აკაკი ჩხენკელის სიტყვა წარმოთქმული საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე 1917 წლის 19 ნოემბერს.

akaki chxenkeli

აკაკი ჩხენკელი

მოქალაქენო! მე ბედად მხვდა პირველს საქართველოს, ეროვნულს ყრილობას მოვახსენო საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს საახელით მხურვალე სიტყვა მილოცვისა და სიხარულისა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს. ან რატომ არ უნდა გვიხაროდეს, როცა ვხედავთ ამ საქართველოს სხვა და სხვა კუთხიდან თავმოყრილ პოლიტიკურ ორგანიზაციათ და საზოგადო დაწესებულებათა წარმომადგენლებს. მას შემდეგ რაც საქართველო რუსეთს შეუერთდა, ეს პირველი ეროვნული ყრილობაა ჩვენის ხალხისა. დღევანდელი დღე – 19 ნოემბერი – არის დატა, რომელიც არ ამოიფხვრება ჩვენი ხსოვნიდან. მართალია, დღევანდელს ყრილობას ვერ დავუძახებთ საქართველოს ნამდვილ სახეს, მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ამ ყრილობაზე წარმოგზავნილი არიან ყველა საკულტო და საზოგადოებრივ დაწესებულებათა დელეგატები, რომ აქ არიან ჩვეენი დაბა-ქალაქების ნორჩ დემოკრატიის და მის აღმასრულებელ კომიტეტთა წარმომადგენლები, რომ აქვე მონაწილეობენ საპროფესიო კავშირების და მუშათა და ჯარისკაცთა სარევოლუციო ორგანიზაციების რწმუნებულები, თუ ამას მივიღებთ მხედველობაში, მაშინ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ასეთი შემადგენლობის ყრილობა უეჭველად გამოსთქვამს ქართველი ერის ნამდვილს გულის თქმას და ზრახვას.

აქვე არიან სტუმრები და ნება მომეცით, თქვენი სახელით მივესალმო მათ, ჩვენ სტუმრებს, პირველ ყოვლისა, ამიერ კავკასიის კომისარიატს, რომელიც სრული შემადგენლობით აქ იმყოფება (ისმის ტაში).

მივესალმები აგრეთვე ამიერკავკასიის რევოლუციონურ ცენტრის დელეგატებს (ტაში). აქვე არიან უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენელნი: ინგლისის, საფრანგეთის, ამერიკის, სპარსეთის და იტალიისა. ნება მომეცით თქვენი სახელით მათ მივესალმო (დიდი ტაში). აქვეა კავკასიის ფრონტის სარდალი პრჟევალსკი (ტაში, პაუზა). მე ვიტყოდი თქვენს მაგიერ: გაუმარჯოს რუსეთის დიდ რევოლუციას! (ხმები: გაუმარჯოს! ტაში). გაუმარჯოს აგრეთვე ყველა ერთა და სახელმწიფოთა სამართლიანს დემოკრატიულ ზავს! (ხმები: გაუმარჯოს! ტაში).  აქვე არიან, მოქალაქენო, ჩვენ ძვირფას  მეზობელ ერების წარმომადგენლები! სპარსეთის, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, აფხაზეთის, ებრაელების, სომხების, თათრების, ლიტვის (ტაში). გაუმარჯოს ერთა სოლიდარობას! (მხურვალე ტაში).

მოქალაქენო! დღეს ჩვენ ფრიად საბედისწერო და საპასუხისმგებლო მომენტს გავნიცდით. მთელი რუსეთი ომის ქარცეცხლითაა მოცული. მრავალი საკითხი უძევს მას წინ გადასაწყვეტად. დღიურ წესრიგშია დასმული რუსეთის სხვა და სხვა ერთა ყოფნა-არყოფნის საკითხი.

ჩვენ ფეხზე წამოდგომით პატივს ვცემთ ამ უთვალავ მსხვერპლს, ამ ომმა რომ შეიწირა, პატივს ვცემთ იმ გმირებს, რომელთა სისხლით და სიკვდილით მოვიპოვეთ დღევანდელი ბედნიერება და თავისუფლება, მუხლს ვიდრეკთ ჩვენ გმირ ძმათა უთვალავ საფლავების წინაშე. ისინი იბრძოდნენ მთლიანობისთვის. გაუმარჯოს რუსეთის დემოკრატიის ერთ მთლიანს ფრონტს! (ტაში)

მოქალაქენო, ჩვენ ამიერ-კავკასიის ერებს. შეგვიძლიან თავი მოვიწონოთ იმ როლით, რომელიც მივიღეთ და დღესაც ვიღებთ რუსეთის რევოლუციაში. და დღეს, როცა რუსეთს არა ჰყავს ერთი ცენტრალური მთავრობა, ჩვენ მაინც ვიტყვით იმას, რაც გვითქვამს: გაუმარჯოს რუსეთის მთლიან დემოკრატიულ რესპუბლიკას!

ის ძლიერი ტალღაა, რომელიც 25 ოქტომბერს გადმოსროლილია ცენტრიდან და პერიფერიებს დაღუპვას გვიქადის, გვიკარნახებს დაღუპვის ასაცდენათ სწორედ ამ პერიფერიების გამაგრებას. ჩრდილო-კავკასიაში უკვე გაჩნდნენ ეროვნულ-პოლიტიკური ერთეულები, რომელნიც ლამობენ თავის საკუთრი ძალ-ღონით საკუთრ საქმეების გაძღოლას. მაშ, აუცილებელია ჩვენთვის ეს გზა და კავშირი ერებს შორის, საჭიროა ერთი პირით შევიკრათ, ერთად ვიაროთ საფრთხის თავიდან ასაცდენად. ამიერ კავკასიის კომისარიატი ვერ შეძლებს თვის დანიშნულების შესრულებას, თუ იგი არ დაემყარა ამიერ-კავკასიის ერთა ძალას, ერთა სოლიდარობას.

მე დიდი სიამოვნებით წავიკითხე მოწოდება – დეკლარაცია კომისარიატისა ამიერკავკასიის ერებისადმი. ის ადგილი დეკლარაციისა, რომელიც ეხება ეროვნულ საკითხს, მეტად დამაკმაყოფილებელია. ყველა ერი ამის ძლით წარუდგენს თავის მოსაზრებებს იმისას, თუ როგორ უნდა მოგვარდეს და მოეწყოს მათი ბედი და იღბალი.

თუ, ვინცობაა, დამფუძნებელი კრება არ შესდგა, ჩვენ ვირჩევთ დეპუტატებს, რომელნიც ჩვენ ბედს ისე გადასწყვეტენ, როგორც ჩვენ მოვისურვებთ და დავავალებთ. ყოველ ერს უნდა ჰქონდეს რევოლუციურ-დემოკრატიული პრინციპი, ხოლო ასეთი პრინციპი ერთა თვითგამორკვევა, რომელიც უნდა განახორციელოს ყველა ერმა სხვა ერთა დახმარებით.

თქვენ კარგად იცით, მოქალაქენო, თუ რას ჰგულისხმობს ეს პრინციპი და როგორ უნდა გადაწყდეს ჩვენში ეს საკითხი. ეს არის ეროვნულ-პოლიტიკური თვითმართველობა საკუთარის კანონმდებლობით და (ძლიერი ტაში) და მმართველობით, ამ საგანზე შემდეგ ყრილობას წარმოედგინება ცალკე მოხსენება ამხ. ნ. ჟორდანიას მხრივ.

მეორე საკითხი, ამ ყრილობაზე გამოსარკვევ-გადასაწყვეტი, შემდეგია: მისაღები გვაქვს ქართველ თავად-აზნაურობისაგან მამული, რაც საისტორიო მოვლენაა მთელ რუსეთში (ტაში მარჯვენა ფრთაში). რუსეთის თავად-აზნაურთა შორის ქართველმა თავადაზნაურობამ პირველი ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, თუ ღრმათ დავაკვირდებით ამ მოვლენას, დავინახავთ, რომ ეს მიეწერება ქართველი ერის სიძლიერეს, მის დემოკრატიის მნიშვნელობას და გავლენას. ქართველი ერი და დემოკრატია არის ერთი ძლიერი ფაქტორი, რომლის წინაშე თავად-აზნაურობას ქუდი უნდა მოეხარა (ტაში). დღეს-დღეობით, უკუღმართ პირობების წყალობით, ქართველ ერს, როგორც ასეთს, არა აქვს საკუთრება. საკუთრება აქვს მარტო წოდებას, შემდეგსი მას ქონება უეჭველად ექნება და ის მამული, დღეს რომ გადმოდის ქართველ თავად-აზნაურთაგან, იქნება პირველი ფონდი ქართულ ეროვნულ ქონებისა.

გამოქვეყნებულ დეკლარაციის ძალით ჩვენ ველით, რომ დაუყოვნებლივ შემოღებულ იქნას ერობა, მოხდეს სასამართლოს სრული რეორგანიზაცია მისი ნაციონალიზაციის სახით, შემოიღება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ველით აგრეთვე სკოლის ნაციონალიზაციას.

მაგრამ რომ ყველა ამ ხსენებულ საკითხებს რიგიანათ გაუძღვეს ქართველი ერი, საჭიროა, ეროვნულმა ყრილობამ აირჩიოს ორგანო, რომელიც დაიჭერს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ადგილს და ერთის მხრივ გაუძღვება, უპატრონებს მიღებულ ქონებას, ხოლო მეორეს მხრივ, ფხიზლათ მოეპყრობა ყველა იმას, რასაც წარმოშობს დრო და გარემოება.

ეს ყროლობა ერთი არ იქნება, ამ ყრილობას უნდა მოჰყვეს საქართველოს დამფუძნებელი კრება (ტაში).

საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს სახელით გაგზავნილი იყო ქ. პეტროგრადს მომხდარ დემოკრატიულ თათბირზე საგანგებო წარმომადგენელი, რომელიც თათბირს მიესალმა და რომელმაც გამოუცხადა მას ქართველი ერის გულისხმიერება.

საბჭოს შექმნაში, ჩვენს ეროვნულ თვითგამორკვევის დაჩქარებაში დიდი როლი უძევს ქართველ ჯარის სარდალს სტეფანე ახმეტელაშვილს! (ტაში) ამ ჯარის საქმეა დაცვა, რევოლუციის დროს მოპოვებულ თავისუფლებათა დაცვა ერთა შორის სოლიდარობისას და სხვა.

ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და მიმოსვლა სხვა მეზობელ ერებთან. ჩვენ გავგზავნეთ წარმომადგენელი საბჭოსი აფხაზთა სიეზდზე (ყრილობაზე) დასასწრებლად და მისასალმებლად, აგრეთვე სამაჰმადიანო საქართველოში. აფხაზეთის  შესახებ ჩვენ ვიყავით და ვართ ერის თვითგამორკვევის პრინციპის მოზიარენი და ეროვნულ საკითხს ისე გადასწყვეტთ, როგორც ამას მოითხოვს მისი არსებითი ინტერესები. ასეთივე სიტყვები ეთქვა ჩვენს მოძმე მაჰმადიან ქართველებს. ჭირი და ვარამი მათ რომ გადაიტანეს, აუტანელია და ნება მომეცით, თქვენს მაგიერ და თქვენის სახელით მივესალმოთ: ვაშა აფხაზეთს; ვაშა აჭარას!

მოქალაქენო! ჩვენ უნდა შევუდგეთ ჩვენს წმინდა საქმეს. საჭიროა ამისთვის ვიქონიოთ მხედველობაში ჩვენი წარსული და აწინდელი საარსებო ინტერესები. იყო თქმული ხშირად, რომ ქართველი ერის ბედი რუსეთთან არის დაკავშირებული. ეს ნამდვილია, მაგრამ ქართველი ერის ბედ-იღბალის გამომჭედი არის მისი დემოკრატია (ტაში). ქართველი ერის სიწმინდის დაცვისთვის ბრძოლას, აქამდე სოციალურ ნიადაგზე რომ ვაწარმოებდით, დაუმატოთ ეროვნულ ნიადაგზე ბრძოლა. აქ განსვენებულმა ბებელმა სთქვა: ვინ არის ერი? ვინ არის ნაცია? ჩვენა ვართ ნაცია, დემოკრატიაო და ჩვენც შეგვიძლიან ვსთქვათ თამამად, რომ დემოკრატია არის სასიქადულო მემკვიდრე ერისა.

საქართველოს ეროვნულ ყრილობას ვაცხადებ გახსნილად.

წყარო: გაზ „ერთობა“,1917 წლის 23 ნოემბერი, №60, გვ.1.

Leave a comment