განმავლობაში რედაქტორობდა გაზეთს.

1914 წელს დატუსაღებულ იქმნა, რის [..]დეგ გამ[..]ა პრავაკატორის ვანო კას[..]შვილის დაბეზღებით მაგრამ რადგანაც არავითარი საბუთი არ აღმოაჩნდა, გაანთავისუფლეს.

ამის გარდა ფრონტზე იყო სამუშაოდ […]სთან იგი არჩეულ იქმნა ეროვნულ საბჭოს წევრთა კანდიდატად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი შევიდა ეროვნულ საბჭოში-როგორც წევრი.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

წერეთელი ვასილ გიორგის ძე

(დ. 18 იანვარი, 1862, სოფ. ცხრუკვეთი, შორაპნის მაზრა – გ. 1937). ქართველი. ეროვნულ დემოკრატი. ექიმი.

თფილისის ადრესი: სურპნიშანის ქუჩა №2

1884-1887 წლ. სწავლობდა ადესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ორ წელსა და იურიდიულზე ერთს წელს. 1899 წელს დაასრულა სწავლა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

ნაციონალისტი და დემოკრატი. 1885 წელს მუშაობდა „ნაროდნიკების“ სასტუდენტო ჯგუფში. 1886 წელს მან აღიარა მარქსის მოძღვრება და მუშაობდა მუშათა შორის 1887 წლამდის. 1887 წელს იქნა გამორიცხული სასტუდენტო მოძრაობაში მონაწილეობისათვის ეგრეთწოდებული მესამე პუნქტით და გაგზავნილი ეტაპით ქუთაისში. 1889 წელს თანამშრომლობდა, როგორც მუდმივი თანამშრომელი გაზ. „ივერიაში“. მესამე პუნქტისაგან განთავისუფლდა მხოლოდ 1893 წელს. 1890 წელს ჰქონდა კონფლიქტი ქუთაისის გუბერნატორთან და იძულებული იყო ამის გამო თავი დაენებებინა ჭიათურის სამკურნალოში მუშაობისათვის, შემდეგ იყო ბაქოს გუბერნიის გ[..]ქჩაის მაზრის ექიმად. სოფელ ქოდანის (კახეთში) სამკურნალოს ექიმად. თიანეთის მაზრის ექიმად. რაჭის მაზრის ექიმად. 1906 წელს არ გაექცა დამსჯელ რაზმს სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და საზოგადოდ მაშინდელ რევოლიუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო ბათუმში და იქნა გენერალგუბერნატორის განკარგულებით იქიდან გადასახლებული სოციალისტ ფედერალისტურ გაზეთში – ჩერნომორსკი გოლოსში – თანამშრომლობისა და პარტიული მუშაობისათვის. იმავე წელს გამოვიდა ჩუმი ბრძანება მისი დატუსაღების შესახებ და იძულებული იყო გაპარულიყო ქუთაისიდან. 1898 წლამდის ცხოვრობდა არალეგალურად სოფელს ქარელში (გორის მაზრაში). 1898 წლიდან ცხოვრობს ქუთაისში, როგორც ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმი და ასრულებს იმავე დროს სასწავლებლის ექიმის მოვალეობას.

შრომები
მას დაუწერია აუარებელი პუბლიცისტური წერილი გაზ. „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოში“ და სხვ. და მათ შორის სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტრისა და საჰიგიენო საკითხების შესახებ. განაგრძობს დღესაც ლიტერატურულ მოღვაწეობას. ირიცხება ქუთაისის ქალაქის თვითმართველობის საბჭოს წევრად.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი