ისააკ ბაბელი (1894 – 1940)

isak babeli– ჩემი აზრით მწერალს სამუშაო მაგიდაზე უნდა ეწყოს დაახლოებით 20-30 შედევრი ნაწარმოები.
– მაინც რომლები? წამოიყვირეს ახალგაზრდა მწერლებმა.
– ოო! აი ამისათვის კი, ათასობით შედევრი უნდა წაიკითხოთ …

ისააკ ბაბელი 

ისააკ ემანუილის ძე ბაბელი ოდესაში, 1894 წლის 1 ივლისს ვაჭარ-ებრაელთა ოჯახში დაიბადა. ავტობიოგრაფიაში (1924) ბაბელი წერდა:  „მამაჩემის დაჟინებით 16 წლამდე ვსწავლობდი ებრაულ ენას, ბიბლიას, თალმუდს. სახლში ბავშვობის პერიოდი არც ისე იოლი მქონდა. წარმოიდგინეთ მაძალებდნენ დილიდან საღამომდე მემეცადინა მრავალ სხვადასხვა მეცნიერებებში. სკოლაში თუ მოვახერხებდი ცოტა ამოსუნთქვას“. ოდესის კომერციულ სასწავლებელში, სადაც მომავალი მწერალი სწავლობდა. პროგრამა ძალიან დატვირთული იყო. ისწავლებოდა ქიმია, პოლიტეკონომია, სამართლმცოდნეობა, ბუღალტერია, საქონელმცოდნეობა, სამი უცხო ენა და სხვა. „დასვენებაზე“ საუბრისას ბაბელი თავისუფლების გრძნობას გულისხმობდა. მწერლის მოგონებებით, შესვენებებზე ან გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები მიდიოდნენ პორტში, ბერძნულ ყავახანაში, ან მოლდოვანკაზე, რათა მეგობრების სპეციალურ ღვინის სარდაფებში უბრალო, ბესარაბული ღვინო დაელიათ. ეს და სხვა მრავალი შთაბეჭდილებები შემდგომში საფუძვლად დაედო მწერლის პროზას, განსაკუთრებით კი ბაბელის „ოდესურ მოთხრობებს“.

ისააკ ბაბელმა წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. ორი წლის განმავლობაში ფლობერის და მოპასანის ზეგავლენით ფრანგულ ენაზე წერდა. ფრანგული ენის სტიქიამ მწერალს ლიტერატურული ენისა და სტილის შეგრძნება გაუმძაფრა. უკვე თავის პირველ მოთხრობებში ბაბელი მიისწრაფვის სტილისტური სინატიფისა და მაღალი ხარისხის მხატვრული გამოხატულებისაკენ. „მე ვიღებ ხოლმე მასალად, რაღაც უბრალოს, მაგალითად ანეკდოტს, ან რაიმე კურიოზულ ამბავს და ვაკეთებ ისეთ ისტორიას, რომ თვითონვე მიჭირს მოვწყდე ჩემსავე ნაწერს“… – იხსენებდა მწერალი.

ადრევე გამოიხატა მწერლის პროზის დამახასიათებელი თვისება, როგორც ენობრივი, ასევე საყოფაცხოვრებო გამოხატულების ნაირგვაროვანი ფენების შერწყმა და შეერთება. ადრეული შემოქმედებისთვის საყურადღებოა მოთხრობა „ჭუჭრუტანაში“, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ერთ-ერთი ბინის მფლობელი ქალისაგან 5 მანეთად ყიდულობს უფლებას, მეზობელ ბინაში, ჭუჭრუტანიდან თვალი ადევნოს მეძავების „მოღვაწეობას“.

კიევის კომერციული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1915 წელს ბაბელი პეტერბურგში ჩადის. მას შემდეგ, რაც კიევში და ოდესაში გამოქვეყნებული მოთხრობები შეუმჩნეველი დარჩა, ახალგაზრდა მწერალი დარწმუნდა, რომ მხოლოდ დედაქალაქს შეუძლია მოუტანოს აღიარება. თუმცა პეტერბურგელი რედაქტორები ურჩევდნენ ბაბელს უარი ეთქვა მწერლობაზე და ვაჭრობა დაეწყო. ასე გრძელდებოდა ერთი წელიწადი, სანამ მწერალი მაქსიმ გორკისთან არ მივიდა რედაქციაში. გორკის რედაქციაში დაიბეჭდა ბაბელის მოთხრობები: „ელია ისააკოვიჩი და მარგარიტა პროკოფევნა“,  „დედა, რიმა და ალა“. მოთხრობებმა დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველებში, და სასამართლო ორგანოებში. აპირებდნენ ბაბელის პასუხისგებაში მიცემას პორნოგრაფიისთვის. სასამართლო გარჩევებისგან, რომელიც 1917 წლის მარტში იყო დანიშნული, მწერალი თებერვლის რევოლუციამ იხსნა.

ბაბელი საგანგებო კომისიაში, გაზეთ „წითელი კავალერისტის“ კორესპონდენტად მსახურობდა. იბრძოდა რუმინეთისა და ჩრდილოეთ პოლონეთის ფრონტზე. მოღვაწეობდა პეტროგრადის და თბილისის სხვადასხვა გაზეთებში რეპორტიორად.

მხატვრულ შემოქმედებას მწერალი 1923 წელს დაუბრუნდა: ჟურნალ „ლეფ-ში“, სადაც დაიბეჭდა მოთხრობები: „მარილი“, „წერილი“, „დოლგუშოვის სიკვდილი“, „მეფე“ და სხვები. ლიტერატურის კრიტიკოსი ალექსანდრ ვორონსკი წერდა: ბაბელი მკითხველს არა მარტო თავის არაჩვეულებრივი და მდიდარი ცხოვრებისეული მასალით იპყრობს, არამედ კულტურით, ჭკუით და მთხრობელის მტკიცე ტალანტით“.

მალე მწერლის მხატვრული პროზა გაფორმდა მოთხრობათა სამ ციკლში: „ცხენოსანთა არმია“, „ებრაული მოთხრობები“ და „ოდესური მოთხრობები“.

მოთხრობათა ციკლს „ცხენოსნების არმია“, საფუძვლად დაედო დღიურის ჩანაწერები. ბაბელის მიერ ბუდიონის არმიის შესახებ გადმოცემული ამბები განსხვავდებოდა ლამაზი ლეგენდისაგან, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდა თხზავდა. გაუმართლებული სისასტიკე, ცხოველური ინსტიქტები ჩრდილავდნენ იმ იმედს, რომელსაც მწერალი რევოლუციაში ხედავდა. წითელმა მეთაურებმა მწერალს წითელ არმიაზე ჩირქის მოცხება არ აპატიეს. დაიწყო მწერალზე შეურიგებელი დევნა, რომელსაც სიმეონ ბუდიონი ხელმძღვანელობდა. მაქსიმ გორკი ბაბელს იცავდა. გორკი წერდა, რომ ბაბელმა უკეთესად და უფრო რეალისტურად გადმოგვცა ბუდიონის არმიის მოღვაწეობა, ვიდრე გოგოლმა ზაპოროჟელების.

მცდელობა, რევოლუციაში რომანტიულობა, ადამიანური ვნებები ამოეცნო, მწერლისთვის უშედეგოდ დასრულდა. ბაბელს სულიერი მარტოობა და სიცარიელე დაეუფლა. „რატომ დამეუფლა ასეთი სულიერი კაეშანი? იმიტომ, რომ… არ ვიცი, ალბათ დიდ, სამუდამო პანაშვიდზე ვიმყოფებით“ – წერდა მწერალი თავის დღიურში. თითქოს თავისებური შველა მწერალმა „ოდესურ მოთხრობებზე“ მუშაობისას იპოვნა. ამ მოთხრობების უცნაური და ფანტასტიკური, ჰიპერბოლური სამყარო, ბაბელისეული ოდესა დასახლებული პერსონაჟებით, რომლებშიც მწერლის სიტყვებით არის: „სიფიცხე, მგზნებარება, სიმსუბუქე და ხან მომაჯადოვებული სევდა, ხან ცხოვრების მგზნებარე აღქმა. ასევე რეალური, ოდესური გმირების ისტორიები, განსაკუთრებით დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლების ისტორიები, როგორებიც იყვნენ: მიშკა აიაპონჩიკი, სონია ოქროს ხელება და სხვები. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ოდესელი დამნაშავის ბენია კრიკის ისტორიები. მართალია ბენია კრიკი დამნაშავეა, მაგრამ არის რაინდი და სუსტთა, მაშვრალთა დამცველი და აპოლოგეტი. „ოდესელი რობინ ჰუდი“ ასე უწოდებდა მას მწერალი. მწერლის მოთხრობების სტილისტიკა ლაკონურობით გამოირჩევა, მაგრამ ამავე დროს სავსეა მეტაფორებითა და ხატოვნებით. ბაბელი ამბობდა: „მე მზად ვარ დავწერო მოთხრობა თეთრეულის რეცხვაზე და ეს მოთხრობა, იულიუს კეისრის პროზაზე არანაკლებ საინტერესო იქნება“.

საბჭოთა რეჟიმისგან თავის დაცვის მიზნით, 1937 წელს ბაბელმა დაწერა სტატია – სიცრუე: „ღალატი და სმერდიაკოვშინა“. სადაც ის პოზიტიურ კონტექსტში ეხმაურება „ხალხის მტრებზე“ განხორციელებულ პროცესს. ამის შემდეგ ის წერდა წერილებში: „ძალიან ცუდად ვარ; ცუდად ვარ, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. როგორ შევხედოთ ვალებში ხალხს“.

„ოდესური მოთხრობების“ ტრაგედიამ განსახიერება ჰპოვა ნოველაში – „ფროიმ გრაჩი“. მთავარი პერსონაჟი ცდილობს დადოს „ღირსების ხელშეკრულება“ საბჭოთა მთავრობასთან და იღუპება ჩეკისტების ხელით. მოთხრობაში აშკარად ჩანს ნეგატიური დამოკიდებულება ბოლშევიკებისადმი. სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალი მოთხრობებში მიუბრუნდა შემოქმედებით თემებს. ბაბელი შემოქმედებით ცხოვრებას აღიქვამდა, როგორც საუკეთესო პროცესს, რაც კი შეიძლება ადამიანმა აკეთოს. სწორედ ამ თემას ეკუთვნის მისი ერთ-ერთი ბოლო მოთხრობა – იგავი შემოქმედების ჯადოსნურ ძალაზე: „დი გრასსო“.

1939 წლის მაისის ბოლოს, პერედელკინოში, აგარაკზე ისააკ ბაბელი დააპატიმრეს. მწერალი ბრალდებული იყო ანტი საბჭოთა ქმედებაში და ტერორისტული აქტების მოწყობის მომზადებაში. წამების ქვეშ ბაბელმა მრავალი ცრუ ჩვენება მისცა, მაგრამ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის ბოლოს ხდომაზე მწერალმა ყველა წინა ჩვენება უარყო. 1940 წლის 27 იანვარს ისააკ ბაბელი დახვრიტეს. სხეული კი დონის მონასტრის კრემატორიუმში დაწვეს.

მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობა 80-მდე მოთხრობას, ორ პიესას: „დაისი“ და „მარია“, ხუთ კინოსცენარს და რამდენიმე სტატიას ითვლის.

საქართველოს პირველი საბჭოთა კონსტიტუცია

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ბოლშევიკური პარტიის კავბიუროს მიერ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების. გამოცხადების შემდეგ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია საქართველოს რევოლუციურ კომიტეტის ხელში გადავიდა.

1921 წლის მარტში რევოლუციური კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – დამფუძნებელი კრება დათხოვნილ იქნა, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საქართველოს მთავრობა  ემიგრაციაში გაემგზავრა.

საქართველოს ოკუპაციიდან ზუსტად ერთი წლის თავზე თბილისში საქართველოს საბჭოების I ყრილობა გაიხსნა. … ყრილობამ  1922 წლის 2 მარტს, საქართველოს პირველი საბჭოთა კონსტიტუცია მიიღო.

პირველი საბჭოთა კონსტიტუცია  23 თავისა და 134 მუხლისგან შედგებოდა.

კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობა წარმოადგენდა. ყრილობათა შორის პერიოდში ხელისუფლებას ყრილობის მიერ არჩეული ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკი) განახორციელებდა. ცაკ-ის სესიათა შორის ხელისუფლებას  სესიის მიერ არჩეული  ცაკ-ის პრეზიდიუმი განაგებდა.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას ცენტრალური კომიტეტის მიერ არჩეული სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო) წარმოადგენდა.

ადგილებზე ხელისუფლების კი მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოები და შესაბამისი აღმასრულებელი კომიტეტები ახორციელებდნენ.

„ოქტომბრის დიდი რევოლუციის მცნებათა მიმდევარნი საქართველოს მუშები, მშრომელი გლეხობა და წითელი არმია… თავისი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამყარებენ პროლეტარიატის სუვერენიტეტს და დიქტატურას. დიქტატურის მიზანია – ბურჟუაზიული წესწყობილებიდან სოციალიზმში გადასვლის განხორციელება“. – ვკითხულობთ 1922 წლის საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციაში.

კონსტიტუციით გაუქმდა კერძო საკუთრება როგორც მიწაზე, ასევე წარმოებასა და საწარმოო საშუალებებზე.

1922 წლის კონსტიტუცია ფორმალურად აღიარებდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს თუმცა კონსტიტუციის 102-ე მუხლით, შეიზღუდა საყოველთაო საარჩევნო უფლება.

კონსტიტუციამ როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლება წაართვა მოქალაქეთა შემდეგ კატეგორიებს:

პირებს, რომლებიც იყენებდნენ დაქირავებულ შრომას მოგების მიღების მიზნით;

  1. პირებს, რომლებიც ცხოვრობდნენ არასაკუთარი შრომის შემოსავლით;
  2. კერძო ვაჭრებს, შუამავლებსა და კომერციულ შუამავლებს;
  3. ბერ-მონაზვნებსა და რელიგიური კულტის სასულიერო პირებს;
  4. ყოფილი პოლიციისა და მენშევიკური მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგანგებო რაზმის მოსამსახურეებსა და აგენტებს;
  5. პირებს, რომლებიც დადგენილი წესით ცნობილი იყვნენ სულით ავადმყოფებად და გონებადაქვეითებულებად, აგრეთვე მზრუნველობის ქვეშ მყოფთ;
  6. პირებს, რომლებიც მსჯავრდებული იყვნენ კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის განაჩენით, ანგარებისა და სხვა დამამცირებელი დანაშაულობებისათვის.

საქართველოს სსრ I კონსტიტუცია მხოლოდ 5 წელი მოქმედებდა, 1922 წლის კონსტიტუციის ხანმოკლე სიცოცხლე ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკისა დასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის  შექმნამ განაპირობა.

1922 წლის კონსტიტუციის ძალით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე აჭარის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა შევიდნენ. საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკას შორის განსაკუთრებული ხელშეკრულება გაფორმდა.