სალუქვაძე ანანია მაქსიმელის ძე

ავტობიოგრაფია

(დ. 4 მარტი, 1889, ქ. ოზურგეთი (გურია)). ქართველი. სოციალ დემოკრატი. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი და ეროვნული საბჭოსი.  

თფილისის ადრესი – პრიუტსკის ქუჩა სახ. №27.

პატარობას ვიყავი  ნოქრათ, შემდეგ მანთაშევის ქარხანაში მიმიღეს ტეხნიკურ განყოფილებაში მოწაფედ, მაგრამ ქარხნის დაკეტის გამო აღარ მიმიღია სრულათ სწავლა. 17 წლიდან ჩემი პროფესია იყო კორესპოდენტობა და ვიყავი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის პროფესიონალური მომუშავე.

შკოლაში სრულიად არ ვყოფილვარ. ჩემით უმასწავლებლოთ შევისწავლე წერა-კითხვა. შინაური განათლებით.

პატარაობიდან ვმუშაობდი არალეგალურ ორგანიზაციებში, ორგანიზაციებს გარდა მონაწილეობას ვიღებდი სხვა და სხვა კულტურულ-გამანათლებელ-ეკონომიურ ორგანიზაციების დასაარსებლათ გურიაში. მონაწილეობას ვიღებდი სხვა და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მუდმივი კორესპოდენტი ვიყავი ს. დ გაზეთისა. 1908 წელი, 1909 წელი და 1910 წლის ნოემბრამდი ვირიცხებოდი გურ. ს. დ. ცენ. კომიტეტის ხელმძღვანელათ.

ძველი რეჟიმის დროს შემდეგი შევიწროვებანი შემხვდა; პირველათ ჟანდარმებმა დამიჭირეს 1904 წელს 7 თებერვალს (14 წლის ვიყავი) მინახეს 60 ცალი „ოთხი ძმა“, „სარატოვის მუშების სიტყვა სასამართლოში“ 100 ცალი და ხვარბეთის რაიონისათვის გადასაცემი ბათუმის კომიტეტის მოწოდება გურიის გლეხებისადმი. ორი თვე და 20 დღის შემდეგ თავდების ქვეშ გამანთავისუფლეს, როგორც მცირეწლოვანი. ამ ტყვეობის დროს მკაცრი სასჯელი გადვიტანე. ციხის კამერაში მარტო ვიჯექი. ფიქრობდენ ჩემს გატეხვას და ამიტომ სამხელ გამროზგეს (მაზრის უფრ. ჯაფარიძემ და მისმა ხელქვეითებმა).

1907 წელს კვლავ დამიჭირეს, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გამანთავისუფლეს. 1908 წელს კი კიდევ დამიჭირეს და ორი თვე და 9 დღე გავატარე ციხეში. 1909 წელს კი თავს დამესხენ, მაგრამ მე გაქცევა მოვასწარი და მას შემდეგ ვცხოვრობდი არალეგალურათ – 1910 წლ. ნოემბრამდი. ამ ხნის განმავლობაში სასტიკათ მდევნიდენ. არა ერთხელ დამესხენ იქ-აქ, მაგრამ ხელში ვერ ჩამიგდეს, არაერთხელ ააწიოკეს ჩემი ბინა. ჩემი წიგნები, ბიბლიოთეკა მიითვისა ჟანდარმერიამ და აგრეთვე ჩემი ნაწერები; ორი მოთხრობა, „ობოლი სული“ და „დევნილი“, რომელიც დაიკარგა.

ორგანიზაციებში ჩემი საკეთებელი იყო ორგანიზაციების მოწყობა, მოწინავეთა შეკავშირება, პროპაგანდა, აგიტაცია და დემოკრატიული რესპუბლიკის იდეების გავრცობა.

1910 წელს ნოემბერს, რადგანაც სამხედრო ბეგარის მოხდა მიწევდა, გამოვცხადდი და გამიწვიეს ჯარში. ვმსახურობდი ქ. ოსტროგში (ვოლინის გუბერნია) „რილსკის პოლკში“. იქ გავიცანი სხვა და სხვა კუთხეებიდან ამხანაგები; პოლიაკები, ებრაელები, ლატიშები, რუსები და ქართველებთან ერთად შევქენით მეთერთმეტე კორპუსში ჯარისკაცთა საორგანიზაციო საიდუმლო წრე და პირველი კრება 1912 წელს მოვიწვიეთ ბუპკოვში.

1914 წელს ქ. ოსტროგში დამიჭირეს (29 იანვარს) სხვა ამხანაგებთან ერთად, რომელიც გამოიწვია პეტროგრადის 9 იანვრის ამბებმა, რასაც მოყვა ჟიტომირის ჟანდარმებისაგან ოსროგის ფოსტის გაჩხრეკა, სადაც დაიჭირეს პეტროგრადიდან გამოგზავნილი ჟურნალ-გაზეთები; „ნაშა ზარია“, „პრავდა“, „რაბოჩაია გაზეტა“ და სხვა და სხვა. ამის გამო 8 კვირა დავყავი „კარცერში“ მარტოთ, წყალზე და პურზე. შემდეგ დაავათმყოფდი და გადამიყვანეს სამხ. საავათმყოფოში.

ომის მოახლოვების გამო სასამართლოს აღარ გაურჩევია საქმე. 1915 წლის დეკემბერში დავბრუნდი სამშობლოში დაავათმყოფებული, რადგანაც ყინვებმა სხეული დააზიანა.

ჯარში ყოფნის დროს დავსწერე მოთხრობები: „პანი“, რომელიც წამართვა პოლკის უფროსმა მიშაკოვმა. „ტყის ძმები“ გურიის ცხოვრებიდან, რომელიც ეხლა იბეჭდება. „შრომის სამეფოში“, რომელიც დაიბეჭდა „თეატ. და ცხოვრებაში“

1916 წლიდან ვმუშაობდი თფილისის ორგანიზაციებში, ვაწყობდი ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა წრეებს, ეკონომიურ გაფიცვებს ვხელმძღვანელობდი. და ვიყავი თფილისის ს. დ. კომიტეტის პასუხისმგებელ ორგანიზატორათ და ამავე დროს წევრი ამ. კავკ. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი.

პარტიაში სხვა სახელი მქონდა, უმეტესათ მეძახოდენ „გერკულესს“ და „თფილისელ მუშას“.

აი მოკლეთ. ოჯახური პირობებით ღარიბი, ობოლი. გაჭივრება-შიმშილი და თრევა, აი ჩემი ცხოვრება.

რევოლიუციის შემდეგ მუშათა საბჭო და სოციალ-დემოკრატიული პარტია მგზავნიდა სხვა და სხვა ადგილებში პროპ.-აგიტაციისათვის, ორგანიზაციების მოსაწყობათ, რაზმების შესადგენათ.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

Leave a comment