ამიერ-კავკასიის სეიმი

კ. ჩხეიძის სიტყვა
(სტენოგრამით)

Karlo_Chkheidze_1

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე

მოქალაქენო, სეიმის წევრებო!

როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ნოჩი საკანონმდებლო დაწესებულების ბედი, დღევანდელი დღე გახდება ისტორიულ დღედ. განხორციელდა ის, რაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შორეულ ოცნებად გვეჩვენებოდა: ჩვენს ხელშია ამ ჟამად უძვირფასესი საჩუქარი რევოლუციისა. – საკანონმდებლო კრება.

მოქალაქენო, სეიმის წევრებო!

ჩვენ უპირველეს ყოვლისა ამ საჩუქარის მიღებას უნდა უმადლოდეთ თავდადებულ მებრძოლებს, რომელთაც უკვე შესწირეს თავის სიცოცხლე რევოლუციის საქმეს. მაშ დავამტკიცოთ ჩვენი მოწიწებითი მუხლის მოდრეკა ამ მებრძოლთა წარსულის წინაშე იმით, რომ პატივი ვცეთ მათ დიდებულ ხსოვნას ფეხზე ადგომით (ყველა ფეხზე დგებიან).

რევოლუციის იმ მებრძოლებს კი, რომელთაც დღევანდლამდე მაღლა უჭირავთ წითელი დროშა, ვუთხრათ:  წინ უშიშრად! გაუმარჯოს რევოლუციას!

მოქალაქენო, სეიმის წევრებო!

თქვენ იცით, რომ ჭეშმარიტ რევოლუციონერებს შიში არა აქვთ. მაგრამ რევოლუციის ბედის შესახებ ეჭვებს გარეშე ცხოვრება თანდათან ძნელი ხდება. და ეს ძლიერ ადვილი გასაგებია: ის, რაც გუშინ აქსიომად, ყველასთვის აშკარა ჭეშმარიტებად გვევლინებოდა, დღეს ცხადდება, როგოეც გაუგებრობა ან გონებით განუჭვრეტლობის ნაყოფი. მართლაც, ვინ  ამოიღებდა გუშინ ხმას, დამფუძნებელ კრების წინააღმდეგ გარდა ცარიზმის მომხრეებისა. დღეს კი დამფუძნებელი კრება გვერდზე არის მიგდებული, როგორც ძველი გამოუსადეგარი ნივთი, მის დამცველებს კი რეაქციონერთა ჯგუფს აკუთვნებენ. ჯერ გუშინ მხოლოდ ჯალათებს შეეძლოთ ეთქვათ რამე დემოკრატიულ რესპუბლიკის წინააღმდეგ, ახლა კი დემოკრატიულ რესპუბლიკისათვის მებრძოლებს რიცხავენ ჯალათებში, ჯერ კიდევ გუშინ ჩვენ ვამაყობდით სამოქალაქო თავისუფლებათა მონაპოვრებით, დღეს კი ეს თავისუფლებები აღიარებულია ბურჟუაზიულ წრეების და მათ ამყოლ-დამყოლთა მიერ მოგონილად და რევოლუციის ყველა მოპოვებათა წინააღმდეგ სწარმოებს ისეთი ბრძოლა, რომლის მეთოდები თავისუფლად შეეძლოთ შეჰშურებოდათ ყველა დროისარაკჩევებს. მართალია არაკჩევებიცა დამალიუტა სკურატოვებიც თავის მოქმედებაში კეთილ განზრახვებიდან გამოდიოდნენ და საზოგადოდ ყველამ იცის, რომ ჯოჯოხეთში მიმავალი გზაც კი მოკირწლულია საუკეთესო კეთილი ზრახვებით, მაგრამ ნამდვილია ისისც, რომ აღებულ გეზის (მიმართულების) მეოხებით რევოლუციის ყველა მოპოვებანი თანდათან გადადის თავის წინააღმდეგობაში. ხალხის ბატონობა ჯალათთა  ბატონობად იქცევა, საკანონმდებლო დაწესებულებები – შეთქმულთ წრეებად, სიტყვის თავისუფლება – პროვოკაციისა და პირში ბურთის ჩაჩრის თავისუფლებად, კრების თვისუფლება – გარეკვის თავისუფლებად, სინდისის თავისუფლება – უსინდისობის თავისუფლებად, პიროვნების ხელშეუხებლობა – ყველა არა სასურველ პირთა, თვით ძუძუმწოვარა ბევშვებამდე გაჟლეტის უფლებად, ბინის თავისუფლება – ძარცვის თავისუფლებად, და ჩვენ ახლა მეტად საინტერესო სანახაობის წინ ვდგევართ: ამ გზაზე შეერთდნენ ნამდვილი ანტიპოდები: ისინი, ვინც მუდამ ოცნებობდა გაეკეთებია ნახტომი გროზნის დროის ჯალათთა სამეფოში და ისინი, ვინც ფიქრობს, რომ უკვე გააკეთეს ნახტომი აუცილებლობის სამეფოდან თავისუფლების სამეფოში. მე არ ვკისრულობ ვიწინასწარმეტყველო, სად მივლენ ეს რეაქციისა და ანარქიის ხტუნიები, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ შექმნილი მდგომარეობა ჩვენს, ნორჩ საკანონმდებლო დაწესებულების მუშაობის გარდუვალ დაბრკოლებათა წინაშე აყენებს განსაკუთრებით, როცა გაითვალისწინებთ ქვეყნის საგარეო მდგომარეობას. მაგრამ უუდიდესი დანაშაულობა იქნებოდა ამიერ-კავკასიის სეიმის მხრით, თუ იგი არ გამოიყენებდა ყველა თავის ძალებს იმისთვის, რომ გამოვიდეთ ასეთ მდგომარეობიდან. და მე არ ვკარგავ იმედს, რომ ამიერ-კავკასიის სეიმის ცდა არ ჩაივლის უნაყოფოდ. ამ იმედს მაძლევს ერთი წყარო – ამიერ-კავკასიის დემოკრატია რომელმაც რევოლუციამდე და რევოლუციის დროსაც დაამტკიცა, რომ ის დგას რევოლუციონურ მუშაობის სწორ გზაზე. ამიერ-კავკასიის დემოკრატია მტკიცე საფუძველი იქნება ამიერ-კავკასიის სეიმისა, რადგანაც სეიმი დაადგება რევოლუციის მოპოვებათა განმტკიცებისა და რუსეთის დიდ რევოლუციის ლოზუნგების ცხოვრებაში გატარების გზას, რომელთა შორის დამფუძნებელი კრების მოწვევა, რა თქმა უნდა, რჩება სრულ ძალაში, ვინაიდან ამ ლოზუნგზე უარის თქმა, ჩემის ღრმა რწმენით, ნიშნავს რუსეთის დიდი რევოლუციიდან ჩამოშორებას, ეს ნიშნავს აფექტის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოქმედებას, ეს ნიშნავს ირგვლივ მომხდარ ამბების შთაბეჭდილების ქვეშ მუშაობას. შემდეგ, სწორედ იმ დროს, როცა რუსეთს მოელის გამარჯებულისაგან სამარცხვინო უღელი, როცა სწყდება მთელი საუკუნობით ბედი ამიერ-კავკასიისა, ამ მხარის ხალხთა, სეიმს არ შეუძლია არ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ თავიდან აიშოროს ომის დამღუპველი შედეგები. მაგრამ საიდანაც არ უნდა გამოდიოდეს ეს შესაძლებლობა, ომის ლიკვიდაციისა და ზავის ჩამოგდებისა – სეიმმა ყოველივე ძალღონე უნდა იხმაროს, რომ არ განმტკიცდეს ის მომწამვლელი ილიუზია, რომ ჩვენ ადვილად შევძლებთ ომის ცეცხლის წრიდან ამოვხტეთ და სადმე მშვიდ ადგილზე მოვექცეთ. შემდეგ ერის თვითგამორკვევის ლოზუნგი დიდი ხანია ფრაზა არ არის და, მე ვფიქრობ, ამიერ-კავკასიის არც ერთ ხალხს არ შეუძლია დათანხმდეს თავის არსებითი უფლებების შეკვეცას. მაგრამ ამავე დროს ფანატიზმი და დოქტრინერობა, ვიტყვი სისულელე იქნებოდა, თუ აქ არ აღმოჩნდებოდა ურთიერთ გაგების, შეთანხმებისა და კომპრომისის ადგილი. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთა თვითგამორკვევის დიდი ლოზუნგი გადაიქცეოდა ამიერ-კავკასიის ეროვნებათა ურთიერთთა ამოჟლეტად. სეიმმა უნდა შეჰქმნას პირობები, რომ მშვიდობიანად გადაჭრას ეს საკითხები და მას აქვს შეძლება შეჰქმნას ეს პირობები, თუ იგი გამონახავს ნიადაგს ყველა ეროვნებათა დემოკრატიის ინტერესების ერთიანობისათვის, და ეს, მე ვფიქრობ, არ არის შეუძლებელი. შეუდექით დაუყოვნებლივ აგრარულ საკითხების სფეროში ყველა ღონისძიებათა ცხოვრებაში გატარებასა და თქვენ შეჰქმნით ამ ნიადაგს. მიაქციეთ ყურადღება მუშათა საკითხს ამიერ-კავკასიაში და მუშათ კლასი ერთხელ  კიდევ დაგიმტკიცებთ, ვინემ სხვა, ურთიერთ გაგებისა და სოლიდარობისათვის. ვიმეორებ, დამფუძნებელი კრება რჩება დღეს ლოზუნგად და ამით ზოგადათ ისახება სეიმის ჩარჩოები და კომპეტენცია, ამასთანავე ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩარჩოები, – ვფიქრობ მე, – გაფართოვდებიან პირობებისა და ცხოვრების მსვლელობის მიხედვით.

დასასრულ, მე ვფიქრობ, რომ სეიმი, თუ ივლის აღნიშნული გზით, შესძლებს აღმასრულებელ ორგანოს მისცეს საჭირო სიძლიერე. ძველად ამბობდენ – ღმერთია მოწყალეო, მე ვიტყვი – რევოლუციაა მოწყალე. გაუმარჯოს რევოლუციას, გაუმარჯოს პირველ ამიერ-კავკასიის სეიმს. (ტაში)

გაზ. საქართველო 1918 წლის 15 (28) თებერვალი

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s