არისტოტელე

არისტოტელე (ძვ.წ. 384-322) ყველა დროის უდიდეს ფილოსოფოსთა შორისაა.

მან დაახლოებით ორასამდე ფილოსოფიური ნაშრომი დატოვა, მაგრამ მათგან მხოლოდ 31 გადარჩა. მისი ნაშრომები მოიცავს მრავალ დისციპლინას, რომელთა შორისაა ლოგიკა, მეტაფიზიკა, აზროვნების ფილოსოფია, ეთიკა, პოლიტიკური თეორია, ესთეტიკა და რიტორიკა, ასევე, ბიოლოგია.

არისტოტელე დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთის, მაკედონიის რეგიონის პატარა ქალაქ სტაგირაში. აქედან წარმოსდგება მისი ზედმეტსახელი „სტაგირიტი“. დაახლოებით 17 წლის ასაკში გაგზავნეს ათენში, პლატონის აკადემიაში სასწავლებლად. პლატონის გარდაცვალების შემდეგ (ძვ.წ. 347), ის გაემგზავრა მცირე აზიაში, ამჟამინდელი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, სადაც განაგრძო აკადემიაში დაწყებული ფილოსოფიური საქმიანობა, მაგრამ, დიდი ალბათობით, აგრეთვე განავრცო თავისი კვლევები საზღვაო ბიოლოგიაში. აქ მან დაახლოებით 3 წელი დაჰყო, რის შემდეგაც კუნძულ ლესბოსზე გაემზავრა, სადაც განაგრძო ფილოსოფიური და ემპირიული კვლევები კიდევ 2 წელიწადს.

ძვ. წ. 343 წელს, მაკედონიის მეფის – ფილიპეს მოთხოვნით გაემზავრა პელაში, მაკედონიის დედაქალაქში, მეფის 13 წლის ვაჟის – ალექსანდრეს აღსაზრდელად. არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელს 3 წლის განმავლობაში ასწავლიდა.

ძვ. წ. 335 წელს, არისტოტელემ ათენში დააარსა საკუთარი სკოლა, რომელიც მიუძღვნა ღმერთს – აპოლო ლიკეოსს, აქედან წარმოსდგება მისი სახელი – ლიცეუმი. მოგვიანებით, არისტოტელეს სკოლელებს უწოდებდნენ პერიპატეტიკოსებს. ლიცეუმის წევრები ატარებდნენ კვლევებს მრავალ დარგში: ბოტანიკა, ბიოლოგია, ლოგიკა, მუსიკა, მათემატიკა, ასტრონომია, მედიცინა, კოსმოლოგია, ფიზიკა, ფილოსოფიის ისტორია, მეტაფიზიკა, ფსიქოლოგია, ეთიკა, თეოლოგია, რიტორიკა, ხელოვნება, პოლიტიკური ისტორია, სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკური თეორია. ყველა ამ სფეროში, ლიცეუმი აგროვებდა ხელნაწერებს და ამგვარად, ანტიკური ხანის პირველი დიდი ბიბლიოთეკა დააფუძნა.

ძვ. წ. 323 წელს, არისტოტელემ დატოვა ათენი, გაემგზავრა ქალკისში, კუნძულ ევბეაზე და მომდევნო წელს გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.

არისტოტელეს მნიშვნელოვანი ნაშრომებია: კატეგორიები, ფიზიკა, მეტაფიზიკა, De Anima (სულის შესახებ), მეტეოროლოგია, ნიკომაქესეული ეთიკა, პოლიტიკა, რიტორიკა, პოეტიკა.

თარგმნა: იზა გიგაურმა

მოუსმინეთ არისტოტელეს ბიოგრაფიის აუდიო ვერსიას

წყარო: http://plato.stanford.edu/entries/aristotle/