გუჯარი სრულიად საქართველოჲს კათოლიკოზ-პატრიარქის კირიონ II-სა საქართველოჲს ეროვნულ ყრილობის მიმართ

kirion II

კირიონ II

„მშვიდობა თქვენდა და კურთხევა, რჩეულნო ივერიისანო! ძალამიხდილი, ჭადარამოსილი მამათმთავარი ებრაელთ იაკობ ქვეყანასა უცხოსი ეგვიპტისასა მოუწოდებდა ძეთა თვისათა ათორმეტთა და ეტყოდა: „შემოკრბით ჩემდა, რათ მიგითხრა რაჲ შეგემთხვევის თქვენ უკანასკნელსა დღესა, შემოიკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ ისრაელისა, მამისა თქვენისა“ (შესაქ. 49,1-2). ასულნო და ძენო აწ წარტყვენვილისა და ძალამიხდილისა მცხოვანისა საქართველჲსანო! შემოიკერბით ჩემდა, მამათმთავარისა თქვენისა, და ყური მიაპყარით სიტყვათა ჩემთა.

ოდეს ერი ქართველთაჲ გარემოიცვა შურმან, მტრობამან და ურთიერთას გაუგებრობამან, ოდეს იგი დაადგა გზასა დანაწილებისა და დაწვლილებისასა, – შესუსტდა შემოქმედობითი ნიჭი მისი, შეირყა სიმხნე სულისა მისისა, დაკნინდა შინაგანი ცხოვრება მისი, დაეცა სახელმწიფოებრივი ძალა ანმან, მუხლი მოიდრიკა წინაშე უცხოთესლისა, რომელმან, თქმულისაებრ წერილისა, „ძენი თქვენნი წარიყვანა და ცხენთა ზედა აღახნა ასულნი თქვენნი აღიხვნა და მზარეულ ქმნა; აგარაკანი თქვენნი და ვენახნი, ზეთის ხილნი თქვენნი და კეთილნი მოგიღოთ; თესლი თქვენნი და ღვინო განგიათეულნა და გყო თვენ მისდა მონად“. (მეფ. 1, VII, 11-17). „რაოდენგზის ინება“ დედამან-მშობელმან „შეკრება თქვენი, ვითარსახეთ შეიკრიბნის მფრინველმან მართვენი თვისნი ქვეშე ფრთეთა თვისთა, გარნა არა ინებეთ ესე“ (მათ. 23,27) და არცა „უფალმან“ თქვენმან ნებავცა ამისი. და დღეს, ოდეს ვხედავ კრებულსა რჩეულთასა დიდსაწადელსა, წინასწარმეტყველებრ ვღაღდებ: „აჰა, ესერა რაჲმე კეთილ ანუ რაჲმე შვენიერ, არამედ დამკვიდრებაჲ ძმათაჲ ერთად” (ფსალ. 132,1). ხელთა შინა თქვენთა არს მომავალი ერისა ჩვენისა, თქვენ ხართ სასო და ხელი ამპყრობელ მისი. ღელავს და მძვინვარებს ზღვა ჩრდილოისა, სანაპიროთა თვისთაგან გადმოხეთქილი, და წარღვნასა უქადის მრავალტანჯულსა ჩვენსა მხარესა. და თქვენ, რჩეულნო ივერიისანო, თქვენ უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისაგან, თქვენ უნდა განუსვენოთ მას, მიიყვანოთ ნავთსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა, წესიერება და ბედნიერება. თქვენი ერთობა, ერთსულოვნება და დღის ვარამის განმსჭვრეტელობა წინდი არს იმისა, ვითარმედ “აღდგებიან მკვდარნი” (ის.26,19), საქართველო განცხოველდება და ქართველი ერი კვლავ აღბეჭდავს მატიანესა შინა კაცობრიობისასა საქმეთა თვისთა საგმიროთა. იყავნ, იყავნ!

აჩრდილნი დიდებულთა ჩვენთა წინაპართანი, ვედრებანი ახლად აღდგენილ ივერიის ეკლესიისანი და კურთხევა ჩემის უღირსობისაჲ გფარავდეს და წარგიძღოდეს თქვენ გზასა მას მოღვაწებისა თქვენისასა”.

მდაბალი კირიონმეორე, მთვარეპისკოპოზი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი.

ქ. თბილისი

19 ნოემბერი 1917 წ.

წყარო: გაზ. „საქართველო“ 1917 წლის გიორგობისთვე

Leave a comment