ალექსანდრ სოლჟენიცინი (1918 – 2008)

soljhenicini„ჩვენ ისე უიმედოდ ვკარგავთ ხოლმე ადამიანის სახეს, რომ ერთი დღის განცხრომისთვისაც კი ვღალატობთ ჩვენს პრინციპებს, შეგვიძლია სულიც კი გავყიდოთ, სინდისი საერთოდ დავივიწყოთ – ოღონდ კი ჩვენს არსებობას რამე მატერიალური არ მოვაკლოთ, ვიცხოვროთ სიცრუესა და სიყალბეში. ბევრ რამეს და ბევრ ვინმეს დაამარცხებს სიცრუე – მაგრამ იგი ვერას გახდება დიდი ხელოვანის წინააღმდეგ.

ნამდვილი მწერალი ყოველთვის ამარცხებდა და მომავალშიც დაამარცხებს სიყალბესა და ფარისევლობას!

და როგორც კი განიფანტება ყველანაირი სიყალბე, თვალნათლივ გადაიშლება სიშიშვლე ძალმომრეობის, – და ძალმომრეობაც სიცრუესთან ერთად განადგურდება.

ამიტომ ჩვენ, მეგობრებო, უნდა ჩავებათ ბრძოლაში – სიცრუის წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთი მართალი სიტყვაც კი მთელ მსოფლიოს გადაწონის“.

ალექსანდრ სოლჟენიცინი

რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრ სოლჟენიცინი 1918 წლის 11 დეკემბერს, ქალაქ კისლოვოდსკში დაიბადა.  მამა,  ისააკ სოლჟენიცინი, ვაჟიშვილის დაბადებამდე,  პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ ნადირობის დროს  დაიღუპა. დედა, ტაისია შჩერბაკი, ყუბანელების მდიდარი ოჯახიდან იყო.

პირველი წლები სოლჟენიცინმა კისლოვოდსკში გაატარა. 1924 წლიდან დედასთან ერთად როსტოვში გადასახლდა. 1941 წელს როსტოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დამთავრა. უფრო ადრე, 1939 წელს, სოლჟენიცინმა მოსკოვის უნივერსიტეტში ლიტერატურისა და ხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ  მის დამთავრებაში ხელი დიდი სამამულო ომის  დაწყებამ შეუშალა.

1942 წელს იგი ფრონტზე გაგზავნეს და ბატარეის მეთაურად დანიშნეს. მან საბრძოლო გზა რუსეთიდან აღმოსავლეთ პრუსიამდე გაიარა და მრავალი მედლით დაჯილდოვდა.

1945 წელს სამხედრო ცენზურამ ალექსანდრ სოლჟენიცინის მეგობარ ნიკოლაი ვიტკევიჩთან მიმოწერას მიაქცია ყურადღება. წერილები სტალინისა და მისი რეჟიმის მძაფრ კრიტიკას შეიცავდა. წერილებში  საბჭოთა ლიტერატურის სიცრუესა და მის ობსკურანტიზმზე იყო საუბარი. რეჟიმმაც არ დააყოვნა: სოლჟენიცინი გაასამართლეს და საბჭოთა კავშირის საკონცენტრაციო ბანაკებში 8 წლის ტყვეობა და შემდეგ გადასახლება მიუსაჯეს. სასჯელს ჯერ მოსკოვთან ახლოს, შემდეგ – „შარაშკაში“ სოფელ მორფინოში იხდიდა.

8 წლიანი პატიმრობის შემდეგ იგი ყაზახეთში, კოკ-ტერეკში გადაასახლეს, სადაც სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა. 1956 წლის 3 თებერვალს, საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სასამართლომ ალექსანდრე სოლჟენიცინი გადასახლებიდან გაათავისუფლა. მწერალი რიაზანის ოლქში დასახლდა, სადაც მასწავლებლად განაგრძო მუშაობა.

ბანაკში, ტყვეობის დროს, სოლჟენიცინს ექიმებმა სიმსივნე აღმოუჩინეს. ტაშკენტის ონკოლოგიურ ცენტრში მან მკურნალობის კურსი ორჯერ გაიარა და ექიმების გასაკვირად სრულიად განიკურნა. მწერალი გამოჯანმრთელებაში უფლის ნებას ხედავდა; რათა  საშუალება მისცემოდა ეუწყა მსოფლიოსათვის საბჭოთა რეჟიმის  ციხეებისა და პატიმრების აუტანელი პირობების შესახებ.

1959 წელს სოლჟენიცინის ცნობილი მოთხრობა „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“ დაიწერა. მოთხრობაში პატიმრის, ივან დენისოვიჩის ცხორების ერთი დღე არის ასახული. გაუსაძლისი პირობების მიუხედავად მთავარი გმირი არ კარგავს ადამიანურ სახეს, ღირსებას, მეტიც, იგი მზადაა დაეხმაროს სხვა პატიმრებს, გაუნაწილოს თავისი მწირი ულუფა. დღის ბოლოს კი, კიდევ ერთი დღისათვის ღმერთს მადლობას უხდის.

რამოდენიმე თვის შემდეგ ჟურნალ „ნოვი მირ“-ის პირველ ნომერში მისი მომდევნო მოთხრობა „მატრონას ეზო“ დაიბეჭდა. მთავარი პერსონაჟი, ამჯერად ქალი, ძალიან წააგავს ივანე შუხოვს. გაჭირვების მიუხედავად არც მატრონა კარგავს სიყვარულისა და სიკეთის გრძნობას. უპირისპირდება ანგარებას და მერკანტილიზმს, რის გამოც თანასოფლელები მას შეშლილად თვლიან.

გადასახლების პერიოდში სოლჟენიცინმა რომანის – „წრე პირველი“ წერა დაიწყო. მწერალმა ნაწარმოები 1968 წელს დაასრულა. რომანში მოქმედება მორფინოს „შარაშკაში“ ვითარდება. აქ, ბანაკებისგან განსხვავებით უკეთესი კვებაა: პატიმრები – მეცნიერები სტალინისა და მისი ხელქვეითებისთვის ზეთანამედროვე მოწყობილობის შექმნაზე მუშაობენ. რომანის ყველა პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს.

1963-1966 წლებში სოლჟენიცინი წერს მოთხრობას „კიბოიანთა კორპუსი“. ალეგორიულ ნაწარმოებში ნათლად ჩანს, რომ კიბოთი არა მარტო ადამიანები, არამედ მთელი სისტემა ავადდება.

1960-იანი წლების  ბოლოს, როდესაც რეპრესიების თემებს ტაბუ დაედო, მწერლის ყველა ნაწარმოების ბეჭდვა შეწყდა. ბიბლიოთეკებიდან დაუყოვნებლივ ამოიღეს სოლჟენიცინის წიგნები.

1968 წელს სოლჟენიცინმა დაასრულა მუშაობა წიგნზე „არქიპელაგი გულაგი“, რომელშიც მკითხველს ბანაკებსა და ციხეებში გატარებულ რეპრესიებზე მოუთხრო. სწორედ ამის შემდეგ გამძაფრდა ზეწოლა მწერალზე და მისი ნაწარმოებები აიკრძალა. 1969 წელს ალექსანდრ სოლჟენიცინი მწერალთა კავშირიდან გარიცხეს.

1970 წელს შვედეთის აკადემიამ სოლჟენიცინი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვა. კომიტეტის განცხადებდა: „პრემია გადაეცემა ალექსანდრე სოლჟენიცინს ზნეობრივი ძალისთვის, რითაც აგრძელებს რუსული ლიტერატურის დიად ტრადიციებს“.

1974 წლის 12 თებერვალს სოლჟენიცინი დააპატიმრეს და 24 საათის შემდეგ საბჭოთა კავშირიდან დასავლეთ გერმანიაში გაასახლეს. ორი წლის შემდეგ მწერალი მეუღლესთან – ნატალია დმიტრიევასთან და ოჯახთან ერთად ციურიხში დასახლდა. მოკლე ხანში კი საცხოვრებლად ამერიკის შტატ ვერმონტში გადავიდა.

ემიგრაციაში სოლჟენიცინმა დაიწყო მუშაობა ეპოპეაზე „წითელი ბორბალი“. რომანი რუსეთის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის თემაზეა აგებული. გამოყენებულია გამოგონილი და ისტორიული პერსონაჟები. ნაწარმოების ძირითადი ნაწილი კი რუსეთის იმპერიის გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მეფის მთავრობის პრემიერ-მინისტრის, პეტრე სტოლიპინის რეფორმატორულ მოღვაწეობას ეთმობა.

საბჭოთა კავშირის მთავრობის სათავეში გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ, სოლჟენიცინის შემოქმედების მიმართ შეხედულებები შეიცვალა და ეტაპობრივად მისი ნაწარმოებების გამოქვეყნება დაიწყო.

1990 წელს სოლჟენიცინს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა აღუდგინეს და ამავე წლის დეკემბერში  სახელმწიფო პრემია მიანიჭეს.

1994 წელს, მწერალი ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. 1997 წელს სოლჟენიცინი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1998 წელს მწერალი ლომონოსოვის ოქროს ორდენით, მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვეს.

ალექსანდრე სოლჟენიცინი 2008 წლის 3 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ალექსანდრე სოლჟენიცინი ქალაქ მოსკოვის წმინდა დიმიტრი დონელის სახელობის მონასტერში არის დაკრძალული.

მასალა მოამზადა გიორგი ბოჯგუამ

დენი დიდრო

1483449_10202394526642104_1744206331_nდენი დიდრო – ფრანგი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, ხელოვნების კრიტიკოსი და მწერალი 1713 წლის 5 ოქტომბერს საფრანგეთში, ანგრში დაიბადა. განათლება იეზუიტურ კოლეჯში მიიღო. შემდგომ პარიზის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამართლით დაინტერესდა, მაგრამ მალე გადაწყვეტილება შეცვალა და წერა დაიწყო. ამ დროს ის ძირითადად მთარგმნელობითი საქმიანობით დაკავდა და არაერთი ინგლისურენოვანი ნაწარმოები თარგმნა ფრანგულ ენაზე.

1745 და 1747 წლებში დიდრომ გამოაქვეყნა თავისი ფილოსოფიური ესსები დმსახურებასა და ღირსებაზე, ფილოსფიური აზრები და სხვ. ნაშრომები ერთდროულად ქრისტიანულ და ათეისტურ ხასიათს ატარებდა. დიდრო მორალური პრინციპებისა და რელიგიის ორგანული კავშირების შესახებ არსებული თეზისების მწვავე კრიტიკით გამოვიდა. უარყო კავშირი რელიგიასა და ზნეობას შორის. ზნეობრივ პრინციპებს ის ადამიანის ბუნებაში ეძებს და ასკეტიზმის წინააღმდეგ გამოდის. ამ პეიროდის ნაშორმებში დიდრო დეისტურ მსოფლმხედველობას ემხრობა. შესამჩნევია ბენედიქტე სპინოზასთვის დამახასიათებელი პანთეისტური მიდგომები. დროთა განმავლობაში დიდრო მატერიალიზმისა და ათეიზმისკენ იხრება. მონტენისა და ბეილის მსგავსად, სკეპტიცისტური იდეების თანახმად, ზებუნებრივის კრიტიკას იწყებს და ამტკიცებს, რომ, ის, რაც არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ, ვერც ვერასდროს იქნება დამტკიცებული. პარიზის პარლამენტის დაგენილებით დიდროს ნაშრომები განადგურდა.

1749 წელს გამოცემული წერილები უსინათლოებზე, სადაც ჰობსის მატერიალისტური იდეები იყო გაზიარებული და ქრისტიანული მორალისა და რელიგური შეხედულებების უარყოფა და ათეისტური მსოფლმხედველობის დამკვიდრება მოხდა, დიდროს სამთვიანი პატიმრობის მიზეზი გახდა.

დიდროს უმნიშვნელოვანესი დამსახურებაა ფრანგულენოვანი მეცნიერებისა და ხელოვნების ენციკლოპედიის შექმნა. თავდაპირველად ენციკლოპედია ინგლისურენოვანი ენციკლოპედიის თარგმანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით მისი დამოუკიდებლად გამოცემა გადაწყდა.  1746 წელს, ანდრე ფრანსუა ლე ბრეტონმა და მისმა პარტნიორებმა ათტომიანი ენციკლოპედიის გამოცემის  უფლება მოიპოვეს. მთავარ შემდგენელად დენი დიდრო დასახელდა. ენციკლოპედიის მათემატიკურ ნაწილზე ჟან დალამბერი მუშაობდა. მის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ დიდი ფრგანგი განმანათლებლები: მოტესკიე, რუსო, ვოლტერი, ჰოლბახი. ათტომეულზე მუშაობა, რედაქტირება, მისი ხელახალი გამოცემა 25 წელი გაგრძელდა. დიდროს მიზანი მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ცოდნის მოგროვება და მისი თანამედროვეობისათვის გადაცემა, ადამიანის განათლების ხელშეწყობა იყო, რაც თავის მხრივ ფრანგული განმანათლებლობის მიზანსაც წარმოადგენდა. ენციკლოპედიის პირველი ტომი 1751 წელს გამოიცა. მეორე ტომის გამოცემის შემდეგ იეზუიტებმა და ანტაგონისტურად განწყობილმა მხარეებმა ენციკლოპედიის გამოცემა შეაჩერეს. დიდრო და ლე ბრეტონი მაინც განაგრძობდნენ ენციკლოპედიაზე მუშაობას. 1765 წელს გამოცემის გაგრძელებაზე ოფიციალური დასტური მიიღეს. 1775 წელს ათტომეულზე მუშაობა დასრულდა. ენციკლოპედია არამარტო საფრანგეთში, არამედ მთელს ევროპაში გაცრელდა და პოპულარული გახდა. 1789 წლისთვის მისი 25 000 ასლი იყო გავრცელებული.

კარიერის მანძილზე დენი დიდროს მსფოლმხედველობა კათოლიციზმიდან დეიზმზე ინაცვლებდა. დეიზმიდან – ათეიზმსა და ფილოსოფიურ მატერიალიზმზე. დიდროს აზრით ქრისტიანობა მორალურ ზიანს აყენებს თავის მიმდევრებს და წარმოადგენს საფრთხეს მათთვის, ვინც მას ჯერ არ იცნობს. დიდროს სწამდა, რომ კაცობრიობის მორალური გაუმჯობესება პირდაპირ აისახება ცივილიზაციის პროგრესში. იკვლევდა კავშირს ბიოლოგიასა და ადამიანის ბუნებას, კულტურასა და მორალს შორის. ეყრდნობოდა განმანათლებლობის მეცნიერულ მატერიალიზმს. თარგმნა ჯონ ლოკის რამდენიმე ნაშრომი და იზიარებდა მის მოსაზრებებს. განმანათლებლობა გასაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანს, როგორც ინდივიდს, უნიკალურ და ერთადერთ ქმნილებას. დიდრო აკრიტიკებდა ეკლესიას იმის გამო, რომ ის ყველასთვის აწესებდა თავის სტანდარტებს. მას სწამდა, რომ განათლებამ ახალგაზრდაში ცნობისმოყვარეობა და ინტერესი უნდა გააღვიძოს და არ იყოს მხოლოდ სტატიური, უმოქმედო ცოდნა.

დიდროს დრამატული ნაწარმოებები კლასიკური ფრანგული დრამის ნიმუშებია. („რამოს ძმისწული“, „მონაზონი“, „ჟაკ ფატალისტი“) მისი ბევრი ნაწარმოები აკრძალული იყო და მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ გამოიცა.

დენი დიდრო პარიზში, 1784 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა.

არისტოტელე

არისტოტელე (ძვ.წ. 384-322) ყველა დროის უდიდეს ფილოსოფოსთა შორისაა.

მან დაახლოებით ორასამდე ფილოსოფიური ნაშრომი დატოვა, მაგრამ მათგან მხოლოდ 31 გადარჩა. მისი ნაშრომები მოიცავს მრავალ დისციპლინას, რომელთა შორისაა ლოგიკა, მეტაფიზიკა, აზროვნების ფილოსოფია, ეთიკა, პოლიტიკური თეორია, ესთეტიკა და რიტორიკა, ასევე, ბიოლოგია.

არისტოტელე დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთის, მაკედონიის რეგიონის პატარა ქალაქ სტაგირაში. აქედან წარმოსდგება მისი ზედმეტსახელი „სტაგირიტი“. დაახლოებით 17 წლის ასაკში გაგზავნეს ათენში, პლატონის აკადემიაში სასწავლებლად. პლატონის გარდაცვალების შემდეგ (ძვ.წ. 347), ის გაემგზავრა მცირე აზიაში, ამჟამინდელი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, სადაც განაგრძო აკადემიაში დაწყებული ფილოსოფიური საქმიანობა, მაგრამ, დიდი ალბათობით, აგრეთვე განავრცო თავისი კვლევები საზღვაო ბიოლოგიაში. აქ მან დაახლოებით 3 წელი დაჰყო, რის შემდეგაც კუნძულ ლესბოსზე გაემზავრა, სადაც განაგრძო ფილოსოფიური და ემპირიული კვლევები კიდევ 2 წელიწადს.

ძვ. წ. 343 წელს, მაკედონიის მეფის – ფილიპეს მოთხოვნით გაემზავრა პელაში, მაკედონიის დედაქალაქში, მეფის 13 წლის ვაჟის – ალექსანდრეს აღსაზრდელად. არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელს 3 წლის განმავლობაში ასწავლიდა.

ძვ. წ. 335 წელს, არისტოტელემ ათენში დააარსა საკუთარი სკოლა, რომელიც მიუძღვნა ღმერთს – აპოლო ლიკეოსს, აქედან წარმოსდგება მისი სახელი – ლიცეუმი. მოგვიანებით, არისტოტელეს სკოლელებს უწოდებდნენ პერიპატეტიკოსებს. ლიცეუმის წევრები ატარებდნენ კვლევებს მრავალ დარგში: ბოტანიკა, ბიოლოგია, ლოგიკა, მუსიკა, მათემატიკა, ასტრონომია, მედიცინა, კოსმოლოგია, ფიზიკა, ფილოსოფიის ისტორია, მეტაფიზიკა, ფსიქოლოგია, ეთიკა, თეოლოგია, რიტორიკა, ხელოვნება, პოლიტიკური ისტორია, სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკური თეორია. ყველა ამ სფეროში, ლიცეუმი აგროვებდა ხელნაწერებს და ამგვარად, ანტიკური ხანის პირველი დიდი ბიბლიოთეკა დააფუძნა.

ძვ. წ. 323 წელს, არისტოტელემ დატოვა ათენი, გაემგზავრა ქალკისში, კუნძულ ევბეაზე და მომდევნო წელს გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.

არისტოტელეს მნიშვნელოვანი ნაშრომებია: კატეგორიები, ფიზიკა, მეტაფიზიკა, De Anima (სულის შესახებ), მეტეოროლოგია, ნიკომაქესეული ეთიკა, პოლიტიკა, რიტორიკა, პოეტიკა.

თარგმნა: იზა გიგაურმა

მოუსმინეთ არისტოტელეს ბიოგრაფიის აუდიო ვერსიას

წყარო: http://plato.stanford.edu/entries/aristotle/

ბიტნიკები

ბიტნიკები – 50 იანი წლების აშშ-ში, სან ფრანცისკოში წარმოქმნილი ახლაგზრდული სუბკულტურა, რომლის ბირთვსაც ლიტერატურული და ხელოვენბასთან დაკავშირებული ადამიანები წარმოადგენდნენ. თავდაპირველად მათ ასე პირველად „სან ფრანცისკოს ქრონიკების“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰერბ კოენმა უწოდა. ის ერთ-ერთი მთავარი ბიტნიკის მწერლისა და პოეტის ჯეკ კერუაკის ნათქვამს დაესესხა. კერუაკი თავის თაობას „დამსხვრეულ თაობად“ – სიტყვიდან Beat (დამსხვრეული, გაცვეთილი) აღწერდა ეს იყო გარკვეული კავშირი „დაკარგულ თაობასთან“. მოგვიანებით გაჩნდა სახელწოდების წარმოშობის არაერთი ვერსია. თითქოს წამოქმნილი იყო ლათინური beatus-დან, (ბედნიერი, ნეტარი) ბიბლიური ნეტარებიდან. ერთ-ერთ ინტერვიუში კერუაკმა ისიც თქვა, Beat ჩვენი გულისცემიდან მოდისო. ასეა თუ ისე სახელწოდების უტყუარი წყარო უცნობია. ჯგუფში გაერთიანებულნი იყვნენ ახალგაზრდა მწერლები ჯეკ კერუაკი, ალენ გინზბერგი, უილიამ ბაროუზი და სხვები. ბიტნიკებისთვის დამახასიათებელი იყო დამკვიდრებული ფასეულობებისადმი შეცვლილი დამოკიდებულება, ნონკომფორმიზმი, ფსიქოდელიური ჭვრეტა. მეინსტრიმის უარყოფა და კრიტიკა. რაც შეეხება სტერეოტიპს, ვიზუალურად ბიტნიკები ასე გამოიყრებოდნენ: ეცვათ შავი ფერის ყელიანი სვიტრები, ატარებდნენ ბერეტს და მუქ სათვალეს. უსმენდნენ ჯაზს, მისდევდნენ თავისუფალი ცხოვრების სტილს. ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ სასმელისა და ნარკოტიკების მიმართ. მოგზაურობდნენ. გატაცებულნი იყვნენ ძენ ბუდიზმით. უარყოფდნენ სოციალურ პრობლემებს და ტექსტის იმპრესიონისტული ფორმა იტაცებდათ. მათ საფუძველი დაუდეს ახალი ქუჩის ენას. დღესდღეისობით ფართოდ გავრცელებული ტერმინი Cool სწორედ მათ შემოიტანეს ხმარებაში (ტერმინი ჯაზთან იყო დაკავშირებული).