ქარუმიძე შალვა ალექსანდრეს ძე

დ. 1887, სოფ. თორტიზა (ქართლი). ეროვნულ-დემოკრატი.  

საშუალო განათლება ტფილისის ქართულ გიმნაზიაში მიიღო; უმაღლესი მოსკოვის უნივერსიტეტში (ისტორიულ-ფილოლ. ფაკულტეტი) დაასრულა 1912 წელს. ამ ხნიდამ მასწავლებლობდა ქართულ გიმნაზიაში, დედათა საოსტატო სემინარიაში, დედათა ინსტიტუტში. 1913 წელს მიწვეულ იქმნა ლექტორად სახალხო უნივერსიტეტში, სადაც სამი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ისტორიიდამ. ამავე წლიდამ არჩეულია საქართველოს „საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების“ გამგეობის წევრად.

1914 წელს „ამიერ კავკასიის მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის“ პირველმა ყრილობამ აირჩია საბჭოს წევრად, სადაც პირველ ხანს მდივნობდა.

მსოფლიო ომის დაწყებისას – სხვებთან ერთად დააარსა აქაური განყოფილება „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტისა“, რომლის მთავარი განყოფილება  მიხაკო წერეთლისა,  გიორგი მაჩაბლის და სხვა მამულიშვილთა ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ბერლინში და საქართველოს საკეთილდღეო შრომას ეწეოდა ცენტრალურ სახელმწიფოთა კავშირის წინაშე.

დაკისრებული ჰქონდა უმთავრესათ მეზობელ ერებთან თანხმობისა და კონტაქტის დაჭერა მთავარ კომიტეტთან მუდმივი განუწყვეტელი კავშირისათვის ორგანიზაციის მოწყობა, ხელმძღვანელობა. ამ საქმიანობისთვის დაჯილდოვებულია თამარ დედოფლის ორდენით. 1915 წელს საქველმოქმედო საზოგადოებამ დანიშნა თავის რწმუნებულად ხევსურეთის საქმეებში. საზოგადოების თავმჯდომარესთან მ. ვ. მაჩაბელთან ერთად იშუამდგომლა ყოფილი დიდი მთავრის წინაშე და ხევსურეთს ააცილა როგორც ეგზეკუცია, რომელიც იგზანებოდა მათ დასასჯელათ, ისე სამხედრო ბეგრის მოხდა. უთანამშრომლია „კლდეში“, საქართველოში და ბერლინის „ქართულ გაზეთში“.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

Leave a comment