ჯავრიშვილი კონსტანტინე ტარიელის ძე

(დ. 16 ენკენისთვე, 1886, ქ. თბილისი.).

1905 წელს ათავებს თბილისის პირველ გიმნაზიას და იურიდიულ ფაკულტეტზე მოსკოვის უნივერსიტეტში შედის.

ჯერ კიდევ გიმნაზიაში ყოფნის დროს მონაწილეობას იღებს მოსწავლე ახალგაზრდათა რევოლიუციონურ გამოსვლებში.

905 წელშივე შედის სოც.-რევ. პარტიაში და მუშაობს თბილისის პარტიულ სამხედრო ორგანიზაციაში. ხსენებულ ორგანიზაციაში მუშაობისთვის ატუსაღებენ 1906 წლის თიბათვეში და 126 მუხლ. I ნაწილის სისხლ. სამართლ. დებულ ძალით აძლევენ სამართალში. თბილისის სამოსამართლო პალატა ყოველივე უფლება-ღირსების ჩამორთმევით უვადოთ ასახლებს მას ციმბირში.

1907 წლის შემოდგომაზე, როდესაც ეტაპით მიჰყავდათ ციმბირში, გზიდან გამოიპარება და არა ლეგალურად იწყებს ცხოვრებას და მასთან პარტიაში მუშაობას განაგრძობს ქ. ბაქოს განსაკუთრებით კასპიის ზღვის სავაჭრო ფლოტის მეზღვაურთა შორის. მათი არალეგალურ საპროფესიო კავშირის დაარსების შემდეგ, კ. ჯავრიშვილს ირჩევენ მეზ. კავშირის მდივნათ და ბეჭდვითი ორგანოს „Морская волна“ რედაკტორად.

1912 წლის ზაფხულში კ. ჯავრიშვილს ატუსაღებენ და ციმბირში გზავნიან, სადაც 1912-1914 წელიწადის ბოლომდინ უხდება კრასნოიარისა და ენისეის ციხეებში ჯდომა და სამართალში აძლევენ 1907 წელს ციმბირიდან გაქცევის გამო. კრასნოიარის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1913 წლის „უკაზის“ ძალით, ანთავისუფლებენ მაღაროებში მუშაობიდან, რადგან 21 წლის არ იყო, როდესაც ციმბირიდამ გაიქცა და ხელმეორედ ასახლებენ მიჩენილ ადგილებში.

1908 წლის შემოდგომაზე საზღვარგარეთ მიდის და პარიზის უნივერსიტეტში ისტორიის და სოციოლოგიის ლექციებს უსმენს. იმავე დროს პარტიაში მუშაობასაც განაგრძობს: სოც.-რევ. პარტიის დამხმარე და ხელშემწყობ პარიზის ჯგუფის მდივნათ არის არჩეული. ავადმყოფობა აიძულებს შვეიცარიაში გადასახლდეს იგი, სადაც ორი წელიწადი რჩება და სანატორიუმში ექიმობს და ხანგამოშვებით მიდის პარიზს სამაცადინოთ. 1911 წელს რუსეთს მიემგზავრება და ხელახლა იწყებს პარტიულ მუშაობას ბაქოში და ამასთან ერთათ თანამშრომლობს ადგილობრივ ლეგალურ პრესაშიაც.

ენისეის გუბერნიის მინუსინის მაზრისა და თვით ქ. მინუსინსკში ცხოვრების დროს სხვა გადასახლებულებთან ერთათ (ნ. ი. ბიხოვსკი, ვ. კ. მიროვი, მ. ი. ხაჩატუროვი და სხვ.) მუშაობს კოოპერატიულ სფეროში: კოოპერატივთა კავშირის გამგეობის წევრი და მდივანია. თებერვლის რევოლიუციის დროს სოც.-რევ. პარტიის წარმომადგენელია ადგილობრივ თავდაცვის კომიტეტში. ციმბირიდან წამოსვლის შემდეგ უმთავრესად პეტროგრადში მუშაობს მთავარ საადგილ-მამულო კომიტეტში და იმავე დროს როგორც წევრი-რედაკტორი გლეხთა დეპუტატების საბჭოსთან ე. კ. ბრეშკოვსკის ქალის თავმჯდომარეობით დაარსებულის „ბეჭდვითი კაბინეტისა“.

შრომები
ტ. ჯავრიშვილის კალამს ეკუთვნის პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში გაფანტული მრავალი წერილები. სამშობლოში დაბრუნებისას პარტიულ ორგანოს „Дħло народа”-ს რედაკტორად იყო.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი