სერვიუს ტულიუსის რეფორმები

200px-Servius_Tullius_by_Frans_Huysუნდა ითქვას, რომ არცერთ რომაელ მოღვაწეს არ დაუმსახურებია ისეთი ურთიერთგანსხვავებული შეფასებები, არ ყოფილა ისეთი პოპულარული და იდუმალი, როგორც რომის რიგით მე-6 მეფე – სერვიუს ტულიუსი. მისი მეფობის თარიღად მიჩნეულია ჩვ.წ.აღ.-მდე 578-534წწ. გადმოცემით ცნობილია, რომ ის მონა-ქალის ოკრიზიას ვაჟი იყო, რომელიც ქალაქ კორნიკულაში ცხოვრობდა. აქედან ხსნიდნენ მის სახელის წარმოშობასაც (Servus – ლათინურად მონას ნიშნავს) და ლათინურ წარმომავლობას. სერვიუს ტულიუსი შთამომავლების მიერ აღიქმება, როგორც სახლახო მეფე, პლებეები თვლიდნენ, რომ ის პირველი იყო, ვინც მათ გამოექომაგა. ლეგენდების მიხედვით პატრიციებმა სერვიუს ტულიუსი შეთქმულებაში მოკლეს.

ტარკვინიუსის დაღუპვის შემდეგ სერვიუს ტულიუსი  მეფედ აკურთხეს. წარმატებით ებრძოდა ეთრუსკებს. მისი მეფობის დროს ავენტინზე, სადაც პლებეები ცხოვრობდნენ, აშენდა დიანას ტაძარი, რომელიც ლათინური ქალღმერთი იყო. ამის გამო ლათინური წარმოშობის ადამიანებმა რომი ლათინური ქალაქების მთავარ ქალაქად აღიარეს. სერვიუსმა რომს ახალი კედლები შემოარტყა, რომელშიც მოექცა სიმაგრეები, ახალი გორაკები და ქალაქის ახალი რაიონები, რომლებიც შენარჩუნდა ჩვ.წ.აღ-ით I საუკუნემდე. მაგრამ მისი ცხოვრების მთავარ საქმედ რომის ჯარების  და საზოგადოებრივი მოწყობის რეფორმა ითვლება, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ცენტურიული რეფორმა.

წყაროები გვამცნობენ, რომ ეთრუსკიელებთან ხანგრძლივი ომის შემდეგ სერვიუს ტულიუსმა ჯარში დიდი გარდაქმნები გაატარა. უპირველეს ყოვლისა მან დააწესა ცენზი, რომელიც  ციცერონის თქმით „სახელმწიფოსთვის, რომლსაც ბედი დიდებას უმზადებს სასარგებლო დადგენილებაა“  (Cic. Resp. II. 31. 38). მან ჩაატარა მოსახლების აღწერა და დაყო ხუთ ცენზურ თანრიგად (კლასად), იმის მიხედვით თუ რა ქონებას ფლობდნენ და იარაღის ტარების უნარით.

პირველ თანრიგს განეკუთვნებოდნენ ისინი, ვისი ქონებაც შეფასებული იყო 100 ათას ასსად (ძველი რომაული მონეტა). მეორე კლასს მიეკუთვნებოდნენ ადამიანები, რომელთა ქონებაც შეადგენდა 75 ათას ასს-ს (ძველი რომაული მონეტა). 3 – 50 ათასს, 4-ს – 25 ათასს, ხოლო მე-5 კლასს მიეკუთვნებოდნენ მოქალაქეები რომელთა ქონება 11 ან 12,5 ათას ასსს. მოქალაქეები რომლებიც ამ თანხასაც ვერ მოაგროვებდნენ იწოდებოდნენ პროლეტარიებად და capite censi. როგორც სახელწოდებები გვიჩვენებენ პირველნი ცენზის სახით საკუთარ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ (proles), ხოლო მეორენი აღირიცხებოდნენ სულადობით (caput).

dostojnoumeretxeto-8თითოეულ ქონებრივ თანრიგს გამოჰყავდა საომრად ფეხოსანი ცენტურიების გარკვეული რიცხვი…  რა თქმა უნდა ყველაზე მეტი ცენტურიები უმაღლეს კლასს ჰყავდა. გარდა რიგითი ცენტურიებისა 1 და 2 კლასს გამოჰყავდა ხელოსანთა 2 ცენტურია, აგრეთვე 4 და 5  მესაყვირეთა ორი ცენტურია. ქვეითი ცენტურიების გარდა ყალიბდებოდა 18 ცხენოსანთა ცენტურია, რომელიც მხედართა განსაკუთრებულად პრივილეგირებული კორპუსი იყო (equites), ასე რომ სერვიუსის რეფორმის შედეგად. ძველად არსებულ 6  გაორმაგებულ ცენტურიას დაემატა 12 ახალი ცენტურა, სადაც წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამგვარად სერვიუს ტულიუსის რეფორმის შედეგად შეიქმნა 193 ცენტურია, აქედან ერთი განსაკუთრებული ცენტურია, რომელიც ყოველდღიური სამუშაოებიდან გათავისუფლებული პლებეებით იყო დაკომპლექტებული.

გარდა ამისა სერვიუსისეულ ცენტურიებში მოხდა ასაკობრივი დაყოფა: 18-დან 46 წლამდე შედიოდნენ ახალგაზრდათა ცენტურიებში, ხოლო 46 წლიდან ზევით უკვე სენიორების ცენტურიებში აერთიანებდნენ. გარდა ამისა სხვადასხვა თანრიგის წარმომადგენელს სხვადასხვა იარაღის ტარების უფლება ეძლეოდა. რაც უფრო დაბალი თანრიგის წარმომადგენელი იყო, მით უფრო მსუბუქად იყო შეიარაღებული.

dostojnoumeretxeto-9სერვიუს ტულიუსმა რომის ტერიტორია დაყო ახალი წესით. რომი უკვე აღარ იყოფოდა სამ საგვარეულო ტრიბად, რომლებშიც შედიოდა კურიები და მათი სასოფლო სამფლობელოები – პაგები, ახლა რომი იყოფოდა ტერიტორიული ტრიბების მიხედვით, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ ამა თუ იმ რეგიონის მაცხოვრებელნი.

მოქალაქეთა და და ჯარის დაყოფის ახალმა წესმა, შექმნა მოთხოვნილება შექმნილიყო სახალხო კრების ახალი ტიპი – ცენტურიების მიხედვით. ვინაიდან  მაღალი თანრიგის ცენტურიები კრებაზე წარმოდგენლი იყო უფრო დიდი რიცხვით,   ამიტომ  ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის გადაჭრისას უმაღლესი თანრიგის ცენტურიებსა და მხედრებს უპირატესობა ენიჭებოდა. ამ გზით სერვიუს ტულიუსმა „ხალხი გააცურა“; ფორმალურად მიანიჭა გარკვეული უფლებები, ხოლო რეალურად ჩამოაშორა საზოგადოებრივ საქმიანობას. (Liv. 1.43. 10; Dionys. IV. 20-21; VIII. 82; X. 17; Cic. Resp. II. 22.39-40).

რეფორმებმა, რომელსაც მიაწერენ ცერვიუს ტულიუსს, სახელმწიფოს შექმნის პროცესის დასრულებისათვის საფუძველი შექმნეს, მაგრამ არ დაუსრულებიათ. ეს პროცესები ვითარდებოდა სახელმწიფო ორგანოების ტრანსფორმაციის გზით, რომლებიც მემკვიდრულად მიღებული იყო  ნათესაური ფორმაციისაგან, აგრეთვე ახალი ფორმირებების შექმნის გზით. ამ რეფორმებში უკვე ჩანდა თავისუფალთა კონსოლიდაცია გაბატონებულ კლასში, რაც ითხოვდა პატრიციებსა და პლებეებს შორის კლასობრივი განსვავების საბოლოოდ მოსპობას. სერვიუს ტულიუსის რეფორმებმა პლებეებს მხოლოდ სახალხო კრებებში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს, მაგრამ არ მოსპეს პოლიტიკური და სოციალური სხვაობები.  მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში რომის ისტორიისათვის დამახასიათებელი იყო პლებეების ბრძოლა პატრიციებთან გათანასწორებაში.

სოლონის კანონები

ძველ საბერძნეთში წარჩინებულ მოქალაქეთა და დემოსს შორის არაერთი შეიარაღებული შეტაკების შემდეგ ათენში ძვ.წ 594 წელს არხონტად არჩეული იქნა სოლონი – კეთილშობილი და პატივსაცემი ადამიანი, რომელმაც ათენში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და შემოიღო კანონმდებლობა რომელიც „სოლონის კანონების“ სახელით არის ცნობილი.

რა იყო მნიშვნელოვანი სოლონის კანონმდებლობაში:
1. ათენის მოქალაქეები გათავისუფლდნენ ვალის გადახდის ვალდებულებიდან. ამ კანონით ვალის ქონით გამოწვეული მონობა მოისპო. სოლონის რეფორმას ათენელი გლეხები „სისახფია“-ს ანუ „ტვირთის ჩამოფერთხვას“ უწოდებდნენ.

2. გლეხებს საკუთრებაში დაუბრუნდათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც მანამდე ვალის გამო დაგირავებული ჰქონდათ.

3. აიკრძალა ვალის გამო ადამიანის მონად გაყიდვა, ყველა გაყიდული მონის გამოხსნის ვალდებულებას სახელმწიფო თავის თავზე იღებდა. რეფორმამ მნიშვნელოვნად შეარყია წარჩინებულთა ძალაუფლება, რადგან რეფორმამდე მიწებს ძირითადად ევპატრიდები ფლობდნენ, რეფორმის შემდეგ კი მიწის მცირე ნაკვეთები გლეხობას გადაეცა.

სოლონი მონობის გაუქმების წინაარმდეგი არასოდეს ყოფილა, მას თავად ჰყავდა მონები. რეფორმა, რომელიც მან გაატარა მონობის წინააღმდეგ მხოლოდ ათენელთა მონობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი აზრით, ვალის გამო გლეხების მონად გაყიდვა ხელს უშლიდა ათენში მეურნეობის განვითარებას. ხოლო, რაც შეეხება გლეხებისათვის დამატებითი მიწების გადაცემას, სოლონი ამას საჭიროდ არ თვლიდა.

სოლონის რეფორმა სახელმწიფო მოწყობის საკითხებსაც შეეხო:

სოლონმა ათენის მკვიდრი მოსახლეობა შემოსავლების მიხედვით დაყო ოთხ კატეგორიად: მსხვილი მონათმფლობელები, – მათი შემოსავალი 500 ერთეულს აღემატებოდა; მეორე კატეგორიას მხედრებს უწოდებდნენ – მათი შემოსავალი 300 ერთეული იყო; მესამე – ზებგიტები – მათი შემოსავალი 200 ერთეულს არ აღემატებოდა და მეოთხე კატეგორიაში გაერთიანდა ყველა მცირე შემოსავლის მქონე ათენის მოქალაქე.

მოსახლეობის არც ერთ კატეორიას არ მიეკუთვნებოდნენ მონები და შესაბამისად მათ არც რაიმე უფლება ჰქონდათ.

მოქალაქეების დაყოფამ შემოსავლების მიხედვით დიდად შეარყია დიდგვაროვანთა წარმოშობის მნიშვნელობა. მთავარი ახლა ქონება გახდა, ვისაც შემოსავალი ჰქონდა,  მოქალაქეთა დაყოფის უმაღლეს კატეგორიაში ხვდებოდა.

სოლონის კანონების მიხედვით სახელმწიფო საქმეებს ათენში ჯერ სახალხო კრება განიხილავდა, შემდეგ კი სოლონის მიერ შექმნილი ოთხასთა საბჭო და სხვადასხვა ოფიციალური პირები.

სახალხო კრებაში მონაწილეობას იღებდნენ ოთხივე სოციალური ფენის წარმომადგენლები. რაც შეეხება ოთხასთა საბჭოსა და ქვეყნის ოფიციალურ ორგანოთა თანამდებობებს ეს თანამდებობები ფეტებისთვის მიუწვდომელი იყო. არხონტებად და ხაზინადრებად მხოლოდ პირველი კატეგორიის მოქალაქეები ინიშნებოდნენ, სხვა თანამდებობებზე კი – მხედრები და ზევგიტები.

თანამდებობის პირთა არჩევის საკითხების განხილვისას სახალხო კრებას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. სხვა საკითხები, განიხილებოდა ოთხასთა საბჭოში. ქალები სახალხო კრებაში მონაწილეობას არ იღებდნენ.

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოლონის მიერ სასამართლოს შექმნას, სადაც მოსამართლეთა შერჩევა ათენის მოქალაქეებიდან ხდებოდა, რომელთა ასაკიც 30 წელი იყო. სასამართლოს წევრთა არჩევა კენჭისყრით ხდებოდა, ამასთან, სოციალურ სტატუსსა და შემოსავლებს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ათენის ჯარში პირველი მაღალი ფენის წარმომადგენლები ცხენოსანთა რაზმში მსახურობდნენ, ზევგიტები მძიმედ შეიარაღებულ ქვეით ჯარს წარმოადგენდნენ, ხოლო მსუბუქად შეიარაღებული რაზმის მეომრები ფეტები იყვნენ.

სოლონის კანონებმა დასაბამი მისცა ათენში დემოკრატიის განვითარებას. (სიტყვა დემოკრატია ბერძნულად „ხალხის მმართველობას“ ნიშნავს).

ლეგენდის მიხედვით კანონების შემოღების შემდეგ სოლონმა ათენელ მოქალაქეებს მოსთხოვა ფიცი დაედოთ, რომ 10 წლის განმავლობაში არ შეცვლიდნენ მის კანონებს, თვით სოლონი კი შორეულ მოგზაურობაში გაემგზავრა.

ათენში დაბრუნებულმა სოლონმა ნახა, რომ დემოსსა და არისტოკრატიას შორის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა.

სოლონმა მრავალი სხვა რეფორმატორის ბედი გაიზიარა. მისი რეფორმებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მდიდრები, (მათ მუქთა სამუშაო ძალა და ვალში აღებული მიწები დაკარგეს) და გლეხები – რომლებიც რეფორმის შედეგად უკმაყოფილონი დარჩნენ, ვინაიდან მათ სარგებლობაში არასაკმარისი მიწები იყო.

დრაკონის კანონები

ძველბერძნულ პოლის ათენში დრაკონმა, პირველმა ძვ. წ. 621 წელს შექმნა სამართლის ნორმები, რომელსაც „დრაკონის კანონები“ ეწოდა. ეს კანონები ათენის ისტორიაში ჩვენამდე პირველი წერილობითი ფორმით მოღწეული კანონთა კრებულია

ხშირ შემთხვევაში კანონის შედგენისას დრაკონმა წერილობით დააფიქსირა უკვე არსებული ნორმები. ანტიკურ სამყაროში დრაკონის კანონებს უწოდებდნენ არა „νομοι“ – „კანონები“, არამედ „υεσμοι“ – „წესი“.

დრაკონის კანონებში მეტ-ნაკლებად ნათლად იქნა გაწერილი პოლისის მმართველთა ფუნქციები და მათი არჩევის წესი.  მართალია კანონები  ეხებოდა სახელმწიფოს მოწყობის საკითხებსაც, მაგრამ მათში განსაკუთრებული ადგილი სისხლის სამართლის საკითხებს ეთმობოდა.

ამ კანონების მიხედვით ყველა დანაშაული, მიუხედავად იმისა, მცირე იყო ის თუ დიდი ისჯებოდა სიკვდილით. როდესაც დრაკონს ჰკითხეს თუ რატომ იყო მისი კანონები ასე მკაცრი, მან უპასუხა, რომ მცირე დანაშაულისთვის ასეთი სასჯელი დამსახურებულად მიაჩნდა, ხოლო უფრო მძიმე სასჯელისთვის სხვა ვერაფერი მოიფიქრა.

პლუტარქე ამბობდა, რომ დრაკონის კანონები დაწერილი იყო არა მელნით, არამედ სისხლით. ამ კანონების მიხედვით სიკვდილით ისჯებოდა როგორც მკვლელი, ასევე სხვის ბაღში შეაპრული ვაშლის ქურდიც. დანაშაულად არ განიხილებოდა მკვლელობა, რომელიც თავდაცვის მიზნით იყო ჩადენლი.

საგულისხმოა, რომ დრაკონის კანონები ვრცელდებოდა უსულო საგნებზეც, მაგალითად, როდესაც ბერძენი ათლეტის ფეაგენის სპილენძის ქანდაკება  ადამიანს დაეცა, დაზარალებულის შვილებმა ქანდაკების წინააღმდეგ მკვლელობის ბრალდებით საჩივარი შეიტანეს. პოლისის მცხოვრებლებმა დრაკონის კანონების შესაბამისად ქანდაკება ზღვაში გადააგდეს.

კანონის მიხედვით მკვლელობის დანაშაულს სხვადასხვა კვალიფკაცია ეძლეოდა. მაგ: წინასწარგანზრახული, გაუთვალისწინებელი, და თავდაცვის მიზნით ჩადენილი. გათვალისწინებულ იქნა უბედური შემთხვევის შედეგად სიკვდილიც (მაგ. სპორტული შეჯიბრებების დროს).

არეოპაგი განიხილავდა მხოლოდ განზრახ მკვლელობის დანაშაულს და სასჯელიც შესაფერისად მკაცრი – სიკვდილით დასჯა იყო.

ეფეტების კოლეგია პალადიუმში რომელიც არჩეული მოქალაქეებიდან იყო დაკომპლექტებული და რომლის წევრთა ასაკიც 50 წლის აღემატებოდა გაუთვალისწინებელი მკვლელობების საქმეებს განიხილავდა ასეთი  მკვლელობები ისჯებოდა გაძევებით და არა სიკვდილით. თავდაცვის მიზნით მკვლელობა ან საკუთრების დაცვა არ ისჯებოდა კანონით.

ეფეტები ოთხ სასამართლო პალატში განიხილავდნენ გარკვეული შინაარსის საქმეებს, ამიტომ ეფესების სხდომა ხან ერთ და ხან მეორე პალატაში მიმდინარეობდა, იმისდა მიხედვით, თუ რომელ შემთხვევას განიხილავდნენ. მეფე თავმჯდომარეობდა ყველა საქმის განხილვას. შემდგომში დემოკრატიის განვითარებასთან ერთად ეფესების კოლეგიის საქმიანობა გარკვეულწილად შეიზღუდა. მას მხოლოდ რელიგიური საკითხების განხილვის შესაძლებლობა მიეცა.

მართალია კანონებმა, რომელიც დრაკონს ეკუთვნის მკაცრი და ულმობელი კანონების სახელი დაიმკვიდრეს ისტორიაში, უნდა ღინიშნოს, რომ ისინი ბერძნული სამართლის განვითარების საქმეში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

სიმპოზიუმი ძველ საბერძნეთში

Symposium_scene_სიმპოზიუმი ბერძნულად  ლხინს ნიშნავს

უძველესი დროიდან საბერძნეთში, სიმპოზიუმი საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. პლატონმა ქსენოფონტემ და პლუტარქემ არაერთი ლიტერატურული ნაშრომი მიუძღვნეს ამ მოვლენას.

ძვ.წ. VIII საუკუნიდან ღვინის სმა საბერძნეთში განსაკუთრებულ ცერემონიად გადაიქცა. კედლის გასწვრივ საგანგებოდ მოწყობილ სავარძლებში წყვილები (ძირითადად მამაკაცები) სხდებოდნენ, სიმპოზიუმის მონაწილენი ფილოსოფიური საუბრებითა და თამაშებით ერთობოდნენ, ლხინი სექსუალური ორგიებით მთავრდებო და. მონაწილეთა ასაკი 14-დან 30 წლამდე იყო.

სიმპოზიუმი განსაკუთრებული წესის დაცვით მიმდინარეობდა. ირჩევდნენ  „სიმპოზიუმის მეფეს“, – რომელიც ლხინის წესებს ადგენდა: სიმპოზიახრი წყვეტდა როგორ დაელიათ ღვინო – სულმოუთქმელად თუ ყლუპებით, საერთო სასმისით თუ ინდივიდუალური ჭიქებით. სიმპოზიუმის მთვარი მონაწილე ადგენდა თუ როგორი პროპორციით განეზავებინათ ღვინო წყალთან.

წესები ეხებოდა გართობის შინაარსსაც.  სიმმპოზიუმი შეიძლება ყოფილიყო იუმორისტული, ფილოსოფიური ან პოლიტიკური.

koptabi1სიმპოზიუმებზე განსაკუთრებით პოპულარული იყო თამაში კოტტაბი (ძვ.წ. IV – IV საუკუნეებს ბერძნული თამაში) – შეჯიბრი ღვინის მიზანში სროლაში.

კოტტაბის მოთამაშეები ცდილობდნენ წამოწოლილები ღვინოს თასიდან მიზანში ესროლათ მეტალის თასისთვის (კოტტობეიონი). თამაშის მონაწილეს ღვინის შხეფი ისეთი ტრაექტორიით უნდა ესროლათ, რომ სამიზნეს მოხვედროდა და გზად არ დაღვრილიყო. მიზანში მოხვედრილი  შხეფი თავისებურ ხმას გამოსცემდა.

მიზანში სროლა განსაკუთრებით რთულდებოდა მაშინ, როდესაც კოტტობეიონამდე პატარა ადამიანის ფიგურებს (მანესი) დგამდნენ. ღვინის წვეთი ჯერ ფიგურას თავში უნდა მოხვედროდა და შემდეგ რიკოშეტით თასში ჩაღვრილიყო. ვისაც კოტტაბში უმართლებდა მას გარანტირებული ჰქონდა პრემია -ტკბილეული და კოცნა.

ღონისძიება მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა. უკრავდნენ ლირასა და ფლეიტაზე, სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებდნენ გეტერებიც, რომლებიც მამაკაცებისათვის ცეკვავდნენ.

სომპოზიუმი მთელი ღამე გრძელდებოდა, მონაწილეები ჭამდნენ კომბოსტოს, რომელიც ღვინის მოქმედებას ამცირებდა.