ოქმი საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს სხდომისა

1917 წლის 16 აპრილი

ეროვნულ-დემოკრატების მხრიდან დაესწრნენ: გ. გვაზავა, გ. ჟურული, დ. ვაჩნაძე, გ. ვეშაპელი, ს. კედია და ბ. ასათიანი.

სოციალისტ-ფედერალისტებიდან: გ. ლასხიშვილი, გრ. რცხილაძე, ი ბარათაშვილი, ს. მდივანი, ს. ფირცხალავა, ს. დადიანი, შ. მესხიშვილი

სოციალ-დემოკრატებიდან: ა. ჩხენკელი, ნ. რამიშვილი, გ. ფაღავა, გ. გიორგაძე, პ. საყვარელიძე.

კრებას დაესწრნენ აგრეთვე მ. მაჩაბელი და ვ. თუმანიშვილი

თავმჯდომარედ ერთხმად ირჩევენ ა. ჩხენკელს, მდივნად პ. საყვარელიძეს

ა. ჩხენკელი: ჩვენი კრების მიზანია ეროვნულ საკითხებში შეთანხმება, პირველ კრებაზე სამმა პარტიამ (ს-დ., ს-ფ. და ნ-დ.) გააკეთ მოხსენება და გააცნო კრებას თავისი შეხედულება საგანზე. საკითხი ორად გავყავით. საქართველოს ტერიტორია და ეროვნული სეიმის კომპეტენცია. პირველი მსჯელობა პირველ კრებაზე გვქონდა. მეორეზე დღეს გვექნება ლაპარაკი. პირველ – ტერიტორიულ კითხვაში – მოხდა ერთგვარი შეთანხმება. საქართველოს ტერიტორიული ერთეულის საზღვრები საერთოდ ნაჩვენებია, თუმცა დაწვრილებით სახელობითად ჩამოთვლილი არ იყო ყველა მისი ნაწილები. გარდა ამისა, თავის მხრივ ტერიტორიული საკითხის ორი მხარე აღინიშნა: საქართველოს ერთეულის უდაო და სადაო ტერიტორია.

უდაო ტერიტორია ის არის, სადაც ქართველობა უმრავლესობას შეადგენს, ქართველთა რეალური მოსახლეობაა. სადაო ტერიტორია – პერიფერიებია, განაპირა რაიონებია, სადაც უმრავლესობას ქართველობა არ შეადგენს, ან ხალხის სურვილი არ ვიცით საით მოისურვებს წასვლას. ამნაირად სადაო ტერიტორიის ბედი საბოლოოდ გადაჭრილი არაა. ამ ტერიტორიის საზღვრებში საქმე უნდა გადაწყდეს ადგილობრივ ხალხის შეკითხვით და რეფერენდუმით.

ქალაქი თბილისი უდაო ტერიტორიის საზღვრებშია შეტანილი. ამაში ყველა პარტიის წარმომადგენელნი შეთანხმდნენ. სადაო ტერიტორიაში რეფერენდუმის გარდა ეკონომიური მოსაზრებითაც უნდა გვეხელმძღვანელა, ზოგიერთების აზრით. მაგრამ ეკონომიურ მხარეს განსაკუთრებული გამოყოფა აღარ ეჭირვება, რადგან ხალხი რეფერენდუმის დროს მხედველობაში მიიღებს მთელს მდგომარეობას, საკითხის ყოველ მხარეს, როგორც ეკონომიურს, ისე ეთნოგრაფიულს და საზოგადოებრივ-კულტურულს.

ახლა მეორე საკითხზე გადავიდეთ. კომპეტენციის საგანი გავითვალისწინოთ. როგორც ვთქვით, ტერიტორიალურ საკითხში ერთგვარი შეთანხმება მოხდა, თუმცა ამ შეთანხმებისათვის ჩამოყალიბებული სახე არ მიგვიცია. როცა კომპეტენციის კითხვაში მოვახდენთ აზრთა გაცვლა-გამოცვლას და საერთოდ შევთანხმდებით, ისევ დავუბრუნდებით ტერიტორიას საბოლოვო გადაწყვეტილების გამოსატანად.

თავისთავად კომპეტენციის საკითხი შეგვიძლია დავინაწილოთ კამათის ნაყოფიერებისათვის შემდეგნაირად: 1. საქართველოს ტერიტორიალური ერთეულის კომპეტენცია, 2. ამ ერთეულის დამოკიდებულება სხვა ამიერკავკასიაში არსებულ ტერიტორიალურ ერთეულებთან და 3. ამ ერთეულის და სრულიად რუსეთის ცენტრის ურთიერთული დამოკიდებულება. გთხოვთ ილაპარაკოთ ამ საგანზე.

გ. ვეშაპელი: ტერიტორიალურ საკითხში ჩვენ უკვე შევთანხმდით. საქართველოს ტერიტორიალურ ერთეულს უფლებათა მინიმუმი მაინც უნდა მიენიჭოს. საერთო ზოგად სახელმწიფური საქმეები რუსეთის ცენტრის ხელში იქნება, დანარჩენი გადაეცემა ადგილობრივ ერთეულს. შინაური პოლიტიკური კითხვები საქართველომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ამგვარი წყობილების მაგალითები ბევრია, თუ გინდ ავიღოთ შვეიცარია, ან ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატები. განსაზღვრა საერთო ან კერძო კითხვების დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. ყოველივე ეს ჩამოთვლილია ავტონომიურ ქვეყნების კონსტიტუციებში. საერთო კითხვებში თანხმობაა, აქ ცენტრია ბატონ-პატრონი. კერძო კითხვებს უძღვება ავტონომიური ერთეული. ეს თუ ასე გვესმის ყველას შეთანხმება ადვილია. სოციალ-დემოკრატებს და ჩვენს შორის არის ცოტა წინააღმდეგობა. სოციალ-დემოკრატიულ პროგრამაში დეცენტრალიზაციის მოთხოვნა არის. როგორ ესმით ეს სოციალ-დემოკრატებს, როგორი იქნება ეს დეცენტრალიზაცია? ცხადია, რუსეთში რესპუბლიკა იქნება. რესპუბლიკას პრეზიდენტი ეყოლება. მართვა-გამგეობა როგორი იქნება მაშინ ჩვენში? აგრეთვე საინტერესოა ვიცოდეთ, როგორ მოეწყობა საკანონმდებლო და სამოსამართლო ცხოვრება.

შ. მესხიშვილი და ნ. რამიშვილი სთხოვენ გ. გვაზავას, რომ ნაციონალ-დემოკრატების აზრი გამოთქვას კომპეტენციის შესახებ.

გ. გვაზავა: თუ რუსეთი ფედერატიული იქნება, ცენტრის ხედვაში დარჩება საყოველთაო საქმეები: ასეთია ჯარი, ფლოტი, საერთაშორისო პოლიტიკა, საბაჟო, გადასახადი, სახელმწიფო ბიუჯეტი, ზოდიერთი რკინის გზა, ტელეგრაფი, ფოსტა, ზოგი ტელეფონი, სავაჭრო პოლიტიკა, სამოქალაქო და სისხლის სამართლის ზოგიერთი საზოგადო კანონები, მაგალითად შესახებ ვექსილისა, ბანკისა, ღალატისა და სხვა. სამოსამართლო პროცესის შემუშავება ცენტრს ექნება დავალებული. აგრეთვე ცენტრმა უნდა უზრუნველყოს მოქალაქეობრივი თავისუფლება. ავტონომიას ნება ექნება მხოლოდ გააფართოვოს ეს თავისუფლება. იქ, ცენტრში, უფლებათა მინიმუმი იქნება აღნიშნული, აქ, ავტონომიაში, მაქსიმუმი. ფული, წონა, ზომა ცენტრის ხელშია. დანარჩენი საქმეები და მათ შორის კანონმდებლობა ავტონომიურ ერთეულში წყდება. გარანტია ფედერაციაა.

თუ უნიტარული რესპუბლიკა განხორციელდა, მაშინ საქართველო 1783 წ. ხელშეკრულების ნიადაგზე უნდა დადგეს. ბრძოლა წმინდა უფლებრივ ხასიათს ღებულობს. ავტონომია ამ შემთხვევაში უფრო ვრცელი და ფართე შინაარსის უნდა იყოს. მართვა-გამგეობის დეცენტრალიზაციის თვალით თუ განვიხილავთ კითხვას, ადგილობრივ ავტონომიას შეიძლება ეყოლოს საკუთარი პრეზიდენტი. მთელი რუსეთის რესპუბლიკას ეყოლება საერთო პრეზიდენტი, რასაკვირველია. ამერიკაში ადგილობრივ მმართველს – გუბერნატორს ირჩევენ; ინგლისის კოლონიებში – ცენტრალური მთავრობა აგზავნის; შვეიცარიაში ხალხი ირჩევს აღმასრულებელ ძალას. კანონმდებლობა საერთოა და ადგილობრივ კანონებს ადასტურებს ცენტრის წარმომადგენელი. შეიძლება ამგვარად წარმოვიდგინოთ ჩვენი მდგომარეობა. პარლამენტი დემოკრატიული უნდა იყო. ამასთან ჩვენ ვთხოულობთ პროპორციონალურ წარმომადგენლობას უმცირესობისათვის – სულერთია ეს უმცირესობა ეროვნული იქნება თუ პოლიტიკური. რაც შეეხება სამოსამართლო დეცენტრალიზაციას, ყოველი საქმე აქვე უნდა თავდებოდეს. მომრიგებელი მოსამართლე აირჩევა. იქნება მომრიგებელ მოსამართლეთა კრება, საოლქო სასამართლო და პალატა. სენატი აქ უნდა იყოს.

გ. რცხილაძე: შეუძლებელია კითვის ისე დასმა, როგორც ამას გ. გვაზავა შვება. ერთი განსაზღვრული დადებითი მოთხოვნილება უნდა შევიმუშავოთ და არა ორი, ორ სხვადასხვა მოსალოდნელ წყობილებისთვის – ან ფედერაცია, ან უნიტარიზმი.

ნ. რამიშვილი: ვერ გამიგია, რათ ელიან ნაკლებს ფედერატიულ წყობილების დროს, ან რატომ მოვითხოვოთ მეტი უნიტარული რესპუბლიკის დროს. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ რუსეთი ფედერაციამდე არ მივა. ეს იქნებოდა ეკონომიურად უკანდამხევი და პოლიტიკურად შეუძლებელი. ჩვენს კითხვას სამი რამ ახასიათებს: სამართალი, მართვა-გამგეობა და კანონმდებლობა.

სასამართლო ადგილობრივია, მოსამართლენი არჩეული და არა დანიშნული. საქმის წარმოება ქართულ ენაზე იქნება, რაღა თქმა უნდა. როგორც პრინციპი კი უნდა იყოს ბრალდებულის ენის ხმარება, როგორც ეს გავითარებულ დემოკრატიაშია. მართვა-გამგეობა ადგილობრივი პირების ხელშია. არის სასოფლო თვითმმართველობა, სამაზრო და კანტონური გამგეობა. ცენტრი ანხორციელებს კანონებს ადგილობრივი პირების საშუალებით. უმთავრესია კანონმდებლობა. ეროვნულ-დემოკრატებმა წინათ სთქვეს: ცენტრს მხოლოდ ჯარის, ფლოტის და სხ. საქმე უნდა ეკითხებოდესო. ჩვენ ვამბობთ: ცენტრის ხელში უნდა იყოს უმთავრესი კანონების გამოცემა, სისხლის და სამოქალაქო სამართალი, სოციალური კანონმდებლობა, სავაჭრო პოლიტიკა და სხვ. ფედერაცია რუსეთსი, როგორც ვთქვით არ მოეწყობა. ფედერაცია სადაც არის იქაც იზღუდება. იქნება ფართო დეცენტრალიზაცია. თვით ფედერაციაში ისმება კითხვა სავაჭრო და საბაჟო კედლების მოსპობის შესახებ. საქართველო სამეურნეო ქვეყანაა. აქ არ იქნება სახელმწიფო, როგორც ფინლანდია. ეს იქნება უფრო ადგილობრივი ეროვნული თვითმმართველობა. ჩვენ აქ სხვა ერებთან შეუთანხმებლად ვერ ვიმოქმედებთ. მეზობლებთან დამოკიდებულებას განსაზღვრული ფორმა უნდა მიეცეს. ამიერკავკასიის სეიმი აუცილებლად საჭირო იქნება. ზოგიერთი კითხვები (გზა, არსი და სხვ.) ერთად გადასაწყვეტი ექნებათ აქაურ ერებს. სეიმი უთუოდ საჭიროა, თუნდაც მისი სესიები შეზღუდული და ხანმოკლე იყოს. კულტურული კითხვები ნაციონალური ერთეულის ხელში გადავა ერთიანად.

შ. მესხიშვილი: როგორ დგება ამიერ-კავკასიის სეიმი?

ნ. რამიშვილი: ამიერ-კავკასია ცხადდება ერთ მთლიან ერთეულად. მას ექნება თავისი პარლამენტი, ანუ სეიმი საზოგადო დემოკრატიული წესით არჩული. ასეთი სეიმი შეიძლება, ის აუცილებელია ერების შეთანხმებისთვის.

გ. რცხილაძე: სამი შეკითხვა: საკასაციო სასამართლო სად იარსებებს? მართვა-გამგეობის საქმეებს ადგილობრივად სწყვეტენ თუ არა? რა კითხვებში ექნება კანონმდებლობის უფლება ქართულ ტერიტორიალურ ერთეულს?

ნ. რამიშვილი: ამ კითხვების დეტალურად გამოკვლევა აქ შეუძლებელია. საკასაციო საქმეები ზოგი ცენტრში გაირჩევა, ზოგი ადგილობრივ. აქ მისაღებია უფრო შერეული სისტემა. უმთავრესად კი სამოსამართლო აქვე გაირჩევა. მართვა-გამბეობა იქნება როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. კავშირი უნდა დარჩეს ცენტრთან. დაწვრილებით, თუ რა სახეს მიიღებს ეს ურთიერთობა, ახლა ძნელი სათქმელია. ადგილობრივ ერთეულის კომპეტენციაში არ შევა ომი, ზავი, სამოქალაქო და სისხლის სამართალი, მუშათა კანონმდებლობა, სავაჭრო პოლიტიკა და სხვა.

გრ. ვესაპიძე: უკეთებს შეკითხვას სამოქალაქო და სისხლის კანონების შესახებ.

კრება ადგენს, რომ შეკითხვები ორატორისადმი მოისპოს.

სეა. ფ. 186, აღწ 1. საქმე 6, ფურც 1-6

Leave a comment