სამოქალაქო განათლება ყველა ტიპის რეჟიმში შეიძლება შეგვხვდეს. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის დემოკრატიულ რეჟიმებშია. არისტოტელე „პოლიტიკაში“ სვამს კითხვას – „რომელია ის გარემოება, სადაც კარგი მოქალაქის სრულყოფილება და კარგი ადამიანის სრულყოფილება ერთმანეთს ემთხვევა“ (1277a13–15). პასუხი არისტოტელესთვის პოლიტეაა, ანუ შერეული კონსტიტუცია, რომლის თანახმად ადამიანებმა მართვაც უნდა იცოდნენ და დაქვემდებარებაც. ასეთ რეჟიმებში კარგი ადამიანისა და კარგი მოქალაქის სრულყოფილება და ღირსება ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის. დემოკრატიული საზოგადოებები დაინტერესებულნი არიან, მოქალაქეები შეამზადონ იმისათვის, რომ მათ როგორც მართვა, ისე მორჩილება შეეძლოთ.
თანამედროვე დემოკრატიები ძველი პოლისებისაგან რამდენიმე მნიშვნელოვანი და აქტუალური ასპექტით განსხვავდებიან. ესენია საზოგადოებები, სადაც ადამიანების უმეტესობას შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს ხელისუფლებასა და პოლიტიკაზე. ესენია კომპლექსური, ტექნოლოგიურად გამართული, მაღალ დონეზე სპეციალიზირებული საზოგადოებები, სადაც პროფესიონალებს (იურისტების, სამოქალაქო მსახურებისა და პოლიტიკოსების ჩათვლით) გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე ერისკაცებს. ესენია ლიბერალური კონსტიტუციური რეჟიმები, სადაც სხვადასხვა დონეზე დაცულია პიროვნების თავისუფლება და ხელისუფლება ნებაყოფლობით იზოლირებულია საზოგადოებრივი წნეხისაგან. მაგალითისთვის, სასამართლოები და ცენტრალური ბანკები დაცულნი არიან სახალხო საარჩევნო ხმებისაგან. შეერთებული შტატების ინდუსტრიალურ მასობრივ საზოგადოებად ჩამოყალიბების შემდეგ გავლენიანი მიმომხილველი უოლტერ ლიპმანი ირწმუნებოდა, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეების დაჩრდილვა მოხდა და ყველაზე დიდი, რაც მათ შეეძლოთ, პროფესიონალთა ძალაუფლებასთან დაკავშირებით მსჯელობების გამართვა იყო. (The Phantom Public, 1925). ჯონ დიუი და ჩიკაგოელი სამოქალაქო ლიდერი ჯაინ ადამსი (სხვადასხვა გზით) ამტკიცებდნენ, რომ ჩვეულებრივ ხალხს უნდა დაებრუნებინა და შეეძლო დაებრუნებინა საკუთარი ხმის უფლება, თუმცა მათ უძნელდებოდათ ახსნა, თუ რა გზით შეიძლებოდა ამის განხორციელება.
თარგმნა მაკა ალანიამ